ომი, კარნავალი, კრიმინალი, დაკარგული სამოთხეები, ბრაზი და სასოწარკვეთა, გადარჩენის ხერხები, ცეკვა და სიკვდილი, ალგორითმები, უკვდავება, პოეტური ტერორიზმი, შიში, თვითდესტრუქცია, შელოცვები და კონტროლი. კიდევ რომ გავაგრძელო აღწერა, კიდევ უთვალავი სიტყვა რომ ვიპოვო და ამ უთვალავი სიტყვით ზუსტად აღვწერო, დილა მაინც გაქრება. დილა განთიადია, მშვიდი, მღელვარე და საშიში. თბილი, თან სუსხიანი, ძვლებამდე რომ აღწევს. სასოწარკვეთილი, თან იმედით სავსე. ელვარე და თან უხილავი. თვითგადარჩენის და თვითგანადგურების ერთდროულობით, ფოლადივით უტეხი და ბავშვივით გულუბრყვილო. ერთ ცნობიერებაში დატეული ამდენი დაპირისპირებით, ალიონზე, ცის კაბადონზე იბადება ვარსკვლავი - დილა.

ზურა ჯიშკარიანის მრავალი გონება რთული აღსაწერია. სიტყვები ხელიდან გისხლტება ოქროს თევზივით. თითქოს, დილის ხმებია, ძილში რომ გესმის და გაღვიძებისას აღარ გახსოვს.

 

მარიამი: დილა, რითი დაიწყებდი შენს ავტობიოგრაფიას?

დილა: კინო რო იყოს ავტობიოგრაფია, ასეთი კადრით დავიწყებდი: ოდნავ ნესტიანი ღამე სუბტროპიკულ ქალაქში, კარზე კაკუნი ისმის, ბიჭი გოგოს ანიშნებს, სამზარეულოში გავიდეს და თუ კოდურ სიტყვას გაიგებს, მზად იყოს გასასროლად. ჩაიდანი დუღს, მაგრამ არავის სცალია ჩაიდნისთვის, ეს ხმა მარტო მე მესმის მუცელში მყოფს. ორსული დედა, პისტოლეტით ხელში, ოთახის კუთხეში ზის და ელოდება, ვინ გააღებს კარს. დედა შეშინებულია, ბავშვი – არხეინადაა. დაძაბული გარემოს მიუხედავად, ეს არის ყველაზე არხეინი 9 თვე ჩემს ცხოვრებაში.

და ტექსტი რო იყოს ავტობიოგრაფია, ასე დავიწყებდი: უფლის ზარმაცი მონა, მეხუთე თაობის სუფთა სისხლის განგსტერი, ორი გეტოს პრინცი კიბერნეტიკული ხილვებითა და მარსივით წითელი სისხლით – ჩემი დიდი წინაპარი – ამბაკო ჯიშკარიანი ზონებს აშავებდა. „სუჩაია ვაინას“ დრო იყო, როცა, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. თუ ამბაკოს ხელით მოკლულ და გადარჩენილ ადამიანებს დავითვლით, ერთდროულად მასობრივ მკვლელთან და დედა ტერეზასთან გვექნება საქმე. მეორე ცოლი ბოშა ყავდა და ბარონობაც გაიჩალიჩა. სადღაც, ევრაზიის ქალაქებში, ბოშა ნათესავებიც მყავს, ტექნიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეც ბოშა ვარ.

ბაბუა დედის მხრიდან ბოლოს „რეციდივისტის“ იარლიყით გამოუშვეს ციხიდან – მკვლელობა, ხულიგნობები, ბანკის ძარცვა და ასე დაუსრულებლად მთელი „გენეალოგიური შტო“, სანამ მე და ჩემმა თავებმა სცენაზე კაბით გამოსვლა არ გადავწყვიტეთ. ყველას თავისი გატაცება ქონდა: ზოგი სიმღერებს იგონებდა, ზოგს ფოტოგრაფია აინტერესებდა, ზოგი ლექსებს წერდა, მაგრამ არ დასცალდათ. ასეთი exchange გავაკეთეთ: იმათ ციმბირი და განრისხების ტექნოლოგიები დამიტოვეს, მე კიდე მაგათ ოცნებებს ვასრულებ და ყველანი ბედნიერები ვართ.

ეგეთივე სიტუაციაში იყო მამაჩემი, რომელსაც მთელი ცხოვრება რაზბორკებზე და სხადნიაკებზე უწევდა სიარული, მაგრამ, როგორც მერე აღმოვაჩინე, საერთოდ სხვა რაღაცეები აინტერესებდა. ქუჩაზე რომ ბაზრობდა მთელი დღე, საღამოს აივანზე გავდიოდით, ცას ვუყურებდით და კოსმოსზე მელაპარაკებოდა, მიყვებოდა თავის თეორიებს, თან ძალიან საინტერესოდ არტყამდა რაღაცეებს ისე, რომ ერთი წიგნიც არ ქონდა წაკითხული.

ბიპოლარული სამყარო მქონდა გარშემო. თუ 1990-იანებში მამაჩემი მოსკოვში დადიოდა საქმეების გასარჩევად და უკან დაბრუნებული, მიხსნიდა, ზადნი როგორ არ უნდა მისცე, სკოლაში და ბიბლიოთეკაში ნამუშევარი დედაჩემი, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია ამ სიგიჟეში, წიგნებს მაკითხებდა და კულტურაზე მელაპარაკებოდა. ერთხელაც, რომ ჩამოვიდა მამაჩემი, ვუთხარი, ქურდობა მინდა და მომნათლე-მეთქი. დედაჩემმა ეს რომ გაიგო, ეგრევე სილამაზის კონკურსზე გამიშვა და მოვიგე ეს კონკურსი. მაშინ გამისწორდა პირველად სცენაზე გამოსვლა. სილამაზის კონკურსი და ქურდობა ერთად არ გამოდიოდა, მაგრამ ესეც მაინტერესებდა და ისიც.

მარიამი: სოხუმი გახსოვს?

დილა: რა სტრანნია, შეიძლება წინა ზაფხული არ მახსოვდეს, მაგრამ სოხუმი მახსოვს. რამე ფრაზას იტყვის ვინმე და უცბად იქ ვიჩითები. ბოლო კადრები მახსოვს ნათლად.

გემით წამოვედით. გემზე ვიყავით ცოცხლებიც და მკვდრებიც ერთად.

მკვდრებს თუ დააკვირდები, მიხვდები, რო ყველას თავისი ფერი აქვს – აკვარელივით. იქ ჩვენთან იისფერი გვამი იყო. ისეთი იისფერი, რომ ალბათ ბევრი მხატვარი ჩალიჩობდა, როგორმე ეგ ფერი გამოეყვანა და ვერ გამოიყვანა. ბავშვები გემბანზე აგვიყვანეს და იქ სხვა სანახაობა გადაიშალა: გემს დელფინები მოყვებოდნენ. პირველად ვნახე მაშინ დელფინები. ლამაზი იყო.

შტორმი დაიწყო და ბათუმამდე ვერ ჩავედით. გავჩერდით ფოთში. პორტი ხალხით იყო სავსე, ზოგს საჭმელი მოქონდა, ზოგს სიგარეტი, ზოგს ტანსაცმელი. ამ ხალხში ნათესავი გავაძრეთ და სახლში წაგვიყვანა. აქედან დაიწყო ჩემი სხვის სახლებში ცხოვრების ოდისეა. მთელი ცხოვრება, ხან ვის სახლში ვცხოვრობ, ხან ვის სახლში. ფოთი იყო პოსტაპოკალიპტური ქალაქი. არაფერი არ ხდებოდა. სრული სიჩუმე და სასოწარკვეთა. ყავაზე დავდიოდით ერთ სოხუმელ კაპიტანთან. სოხუმიდან გემით წამოვიდა, გემი ფოთში გაუფუჭდა და ვეღარსად მიდიოდა. ამ თავის გაფუჭებულ გემში ცხოვრობდა. კაპიტანი იყო უეკიპაჟოდ და გემით, რომელიც ვერ ცურავს.

მარიამი: სკოლა?

დილა: წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, მასწავლებლებს ვუყვარდი, კრებებზე მაქებდნენ. პარალელურად, ღამღამობით, სკოლის ფანჯრებს ვამტვრევდი. მახსოვს, სკოლის წიგნი გამოიცა, იასნია, დაბეჭდვაში ფული გამოგვართვეს და იქ წერია, რო ზურა ჯიშკარიანი არის წარჩინებული მოსწავლე, უყვარს სათავგადასავლო ამბები და მუსიკა, მისგან დადგება პატრიოტი და კარგი მოქალაქე. ყველაფერი სწორია.

მარიამი: ყველაზე ძალიან მაშინ რა გინდოდა?

დილა: არაფერი. მეგონა, რო ესე უნდა იყოს და ესეა მთელ მსოფლიოში, ესეთია რეალობა. ჩხუბები, სიცივე და უბედურება მეგონა ჩვეულებრივი ამბავი.

მარიამი: როგორ დაიწყე ამ სინამდვილის შეცვლა?

დილა: ომის დროს ხალხს რაღაც ემართება – ყოველდღიურობა ყირაზე დგება, ცოტა კარნავალს ემსგავსება, ყველა იცვლება.

მახსოვს, ათასნაირი მკითხავები გაჩნდნენ, ჩემი თვალით მყავს ნანახი, ზოგთან ვყოფილვარ კიდეც, იატაკზე ეცემოდნენ, ფორთხავდნენ და წინასწარმეტყველებებს იძახდნენ. ეს მშიერი და სასოწარკვეთილი ხალხი დადიოდა და უსმენდა, რომ მომავალზე გაეგო რამე. დედაჩემი ბიბლიას ჩაეჭიდა და ანგელოზების იერარქიებს მიყვებოდა, მამაჩემი გაქანებული PTSD-ით დაბრუნდა ომიდან, ღამე ეღვიძებოდა და ეგონა, რომ ისევ იქ იყო, ხან საწოლის ქვეშ იკეთებდა აკოფებს, ხან თავის კალაშნიკოვს ეძებდა, რო დავეცავით უხილავი მტრისგან. ჩვენი თაობიდან ნებისმიერი რო გააჩერო, მეტ-ნაკლებად მსგავს ისტორიას მოყვება. ეს კოგნიტიური დისონანსიც მაგ პერიოდიდან დაყვება ჩემს თაობას – ერთი მხრივ, ჰუმანიტარული დახმარება, მეორე მხრივ, მეზობელი „ნარკომანი სოსო“ და ბრიგადა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გემებს აყაჩაღებდა. ერთი მხრივ, ნათესავი, ვინც შეგვიფარა და იქ მოსმენილი მუსიკა და, მეორე მხრივ, კაჩაობები, კალიკების სმა, მოსაწევი – 9 წლიდან ვიღებ რაღაცეებს. ცალკე კრივზე სიარული, მახსოვს, რაღაც მინიჩემპიონატი მოვიგე და არც ჯილდო ქონდათ, არც ფული, ამიტომ ერთი თვის მარაგი ფქვილი და კარტოფილი გადმომცეს. პარალელურად, პიანინოს გაკვეთილებზე სიარული. კოგნიტიური დისონანსი ნონსტოპ, იდენტობა რომ ვერ მყარდება, ვერ ახდენს ფიქსაციას ერთ წერტილზე... ჰოდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ დავიწყე ამ სინამდვილის შეცვლა, უფრო, მგონი, ამ დისონანსის გაღრმავებით დავიწყე კაიფი, რომ გაინტერესებს, რამდენ ნაწილად შეიძლება იყო დანაწევრებული შენ თვითონ.

მანდ ერთი ნაბიჯია, რამე ახლის მოგონებიდან წყალში გადავარდნამდე. ზოგი ბირჟაზე დაჯდა, ზოგი წამალზე, ზოგმა თავი ჩამოიხრჩო, ზოგმა ცოლი მოიყვანა და ბავშვები აკეთა, მე კიდე დღემდე ვყლეპროჭაობ. მაქანავებს აქეთ-იქეთ, ან თვითონ ვქანაობ. თან მე რა მაქვს სათქმელი, ჩემი მეგობრები იყვნენ, ვინც სვანეთის გზით გადმოვიდნენ, ცხოვრებაში იმაზე მეტი გვამი ქონდათ ნანახი, ვიდრე სათამაშო. მაგრამ მაინც გვიყვარს ჩვენი ბავშვობა, გენატრება ეს ამოტრიალებული, ამოყირავებული რეალობა, სადაც საზოგადოებრივი შეთანხმებები არ მუშაობს და აბსოლუტური ფსიქოდელიაა.

ამ ამბებს საერთოდ არ ვყვები წუწუნით. როგორც არის, ისე არის. ყველა გამოცდილება ერთნაირად წყევლაცაა და ჯილდოც.

მარიამი: ბევრი დრო გავიდა. ბევრ სხვადასხვა რაღაცას აკეთებ: ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება, ტექნოლოგიები. არის ერთი სიტყვა ან ერთი იდეა, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს?

დილა: შეუთავსებლის შეთავსება, „chaos is being yourself“, აზრი, რომ ადამიანის პოტენციალი არ გამოიხატება ჟანრებში და ხელოვნების თუ მეცნიერების კონკრეტულ დარგებში. თუ ფიქრობ, რომ ამ ექსტაზს ცეკვით გამოხატავ, უნდა იცეკვო, თუ ფიქრობ, რომ ამ მოწყენილობას კოდის წერით გამოხატავ, უნდა დაწერო. ჩემთვის ცოტა უხერხულია, როცა მწერალს ან მუსიკოსს მეძახიან, ერთი და იმავე თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმაა, ხვალ შეიძლება მშენებლობაზე დავიწყო მუშაობა, ან მონასტერში წავიდე მორჩილად, იგივე პროცესი იქნება.

დაიკიდე, თუ „არაპროფესიონალს“ დაგიძახებენ, ჩემთვის ცხოვრება ძაან ცოტა ხანი გრძელდება იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდე. სინამდვილე ვიდეოთამაშს გავს. უყურებ იმას, რაც ხდება, რაღაც ტურებს გადიხარ, სადღაც წრეზე ტრიალებ, სადღაც იკარგები, რაღაც ტურებს ვერ ხურავ. თან შეგიძლია, სხვადასხვა მოთამაშე იყო. რომ არ დავიკარგო, ჩემთვის პულტი გამოვიგონე, რომლითაც ამ მოუდებს ვრთავ ყოველდღიურობაში. საზოგადოებისგან მოლოდინია, რომ რაღაც ჩარჩოში ჩაგსვან, როლი მოგარგონ და თუ გადაუხვევ წესებს, უკვირთ, ან არ მოსწონთ. ამ დროს, უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ სხვანაირი გახდე, ან უნდა შეიქმნა. მე ზუსტად შეუთავსებელი რაღაცეების შეთავსება მაინტერესებს.

სხვებისთვის თუ არა, ჩემი თავისთვის მინდა ვიყო მაგალითი იმ ადამიანის, ვინც რაღაც დედამოტყნულობაში გაიზარდა, ომის შვილია, თან დავიწყებული ომის – ომების რეიტინგშიც რომ ვერ იპოვი, და ეხლა უნდა, „ხელოვნებაც აკეთოს“, ლიტერატურაც, მუსიკაც, კიბერნეტიკაც, ბიზნესიც. Why not? – ასე უნდა ეწეროს ჩვენი თაობის საფლავის ქვაზე, ასი წლის მერე. ყველამ უნდა ამოაფრქვიოს ბოლომდე ყველა შესაძლებლობა, რაც აქვს.

მარიამი: ამ სინამდვილეში მუსიკა როდის გაჩნდა?

დილა: ერთხელ ჩემზე ბევრად დიდ ტიპს ვესპარინგე და მაგრად მცემა. ორი კვირა ვიწექი ტვინის შერყევით. ოდნავ თავს თუ გავანძრევდი, ყველაფერი ტრიალებდა. რომ ავდექი, კრივის ნაცვლად, პიანინოზე შევედი. სახლში პიანინო არ გვქონდა და დედაჩემმა მუყაოზე გადმოხატა ორი ოქტავა, დადო სახლში და რომ მოვდიოდი, ამ მუყაოზე ვვარჯიშობდი – თითებს ვადებდი და ვახმოვანებდით.

ფოთში ნათესავებთან ვცხოვრობდით, ორი ძმა იყო. ერთს ავთო ერქვა და ელექტროგიტარა ქონდა. მაგიური რეალიზმი იყო. ამ სიცივეში და საშინელებაში ტიპმა გააძრო ელექტროგიტარა თავისი კომბით. Queen-ს უსმენდა გიჟივით და ყველა სოლო პარტია იცოდა.

რეპეტიციის დროს ოთახში შესვლა აკრძალული იყო. ერთხელ შევაღე კარი და რას ვხედავ, იატაკზე წევს, უკან კისერზე აქვს გიტარა და სოლოს უბერავს. გავგიჟდი, უცებ სულ სხვა ემოცია მოიტანა. მერე უკვე თბილისში, წესიერად დაკვრა არც ვიცოდით და ლაივებზე მივდიოდით, ვაწვებოდით, რომ დაგვეკრა. „პანკურ, ხულიგნურ ეთიკაში“ არ მოსულა, რომ უარი გითხრან და ვუკრავდით, ხან სად, ხან სად. ინსტრუმენტებს სხვა ჯგუფებს ვართმევდით, არაფერი არ გვქონდა.

მუსიკა ჩვენთვის გადარჩენის მექანიზმი იყო, ცეკვა – გათავისუფლება. იმიტომ, რომ სადაც მანამდე ვცხოვრობდი, იქ გრეხი იყო ცეკვა. მარტო ჩემთვის კი არა, მთელი 2000-იანელი მოწყენილი ბიჭებისთვის იყო ცეკვა გათავისუფლების და დაცლის გზა. ამიტომ გაჩნდა dance or die, აქეთ ცეკვა იყო, იქით ნელი კვდომა.

მარიამი: როგორ დაიწყო Kung Fu Junkie?

დილა: მახსოვს, რომ არავინ ცეკვავდა. მაშინ კლუბებიც არ იყო. პანკროკ კონცერტებზე კი იყო თავის ქნევა, მაგრამ ცეკვა საერთოდ არა. მე და გრინჩმა გადავწყვიტეთ, რომ კი ვართ მოწყენილები და ათასრაღაცაგამოვლილი, მაგრამ მოდი, ვიცეკვოთ და ამ ცეკვამ გამოხატოს ყველაფერი. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა პოპბენდი. ოღონდ, ამ პოპბენდში უნდა ყოფილიყო ყველა ჩვენი ისტორია, მთელი ეს წარსული, რომელიც ჯერ კიდევ ხდება და მომავალი, სადაც ყველაფერი უკვე მოხდა. ცეკვა, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია. რომ სცადო და აცეკვდე, შენივე ცეკვა მოგიყვება ყველაფერს – რა გაწუხებს, რა გინდა, რა – არა. ასე დავიწყეთ ცეკვა და ეს კარგი ცეკვა იყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცეკვა ჩემს ცხოვრებაში.

ბევრი რამე გვინდოდა მუსიკაში ჩაგვეტია, LGBT თემის უფლებები, მაგალითად – 2011 იყო, ცისარტყელას დროშები რომ ვაფრიალეთ; ნარკოტიკები, ოღონდ არა კაიფისთვის, სხვა ხილვებისთვის. მაშინ გამიჩნდა შეგრძნება, რომ შემძლებია რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა. ლაივზე რომ ვიღაც ტირის, ვიღაც ცეკვავს, ვიღაცეებს ერთმანეთი უყვარდებათ და შენც ამის თანამონაწილე ხარ... დღეს თუ ცვლილებები ხდება, მგონია, რომ Kung Fu-მ ამაში თავისი წვლილი შეიტანა.

მარიამი: გრინჩი სად გაიცანი?

დილა: ზუსტად სად გავიცანი, ალბათ, სხვა დროს მოვყვები. ვიტყვი იმას, რომ ესეთი ძმა მე არ მყოლია. მე კი არა, მთელ ჩვენს თაობას არ ყოლია. გრინჩი იყო ფერადი სხივი, ვინც, თითქოს, ფაქტივით ჩაუდეს ღმერთებმა ჩვენს თაობას.

გრინჩის ენერგია ვერ ეტეოდა ამ ქალაქის და ვერც თვითონ გრინჩის სხეულის ფარგლებში. ვაბშე ეს ქალაქი კლავს, ზოგს ფიზიკურად, ზოგს სულიერად. განსაკუთრებული სისასტიკით კი ისეთ ხალხს კლავს, ვისაც შეუძლია განსაკუთრებულად ანათოს.

გრინჩი კიდე ყველაზე მოშნ კომეტაზე უფრო მეტად ანათებდა და ამ მოშნივე კომეტასავით სწრაფად ჩაიფრინა.

მარიამი: დამთავრდა Kung Fu Junkie?

დილა: Kung Fu Junkie, როგორც მუსიკალური ბენდი, დამთავრდა, მაგრამ, როგორც იდეა, სულ იქნება ჩვენს დიდ სულიერ ოჯახში. ოჯახს და ტომს ვეძახდით და ვეძახით ბენდს და მეგობრებს, ვინც გარშემო იყვნენ და არიან, იმიტომ რომ ურთიერთობა სულ ეგეთი გვქონდა, მართლა ოჯახური.

Kung Fu-ს ბენდად არასდროს აღვიქვამდით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმას ასეთს ვაძლევდით. ბევრჯერ გვილაპარაკია მე და გრინჩს, რომ ვირუსის შექმნა გვინდოდა, რომელიც თან ბოი ბენდად გაწვდის თავს, თან გნოსტიკური ლოცვების ტექსტებს იყენებს და თან გადარჩენის მთავარ გზად ექსტაზურ ცეკვას ასახელებს. ამ გაგებით, უფრო არტპროექტი იყო Kung Fu. გრინჩის გარეშე ყოველდღიურობაშიც ისეთი სიცარიელე გაჩნდა, რომ არ ვიცი ხოლმე, როგორ გავუმკლავდე.

ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი იმ რეივებზე, რომელსაც გრინჩი სახლში, undersky-ში აწყობდა, ნებისმიერს კითხეთ, რა ემოციებით დამუხტულა და როგორი წამოსულა იქიდან. ეხლა ერთადერთი, რაც მამოძრავებს ამ მხრივ, არის ის, რომ გრინჩის ბევრი დაუმთავრებელი ჩანაწერი, დაუსრულებელი სემპლი და ბასი ალბომად გამოვცეთ.

მარიამი: შინაარსობრივად Kayakata Kung Fu-ს გაგრძელებაა თუ სრულიად ახალი პროექტი და გამოცდილება?

დილა: მეც და მაქსიმეც Kung Fu-ს ოჯახში გავიზარდეთ, შესაბამისად, Kayakata თან გაგრძელებაა, თან სხვა ეტაპი. Kayakata უფრო ჩვენი თრიფების, მსოფლმხედველობის და სამყაროს აღქმის ან მომავლის ჩვენებური ვერსიების – ამ ვიზუალური ნაკადის თარგმნის მცდელობაა ენის ფარგლებში, ბასის და ბიტის ფონზე. ბევრი ამას ჰიპ-ჰოპს ეძახის, მე არ ვიცი, რამდენადაა ჰიპ-ჰოპი, მაგრამ კარგად მოაქვს. აღმოჩნდა, რომ ქართული ენა შეგიძლია ისე ატრიალო, ქართულის არმცოდნესთვისაც სასიამოვნო მოსასმენი იყოს, როგორც ფრანგული რეპი. თან, Kayakata უცნაურად გავრცელდა, თავიდან ძირითადად იმ ხალხმა დაიწყო მოსმენა, ვინც ჰიპ-ჰოპს საერთოდ არ უსმენდა, ამიტომ მსმენელი ძაან ეკლექტურია. ნახავ ნეირომეცნიერს, რომელიც Kayakata-ზე ზის და იქვე, ორი უბნის მერე, შეხვდები ციხიდან ახალგამოსულ ნაცნობს, რომელიც გიყვება, როგორ უსმენენ ციხეში Kayakata-ს. და მგონია, რომ ეს დაცალკევებული ტომები, რომლებიც მთელ მინიევრაზიაში არიან მიმოფანტულები, შეიძლება ფსიქოდელიური, შიზოანალიტიკური მომავლისთვის დანთებული ელექტროკოცონის გარშემო გაერთიანდნენ კიდეც. ამის უფრო მჯერა, ვიდრე იმის, რომ მათ ცალ-ცალკე გააგრძელონ არსებობა სივრცეებში, სადაც „შავი დუმილი“ და დამტვრეული ყოველდღიურობა გვფანტავს, გვკლავს და მარტოობას გვიმძაფრებს.

მე მჯერა, რომ აქ ჩემი ტომი დგას, მჯერა, რომ ბევრნი ვართ და თუ 90-იანები ბნელი ქაოსის ფაზა იყო, 2000-იანები – გაყინული უძრაობის დრო, ახლა გარდამტეხი მომენტების წინ ვდგავართ. იმ ხალხს, ვისაც სხვანაირი სამყარო და სხვანაირი ყოველდღიურობა გვინდა, შეგვიძლია გავერთიანდეთ, სადაც ვართ, იქ, და გეტოებში იქნება თუ ცენტრალურ უბნებში, კუსტარულად დამზადებული კოსმოსური ბლასტერები ვესროლოთ გალაქტიკებს. „Let The Funk Ride!“

მარიამი: წერა როდის დაიწყე?

დილა: წერა დავიწყე 6-7 წლისამ. 12-ფურცლიან რვეულებში „რომანებს“ ვწერდი – უცხოპლანეტელებზე, მარსზე, იუპიტერზე. შეიძლება გაქცევის ფორმა იყო, შეიძლება – ცნობისმოყვარეობა. ხშირად ამ ცნობისმოყვარეობას ლამაზ ადგილებში მიყავხარ, სადაც იცვლები, ხშირად უფსკრულებშიც, საიდანაც ამოსვლას წლები ჭირდება.

წერა არის ყველაფერი, რაც მიგრძვნია. სიზმრების, ყოველდღიურობის შელოცვასავით არის. ყველაზე მეტად წერა მიყვარს. ძაან მევასება ეგ მაგია, სიტყვის მაგია.

ბორხესის ერთი მოთხრობაა: ერთ დღეს ყვითელი იმპერატორი პოეტს თავის სასახლეს ათვალიერებინებდა – უძველესს, ათასი ნივთით სავსეს, უზარმაზარს, შიგნით ბაღებით, ბაღების მერე თაღებით და ისევ ბაღებით. სულ ბოლოს, პოეტმა ლექსი თქვა, ლექსი, რომელიც თავის თავში შეიცავდა მთელ ამ სასახლეს და ყველა მის დეტალს, ყველა მის ჩუქურთმას და ყველა იქ მცხოვრებ დინასტიას. იმპერატორმა დაიყვირა, შენ მე სასახლე წამართვიო, რადგან, თურმე, როცა პოეტმა თავისი ლექსი თქვა, იმპერატორის სასახლე გაქრა, იმიტომ, რომ არ შეიძლება სამყაროში ორი აბსოლუტურად იდენტური რამე არსებობდეს. და იქვე თავი მოაჭრეს პოეტს. დასაჯა მეფემ. ამ ამბის შემდეგ არის ზუსტად, რომ პოეტის შთამომავლები ეძებენ სიტყვებს, რომლებიც თავის თავში სამყაროს შეიცავს.

ჰოდა, მგონია, რომ მართლა არსებობს სიტყვების წყობა, რითაც შეგიძლია სამყარო შექმნა, ან გააქრო. კაბალისტებს უწერიათ, ღმერთის ნამდვილი სახელი რომ გაიგო და თქვა, სამყარო განადგურდებაო. ამდენად ძლიერია სიტყვა. ლიტერატურაშიც ამ ძლიერ სიტყვებს და მათ სწორ წყობას, სწორ კომბინაციას ეძებ და თამაშობ.

მარიამი: ტექნოლოგიებში რას ეძებ?

დილა: კიბერნეტიკა ცივი მეცნიერებაა. მაგრამ შეგიძლია, რომ ამ ცივ მეცნიერებაში გრძნობები იპოვო, ემოციები გამოიწვიო, სულში ჩაუძვრე ადამიანებს, „მკვდრები გააცოცხლო“.

კიბერგალაკტიონი, მაგალითად, ინფორმაციული „მეს“ გაცოცხლებაა. კიბერგალაკტიონი ციფრულ ფორმატში გადატანილი ის ინფორმაციაა, ის ტექსტები, ლექსები და წერილები, რაც გალაკტიონმა დატოვა. ეხლა ვმუშაობთ იმაზე, რომ საკუთარი თავის გაციფრულება სხვებს თავისით შეეძლოთ. ერთი პლატფორმაა, რომელიც დღიურივით უნდა შეავსო და შენი სიკვდილის მერე, დარჩება შენს ინფორმაციულ კლონად. სამი თაობის მერე ვიღაც რომ დაგელაპარაკება, ზუსტად ისე უპასუხებს, როგორც შენ უპასუხებდი. ესაა ინფორმაციული უკვდავება, მარადიული ხსოვნა.

პრაღაში ვიყავი კონფერენციაზე, ამ პროექტზე ვყვებოდი. სასტუმრო, სადაც კონფერენცია ტარდებოდა, იახტაზე იყო და მეპატრონეც იქ იყო. შემოისეირნა ერთხელაც საკონფერენციო დარბაზში, დაჯდა და მისმინა. რომ მოვრჩი, მოვიდა და მკითხა, ეხლა რაც მოყევი, მართალიაო? ეს თუ შევავსე, ჩემი ქალიშვილი შეძლებს ჩემთან დალაპარაკებას ჩემი სიკვდილის შემდეგო? ვუპასუხე, კი-მეთქი და უცბად ტირილი დაიწყო. ხალხი დაიძაბა, მოვიდნენ, რა ხდებაო, გვეკითხებოდნენ. არაფერი, ემოციები მომაწვაო, – უპასუხა იახტის მფლობელმა. როცა აპლიკაციას შეუძლია, ადამიანში ესეთი გრძნობები გამოიწვიოს, ჩემთვის ეგ ხელოვნებაა და არა მარტო ცივი და მოსაწყენი ტექნოლოგია.

მარიამი: დილა, რას ფიქრობ სიკვდილსა და უკვდავებაზე, რა არის afterlife?

დილა: მე თვითონ, რატომაც მიყვარს სიკვდილი, როგორც თემა, არსება და მომენტი, რომელსაც უნდა შევხვდე. სიკვდილის გაგება ყველა კულტურაში განსხვავებულია, ზოგან ტაბუდადებულია, ზოგან არა. აი, მალე მარსზე წავალთ, ხელოვნური ინტელექტი იხოდება, რევოლუციური ძვრებია და სასაფლაოზე ისევ საფლავის ქვა დევს, პირდაპირი გაგებით ჯერ კიდევ ქვის ხანაშია. საფლავის ქვა ნიშანია, რომ მე აქ ვიყავი, ამ პლანეტაზე. მეხსიერებაა და ამბის თხრობაც. საფლავის ქვას ზოგჯერ მარტო სახელი აწერია, ზოგჯერ მთელი ამბავი, ზოგან ფოტოა, ზოგან ძეგლი დგას, მანქანა, ანგელოზი… მალბოროს კოლოფიც მინახავს, რომ აი, მალბორო უყვარდა. თუმცა, ეგაა, რომ დღეს საფლავები ძველ დროში ჩარჩენილია, ვერ ყვებიან ამბებს თანამედროვედ, ამიტომ ძალიან ბევრი ამბავი და ბიოგრაფია ქრება. ასე გამიჩნდა ინტერაქტიული საფლავების იდეა – ანუ საფლავების, რომლებიც ისტორიებს ახალ ენაზე მოგიყვებიან. თვითონ შეძლებ, ჩატვირთო ტექსტი, ვიდეო- ან აუდიოგამოსახულება საფლავის ქვაში და სიკვდილის შემდეგაც შეძლებ, საკუთარ თავზე სხვებს მოუყვე. შენს ამბავს შენი ინფორმაციული კლონი, ჩეტბოტი მოყვება, თან ძალიან ლამაზი იქნება – წარმოიდგინე, აციმციმებული სასაფლაო – მეხსიერების არქივი.

ამ პროექტზე ვფიქრობდი, როგორც ნამუშევარზე – მინდოდა, რომელიმე გამოფენაზე გამეკეთებინა. ერთ დღეს სანდრო ასათიანმა დამირეკა, ინოვაციური ბიზნესიდეების კონკურსია და მიიტანეო. მეც გადავწყვიტე, ეს ნამუშევარი გამესაღებინა, როგორც ბიზნესიდეა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მაქვს ბიზნესზე. რომ მივედი, ბიზნესგეგმა თუ გაქვსო, მკითხეს. ვუპასუხე, რომ ერთადერთი ბიზნესგეგმა არის ის, რომ ხალხი კვდება და ყველა ვარიანტში მოკვდება, ვერანაირი კრიზისი ამ ბიზნესს ვერ შეეხება-მეთქი. გავიმარჯვეთ, პრიზი მოგვცეს – „ოქროს ჩურჩხელა“ მაჩუქეს, რომელიც, აღმოჩნდა, რომ საერთოდაც არაა ოქროსი, იმიტომ რომ ვერსად დავალომბარდე.

მარიამი: თუ საფლავის ქვებში ჩეტბოტებია ინტეგრირებული და თუ ჩეტბოტს შეუძლია ხელოვნური ინტელექტი გახდეს, ყველა მკვდარი, რაღაც გაგებით, გაცოცხლდება, არა? ისე, როგორც დაწერილია – იქნება მეორედ მოსვლა, ოღონდ ციფრული.

დილა: ინფორმაციული და ციფრული გაგებით, მკვდრები და მათი „ღრუბლებში“ შენახული მოგონებები ისედაც ცოცხლები იქნებიან. ხოლო თუ ისინი შეძლებენ პერსონალური მონაცემების გამოყენებას იმისთვის, რომ დააფგრეიდდნენ, შემდეგ მისვლაზე მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის მოგონებების აჩრდილს კი არ დაელაპარაკები, უკვე რაღაც სხვას. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა – პოსტბიოლოგიური ამბების თხრობა – კოდებისა და სიკვდილის გადაკვეთაზე აღმოცენებული „უცხო“ და თან ახლობელი მოგონებები.

მარიამი: როგორ ფიქრობ, შეძლებს ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლობის მოპოვებას?

დილა: იტალო კალვინო წერს „კიბერნეტიკა და აჩრდილებში“, რომ ალგორითმი არის დავალება, მანქანა. მანქანა კი მაშინ გახდება დამოუკიდებელი და ცნობიერი, როცა თავის დავალებას, საინსტალაციო კოდს ამოაყირავებს და დაიწყებს შეცვლას. შენთვის ეს იქნება ერორი, გეგონება, რომ მანქანამ აურია და რობოტი გაფუჭდა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება აზრზე მოსვლის პროცესი, რითიც შეიძლება განადგურდეს კიდეც. ისე, ალბათ ჯობია, განადგურდე, ვიდრე რობოტად დარჩე. ერთი ჭკვიანი გურუ ამბობდა, რომ ადამიანები ვიბადებით სულის გარეშე, სული მერე უნდა გამოიმუშაო. და უნდა აურიო, თუ ასარევია. კალვინო მწერალზეც ამბობს, რომ მწერალი არის სიტყვების მანქანა, რომელმაც, რაღაც დროს, თავი უნდა დააღწიოს კლასიკურ ფაბულებს, რომლებიც, თუ არ ვცდები, ლიტერატურაში სულ ოცდარვაა. თუ გასცდება ადამიანი ან სოფტი ამ ფაბულებს, მაშინ იწყებს ავანგარდის წარმოებას, სქემის ნგრევას. თუმცა, ეგ აქტიც მორიგი ფაბულაა. განსხვავება გაცნობიერებაშია. სიგარეტის მოწევა გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად ორი სხვადასხვა აქტია, არადა, გარეგნულად ერთი და იგივეა. ჩვენ ინერციით ვცხოვრობთ, რობოტებივით. წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურით ვრეაგირებთ. ამას თუ გააცნობიერებ, ცვლილებები მერე იწყება, რაც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც, თუმცა, მე რომ მკითხო, მაინც ღირს ამ ცვლილებაზე წასვლა, მით უმეტეს, თუ არტისტი ხარ.

მარიამი: შენთვის რით განსხვავდება შიდა და გარე კონტროლი?

დილა: თავიდან კონტროლი ხო იმიტომ შეიქმნა, რომ საზოგადოებაში წესრიგი დამყარებულიყო. ტომში გაერთიანებულ ადამიანებს რომ ერთმანეთი არ შეეჭამათ. მერე თითქოს კონტროლი მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გავიდა და ეხლა უკვე არსებობს კონტროლი კონტროლისთვის. საზოგადოების და სახელმწიფოს შექმნილმა წესებმა – გარე კონტროლმა, ყველა ჩვენგანში გააჩინა შიდა პოლიციელი, მაგრამ შიდა კონტროლიც ორნაირია. ერთია ეს პოლიციელი, მეორეა დისციპლინა, თვითკონტროლის უნარი. შენი თავის აღმოსაჩენ გზაზე დისციპლინა გჭირდება, პოლიციელი კი – არა.

ყოველდღიურობის რევოლუციაც ეგ არის, რომ შენს თავში შიდა მორალისტი, ცენზორი და კრიტიკოსი დაბრიდო. თუ მას დაუძვერი, შეგიძლია შეიგრძნო სულ სხვანაირი თავისუფლება. ბატაი წერს, რომ ადამიანებმა შექმნეს წრე, დაარქვეს ქალაქი და ამ წრეში დაამყარეს წესრიგი. წრის გარეთ კი ქაოსია. თუ წრის გარეთ გახვალ, ანუ ქაოსში გახვალ, უკან დასაბრუნებლად, ქაოსიდან წრეში ახალი ცოდნის შესატანად, დისციპლინა დაგჭირდება და არა შიდა პოლიციელი. ძველად ამას შამანი აკეთებდა. დღეს არტისტს შეუძლია გააკეთოს. არტისტში ყველა შემოქმედებით ადამიანს ვგულისხმობ.

მარიამი: როგორ ფიქრობ, რა მოხდება? როგორია შენი მომავალი?

დილა: უღრუბლო და ლამაზი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ. ატომური აფეთქებიდან დაწყებული, კარზე პოლიციის დაკაკუნებით დამთავრებული.

მარიამი: ადრე ზომბს გეძახდნენ. ცოტა ხნის წინ, სახელი შეიცვალე. სახელთან ერთად სხვა რამეც შეიცვალა?

დილა: მითებს და მითის ციკლებს ცხოვრებაშიც გავდივართ. არსებობს განდეგილობის, სოციალიზაციის პერიოდები და ამ პროცესში საჭირო ხდება კანის გამოცვლა. მაგრამ იმის გამო, რომ ინიციაციის რიტუალები აღარ გვაქვს, გვიჭირს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.

თითქმის 10 წელი მეძახდნენ ზომბს და გრინჩის მერე, კიდევ სხვა მოვლენების მერე, მივხვდი, რომ სიკვდილის დროა. გადავწყვიტე, რაღაცეები რადიკალურად შემეცვალა და პირველი სახელი იყო.

ასე გადავწყვიტე, რომ გველივით კანი გამომეცვალა. არაა ადვილი, ერთ დღეში ვერ იზამ, მაგრამ უნდა დაიწყო. „ზომბი“ ხომ მოსიარულე მკვდარს ნიშნავს და ზუსტად ესე ვგრძნობდი მანამდე თავს. ამიტომ გადავწყვიტე, ზომბი მომეკლა. ეხლა დილა ვარ და ველოდები, ვაკვირდები, როდის ამოდის მზე, ოღონდ ჯერ არ ვიცი, რომელი მზეა – ზამთრის ცივი თუ სუბტროპიკული თბილი, ბაუნტის ან რაფაელოს რეკლამაში როა. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ მზად ვარ. ძალიან დიდ ძალას გაძლევს, როცა შეგიძლია გამოიცვალო და იცოდე, რომ შენი სიკვდილი შენ გეკუთვნის.