ჩემზე რომ იყოს, ვერნერ ჰერცოგს უყოყმანოდ მივცემდი ნობელის პრემიას პოეზიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამ კაცზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო, და ბოლომდე მაინც ვერ თქვა, ვინაა იგი. ესაა სიტყვის კაცი, ვინც საკუთარი ფეხსაცმელი შეჭამა ნაძლევის გამო. ესაა პერფექციონისტი კაცი, ვინც მსახიობებს მთაზე ხელით გადაათრევინა ნამდვილი გემი. ესაა ექსცენტრული კაცი, ვისი გადაღების მანერაზეც მუდამ ლეგენდებს ჰყვებიან. ესაა კერკეტი კაცი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ფუჭი რევერანსები და ბრტყელი პრანჭვები. ესაა ბუნტარი კაცი, ვინც მუდამ ჰყვება აუტსაიდერ ანტიგმირებზე, ზეკაცებსა და კაცუნებზე, რომლებიც უჯანყდებიან კულტურას, საზოგადოებას, ბუნებას... ესაა უკიდურესობების კაცი, ვინც მუდამ გამოწვევას უცხადებს ველურ ბუნებასაც და რუტინასაც. ესაა იმპროვიზაციების კაცი, ვინც თვლის, რომ ფილმები იბადება ბალაგანებიდან და სოფლის ბაზრებიდან, და არა აკადემიური ცოდნიდან, ვინც თვლის, რომ კინო უბირთა ხელოვნებაა და არა მეცნიერთა. ესაა ფეხით მოხეტიალე კაცი, ვინც ამ განჯადოებულ სამყაროში მუდამ პოულობს მოჯადოებულ ადგილებს. ესაა მწარე კაცი, ვისი ფილმებიც, დოკუმენტურიც და მხატვრულიც, ისევე განსხვავდება ჰოლივუდური კინოპროდუქციისგან, როგორც ესპრესო და კაპუჩინო. ესაა კაცი, ვისი ფილმიც ნახა იან კერტისმა (Joy Division) თვითმკვლელობის წინ. ესაა რკინის კაცი ბავშვის გულით, რომელსაც დღემდე არ დაჰკარგვია აღტაცების უნარი. დაბოლოს, ესაა კაცი კინოკამერით, რომელიც მუდამ ცნობისმოყვარედ შეჰყურებს ადამიანს.

 

ზაზა ბურჭულაძე: თქვენ ხშირად გიწოდებენ უკომპრომისო რეჟისორს...

ვერნერ ჰერცოგი: მსგავსი შეფასებისას ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მეც და ჩემი ფილმებიც კომპრომისებით ვართ სავსე. სხვას რომ თავი გავანებოთ, მე ყოველთვის მცირე ბიუჯეტი მაქვს გადასაღებად. ყოველ გადაღება დღეს ახალი კომპრომისების გაკეთება მიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე დღეს გადაიწვები. შენ უნდა იყო ერთგვარი გამომთვლელი მანქანა ან კომპიუტერი, რომელიც დაიმორჩილებს იმ ურჩხულს, გადასაღებ მოედანზე რომ დაბორიალობს პრობლემების სახით. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დაიჯეროთ, რომ არსებობს რომელიმე ფილმი, რომელიც კომპრომისებით არ არის სავსე.  პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას კომპრომისში. მაგალითად, ფილმის „ხურო შტაინერის დიდი ექსტაზი“ ხანგრძლივობა უნდა ყოფილიყო 43 წუთი და 20 წამი. ასეთ სიზუსტეს ითხოვდა ტელეარხი, რომლისთვისაც იგი მზადდებოდა. ჰოდა, მეც გავაკეთე ეს 43 წუთი და 20 წამი. ასევე იყო მოთხოვნა, რომ მეც გამოვჩენილიყავი ფილმში. მაინცდამაინც არ მხიბლავდა ეს აზრი, მაინც გამოვჩნდი. სხვათა შორის, სწორედ ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე. ამავდროულად, სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი საკუთარი ხმის გამოყენება ფილმებში, დავიწყე თამაში. ასევე დავიწყე  იმის გაგება, როგორ უნდა შეხვიდე ფილმში, ამბავში, თხრობაში... კომპრომისებს ბევრი რამ შეუძლიათ გასწავლონ. კომპრომისი ხშირად მშვენიერი კარია ახალ შესაძლებლობებში.

ზაზა ბურჭულაძე: კომპრომისის გარდა, კიდევ რა უნდა შეეძლოს რეჟისორს უთუოდ?

ვერნერ ჰერცოგი: რეჟისორს უთუოდ უნდა შეეძლოს წიგნების კითხვა. ბევრი კითხვა. უწიგნებოდ კინო არ არსებობს. ასევე უნდა შეეძლოს მარტოობის მიღება. მარტოობის, რომელიც რეჟისორის ყოველდღიურობაა გადასაღებ მოედანზე. უნდა შეეძლოს სიარული. არ ვგულისხმობ ტურისტულ ლაშქრობას, სპორტულ ჯოგინგს ან ავტოსტოპს, არამედ ფეხით ბევრ მოგზაურობას. მომთაბარეობა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულებაა. ფეხით სიარულისას სამყარო გიხსნის თავის სიღრმესა და სისავსეს. უნდა შეეძლოს კლიტეების გატეხვაც ქირურგიული იარაღებით. პირადად მე, ხშირად ვტეხ ცარიელ სახლებს და ღამეს იქ ვატარებ. მაგრამ არაფერს ვაზიანებ, გასვლისას უბრალოდ კარს გავიკეტავ ხოლმე. ასევე უნდა შეეძლოს მოპარვა. ჩემი პირველი ფილმები სწორედ ასეთი კამერით გადავიღე, რომელიც მიუნხენის კინოსკოლიდან მოვიპარე. კიდევ უთუოდ უნდა შეეძლოს დოკუმენტების გაყალბება და მოტყუება. ჩემი ფილმების უმეტესობა უბრალოდ არ იარსებებდა ასეთი ტყუილების, გაყალბებების, კრიმინალური ენერგიის გარეშე.

ზაზა ბურჭულაძე: თქვენ ხშირად გაბრალებენ ადამიანებითა და ფაქტებით მანიპულირებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად სვამს პოლიტკორექტულობა ხელოვანს ჩარჩოში.

ვერნერ ჰერცოგი: პოლიტკორექტულობა აწუხებს ყველა მოაზროვნეს. მე არასოდეს ვარ პოლიტკორექტული, მე ჩემი საკუთარი კორექტულობა და სიმართლე მაქვს. ასე ვთქვათ, ზოგჯერ ჩემი და მეინსტრიმ პოლიტკორექტულობა ერთმანეთთან მოდის თანხვედრაში. ეს უბრალოდ დამთხვევაა, მეტი არაფერი. 

ზაზა ბურჭულაძე: ცნობილია, რომ თქვენ ორჯერ გაიარეთ 1000 კილომეტრი... ერთხელ, თქვენი პირველი ცოლისთვის რომ გეთხოვათ ხელი, მეორედ – ლოტა აისნერისთვის სიკვდილი რომ აგერიდებინათ.

ვერნერ ჰერცოგი: ავარიდე კიდეც. ეს ამბავი მოყოლილია არაერთ ტექსტში. ლოტა მაშინ ჰოსპიტალში კვდებოდა. ჰოდა, მე მიუნხენიდან პარიზში ფეხით ჩავედი. ეს იყო საპროტესტო მარში სიკვდილის წინააღმდეგ. ამ პილიგრიმობამ ჯადოსავით იმუშავა. ლოტა მართლაც გამოწერეს რამდენიმე კვირაში. წლების შემდეგ, იგი უკვე ოთხმოცდაათის ხდებოდა, როცა დამირეკა და მითხრა: „თქვენ მე ჯადო დამადეთ და აღარ ვკვდები. მე დავკოჭლდი და დავბრმავდი – წამერთვა ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც არის კითხვა, სეირნობა და ფილმების ყურება. კიდევ ერთხელ მოგიწევთ პარიზში ჩამოსვლა, თქვენი ჯადო რომ ამხსნათ“. მაშინ ხუმრობით ვუთხარი, კარგი, ლოტა, მე გხსნით ჩემს ჯადოს, შეგიძლიათ მოკვდეთ-მეთქი. მართლაც, სადღაც სამ კვირაში იგი მოკვდა.

ზაზა ბურჭულაძე: ხშირად გაბრალებენ, რომ გადაღებებისას თქვენ არ ერიდებით მსახიობების სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ჩაგდებას.

ვერნერ ჰერცოგი: ეს გადაჭარბებაა. ჯერ ერთი, ჩემს გადაღებებზე დღემდე არავინ მომკვდარა. ყოფილა შემთხვევები, როცა ვიღაცები კინაღამ დაიხოცნენ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

და კიდევ, ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი თავის ჭეშმარიტ არსს აჩენს. სანამ მსახიობს რამე რთულის შესრულებას მოვთხოვ, მანამდე მე თვითონ ყველაფერს ჩემს თავზე ვცდი ხოლმე. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამაში არასრულფასოვნების კომპლექსს ხედავს.

ზაზა ბურჭულაძე: პირველად რას ხედავთ, პერსონაჟს თუ იდეას?

ვერნერ ჰერცოგი: პირველად ვხედავ იდეას, ამბავს, ცენტრალურ გამოსახულებას. ვხედავ ძალიან მკაფიოდ. შემდეგ ჩნდება ყველაფერი. და ეს ყველაფერი გზადაგზა იცვლება. სცენარის წერისასაც კი ვიცი, რომ უკვე ფილმზე მუშაობისას, შეიძლება ამბავს ახალი პერსონაჟები დაემატონ ან დააკლდნენ. მაგალითად, ფიცკარალდოს ერთ-ერთი თანაშემწე მიკ ჯაგერს უნდა ეთამაშა, მაგრამ მას მსოფლიო ტურნე ჰქონდა და ყოველ კვირას პერუდან წინ და უკან უნდა ეფრინა. ეს კი მე არ მაწყობდა. ასე რომ, მისი როლი სრულიად ამოვაგდე სცენარიდან. თვითონ ფიცკარალდოს როლზე თავიდან ჯეისონ რობარდსი მივიწვიე. მაგრამ, ჯანმრთელობის გამო, იგი კინაღამ მოგვიკვდა გადასაღებ მოედანზე. კიდევ ერთ ვარიანტად რჩებოდა კლაუს კინსკი. თუმცა მეშინოდა, რომ არც ამ ამბიდან გამოვიდოდა რამე. კინსკი მოკლე დისტანციაზე მორბენალი ცხენი იყო. ცხენი, რომელიც გაირბენს რაღაც მანძილს მშვენივრად და გადაიწვება. „ფიცკარალდოში“ კი მრავალი მილი იყო სარბენი. ბოლო ვარიანტად ის რჩებოდა, რომ მე თვითონ მეთამაშა ფილმში. მე ამას შევძლებდი. მაგრამ ვცადეთ კინსკი, და მან მოულოდნელად კარგად გაართვა თავი. ზოგადად, ამბავი, ისტორია უნდა შეავსოს გმირმა და არა პირიქით.

ზაზა ბურჭულაძე: უამრავ განსხვავებული მასშტაბისა და დიაპაზონის მსახიობთან გითანამშრომლიათ... როგორ მართავთ მათ, როგორ შედიხართ მათთან კონტაქტში?

ვერნერ ჰერცოგი: ვერ ავხსნი ამას, ეს უბრალოდ არის ჩემში, კონტაქტი მათთან, შიშველი ცნობისმოყვარეობა. მე მხოლოდ შემიძლია, რომ შევეხო მათ და შემდეგ კარგად გამოვსახო ეკრანზე, ჩავდო გამოსახულებაში რაღაც ინტენსივობა. როგორ ვაკეთებ ამას, როგორ ვეხები, არ ვიცი. ესაა კინოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. ასე რომ, ეს რაღაც თუ არ არის შენში, ძალიან უნდა იფრთხილო, შენს პროფესიად გაიხადო კინო. არ არსებობს რამე ფორმულა, ქცევის სკოლა ან აზროვნების წესი, ყველას მისი საკუთარი ენა უნდა მოუნახო.

თუ მოახერხე და ადამიანის გულში ჩაიხედე, უნიკალურ სამყაროებს დაინახავ. მე ალბათ ვერც გადავიღებდი ფილმებს, მხატვრულსაც და დოკუმენტურსაც, იმ ადამიანებზე, ვინც არ იწვევს ჩემს ცნობისმოყვარობას, შეხების სურვილს.

ზაზა ბურჭულაძე: ზოგადად, არის კინემატოგრაფში როლი, რომელსაც თვლით საუკეთესოდ?

ვერნერ ჰერცოგი: ნამდვილად ვთვლი ასეთად მარლონ ბრანდოს მიერ შესრულებულ ემილიანო საპატას როლს ელია კაზანის ფილმში. აქ ბრანდო წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს. შეუძლებელია როლის უკეთ შესრულება. და მაინც, ყველაზე დიდი მსახიობი ჩემთვის არის ბრუნო ს., ნამდვილი გვარი – შლაინშტაინი, რომელიც ჩემს ორ ფილმში თამაშობს. ესაა კაცი, ვისაც სრულიად არ იცნობს მსოფლიო კინემატოგრაფი, ვინც მთელი ბავშვობა და ყრმობა ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა, მაგრამ მისნაირ მსახიობს მეორეს ვერ ნახავ ეკრანზე. ჩემთვის იგი ყველაზე დიდია.

ზაზა ბურჭულაძე: თქვენ ხშირად თამაშობთ სხვის ფილმებში. ჰარმონი კორინთანაც და, ვთქვათ, საეჭვო „ჯეკ რიჩერშიც“... რას ნიშნავს თქვენთვის დიალოგი ახალ თაობასთან.

ვერნერ ჰერცოგი: შემიძლია ვთქვა, რომ მოდის ძალიან კარგი ხალხი. ასე რომ, როცა ვიღაც ძალიან კარგია, ვცდილობ, მხარი დავუჭირო. ძალიან მიხარია, რომ მე არა ვარ მარტო. ირგვლივ თუ მიმოიხედავ, დაინახავ, რომ ნამდვილად მოდის მშვენიერი თაობა. მაგალითად, მე დავეხმარე ჯოშუა ოპენჰაიმერს ყველაფრით, რითაც შემეძლო, გაეკეთებინა თავისი ფილმი "მკვლელობის აქტი". ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე ექსტრაორდინალური რამ, მსგავსს ვერაფერს ნახავ ეკრანზე. მე მიყვარს ყველაფერი, რაც კინოს უკავშირდება. გადაღება, სცენარის წერა, მონტაჟი, მუსიკის შექმნა... კორინმა მარტო იმიტომ კი არ მიმიწვია თავის ფილმში, რომ მის მიერ წარმოდგენილ ტიპაჟს ვაკმაყოფილებდი, არამედ ძალიან უნდოდა ფირზე გადაეღო თავისი „კინემატოგრაფიული მამა“. ასე გამოხატა ჩემ მიმართ პატივისცემა, თუნდაც მე მის ფილმში ნევროტიკი მამის როლი შევასრულე. „ჯეკ რიჩერი“ სპეციფიკური შემთხვევა იყო. გადამღებ ჯგუფს ფილმში უკვე ჰყავდა რამდენიმე ცუდი ბიჭი. რომლებიც ყვიროდნენ, იბრძოდნენ, ისროდნენ და ა.შ. მაგრამ მათ სჭირდებოდათ ვინმე ნამდვილად შიშისმომგვრელი. ვინც იქნებოდა საშიში, სიტყვის უთქმელადაც კი საშიში. თუმცა ჩემმა ხმამაც თავისთავად რაღაც როლი ითამაშა ამ ამბავში... კასტინგში რამდენიმე მსახიობმა მიიღო მონაწილეობა. საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდნენ. რეჟისორმა და პროდიუსერმა ბოლოს მაინც მე მომმართეს. მათ ვახსოვდი იმავე ჰარმონი კორინის ფილმიდან „Julien Donkey-Boy“. მოკლედ, მიმიწვიეს და კარგად გადამიხადეს. მე შემიძლია ეკრანზე ვიყო საშიში. ეს ადვილია ჩემთვის. არაა რთული მაგარი კაცის თამაში. მე მიყვარს კინო, და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

ზაზა ბურჭულაძე: შეუძლებელია თქვენი ხმის ტემბრი ვინმესაში აერიოს კაცს. ამიტომ ხომ არ აღმოჩნდა იგი „სიმფსონებში“?

ვერნერ ჰერცოგი: ალბათ სასაცილოა, რომ მე იქ ერთ-ერთ პერსონაჟს ვახმოვანებ, თუმცა ეს ასევე ამერიკული პოპკულტურის აპოთეოზია. სხვათა შორის, მანამდე არც ვიცოდი, რომ „სიმფსონები“ მულტფილმი არსებობდა. მეგონა, ჟურნალში იბეჭდებოდა, როგორც კომიქსი. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. მოკლედ, რომ დამირეკეს და გასახმოვანებლად მიმიწვიეს, მეგონა, მაშაყირებდნენ. სიმფსონები არ ლაპარაკობენ, ისინი ნაბეჭდი არიან-მეთქი. ვერ დაიჯერეს, რომ არ ვიცოდი. მითხრეს, 22 წელია ეკრანზე ვართო. ვუთხარი, არ მჯერა, დივიდი გამომიგზავნეთ-მეთქი. ახლა უკვე მათ ჩათვალეს, რომ მე ვაშაყირებდი.

ზაზა ბურჭულაძე: არის რაიმე წიგნები, რომელთაც იქონიეს თქვენზე გავლენა?

ვერნერ ჰერცოგი: არცერთ წიგნს არ მოუხდენია ჩემზე გავლენა, ყოველ შემთხვევაში, ფილმების ინსპირაციისთვის. მაგრამ მე მიყვარს კითხვა, შებიჯება სხვა სამყაროში. მაგალითად, პოეტურ სამყაროში, თუმცა გავლენის გარეშე. ისე, ჩემთვის კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილმების ყურება. ფილმების ნახვას თითქმის ვერც ვახერხებ. შეიძლება სულ ორიოდე ფილმი ვნახო მთელი წლის განმავლობაში. დღეს რასაც ვკითხულობ, ძირითადად პრაქტიკული წიგნებია. მაგალითად, ახლა ვკითხულობ ძალიან ცუდ ისტორიკოსს, დიოდორე სიცილიელს. მგონი, ამ კაცს აქვს ყველაზე დაწვრილებითი ანგარიში ფილიპე მეორის, ალექსანდრე დიდის მამის შესახებ. დიოდორე არ აზროვნებს, ენციკლოპედისტი უფროა. მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. მე მიყვარს ბერძნული, რომაული, ზოგადად, ანტიკური ლიტერატურა. მაგალითად, ვერგილიუსის „გეორგიკები“, რომელიც, ალბათ, უდიადესი პოემაა დაწერილი უდიადესი პოეტის მიერ. ტექსტი, რომელიც ბოლოს გულზე შემეხო, არის ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი ავტორის ჯ. ა. ბეიკერის „შავარდენი“. ყველას ვურჩევ ამ წიგნს. განსაკუთრებით, რეჟისორებს. თუ გინდა ფილმის გადაღება, აუცილებლად უნდა წაიკითხო ეს წიგნი. რა ექსტაზით აღწერს ავტორი ყოველ დეტალს, რა მომნუსხველობით... ეს წიგნი ჩემზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ იგი საინტერესოა თავისთავად. საინტერესოა, როგორ აღიწერება აქ სამყარო – თუნდაც ლიმიტირებული. ასევე ძალიან მიყვარს გერმანელი ავტორები. ჰელდერლინი, ბიუჰნერი, კლაისტი... მე მაქვს ჩემი აუცილებელად საკითხავი წიგნების სია. სადაც, ცხადია, არის „შავარდენი“. მაგრამ იქვე ასევე არის კენედის მკვლელობის ოფიციალური ანგარიშიც. ესაა დაუჯერებელად დეტალური ანგარიში, რომელსაც გააჩნია თავისი სანდო და უნდო ლოგიკა. ყველაფერთან ერთად, ესაა ერთ-ერთი დიდებული ქრაიმ-სთორი. მაგრამ ამ სიაში კიდევ სხვა ხუთასი წიგნია. ან ხუთი ათასი.

ზაზა ბურჭულაძე: თუ გყავთ თქვენი საყვარელი პერსონაჟი მხატვრული ლიტერატურიდან?

ვერნერ ჰერცოგი: არ მყავს... შეიძლება იმიტომ, რომ მე თვითონ ვიგონებ პერსონაჟებს მთელი ჩემი ცხოვრება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ერთ-ერთი ასეთი, ალბათ, ბიუჰნერის ვოიცეკია.

ზაზა ბურჭულაძე: როგორ ფიქრობთ, საიდან იღებთ ენერგიას ან პირველად იმპულსს თქვენი ფილმებისთვის?

ვერნერ ჰერცოგი: ალბათ, იქიდან, რომ მე სიზმრებს არ ვხედავ.

თითქმის ყოველ დილით მაქვს შეგრძნება, რომ დავიჩაგრე, რაღაც დამაკლდა. ალბათ, ამიტომაც ვიღებ კინოს, რომ ეკრანზე ავსახო ის, რაც სიზმრად უნდა მენახა.

ეს ერთგვარი კომპენსაციაა. შეიძლება, რამდენიმე წელიწადში ერთხელ რაღაც მესიზმროს კიდეც, ვთქვათ, როგორ ვიხეხავ კბილებს. მაგრამ ამას რა ახსნა უნდა. ჩემი სიზმრები ფსიქოანალიზისთვის უსარგებლოა.

ზაზა ბურჭულაძე: არის რამე, რასაც არასდროს გააკეთებთ?

ვერნერ ჰერცოგი: არ გადავიღებ რეკლამას. ამის თქმა ხშირად მიწევს, ასე რომ, მხოლოდ გავიმეორებ. მაგალითად, ამერიკის ტელეარხებზე მსვლელობისას ფილმი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ წყდება რეკლამის გამო. შესაბამისად, მაყურებელი კარგავს თხრობის თანმიმდევრულობის განცდას. ამიტომაც, ახალგაზრდა ამერიკელი ვეღარ საუბრობს გამართულად. რეკლამა ანგრევს ისტორიებს. ამიტომ, მე უბრალოდ არ ვიღებ მონაწილეობას მის შექმნაში. თუმცა, რომ მიმეღო, კარგ ფულს გავაკეთებდი. მე თითქმის არ ვარ მომხმარებელთა სამყაროდან, ძალიან ცოტა რამ მაქვს საკუთრებაში.

ზაზა ბურჭულაძე: რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

ვერნერ ჰერცოგი: სიშტერე. შორს რომ არ წავიდე, ცოტა ხნის წინ მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ. მოკლედ, რაღაც შეკრებაზე მოვხვდი. ძირითადად ნორჩი რეჟისორები იყვნენ. ჩემ გვერდით სცენაზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელმაც დიდხანს რაღაც სისულელეებზე იწუწუნა. ბოლოს ისიც კი თქვა, რომ სრულიად დაურწმუნებლად გრძნობს თავს გადასაღებ მოედანზე, ამბავი თითქოს ხელიდან უსხლტება და ვერაფრის მართვას ვერ ახერხებს. უფრო ბუზად აღვიქვამ თავს, კედელზე რომ დაცოცავსო. ო, ღმერთო, ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაშინ ვთქვი: „რა ბუზები, ჩვენ უნდა ვიყოთ მკბენარი ბზიკები! ჩვენ უნდა ვიყოთ რეჟისორები. ჩვენ უნდა ვიყოთ ამბის მთხრობელები...“ ამ დროს დარბაზში უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და მიკროფონში ვიყვირე: „გილოცავთ ახალ წელს, ლუზერებო!“ შენ უნდა იპოვო შენი ხმა. შენ უნდა იყო რეჟისორი, შენ არა ხარ სათვალთვალო კამერა ბანკში.

ზაზა ბურჭულაძე: ბოლოს იმ თვითმკვლელ პინგვინზე მინდა გკითხოთ აუცილებლად, ფილმში „შეხვედრები ქვეყნის კიდეზე“ რომ ჰყვებით.

ვერნერ ჰერცოგი: არავინ იცის, რა ხდება ამ დროს პინგვინის თავში, რა მექანიზმი აიძულებს მას თვითმკვლელობას. მხოლოდ ვიცით, რომ ამ ჩიტებს აქვთ დიდი ეგო, სავსე სექსუალური ცხოვრება და დეპრესიის უნარი. ზოგიერთი უბრალოდ ტოვებს თავის კოლონიას და მირბის ყინულის უდაბნოში. იგი არ არის დეზორიენტირებული. რომ დაიჭირო და უკან დააბრუნო ჩვეულ გარემოში, იგი მაინც უდაბნოში გაიქცევა. და ირბენს იქამდე, ვიდრე შიმშილისა და დაღლილობისგან მკვდარი არ დაეცემა.

ზაზა ბურჭულაძე: რა რეაქცია გქონდათ, როცა შეიტყვეთ, რომ იან კერტისმა თვითმკვლელობამდე თქვენს ფილმს „სტროშეკს“ უყურა.

ვერნერ ჰერცოგი: გამიკვირდა, როცა მითხრეს, რომ ახალგაზრდა კაცმა სუიციდამდე ჩემი ფილმი ნახა. ეს იყო სასოწარკვეთილის გადაწყვეტილება. მან კინო დაიმგზავრა უკანასკნელ გზაზე. რასაკვირველია, მას არ მოუკლავს თავი ჩემი ფილმის გამო. სხვათა შორის, დღემდე არ მომისმენია „ჯოი დივიჟენისთვის“. წარმოდგენა არა მაქვს, რას ასრულებს ეს ჯგუფი. ისე, მე თუ გადავწყვეტ თვითმკვლელობას, ალბათ, რამე მუსიკას დავიმგზავრებ ბოლო გზაზე... მანამდე გადასაღები მოედნიდან კუბოთი თუ არ გამიტანეს ან გიჟის პერანგით არ გამათრიეს.

 

ჰერცოგის 10 ფილმი, რომელიც თავისუფლად გამოდგება თვითმკვლელობის წინ სანახავად:

"ჯუჯებიც კი იწყებდნენ მცირედით", 1970.

"დუმილისა და წყვდიადის მიწა", 1971.

"აგირე - ღვთის რისხვა", 1972.

"მინის გული", 1976.

(ეს ფილმი თუნდაც მარტო იმიტომ უნდა ნახო, რომ ჟილ დელეზი -

კიდევ ერთი დიადი თვითმკვლელი - გიჟდებოდა მასზე)

"სტროშეკი", 1977.

"ფიცკარალდო", 1982.

"ჩემი საყვარელი მტერი", 1999.

"ადამიანი-გრიზლი", 2005.

"შეხვედრები ქვეყნის კიდეზე", 2007.

"დავიწყებული სიზმრების ქვაბული", 2010.