ერეკლე: თავიდან კვერცხი იყო თუ ქათამი, მამა იყო თუ შვილი?

მამა: საწყისი, ერთი შეხედვით, შვილია, მაგრამ პირველად იყო მამა.

ერეკლე: მომიყევი შენი თინეიჯერობის შესახებ.

მამა: საზოგადოება მაშინაც რთულად იღებდა სიახლეებს. არ უყვართ უფროსებს განსხვავებული აზრი, ყოველთვის ცდილობენ, კლიშეში მოგაქციონ, რაღაც მოგაწერონ. განსაკუთრებით უყვართ სიტყვა – გადაგვარებული. მე სოფელში დავიბადე, მაგრამ სწავლა ქალაქში გავაგრძელე, რაც მეტს ნახულობ, მეტად იზრდები.

ერეკლე: გაიხსენე შემთხვევა, როდესაც იგრძენი, რომ „მარტო ხარ“, სიმართლე შენს მხარესაა, საზოგადოება კი მეორე მხარეს დგას, რა გააკეთე ამ დროს?

მამა: გამოცდილებამ მასწავლა, რომ დღეს მიუღებელი, ხვალ ჩვეულებრივი ხდება. კი, ყოფილა მომენტი, როცა თავი გარიყულად მიგრძვნია, მაგრამ შენგან განსხვავებით, ასეთ მომენტებში ავმდგარვარ და გავცლილვარ.

ერეკლე: და ჩემს შემთხვევაში როგორ მოხდა?

მამა: შენ საზოგადოების დიდი ნაწილი დაგიპირისპირდა. ჩემთვის ეს რთული იყო, მაგრამ წარმომიდგენია შენთვის როგორი რთული იქნებოდა. განვიცდიდი შენ მაგივრადაც, თან გაკვირდებოდი და სადღაც მეამაყებოდა კიდეც. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც თვითონ გადაწყვეტს. არის რაღაცები, რაც არ მომწონს, მე, როგორც მამას, მაქვს ამაზე საყვედურის თქმის უფლება, მაგრამ გაიზიარებ თუ არა ჩემს აზრს – შენი უფლებაა.

ერეკლე: გენეტიკურ კოდზე რა აზრის ხარ, რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი ჩემში.

მამა: პირდაპირობა დეისაძეების ხელწერაა. როცა სათქმელს გულში ინახავ, მერე ბოღმა გერევა და შიგნიდან გჭამს. ეს ერთგვარი განტვირთვაცაა. თავისუფლებაც პირდაპირობის შედეგი მგონია. ბოღმიანი ადამიანი ვერასოდეს იქნება თავისუფალი.

მაგალითად, შენ ყოველთვის განსხვავებული იყავი. ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ ამ სიჯიუტეს გულის სიღრმეში პატივს ვცემდი.

ერთი შემთხვევა მახსენდება, პატარა იყავი, ირაკლი ჩარკვიანს რომ უსმენდი, მუსიკა ხმამაღლა გქონდა ჩართული, მერე მეზობლებმა მითხრეს, დროა, ერეკლეს მიხედოთო. მუსიკის მოსმენას ვინ აგიკრძალავდა, ეგრე ჩემს ბავშვობაში იყო, ამიტომ ფანჯრების დახურვა დავიწყე, მეზობლებისთვის სალაპარაკო რომ არ მიმეცა. დღეს ირაკლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია და ეს შენი დამსახურებაა.

ერეკლე: არადა, ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა შენმა არქივმა მოახდინა, მახსოვს, პირველად მაშინ მოვისმინე Pet Shop Boys-ი და Pink Floyd-ი.

მამა: მუსიკა იმდენად მიყვარდა, რომ „ბაბინებში“ 320 მანეთი მივეცი, მაშინ ეს დიდი ფული იყო.

ერეკლე: ანუ შენ არ ხარ 37-მანეთიანი.

მამა: არ მგონია, იმათ მანქანის ნაწილები ჩამოჰქონდათ რუსეთიდან, მე – ახალი ალბომები.

ერეკლე: მაინტერესებს, რა არის ის, რაც სულ თავიდან უნდა მისცენ მშობლებმა შვილებს.

მამა: საერთოდ, მე რა გამოცდილებაც დავაგროვე, წლებმა მომცა. დრო ყოველთვის გაძლევს ცოდნას, ყველაფერს წიგნებში ვერ წაიკითხავ. მართალია, არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ, განათლება აუცილებელია. ამიტომ მგონია, რომ საწყის ეტაპზე მშობლის უმთავრესი მოვალეობაა, შვილს განათლება მისცეს.

ერეკლე: ქართული წეს-ჩვეულებებიდან რომელია შენთვის მიუღებელი და რას შეცვლიდი?

მამა: ბევრი დრომოჭმული ჩვეულება გვაქვს, მაგალითად, ბოლო პანაშვიდი და ქელეხი საზიზღრობაა. სმა-ჭამა, ღრეობა, მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, მაგრამ ბავშვობიდანვე არ მომწონდა. მაგალითად, ჩემი უსაყვარლესი ბებია მინდა გავიხსენო. როცა ოლია მოკვდა, ბოლო პანაშვიდი არ გადავიხადე, ვერც ქელეხის აუცილებლობას ვხედავდი, მერჩივნა, ვიწრო წრეში მიმეგო მისთვის პატივი, მაგრამ დათმობებზე მომიწია წასვლა. ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, რაც მეტი დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ პროგრესი ყოველთვის მომავალშია. ბევრ რამეზე, რაშიც ადრე არ გეთანხმებოდი, ახლა სხვაგვარად ვფიქრობ.

არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ ჩემი ჩარევის გარეშეც მოახერხებდი ცხოვრებას, ამიტომ ვცდილობ, თავი არ მოგაბეზრო. ვიცი, რომ ყველაფერს შეძლებ.

ერეკლე: ვიცი, რომ ციხეშიც იჯექი, მომიყევი, რა შეგრძნებაა, როცა დიდი ციხიდან, პატარაში ინაცვლებ.

მამა: ყველგან შეგიძლია ისწავლო. მაგალითად, ვიღაც რომ მელაპარაკება, ადვილად ვხვდები რა რჩება უთქმელი. ეს ციხემ მომცა. ამის სწავლა სხვაგანაც შეიძლება და აუცილებელი არაა ამისთვის მსხვერპლი გაიღო, მაგრამ ერთია, რა მოხდება და მეორე – როგორ იყენებ იმას, რაც უკვე მოხდა. არის მომენტი, როცა კუთხეში ვიღაცის ბრძანების გარეშე დგახარ, ფიქრობ და ხვდები – სად დაუშვი შეცდომა.

ერეკლე: მაინტერესებს, როგორია შენი თვალით დანახული „რაც მამას უნდა“?

მამა: პირველად რომ მოვისმინე, მივხვდი, რას ნიშნავს დისტანცირება და რამდენად სწორია, როცა შვილის დამოუკიდებლობასა და თავისუფალ აზროვნებაში დისტანციით შეგაქვს წვლილი. ჩემთვის სიურპრიზი ის იყო, რომ ძალიან ლაღად მოირგე მუსიკოსის სტატუსი, იმ წიგნის შემდეგ რთული წარმოსადგენი იყო შენგან მორიგი პროვოკაცია, თუმცა ეს ყოველთვის კარგად გამოგდის. ხალხს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ხალხს ვემიჯნები.

ერეკლე: ოჯახის ინსტიტუტზე უნდა გკითხო, როცა მშობლები შვილებს დამოუკიდებლად უგეგმავენ მომავალს, აძლევენ მათთვის სასურველ პროფესიას, „ხელს უწყობენ“ ოჯახის შექმნაში. ხშირად უტოპიურ სიღრმეებშიც იჭრებიან, ასეთ დროს რა უფრო მნიშვნელოვანია – ოჯახის ინსტიტუტის შენარჩუნება თუ პიროვნული თავისუფლების?

მამა: მე ვინც მიყვარდა და ვთვლიდი, რომ მასთან ერთად უნდა მეცხოვრა, ის მოვიყვანე ცოლად და დღემდე ერთად ვცხოვრობთ. ოჯახზე, როგორც ინსტიტუტზე მაღლა ყოველთვის პიროვნული თავისუფლება დგას, ამ შემთხვევაშია ოჯახი მყარი და გამართული. მე, როგორც მამას, არ მაქვს უფლება, შენს სულში ხელების ფათური დავიწყო, განათლება იმისთვის მოგეცი, რომ არჩევანისა და დამოუკიდებლობის უნარი გქონდეს, დანარჩენი მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.

ერეკლე: მამობა პასუხისმგებლობაა, მაგრამ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ერეკლე დეისაძის მამობა?

მამა: როცა დამოუკიდებელი ხარ, ნიშნავს, რომ მარტო ხარ, და ამისათვის მზად უნდა იყო, მაგრამ როცა ოჯახს ქმნი, შვილი გიჩნდება, ეს ცხოვრებაში ახალი რამის დასაწყისია. იმაზე დიდი განცდა, როგორიც შვილია, ჯერ არ მიგრძვნია. როცა მამა ხარ, ცხოვრება საინტერესოა, მაგრამ როცა ერეკლე დეისაძის მამა ხარ – ორჯერ უფრო საინტერესო.

ერეკლე: როგორ ფიქრობ, მე ის ვარ, ვინც მამას უნდა?

მამა: კი, მე შენით კმაყოფილი ვარ.