"They hurt you at home and they hit you at school
They hate you if you’re clever and they despise a fool
‘Til you’re so fucking crazy you can’t follow their rules"
- ჯონ ლენონი
 
 
მქონდა პატივი, მამაჩემისა და ამ ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი საქართველოში, ვინც დიბისი პიერის „ვერნონ გენიოს ლითლი“ წაიკითხა. ეს ჯერ კიდევ მანამ მოხდა, სანამ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამ 2003 წლის რომანს პირველად გამოსცემდა (2006), და როცა მე თვითონ ვერნონზე ოდნავ უფროსი ვიყავი.

წიგნმა ჩემზეც ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ყველაზე გავლენიან ბრიტანულ ლიტერატურულ პრემიაზე, Man Booker Prize-ზე, რომელმაც 2003 წელსვე „ვერნონი“ საუკეთესო რომანად ცნო, რასაც, ტრადიციულად, ნაირ-ნაირი რეცენზიები მოჰყვა: „სატირა, რომელიც უხვად აკრიტიკებს ტელევიზიის ნახევარ-კულტურას, სწრაფ კვებასა და სწრაფად გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს... მსუყე წიგნი-ბურიტო“; 

გინდათ იცოდეთ, როგორია ეს სასწაული წიგნი? როგორი და თითქოს ოსბორნებმა სიმპსონები დაპატიჟეს ლუდზე, ამასობაში მათთან დონ დელილომაც შეიარა, რათა მათ ემინემის ახალი სიმღერის დაწერაში მიეხმაროს

ამ შეფასებებმა ალბათ უნდა მოგანდომოთ წიგნის წაკითხვა, რაც თავისუფლად (ქართულად) შეგიძლიათ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქეთი ქანთარიას თარგმანი წელს ახალი გარეკანით გამოსცა.

მოკლედ, თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, მწერალთა სახლისა და ლიგამუსის (ილიაუნი) მიერ საქართველოში მოპატიჟებულ დიბისი პიერთან შეხვედრა პატივი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვისზეც „ვერნონმა“ შთაბეჭდილება მოახდინა.

პატივის თანამდევ ნერვიულობას დიბისი პიერის მხოლოდ დანახვაც კი აქარწყლებს, ხოლო fuck-ს და shit-ს ისეთი ჯანსაღი დოზებით ხმარობს, უმალ კომფორტულ ზონაში ექცევი. ამას მისი აქცენტიც ემატება: მართალია, თანდაყოლილად ინგლისურენოვანები ამ აქცენტს „მომთაბარეს“ უწოდებენ, ქართული ყურისთვის გამორჩეულად სასიამოვნოა.

ისე გამოიყურება (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შეხვედრის დღეს), რომ თავისუფლად შეიძლება როკ-სტარი იყოს. ინტერვიუს დროს თომ იორკს მივამსგავსე და ვუთხარი კიდეც, რამაც ძალიან გამოაცოცხლა: „მეხუმრები? ვიცნობ თომს. ამაზე არასდროს მიფიქრია. არ ვეტყვი, თორემ შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. ისე, მე ბევრად კარგ ხასიათზე ვარ, ვიდრე თომი“. როკ-ვარსკვლავი თუ არა, ადვილად შეიძლება წარმოიდგინო რომელიმე შოტლანდიურ პაბში: ბართან მჯდომი 50-ს გადაცილებული კაცი – ხულიგნურ-ჰეროიკული წარსულით სახეზე და მგრძნობიარე გამომეტყველებით თვალებში – რომელიც თამბაქოს ახვევს (რაც დიბისის ერთ-ერთი პოპულარული ქცევაა), მერე გარეთ რომ მოწიოს. 

ბიოგრაფია კი ისეთი აქვს, თავისუფლად შეიძლება, მწერალი არ ყოფილიყო...

თუმცა, ჯერ კიდევ მანამ ავლენს, რომ მწერალია, სანამ დიქტოფონს ჩავრთავთ. უფრო სწორად, ავლენს მწერლისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას: დაკვირვების უნარს. მანქანაში ვსხედვართ, რომ ზანდუკელიდან ჭავჭავაძეზე (ლიგამუსში) მივიდეთ. ჰოდა, ამბობს, საქართველოში ყველგან 7-იანი ფიგურირებსო, ძირითადად, მანქანის ნომრებს გულისხმობდა. და მართლაც, მთელი საცობიანი გზა სულ 7-იანების (და ძალიან ცოტა 6-იანების) შემჩნევაში გავატარეთ. უკვე ინტერვიუს დროს ადასტურებს, რომ დაკვირვებული თუ არა, მგრძნობიარე ყოველთვის იყო: „კარგ ოჯახში გავიზარდე და ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე რიგზე არასდროს არაფერი ყოფილა. მაინტერესებდა და ვცდილობდი, გამერკვია. ეს ეჭვიდან და უნდობლობიდან მოდის“. ამ თვისების გამოა, რომ „ვერნონში“ მისი საყვარელი პერსონაჟი ვერნონის დეიდაა, პემი: „პემს ყველაფერი ფეხებზე კიდია, ჩემგან განსხვავებით. მე სენსიტიურობით დაწყევლილი ვარ“.  

გზაშივე, ჩვენი ქვეყნის შესახებ ცოდნასაც ამჟღავნებს: ბუტიკად წოდებულ სამკერვალოზე ინგლისურად დაწერილ ქართულ გვარს კითხულობს, რომელიც „ძე“-ზე მთავრდება. ეს დაბოლოება, ჯერ კიდევ „შევარდნაძე-შევარდნაძე“ რომ მესმოდა, იმ დროიდან მომწონსო.

როცა, როგორც იქნა, საცობიდან ცენტრალურ საცობში – ჭავჭავაძეზე ჩავედით, ამ გვარის გაგონებაზე, თანაბარი ძალით ამოუტივტივდა „თქვენი სახელოვანი მწერალი ილია ჭავჭავაძე“ და „ჭაჭა“.

ზემოთ დიბისის ბიოგრაფია ვახსენეთ. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ამბობენ, რეალობა მხატვრულ სამყაროზე უცნაურიაო. ამას მედია ხეირიანად იყენებს: „გამომცემლისთვისაა სასარგებლო. არც მე მაქვს პრობლემა. რაღაცები სიმართლეა, რაღაცები – არა. ალბათ მაინც კარგია, რომ არსებობს ეს საჯარო იმიჯი და თავის თავზე თავად ზრუნავს, მე კი შემიძლია, ჩემთვის ვიჯდე და ვიმუშაო“.

1961 წელს სამხრეთ ავსტრალიაში დაიბადა. მაგრამ ავსტრალიის მოქალაქე აღარ არის: „ბიუროკრატიის გამო გამიუქმეს. ერთ-ერთი მცირეთაგანი ვარ, ვისაც დაბადების ადგილას ჩასასვლელად ვიზა სჭირდება“.

დიბისი პიერი ფსევდონიმია, მეგობარმა შეარქვა სატელევიზიო მულტფილმის პერსონაჟის, Dirty Pierre-ის („ჭუჭყიანი პიერის“) გამო:

წლების მერე ვკამათობდი, მთლად ასეთი ჭუჭყიანიც არ ვარ-მეთქი“. კომპრომისს მიაგნეს: Dirty But Clean („ჭუჭყიანი, მაგრამ სუფთა“) Pierre, და ესეც თქვენი DBC Pierre. „ერთ დღეს, იმედი მაქვს, უბრალოდ სუფთა პიერი ვიქნები.

მანამდე პიტერ ფინლეი იყო: „ეს ძველთაძველი შოტლანდიური გვარია, დედაჩემის ოჯახიც შოტლანდიის საზღვრიდანაა. ანგლო-კელტური კულტურის წარმომადგენელი ვარ“. პასპორტიცა და ნაციონალური იდენტობის შეგრძნებაც ბრიტანული აქვს. მიუხედავად ამისა, ამ კულტურისადმი მწყრალადაა განწყობილი („გლობალური ტერორიზმი ჩვენი შექმნილია“), მეტიც, „ყველა ჩემი წიგნი ცოტათი სიბრაზის შედეგია ამ კულტურის მიმართ. უფრო იმაზე ვწერ, რაც მაღიზიანებს. მინდა, ოდესმე იმაზეც დავწერო, რაც მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით ფურცელზე სიბრაზე გადმომაქვს“.

ორი წლის სანამ გახდებოდა, პულმენში (ვაშინგტონის შტატი) გადავიდა საცხოვრებლად, მერე დარემში (ინგლისში), მერე საბავშვო ბაღისთვის ისევ ავსტრალიაში დაბრუნდა, მერე სკოლაში ინგლისში შევიდა, მერე გენეტიკოს მამასთან ერთად, ნიუ იორკში ჩავიდა და მერე უკვე მეხიკოში დასახლდა ოჯახთან ერთად, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა და რის გამოც ესპანური მისი მეორე ენაა. შვიდი წლისას იქ ჰეპატიტი დაემართა და ერთი წელი სკოლაში არ უვლია, სამაგიეროდ ბევრს ხატავდა (ხატვაც, მათ შორის კომიქსების, კარგად გამოსდის). სკოლაში დაბრუნებული, კლასს ვერ დაეწია და სხვა გეზი აიღო...

მექსიკის მერეც უამრავი ადგილი იყო (მაგალითად, ტრინიდადი), მაგრამ დღემდე ყველაზე დიდ გავლენად მაინც მექსიკას მიიჩნევს: „ყველაზე ახლოა ჩემთან, რადგან ჩემი ბავშვობაა. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ვთქვათ, ავსტრალიაში ან ინგლისში რომ გავზრდილიყავი“.

თავის პირველ რომანზე მექსიკის გავლენას კრიტიკოსებზე უკეთ აცნობიერებს: „Booker-ის ხალხს ამაზე არ უფიქრია, მაგრამ, მგონი, „ვერნონი“ ინგლისურად დაწერილი ლათინურამერიკული რომანია“. უფრო ადვილი იყო, უკვე კლიშედ ქცეული შედარება გამოეყენებინათ და წიგნისთვის ახალი „თამაში ჭვავის ყანაში“ ეწოდებინათ, რაზეც დიბისი ამბობს, რომ „ეს უბრალოდ სწრაფი გზაა, აღწერო, რომ ესაა პირველ პირში დაწერილი, გაუცხოებული ახალგაზრდის ამბავი“ (თუმცა, მოგვიანებით, როცა ლიგამუსის შეხვედრაზე ეკითხებიან, რომელიმე ნაწარმოების ავტორი ხომ არ იქნებოდით, რომელშიც რამეს შეცვლიდითო, პასუხობს, ქედმაღლურად კი გამომდის, მაგრამ ჟანრში დავრჩები და გეტყვით, რომ ალბათ რომანის „თამაში ჭვავის ყანაში“ ბოლოს შევცვლიდი, რადგან ფინალი მაკლიაო). ყველას თვალში ეცა „ვერნონის“ „აბსურდულობა, სწრაფი ტემპი, სასაცილო მხარე“, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ეს შეიძლება მექსიკის გავლენა ყოფილიყო: „მექსიკაში ერთიმეორის მიყოლებით მწვანე, ვარდისფერი, მეწამული სახლები დგას. ინგლისში კი ყველაფერი რაღაც წესს ემორჩილება – ვთქვათ, გვერდიგვერდ მარტო თეთრი სახლებია... „ვერნონი“ კი ცოტათი წესებს მიღმა იყო და შეიძლება ამიტომაც ჩათვალეს სიახლედ“.

ამავე მიზეზით, თავიდან „ვერნონის“ ესპანურად დაწერას ფიქრობდა. თანაც, ძალიან მოსწონს ეს ენა: „ესპანური უფრო მეტ საღებავს იყენებს. ინგლისური უფრო ხისტია, იდეების მოქცევას ცდილობს მინიმალური რაოდენობის სიტყვებში, რაც არაა ცუდი და მომწონს. მაგრამ ესპანურში სიტყვებით ცაში ნახატები შეგიძლია ხატო“.

მეტიც, ვერნონი მექსიკელად ჰყავდა ჩაფიქრებული, მაგრამ იფიქრა, რომ ტეხასში მცხოვრები მექსიკელი, ანგლო-თანატოლების მხრიდან რასიზმის მსხვერპლი იქნებოდა და მისი მოქმედებებიც ამით აიხსნებოდა, რაც საკმარისად აბსურდულად არ ეჩვენა (აბსურდულად არც წიგნის პირველი ვერსიის ფინალი ეჩვენა, სადაც ვერნონი კვდებოდა; ამიტომ, გადაწყვიტა, უფრო კომიკურ-სტერეოტიპულად, ამერიკული ჰეპი-ენდით დაესრულებინა).      

„მექსიკა გიჟური ადგილია და მაშინ კიდევ უფრო გიჟური იყო“, – ამბობს, და როგორც ერთ-ერთ სხვა ინტერვიუში ჰყვება, თუ მეხიკოში ფული ბლომად გქონდა, წვდომაც უამრავ რამეზე გექნებოდა – პოლიციას ყოველთვის მოქრთამავდი ჩადენილი საქციელის მიხედვით (და ხანდახან მაშინაც, როცა არაფერს დააშავებდი). დიბისის ერთ-ერთი მეგობრის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობდა: ბიჭებმა ხელში ჩაიგდეს რეცეპტიანი წამლების კატალოგი, გვერდითი ეფექტების დეტალური აღწერებითურთ, და ამ წამლების მიღება დაიწყეს... და დაიწყეს...

უნივერსიტეტში არასდროს უვლია, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, სიამოვნებით ივლიდა. 16 წლის რომ იყო, „მამაჩემი ავად გახდა, რაც გაცილებით სერიოზული საკითხი იყო, ვიდრე ჩემი უნივერსიტეტი“. მამა ნიუ იორკში წაიყვანეს სამკურნალოდ. სამი წლის შემდეგ კიბოთი გარდაიცვალა, რაც მთელი ოჯახისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. დედას და დას არ შეეძლოთ მეხიკოში დაბრუნება და ავსტრალიაში წავიდნენ. დიბისი მეხიკოში დარჩა და ოჯახის მარჩენლობას ცდილობდა: ფოტოგრაფობდა – ბენდებსა და ალბომის ყდებს იღებდა („ისეთი არავინ გადამიღია, გაგონილი რომ გქონდეს“). მწერლობამდე რეჟისორობაც მოსინჯა, რეკლამებიც გადაიღო, დოკუმენტალისტიკაც სცადა, „მაგრამ არ ვვარგივარ ამისთვის. შეიძლება კარგი რეჟისორი ვყოფილიყავი, მაგრამ ამას ხალხის მართვის და ორგანიზების ნიჭი სჭირდება, მე კიდევ, უფრო მარტო გამომდის მუშაობა. თან, ძალისხმევაც არ დამიხარჯავს“. რადგან მის კარიერაზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ ვიკიპედიაში მოტანილი ინფორმაციის წინააღმდეგ, ის მსახიობი არასდროს ყოფილა.

...მერე მექსიკაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და მამის დატოვებული არცთუ ცოტა ფული გროშებად გადაიქცა. ამას სხვადასხვა ქვეყანაში და ნარკოტიკებსა და ნაკლებ საამაყო თავგადასვლებში გატარებული ათი წელი მოჰყვა.

ნარკოტიკებისგან გადაქანცული, ნარცისული აშლილობით, ავსტრალიის სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, სადაც მიახვედრეს, რომ მისი დიადი იდეები, მაგალითად, რაიმე გენიალური ნახატი შეექმნა ან, როგორც ძველ ინტერვიუებში ამბობს, „ქუდიდან ბაჭია ამოეძვრინა“, უსაფუძვლო იყო; რომ არ ჰქონდა განათლება; და რომ სამსახური უნდა ეშოვა, ვთქვათ, ქარხანაში, რათა შეჰგუებოდა ფაქტს, რომ არავისგან არ განსხვავდებოდა. სუპერმარკეტის თაროებზე პროდუქტების დამწყობად არ მიიღეს.

და დაახლოებით ასე დაიწყო „ვერნონი“. როგორც ამბობს, „უზარმაზარი თერაპია იყო“. თუმცა, წიგნის დაწერას კონკრეტული ამბავიც უძღოდა წინ:

ტელევიზორში ვნახე ამერიკელი ბავშვის სურათი, რომელსაც პოლიციის მანქანაში სვამდნენ, რადგან სკოლაში იარაღი წაიღო და ბავშვებს ესროლა. არც ვუყურებდი ტელევიზორს, უბრალოდ ჩავუარე, და ეს ტიპური ამერიკული სურათი შემრჩა: 50 პოლიციის მანქანით გარშემორტყმული 12-13 წლის ბიჭი. ამან ინგლისურენოვანი კულტურისადმი ჩემი ფრუსტრაცია გამოაღვიძა. დავჯექი და ერთი გვერდი დავწერე ამ ბიჭის ხმით. ეს გვერდი კი საკმარისად მომეწონა, რომ წერა გამეგრძელებინა და საბოლოოდ 300 გვერდი დამეწერა.

სწორედ ამ 300 გვერდმა მოიტანა ის, რასაც Man Booker Prize-ი – ანუ პრესტიჟი, გავლენა და ფული – ჰქვია და რომელსაც 1969 წლიდან, ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანისთვის გასცემენ. ამავე 300 გვერდმა მოუტანა არანაკლებ პრესტიჟული Whitbread First Novel Award-ი, რამაც ის პირველ მწერლად აქცია, ვისაც ერთსა და იმავე წიგნში ეს ორი ჯილდო აქვს მოპოვებული. სხვა პრიზებიც იყო, მაგრამ მთავარი მაინც Booker-ია, რაც მწერლისთვის, მისი აგენტისა და გამომცემლისთვის, სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე წიგნს დახლებზე არავინ მოასვენებს და ავტორს სამუდამოდ ექნება იარლიყი: „Man Booker-ის გამარჯვებული ავტორისაგან...“; ხოლო ისეთი ქვეყნის მკითხველისთვის, როგორიც საქართველოა, ესაა შანსი, ადგილობრივი გამომცემელი მისი თარგმნით დაინტერესდეს (სხვათა შორის, „ვერნონის“ ქართული ვერსიისათვის მთარგმნელმა დებიუტში პრემია „საბა“ მიიღო).

დიბისის Booker-ისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს: „მარკეტინგულად კარგი იყო, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით – საშინელება“. აქ უკვე ლაპარაკს იწყებს „ყველაზე კაპიტალისტური დიდი ბრიტანეთის“ ბაზრის კანონებზე, სადაც „მდიდარი და ცნობილი თუ არ ხარ და ხარ უბრალოდ არტისტი, რომელიც საკუთარ შემოქმედებას აკეთებ, არავინ გაქცევს ყურადღებას. ამიტომაა, რომ პოეზია და სათავგადასავლო წიგნები კვდება. ბაზარი რისკებზე არ მიდის“. თუმცა, ფაქტია, Booker-მა „ჩემს სახელს რისკი ჩამოაშორა. შემიძლია, ნაგავი დავწერო და გავყიდო“. მაგრამ თავიდან ძალიან გაუჭირდა გამომცემლობათა ზეწოლის გაძლება: „ავიღე თუ არა პრიზი, გამომცემელმა ეგრევე, სადაა შემდეგი წიგნიო“.

მთლად ვუდი ალენივით არა, მაგრამ მწერლის კვალობაზე პროდუქტიული მგონია: „ვერნონს“ 2006-ში „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“ მოჰყვა (ლუდმილა სამხრეთ კავკასიიდან, სავარაუდოდ, სომხეთიდანაა, სადაც მწერალი ათი წლის წინ მოხვდა და, როგორც ამბობს, სწორედ იქიდან „გაუგო გემო“ საქართველოს, რომელზეც ტურისტივით კარგი, მაგრამ ტურისტზე ბევრად ექსპერტული აზრისაა), მერე იყო „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ (2010) და „საუზმე ბორჯიებთან“ (2014), პლუს მოთხრობები. მაგრამ, მისი გამომცემლის აზრით, უიმედოდ ზანტია: „მას უნდოდა, რომ წიგნები ყოფილიყო 2004-ში, 2005-ში, 2006-ში...“ გარდა ამისა, გამომცემლები „ნაკლებ გინებას, მეტ ჰეპი-ენდს ითხოვენ. ათი წელი დამჭირდა იმ თავისუფლების დასაბრუნებლად, რაც „ვერნონის“ წერისას მქონდა. ახლა უკვე ვუგებთ მე და ჩემი გამომცემელი ერთმანეთს და შემიძლია ჩემ გემოზე ვწერო“. ესმის გამომცემლებისაც, თუმცა ურჩევნია, ამ პროცესებისგან განცალკევებით დარჩეს, თანაც, ლიტერატურაში ბევრი ფული არ არის:

კი, დიდი ფულიც ამიღია, მაგრამ მერე ათი თვე უფულოდ ვმჯდარვარ. ჩემი რეკორდი 15 თვე იყო. იღებ ფულს, მარაგდები და 12 თვის მერე მკვდარი ხარ.   

Booker-მა დიბისის ერთი სხვა სარგებელიც მოუტანა, რაც მედიის საყვარელი ისტორიაა. Booker-ი გამარჯვებულს £50,000-ს გადასცემს. გიჟური დღეების პერიოდში, ესპანეთში ცხოვრებისას, დიბისის ბანკისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ უძრავ ქონებას ყიდულობდა. ჰოდა, მეზობელს, ამერიკელ არტისტს ხელი მოაწერინა კონტრაქტზე ისე, რომ ფორმალურად ამ კაცის სახელოსნო იყიდა, მაგრამ ფული – $34,000 – არ გადაუხდია... სანამ 16 წლის მერე Booker-ი არ მოიგო. ეს ამბავი შორტლისტში მისი გამოჩენისთანავე გასკდა: გაბითურებული კაცის ოჯახი Booker-სა და მედიას დაკავშირებია, ამ საშინელ ადამიანს ჯილდო არ მისცეთო. როგორც თავად ამბობს, ეს აურზაური რომც არა, ჯილდოთი ვალის გასტუმრებას ისედაც აპირებდა. ჰოდა, გაისტუმრა კიდეც. $70,000. როცა მევალე უკვე 70 წლის იყო.

კიდევ ერთი ნაკლებ ცნობილი ფაქტი 2003-დან: „ვერნონის“ გამოსვლისა და დაჯილდოების წელს, ერთმა ავსტრალიელმა მწერალმა, გრეგორი დევიდ რობერტსმა გამოსცა წიგნი, „შანტარამი“, რომელშიც ბანკის მძარცველი და ჰეროინზე დამოკიდებული ავსტრალიელი მსჯავრდებული ციხიდან ინდოეთში გარბის... რაც მთავარია, წიგნი ავტობიოგრაფიულია. ვეკითხები დიბისის, თუ სმენია ამის შესახებ: „როგორ არა, ამ მწერლის ავტოგრაფითაც მაქვს წიგნი! ფანტასტიკური წიგნია, ფანტასტიკური კაცი! ბევრი რამე გვაქვს საერთო. არასდროს შევხვედრივართ, მაგრამ...“ ამბობს, რომ ერთი კარგი ისტორიაც აქვს მასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მომიყვება, რადგან მესამე ადამიანიცაა გარეული.

დღეს, დიბისის გიჟური დღეები წარსულს ჩაბარდა. ავსტრალიელ მეგობარ გოგოსთან ერთად, ირლანდიაში, ლიტრიმის საგრაფოში ცხოვრობს, ყოვლად იზოლირებულ ადგილას. ყველას აინტერესებს, რატომ აირჩია მაინცდამაინც ირლანდია და, როგორც ყველაფერზე, ამაზეც აქვს ვრცელი პასუხი:

45 წუთით ადრე, სანამ ნიუ იორკში 9/11 მოხდებოდა, ჩემი პირველი კონტრაქტი გავაფორმე გამომცემელთან. 45 წუთი ვიზეიმე ეს ამბავი და მერე მთელი სამყარო შეიცვალა. ადამიანების აღქმა შეიცვალა ამერიკისა. ტერაქტამდე, „ვერნონი“ „სიმპსონებივით“ იყო, მაგრამ 9/11-ის მერე ძლიერ განაცხადად იქცა (როცა გამოიცა, ამერიკა უკვე ყველას ბომბავდა). მაშინ ლონდონში ვცხოვრობდი და ვხედავდი, რამდენ არასწორ რამეს ამბობდა მაშინდელი პრემიერი ბლერი გლობალურ ტერორიზმზე. პირველად ცხოვრებაში, არჩევანი გავაკეთე, გადავსულიყავი სხვაგან, სადაც სუნთქვა შემეძლებოდა, სადმე არაძვირ ადგილას.

და ირლანდია აირჩია: „ეს ჩრდილოეთის შვეიცარიაა, ნეიტრალიტეტი აქვთ, არ ჰყავთ მტრები. კარგი ხალხია, კელტები, კულტურულადაც ახლო ვარ მათთან. ლიტრიმი ყველაზე ღარიბი და პატარა საგრაფო იყო ირლანდიაში, მაგრამ ერთ-ერთი ულამაზესი, მთიანი ადგილია, საკმაოდ ცარიელი, რურალური. ჰოდა, გადავედი – ძველ სახლში, რომელიც უწინ ბორდელი იყო“. 

დისტანციიდან უკეთესად ხედავს მოვლენებს. „წერისთვის ეს უკეთესია“. გლობალურ მოვლენებზე კი, მიხვდებოდით, არაა საუკეთესო აზრის: „ერთი სიტყვით რომ გითხრა, ეს ყველაფერი აბსურდია. იმდენად აბსურდი, რომ სიბრიყვის მიღმაა უკვე; იმდენად, რომ ხალხს ჰგონია, ალბათ ასეც უნდა იყოსო“.

ზოგადად, აღიზიანებს ბიუროკრატია, რეგულაციები და ამ შეზღუდვების ნაკლებობის გამო, საქართველოს მომავალ ბერლინადაც კი მიიჩნევს (განსაკუთრებით ის მოსწონს, კაფეებში რომ მოწევა შეიძლება; ამბობს, აქ სიამოვნებით გავაკეთებდი რეზიდენტურასო), და ართობს ადამიანური აბსურდები: მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე გასართობ წიგნად მე-19 საუკუნის შოტლანდიელის, ჩარლზ მაკეის არამხატვრულ ნაშრომს, „უჩვეულო პოპულარული ბოდვები და ბრბოს სიგიჟე“, მიიჩნევს, სადაც უამრავი ისეთი ადამიანური სისულელეა აღწერილი, როგორიცაა ტიტების მანია: რამდენიმე საუკუნის წინ ევროპა ტიტებზე ყოფილა შეშლილი, თითო ბოლქვს სასახლის ფასი ედო თურმე... მერე კი ერთ წამში შეიცვალა ყველაფერი, როცა ვიღაცას უთქვამს, რა ტიტები, რის ტიტებიო; მთელი ბაზარი დამხობილა და ხალხი გაკოტრებულა.

აღიზიანებს პოლიტკორექტულობაც და ამ „დარგში“ მოწინავე ავსტრალიიდან ორ მაგალითს გვიყვება. მისი ბიძაშვილი იქ მთავრობაში მუშაობდა და უამბო, თუ როგორ დააწერა ერთხელ ერთმა მუშამ სამშენებლო ალაგს „არ შემოხვიდეთ, საშიშია“. ეს წარწერა სხვებისთვის გააკეთა, მაგრამ მის გამო თვითონ ამ მუშისთვისაც აღარ მიუციათ სამუშაო ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ერთი ახალგაზრდა კი 17 წლის ჩარიცხულა უნივერსიტეტში, სადაც 18 წლის ზემოთ სტუდენტები სწავლობდნენ, ჰოდა, იმის გამო, რომ ოფიციალურად 17 წლისა კვლავ ბავშვი ხარ, უნივერსიტეტში პოლიცია შესულა და სერიოზული დათვალიერება ჩაუტარებია, რომ ბავშვზე ძალადობისგან დაეზღვიათ თავი.

სოციალურ მედიას არ სწყალობს. ვებგვერდი აქვს მხოლოდ. „იმეილებიც საკმარისი ჯოჯოხეთია. არ მჭირდება. Facebook-ი რომ მქონდეს, არაფერს გავაკეთებდი – თავდაღწევის მეტი საბაბი მექნებოდა. ნაკლები საბაბი მჭირდება“. ელ-წიგნებზეც ამბივალენტურია: „ელ-წიგნებიდან მეტ ფულს ვაკეთებთ, 30% გვერგება, ნაბეჭდი წიგნიდან კი 8-10%“. მიიჩნევს, რომ ქაღალდიდან სხვანაირად კითხულობ. საკუთარ თავს ერთი პატარა ტექნიკური ჯილდოც მოუგონა: სანამ წერას არ დაამთავრებს, ტექსტს არ ბეჭდავს, „რადგან მაგიური რამე ხდება: წიგნი ქაღალდზე 15%-ით უკეთესია, უფრო მკაფიო. ჰოდა, თუ ეკრანზე მომწონს წიგნი, ე.ი. ამობეჭდილი ცოტათი უფრო მომეწონება“.

თუმცა მიზანი მაინც ამართლებს საშუალებას: მთავარია იდეები, გინდა ტვიტი იყოს, გინდა – მუსიკა, გინდა – გამოსახულება.

ახლა ახალ წიგნზე მუშაობს. მალე დაამთავრებს და ფიქრობს, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი იქნება. საკვანძო სიტყვებს გეტყვით: სინგულარობა, ერთ ქუჩაზე მცხოვრები სამი ოჯახი, ადამიანურ-აბსურდული პრობლემები, ცვლილება, ნიკ ქეივი.

კიდევ ბევრი სხვა რამეც გვიამბო, მერე არ დაიზარა და ლიგამუსის ღიაცისქვეშა ტერიტორიაზე გასახვევი თამბაქოთი შეიარაღებულმა, ავტოგრაფებზე დამდგარ რიგს უმასპინძლა და ყველა წიგნზე ინდივიდუალური წარწერა გააკეთა.

მოკლედ, იქ მყოფთა წიგნებმა 19 მაისის მერე სულ სხვა ღირებულება შეიძინა. თქვენ კი, თუ არ გაქვთ ჯერ „ვერნონ გენიოს ლითლი“, გირჩევთ, იქონიოთ – გაცილებით ისიამოვნებთ, ვიდრე ამ წერილით.

P.S. როცა ინტერვიუს ბოლოს დიბისის ვეკითხები, ამოაძვრინა თუ არა ბოლო-ბოლო ქუდიდან ბაჭია, მპასუხობს: „ყურები უკვე გამოვაძვრინე, მაგრამ ეს მსუქანი ბაჭიაა, 100%-ით ჯერ არ გამოსულა. მეტი სტაფილო მჭირდება“.  

 

ინტერვიუს ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მაშო სამადაშვილს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.