ელენე, 34 წლის, ჟენევა

ილუსტრაციები ელენეს დღიურიდან

თვითმფრინავი რომ აფრინდა, იცი, უცებ რას მივხვდი? რომ ეს არ იქნებოდა ორი წლით წასვლა, გაცილებით მეტ დროს წაიღებდა ეს ყველაფერი. თითქოს, ძალიან გაშლილ სიცარიელეში უნდა შეაბიჯო, სადაც ყველაფერი უცხოა. ამიტომ მაშინ ვერ გავბედე იმის თქმა, რომ ვრჩები. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თავისით მოხდა ასე.

რომ ვამთავრებდით აკადემიას და მანამდეც, სულ მაგაზე ვლაპარაკობდით, რომ შეგრძნება გვაქვს, თითქოს, დროში გავიჭედეთ, მე პირადად მეგონა, რომ სიცოცხლე გამოეცალა პროცესს, თითქოს, მივჩოჩავ.

აგვისტოს ომი ჩავლილი იყო, მე 22 წლის ვიყავი და მოულოდნელად ახლად შექმნილ სახელმწიფო პროგრამაში ჩავჯექი, როცა მაგისტრატურის სტუდენტებს, აბსოლუტურად ყველანაირი გარანტიის გარეშე, აძლევდნენ სესხს. ათი წლით ავიღე, გადახდა სამი წლის მერე უნდა დამეწყო. ძალიან მარტივად წარმომედგინა, რომ სამი წლის თავზე, წესით, უკვე უნდა მქონდეს იმდენი ფული, რომ სესხი გადავიხადო, რაც, რა თქმა უნდა, ილუზია აღმოჩნდა. წასვლის წინ, ფინანსურად, ეს იყო ჩემი ერთადერთი წყარო – 900 ევრო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად, გარანტირებულად ჩამერიცხებოდა. ოღონდ ისიც კი არ ვიცოდი, რას მაყიდინებდა ეს ფული, საერთოდ რისი ეკვივალენტია.

მე თვითონ მინდოდა ყველაფრის გატანა და ისედაც, შანსი არ არსებობდა სხვანაირად. დახმარებას ვერავის ვთხოვდი და ეს რაღაცნაირად მათავისუფლებდა სინდისის ქენჯნისგან, რომ ვიღაცას პროსტა ავეწეპე.

პირველი რამდენიმე წელი სრულ აპათიაში გავატარე, ვაკეთებდი, მაგრამ, თითქოს, არ მეხებოდა. გაქვს წასაკითხი? კითხულობ, მაგრამ ემოციურად ვერ აანალიზებ, არ გაქვს ამის დრო და სივრცე, რადგან სხვა რაღაცებია გასაკეთებელი, ადაპტაცია რომ მოახერხო. ჩამოსვლის პირველი პერიოდი ეგრე მახსოვს, ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ გადასარჩენად მჭირდებოდა წინ სვლა. ეს შოკი იყო, ოღონდ ისეთი არა, რომ გაძინებს, გადუნებს, უფრო ისეთი, რომ გაწვება და შენც მიდიხარ, მიდიხარ, ვერ აანალიზებ, მაგრამ მთავარია, მიდიხარ.

ენა ძალიან გამიჭირდა. რომ მესწავლა ვიზუალური ხელოვნება, მარტივი იქნებოდა, მაგრამ ვსწავლობდი ისეთ საგნებს, რომლებისთვისაც მჭირდებოდა იმის ცოდნა, თუ როგორ გამომეხატა აზრი – მანამდე არც ეს მისწავლია იქ, საიდანაც მოვდიოდი, არ ვიცოდი, რამდენნაირი ტექსტუალური და ვერბალური ფორმა შეიძლებოდა მიმეცა საკუთარი ნაფიქრისთვის, არადა, აქ ხან პრეზენტაცია უნდა მომემზადებინა, ხან ესე. ამან თვითშეფასება შემიცვალა – ჩემს ქვეყანაში აზრის გამოხატვა შემიძლია, აქ კი ამ ინსტრუმენტის გარეშე დავრჩი.

ეს პასიურობაც საინტერესო იმიტომ იყო, ამ დროს ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს და ეს პროცესი კითხვებს მიჩენდა. ამიტომ არ ვგრძნობდი, რომ პასიური ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერბალურად ვერ ვერთვები რაღაცებში, მაგრამ თან მერე ფიქრობ, აბა, რა ვარ? არა, მუდოც არ ვარ და ამ დროს ხვდები, შეფასებებიც გეცვლება. მოვლენებს და ადამიანებს სახელებს ისე აღარ არქმევ, როგორც – საქართველოში, სადაც ათასგვარი წინასწარი განწყობაა სოციალური და კულტურული წრიდან. საქართველოში ჩემნაირი ადამიანი მართლა მუდოა. ეს სახელდებები აქაც დიდხანს ვატარე, მამძიმებდა, მერე კი მომიხდა გადარქმევა. ბოლო რამდენიმე წელია, თითქმის ბოლომდე გავთავისუფლდი და ეს ყველაზე კარგია.

ამ ცვლილებებს ნიუანსებში ვგრძნობ. მარტო ახალი სიტყვების სწავლაზე კი არაა, ინტონაციაც შემეცვალა. თავიდან ქართულიდან პირდაპირ ვთარგმნიდი, ვთქვათ „ფანჯარა გააღეს“ და მეუბნებოდნენ, რომ მბრძანებლური ტონი მქონდა. დრო დამჭირდა, მივმხვდარიყავი, როგორ უნდა გამომეთქვა, რომ სიტყვა ახალი მნიშვნელობით და ემოციით დამეტვირთა.

პირველ პერიოდში კიდევ უფრო სელექციურად ვუსმენდი და ვიღებდი ინფორმაციას. ამ დროიდან რა სასწავლო მასალასაც ვკითხულობდი, ძალიან კონკრეტულად და დეტალიზებულად მახსოვს, მაშინ როცა ჩემს მეგობრებს – არა. ესეც ენის კარგად არცოდნის გამო მოხდა. ძალიან მოკლე კონცენტრაციის უნარი მქონდა, რაღაცაზე ვფოკუსირდებოდი, რასაც იმ წუთას გავიგებდი და ბოლომდე ვიღებდი, დანარჩენს ვუშვებდი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიანაც კარგი, ბევრი რამე რომ ვერ გავიგე იმ წლებში – ჩემით გავიგენი გზა ამ მასალაში და ყველაფრიდან გამოსავალი თვითონ ვიპოვე.

ხშირად ვფიქრობ, რატომ ბოლომდე არ ვითქვიფები აქაურობაში, ასე ხომ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ დღემდე ასეა – ჩემი ძალიან ახლო მეგობრები აქედან არ არიან, მათ უმრავლესობას ის გამოცდილება აქვს, რაც მე – სახლის დატოვების გამოცდილება. ასეთებთან უფრო მიადვილდება. იმიტომ კი არა, რომ ამაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ, სხვა მგრძნობელობა გვაქვს – ვხვდებით, რომ ეს ყველაფრის თავიდან დაწყების პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა.

საკუთარი თავის შენებას იწყებ თავიდან, რაღაცებს, რაც ნასწავლი გაქვს, იტოვებ და რაღაცებს ყრი, ანდა მერე ხვდები, რომ რაც გადაყარე, ახლად ნასწავლზე ბევრად უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ – ეს არის ის, რაც მოგაქვს იმ შენი წარსულიდან. ამიტომ ბევრად უფრო მარტივია ჩემთვის იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც საკუთარი თავის დანგრევისა და ხელახლა აშენების ეს გამოცდილება აქვთ.

ახლა მგონია, რომ ვადაპტირდი აქაურობასთან, რადგან ადაპტაცია ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ყოველ ჯერზე ვპოულობ მიზეზს იმისთვის, რომ მეორე, მესამე, მეოთხე დღეს ისევ აქ მოვინდომო ყოფნა – ამ მიზეზს როგორც კი ვეღარ ვიპოვი, წავალ.

თორემ, ზოგადად, არ მივიჩნევ თავს აქაური საზოგადოების წევრად. პირველ რიგში, სისტემა არ მხედავს თავისიანად – არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ მაქვს, ადმინისტრაციას ჰგონია, რომ მე და ჩემნაირები მათ ფინანსურ რესურსში ვეცილებით. როცა ამას ამჩნევ, მერე შენც ფეხებზე იკიდებ ადვილად, ზღვარს ავლებ – სადამდე უახლოვდები.

როცა შორს ხარ, სახლიდან ისეთი რაღაცები გენატრება, რაც მანძილს ამოკლებს. ანუ გენატრება ის, რაც იმდენად ახლოს არის და შენია, რომ ასი წლის მერეც ვერავინ მოგაცილებს მაგას. საკვები სწორედ ამ ძალიან შენი და ძალიან შორი რაღაცის განსხეულებაა. რაღაცის გემო გენატრება იმიტომ, რომ მისი გემოს გავლით ძალიან ახლოს საკუთარ სხეულთან ხელახლა გრძნობ იმას, რაც კილომეტრებს იქითაა. ზოგჯერ ტყემალს ვჭამ იმიტომ, რომ ისევ ვიგრძნო კავშირი ამ შორ და ჩემიან რაღაცასთან.

ამდენი ხანია აქ ვარ და სურვილი არ მქონია, კიდევ უფრო ჩავუღრმავდე აქაურობას. აქაური გარემო მაინტერესებს იქამდე, სადამდეც მჭირდება, თუნდაც სულიერად, თუნდაც ფინანსურად, კარიერისთვის და იმისთვის, რომ ეს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, წინ წავწიო. აი, ამ ნიშნულამდე ვახდენ ინტეგრაციას. ამის იქით რომ რაღაცებს ჩავწვდე, ამის არც ცოდნა მაქვს, არც ინტერესი. ეს არის სივრცე, რომელმაც მიმიღო, ძალიან კარგად მექცევა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა ადამიანურადაც და, სხვა ბევრ რამესთან ერთად, თავისუფლება მომცა. ამიტომ მისგან გარიყული არ ვარ, არც ქედმაღლურად დავყურებ, პირიქით, მადლობელი ვარ და ამას იმითაც გამოვხატავ, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ხდება – ჩვეულებრივ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ცოდნა ერთია და განცდა მეორე – არ მაწუხებს, გულთან ახლოს ვერ მიმაქვს მაშინ, როცა მანდ რაც ხდება, ეგრევე ვგრძნობ და წამსვე მიჩნდება სიახლოვე.

მაქაური ამბების გარეშე, უბრალოდ, არ შემიძლია ცხოვრება, არც მიცდია. იცი, ეს ყველაფერი დავინახე როგორც მარკეტინგი. ახლა გავაანალიზე, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რაც მაქედან მომაქვს, რაც მანდ მისწავლია და დამინახავს, თუნდაც ოჯახური ურთიერთობები, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. აქ ყველაფერი სხვანაირია, ოჯახიც და სიყვარულიც, არ ვამბობ, რომ არ უყვართ, უბრალოდ სხვანაირად უყვართ, მოწესრიგებულად. ამიტომ აქაურობა იმ ქაოსის ორგანიზებაში და სტრუქტურულად დალაგებაში მეხმარება, რაც მაქედან მომაქვს. ეს კონტრასტი ძალიან მაგარი რამეა, მაბალანსებინებს. სივრცეს და დროს მაძლევს გასაანალიზებლად.

ეს ახლა, თორემ, თავიდან დაკარგული, ნაწილ-ნაწილ დაფანტული ვიყავი. საერთოდ რა მინდა, ვინ ვარ, რატომ ვარ. ამასწინათ იმდროინდელი ნახატები ვიპოვე და პატარა ტექსტიც მიმიწერია – რატომ ვკარგავ დროს, რა არის სახლი, დამნაშავე ვარ, წამოვედი ამხელა გზაზე, რომ ვისწავლო და არ ვსწავლობ იმას, რასაც უნდა ვსწავლობდე. რაც გინდა გამტანი ტიპი იყო, ეს ეტაპი გასავლელი გაქვს და ბევრი დრო დაგჭირდება. ისე არაა, რომ შემოცურავ და ეგრევე ისწავლი ცურვას, ცოტას იწვალებ, მერე ნავი გამოჩნდება და ფიქრობ, რატომ დავბრუნდე უკან, ამ ნავზე ავალ, ცურავ, ცურავ, მაგრამ ბოლოს მაინც ნაპირია. ნაპირი ჩემთვის არის სახლი და სახლი არის ის ადგილი, სადაც არიან ისეთი ადამიანები, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. სადაც კარგად გძინავს, სახლი მანდ არის, რა. ახლა, როცა აქ, ამ სახლში ჩემებიც ჩამოდიან ხოლმე, ჩემი მეგობრები იკრიბებიან, უკვე ისიც ნელ-ნელა იქცა სახლად, მაგრამ სახლი მატერიალურად არსებული სივრცე არ მგონია, რომ იყოს, სახლი ჩემთვის გამოცდილებაა. ძალიან დიდი ძალა და მაგია აქვს იმ ადგილს, სადაც დაიბადე. ჩემთვის ეს საფუძველია, რომელზეც მერე რაღაცების მიშენებას იწყებ.

თან, მეორე მხრივ, არანაირი მიჯაჭვულობა არ მაქვს სახლთან და ნივთებთან. როცა აქ წამოვედი, ძალიან მარტივად დავტოვე ყველა ჩემი ნივთი თბილისში, რაც ჩემს მოგონებებს შეიცავდა. მას მერე, თითქმის ყოველ წელს სახლიდან სახლში ისე გადავდივარ, ვითომც არაფერი. ესეც თვისებაა, რომელიც უნდა გამომემუშავებინა და გამოვიმუშავე კიდეც. თითქმის ყველა გადასვლაზე მოგროვებული ნივთების ნახევარს ვტოვებ და ვყრი, კი, ბევრი მათგანი მოგონებებითაა სავსე, მაგრამ ხშირად სწორედ ამიტომაც გამოუსადეგარი ხდება. ამ ნივთებს ხომ, თუ მიჰყევი, ეჯაჭვები გარკვეულწილად, აი, რა კარგი იყო, როცა ასე იყო, ეჰ, ახლა სადღაა... აი, მაგას ვერ ვიზამ. ასეთი ფიქრები როცა შემომიტევს, ეგრევე ვხვდები, რომ რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო სასწრაფოდ, რაც ახლა იქნება კარგი.

ისევ ძველ დღიურებს რომ ვუყურებ, ამოჩემებული მქონია თევზი და ახლაც ვერ ვხვდები, რატომ, ბევრ რაღაცაზე ველაპარაკებოდი თევზს. ვერ ვხვდები, ვინ იყო ეს თევზი და რა იყო. ერთ ჩანაწერში ამ თევზს ვეკითხები, რა არის სახლი? და თევზი მეუბნება, რომ სახლი არის ის, რისგანაც შორს ხარ. ჩემი პასუხიც ეგ არის – მე ვარ შორს სახლისგან.