საბა შენგელია კასია ქლოეზე: "პირველად დედაენის ბაღში დავინახე - ჰულაჰუპებით ცეკვავდა. ვარჯიშობდა. ბრიტანელია, მაგრამ უფრო მომთაბარეა. ცეცხლის და ნავთის სუნი ასდის, რადგან მოცეკვავეა და ცეცხლით ცეკვავს. გაცნობის დღესვე წავედით და გადავიღეთ ფოტოები. იცი, როგორ იყო? წარმოიდგინე, სახლში ხარ, შენ ჩაის სვამ, ან წევხარ, ის კი ამ დროს სულ მოძრაობაშია. ბევრი არაფერი დამიდგამს, ზუსტად ეგეთია. მოსწონს ბოდიალი და ის, რომ არაფერს იმეორებს. გაელვებასავითაა. აქ იყო და წავიდა, მაგრამ შეიძლება ისევ დაბრუნდეს".

ნიღბებზე:

კარგა ხანი დამჭირდა, ლამის სხეულზე შეზრდილი ნიღბები რომ ჩამომეხსნა. მაკიაჟით დავიწყე, ყველაზე უბრალო ნიღბით, რომელიც ვიცოდი, არაფერში გამომადგებოდა.

პირველ რიგში ტელევიზორი მოვიშორე, თანამედროვე საზოგადოების აქსესუარებიდან ერთ-ერთი, რომელიც საკუთარი თავის რწმენას მაკარგვინებდა. რეკლამების ბნელი ჩრდილი ეკრანიდან სხეულზე რომ მეცემოდა, თავს სრულიად უსუსურად ვგრძნობდი. ასე, ერთი ხელის მოსმით, სამუდამოდ ჩავაქრე მისი ძლევამოსილება.

მერე საკუთარი თავის ქალად აღქმა უნდა მესწავლა. გავიზარდე ტვინში ჩაბეჭდილი ცოდნით, რომ ქალი ბავშვივით სუსტი არსება უნდა იყოს – გამხდარი და უთმო. თუმცა მე საკუთარი სხეულის განზრახ დასუსტებით, ქალობაში სილამაზის შემჩნევა დავიწყე, თითოეული ლაქა, თითოეული გაწელილი ნაოჭი მელამაზებოდა – ეს იყო ფანჯარა ამბებში, რომლებიც ავსებს ქალის სულს. ყოველ თმის ღერს ვუყურებდი, როგორც გაზაფხულის პირველ ყვავილს, აღმოცენებულს ნაყოფიერების ნიშნად. გოგოებს დელიკატურ ადგილებზე თმა რომ ამოგვდის, ვხვდებით, რომ ბავშვობას ვშორდებით. მე საშინლად მრცხვენოდა. სულ არ მიხაროდა, რომ ვიზრდებოდი – უმოწყალოდ ვმალავდი, ვპუტავდი და ვგლეჯდი თმას ძირიანად, ვითომ არც ყოფილა. ეს თანამედროვე ქალის ნიღბებია, რომელთაც სახეში გვჩრიან, დაუნანებლად გვკვებავენ ცრუ დაპირებებით, თითქოს მიუწვდომელ სილამაზეს ასე შევწვდებით, სინამდვილეში კი, ამ ყველაფრით მხოლოდ თვითონ ხეირობენ.

მინდა ამ სიყალბის ყოვლისმომცველობა დაგანახოთ.

მშვენიერება ნიღბები კი არა, ადამიანების შიშველი მგრძნობელობაა.

ნიღბებთან ერთად თითქოს ბეჭებიდან მძიმე ტვირთი ჩამოვიხსენი. ძველი განცდა ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც მიბრუნდებოდა, აჩრდილივით დამდევდა და ისევ ძველი კომფორტისკენ, ყალბი „მესკენ“ – ნიღბისკენ მექაჩებოდა.

ეს ცრუ იდენტობების უფორმო მთლიანობაა, რომლის ნარჩენებისგანაც გონება გავითავისუფლე. უკვე მზად ვიყავი, ჩემი ჯადოსნური სამყარო შემექმნა. ნიღბები კი არ გაქრა, უბრალოდ თამაშად იქცა. კაცობრიობა საკუთარ თავს დამალობანას ეთამაშება.

მოგზაურობასა და ჩემს გზაზე:

ჩემი ცნობისმოყვარეობის გადამკიდე სულ გზაში ვარ. თავს სახლში მაშინ ვგრძნობ, როცა ვმოგზაურობ – ახალ ადამიანებს ვხვდები, განსხვავებულ კულტურებს და ადგილებს ვპოულობ. როცა იდეები უწყვეტ ნაკადად მოედინება, აზრებს გაშეშებისგან, გონებას გამყიფებისგან, ჩემს გულს კი გაცივებისგან იცავს. შემოქმედებითი ენერგია დახშული გონებიდან ვერასდროს ამოხეთქავს. მოგზაურობა ფრთხილი შეხსენებაა იმის, რომ არაფერი ვიცი, და ყველა ცოდნას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. კულტურული სიჭრელე ამას სულ გვახსენებს. ერთი და იმავე აზრზე ჩამოკიდება საშიში უგუნურებაა. მოგზაურობის დროს ასევე გიქრება განზოგადების და დისკრიმინაციის ცდუნება, რადგან ამჩნევ სილამაზეს, სიკეთესა და მრავალფეროვნებას ყველა ხალხში, განურჩევლად რელიგიური, გეოგრაფიული, ასაკობრივი, კანის ფერის თუ სექსუალური იდენტობისა. დისკრიმინაციას, უგულებელყოფას მოსდევს ომი, რომლის ადგილი აღარ არის თანამედროვე სამყაროში.

გზაა ჩემი მასწავლებელი. მას ჩემთვის სიხარული და აღტაცება მოაქვს. ვგიჟდები განცდაზე, რომელიც საზღვრების ფეხით გადაკვეთის დროს მეუფლება, გზას ვიკვალავ ტრანსპორტის და პოლიციელების ლაბირინთში, გაოგნებულები მათვალიერებენ – ჭუჭყიან გოგოს, ფართო ღიმილით, რომელიც სადაცაა ახალ სამყაროში, ახალ კულტურაში შეაბიჯებს. არასდროს დავფრინავ, თვითმფრინავებში სულ ვიწყენ ხოლმე. ყველა კონტინენტს თვითმფრინავის გარეშე ვკვეთ.

მთავარია, ძიება არ შეწყვიტო. ხეტიალი საოცარი რამაა, შეგიძლია დარჩე გულით ახალგაზრდა, არასდროს შეწყვიტო შემეცნება და ყოველდღიურ რუტინაში ბედნიერი მომენტები იპოვო. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რას განვიცდი, ბოშების და სხვა მომთაბარე ხალხის მუსიკა რომ მესმის, თითქოს მთელი სხეული ბედნიერებით მევსება. 

 უნარებზე/მოწყობილობებზე>>

ყველანაირი ინტელექტუალური ახირება მომწონს - მათემატიკიდან ფილოსოფიამდე, რომელიც ჩემგან სხვადასხვა შემოქმედებითი მედიუმით გადმოიფრქვევა. ვხატავ, ვაქანდაკებ, ჩემით ვქმნი ტანსაცმელს და ვცეკვავ. ხელოვნება ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე სულ ვხატავდი.

ტანსაცმელიც ჩემი თავის გამოხატვის გზა იყო - 9 წლისას უკვე შავი პომადა მესვა და Doc Martens-ის ფეხსაცმელი მეცვა. მაგრამ მოძრაობა და ცეკვა სულ სხვა იყო - შეიძლება თანამედროვე ცირკიც უწოდოთ.

რაც შეეხება ცირკს, სრულიად მოულოდნელად დამეცა თავზე, როცა ფესტივალებსა და ღია წვეულებებზე დავიწყე სიარული, სადაც მოგზაურებს, მოხეტიალეებსა და აფერისტებს ვხვდებოდი. მალე იოგამაც გამიტაცა და მოძრაობის გათავისუფლება დავიწყე. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა შეიძლება ამას პროფესიაც კი ვუწოდო. ცეცხლის და აეროცეკვის წყალობით წარმოდგენებს მთელ მსოფლიოში ვმართავ, ულამაზეს ადგილებში ვხვდები, საოცარ ადამიანებთან ერთად. მოგზაურობისას საბასნაირ ინსპირაციულ არტისტებსაც გადავეყრები ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ გზაზე შენი გაქანების არტისტებს შეხვდე. ასე, სულ ვსწავლობ და ვიზრდები. ვგიჟდები ამაზე. ყველგან არიან ისეთები, ვისაც ნათელი გონების ადამიანებს ვეძახით და მე, სწორედ მათთან შეხვედრებს ვეძებ.