კადრები ფილმიდან „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ სანდრო კობერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე აჩვენეს, ხოლო თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალზე, გერმანელი კინოკრიტიკოსების პრიზით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი.

ფილმი არის შეუძლებელ სიყვარულზე უხილავი ომის დროს. თუ ომია უხილავი, რას ვხედავთ მაშინ? რა შეიძლება დავინახოთ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის მოქალაქეები არაერთ ფრონტზე იბრძვიან? ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული – გადამწყვეტი მაინც თვითონ ცქერის პროცესია.

ფილმი მობილური ტელეფონითაა გადაღებული და 3 საათსა და 22 წუთს გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გაქვს განცდა, რომ კადრებში იკარგები და ერთვები თამაშში, სადაც დაფარული ადგილები უნდა ამოიცნო. მთელი ფილმი რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარზეა აგებული. წაშლილი დეტალები კი გაძლევს თავისუფლებას, რომ თვითონვე აღადგინო და დაინახო ის, რაც გინდა.

„ორ წელიწადს ვსწავლობდი მაღლივში მიკროეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, მშენებლობის მიმართულებით. ძალიან რთული იყო. უმაღლესი მათემატიკა, სამშენებლო მასალები, მხაზველობითი გეომეტრია. სადმე უნდა ჩამებარებინა, რომ ჯარში არ წავსულიყავი. შევარდნაძის დრო იყო, ჩაწყობით მოვხვდი. ჩათვლებსაც მზესუმზირის გამყიდველ ქალთან ფულით ვაწყობდი. 30 ლარს ვუხდიდი. მერე გადავედი თეატრალურში და დავამთავრე ტელე-კინო ფაკულტეტი მენეჯერ-პროდიუსერის სპეციალობით“, – ამბობს სანდრო. 2008 წლიდან ის ბერლინის კინოს და ტელევიზიის აკადემიის სტუდენტია. ახლა სადიპლომო ფილმს ამზადებს, რომელსაც 2019 წლის გვიან გაზაფხულზე გადაიღებენ. „თავიდანაც ვიცოდი, რომ კინოს გაკეთება მინდოდა, მაგრამ სარეჟისოროზე ჩაბარება არ მიფიქრია. მიკროეკონომიკიდან პირდაპირ სარეჟისოროზე გადასვლა მეხამუშებოდა, ამიტომ ჯერ საპროდიუსეროზე ჩავაბარე“.

ინდიგო: როცა ფილმს იღებდი, რა იყო ის, რაც თავიდანვე ზუსტად იცოდი?

სანდრო: ძალიან მყარი გადაწყვეტილებით დავიწყე გადაღება, მაგრამ პროცესში ძალიან ინტუიტიური გახდა მუშაობა. ამის გამო, მგონია, რომ ძალიან პირადული და გულახდილი ფილმია. ეს თითქოს გარდაუვალიცაა – მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ რეჟისორიც, სცენარის ავტორიც და ოპერატორიც, ავტოპორტრეტი გამოდის. ახლა რომ ვაჩვენებ ფილმს, თავს უხერხულად ვგრძნობ, იმდენ რამეს ამბობს ჩემზე. ის, რასაც მაყურებელი ხედავს, მე ვარ დიდწილად.

ინდიგო: ფიქრობ, რომ ეგზიბიციონიზმი მნიშვნელოვანია კინოში?

სანდრო: ვფიქრობ, რომ ნამუშევარი უნდა იყოს პირადული. თუმცა, მხოლოდ პირადული ძალიან უინტერესოა. მას თან უნდა ჰქონდეს უნარი, გახდეს ზოგადი. ოღონდ ძალიან ზოგადიც, პირადი შტრიხების გარეშე, ასევე უინტერესოა. ამ ორს შორის შუალედის პოვნა რთულია. ვფიქრობ, ოსტატობის დონე ამ შუალედთან მიახლოებითაც შეიძლება გაიზომოს.

ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმებია ასეთი – სულ სხვა სივრცეებს გიხსნის, უფრო თავისუფალი ხდები. შარშან ბათუმის კინოფესტივალზე ვიყავი მისი ფილმის ჩვენებაზე, სასტუმროს ჰოლში გაუშვეს, კინოჩვენებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო ადგილას. იქვე უწყვეტად მუშაობდა სასტუმროს მომსახურე პერსონალი. ჩვენებას ბატონი ალექსანდრეც ესწრებოდა. ამ ძალიან უხერხულ გარემოში, გავხედე და გაუნძრევლად იჯდა და უყურებდა თავის ფილმს. მივხვდი, რომ ქვის კაცია. ქანდაკებასავითაა. მისი ფილმები კი აბსოლუტურად თვითმყოფადია, ბრილიანტივითაა.

ინდიგო: მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ფილმი მიჰყვებოდეს კლასიკურ სქემას თავისი განვითარება-კულმინაცია-დასასრულით?

სანდრო: ეს სქემები ჩვენში გამჯდარია, ხშირად ჩვენს აზროვნებას განაპირობებს, თუმცა, კინომ თავისი გაჩენისთანავე დაამტკიცა, რომ ამ სქემებზე არ არის დამოკიდებული. უამრავი ფილმი არ ექვემდებარება ამ შაბლონს და მაინც კარგად ფუნქციონირებს. ამბავი, რის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი, შემეძლო არც ჩამესვა, მაგრამ მე მიყვარს კინო, რომელიც ამბავზეა აწყობილი, ოღონდ, თან თვითონ ამბის მოყოლა ნაკლებად მაინტერესებს. უფრო ის მინდა ვნახო, რა ხდება ამ ამბის განვითარების პროცესში. რა ვაჩვენო მაშინ, როდესაც გმირი რაღაცას აკეთებს: თუ ვაჩვენებ მხოლოდ იმას, რასაც აკეთებს გმირი, მაშინ უნდა მივყვე უშუალოდ ამბავს და ეგეც ერთ-ერთი ხერხია კინოს კეთების, მაგრამ მე იმის აღწერა უფრო მინდა, ამასობაში რა ხდება.

ინდიგო: 2012 წლის შემდეგ დაიწყო საუბარი ახალ ტალღაზე ქართულ კინოში და მათ საერთო ნიშნებზე, თემებზე. როგორ ფიქრობ, შენი ფილმი განსხვავდება ამ ტალღაზე გადაღებული ახალი ქართული ფილმებისგან?

სანდრო: დიდი იმედი მაქვს, რომ განსხვავდება, თუმცა, ფილმის კეთების დროს თანამედროვე ქართულ კინოზე ნამდვილად არ მიფიქრია, იმ მიზეზით, რომ თანამედროვე ქართული კინო არ ყოფილა ინსპირაცია ჩემთვის. რაც შეეხება ტალღას, მე ასე ვერ დავარქმევდი, რადგან ტალღა რაღაც ახალს გულისხმობს, ეს ფილმები კი, არც ფორმალურად და არც იდეურად ახალი არ არის. მეტიც, მათი უმრავლესობა არაა ქართული ფილმი. ის, რომ საქართველოშია გადაღებული, არ ნიშნავს, რომ ქართულია. თუმცა, კონიუნქტურული ფილმების გადაღება მხოლოდ ქართული პრობლემა არაა. ბოლო წლებში ორი ქართული ფილმი მინახავს, რომელიც კონიუნქტურისგან თავისუფალია და რაღაც ახალს გვთავაზობს – ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“ და მარგო ზუბაშვილის „ანა“.

ინდიგო: ფიქრობ, რომ კინოს შეუძლია განსაზღვროს საზოგადოების რეალობა?

სანდრო: მგონია, რომ გარკვეული თვალსაზრისით კინო აყალიბებს რეალობას. ის ქმნის ვიზუალურ ხატებს, ქცევის ხატებს, რასაც მერე ყოველდღიურობაში ვიმეორებთ. მაგალითად, ფინეთში აღმოვაჩინე, რომ ძალიან რთულია, გაარკვიო, კაურისმიაკიმ გადაიღო ის ფინეთი, რაც დაინახა თუ ფინეთი გადაიქცა იმად, რასაც ის თავის ფილმებში აჩვენებს. ფაქტია, რომ თავისი ნამუშევრებით ის უკეთეს ფინეთს ქმნის. იცის კინოს ძალა. და ფაქტია, რომ კინო განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებს.

ინდიგო: გგონია, რომ კინოს ცვლილებების გამოწვევის ძალაც აქვს?

სანდრო: არა, არ მგონია, რომ კინოს, რეალურ დროში, მოცემული სოციალური ფონის შეცვლა შეუძლია. ზოგადად, ხელოვნების სოციალური დატვირთვა ძალიან საეჭვოა. მაგალითად, ვიცით, რომ კენ ლოუჩი სოციალურ თემებზე აკეთებს კინოს, მაგრამ ეს მისი შემოქმედების მხოლოდ ერთი შრეა, ის ამ თემებით არ სპეკულირებს – სოციალური ფონი გაუარესდება ან გაუმჯობესდება, მის ფილმებში განხილული პოლიტიკური პრობლემები აქტუალობას დაკარგავს – კენ ლოუჩის ფილმები კი მაინც საინტერესო იქნება.

ინდიგო: შენ როგორი კინო გიყვარს? ფილმზე მუშაობის პროცესში თუ გახსენდება ხოლმე კადრები კონკრეტული ფილმებიდან?

სანდრო: კადრები, სცენები, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფილმებიდან მუდმივად ზემოქმედებს ჩემზე. ბევრს ვიღებ სხვა რეჟისორებისგან – იდეებსაც და სურათებსაც. ეს ცუდი არ არის, რადგან მგონია, რომ იმაზე, რაც გიყვარს, შეგიძლია, რაღაც ახალი ააშენო. ძირითადად, ვცდილობ, ის გავიმეორო, რაც ძალიან მომწონს. ასარჩევად რომ იყოს, ვისურვებდი, რომ რომერის ფილმები იყოს ჩემი გაკეთებული.

ინდიგო: რატომ აირჩიე გადასაღებად ასეთი ფორმატი და ციფრული კამერის ნაცვლად, რატომ გამოიყენე მობილური ტელეფონი?

სანდრო: პირველ რიგში, ლამაზია, ეს წამიერი, არაცნობიერი განცდაა. გარდა ამისა, მივხვდი, რომ ძველ თბილისს ამ მეთოდით გადავიღებდი ყველაზე კარგად.

როცა ე.წ. კარგი ხარისხით იღებ დანგრეულ შენობებს, უკვე ძალიან გაცვეთილ ესთეტიკაში ვარდები, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს იმ ქართულ ფილმებში, რომლებსაც უცხოეთში აჩვენებენ ხოლმე. მათ მუდმივად დაჰყვება წუწუნის ტონი.

არადა, ბერლინში რატომ უნდა აჩვენო, რომ თბილისში, ვთქვათ, სახლი ინგრევა, ეს გაუგებარია ჩემთვის.

არსებობს ილუზია, რომ კამერა ზუსტად ასახავს იმას, რაც მის წინაა. თავისთავად კი დიდი თავსატეხია, როგორ აჩვენო საგანი. როცა, ვთქვათ, გინდა, რომ აჩვენო სკამი, ან სკამი უნდა შეცვალო, ან გადაღების მეთოდი იმისთვის, რომ ეკრანზე სკამი გამოჩნდეს.

მოკლედ, მაღალი რეზოლუციის ციფრული კამერები მართალია, აღიქმება, როგორც სტანდარტი, მაგრამ არ არის სტანდარტი. ის ისეთივე სპეციფიკურია, როგორც ჩემ მიერ არჩეული კამერა. თანაც, ციფრული სურათები ვერ იტევს და ვერ გადმოსცემს შეცდომებს, რომელიც რეალობას გააჩნია. ის ტყუილ სურათებს ქმნის, რადგან სინამდვილეში რეალობა არ არის ფოკუსში. როგორც იური ნორშტეინი ამბობს – ეს გამოსახულება გამოხდილი წყალივითაა, რომელსაც თავისი დანიშნულება გააჩნია, მაგრამ დასალევად ჩვენ მაინც ვირჩევთ წყალს, რომელშიც ბაქტერიები ცხოვრობენ და შეიძლება ფოთოლიც გდია.

ინდიგო: გამოსახულება და მუსიკა, რომელიც ფილმში მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს, თითქოს ერთგვარი მანიპულაციაა მაყურებლით, მაგრამ, ამავე დროს, სიამოვნებასაც განიჭებს.

სანდრო: ჰო, მანამდე რამდენიმეჯერ ვცადე ძალიან არადრამატულ სცენებზე დრამატული მუსიკის გამოყენება და მომეწონა. ისეთ ემოციას გადმოსცემდა, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო – ყოველდღიურობის განდიდება; ჩვეულებრივი ამბების გამძაფრება, დრამატიზმის დანახვა, მაგალითად, ისეთ ჩვეულებრივ სცენაში, როგორიცაა – კაცი მიდის მაღაზიაში.

ინდიგო: რის დანახვას ცდილობენ სხვა ქვეყნებში სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ქართველი რეჟისორები გარედან, თავიანთ ქვეყანაში? პირადად შენ რაში გჭირდება, რომ გარედან უყურო ამ ყველაფერს? დისტანცირების მცდელობა ლოგიკური ახსნა იქნებოდა, თუმცა, მაინტერესებს, სად აღმოჩნდები ხოლმე მერე, როცა ამ კარგად ნაცნობ რეალობას აღწევ თავს და აღარ ყვინთავ მასში? სულ დამკვირვებლის პოზაში ხომ არ დარჩები?

სანდრო: არის ასეთი გერმანული ფილმი – „ყველგან უკეთესია, სადაც ჩვენ არ ვართ“, ილუზია, რომ სხვაგან უკეთ იქნები, რომ სხვაგან უკეთესია – არ არის ქართული „ტრენდი“, მით უმეტეს, არ არის ქართველი რეჟისორების მახასიათებელი.

ეს გრძნობა ხშირად აქვს ადამიანს, რომელიც თავს არ გრძნობს კარგად და ამას გარემოს აბრალებს – ზუსტად ამას აკეთებს, მაგალითად, ილონ მასკიც, რომელსაც ნანახი რომ ჰქონდეს ოთარ იოსელიანის „ორშაბათი დილა“, ეცოდინებოდა, რომ სივრცეში გადაადგილებით შინაგანი პრობლემები არ წყდება.

ჩემთვის საქართველოში მუშაობა ყველაზე კომფორტული გამოდგა იმის გამო, რომ ამ გარემოს ყველაზე კარგად ვიცნობ. გერმანიაში გატარებული 9 წლის მიუხედავად, მაინც არ ვიცი, რა ხდება იქ, დახურულ ფანჯრებს მიღმა. საქართველოში კი, ამაზე შემიძლია ჩემი ვერსიები მქონდეს. ყველაზე საშიში, რაც უცხოეთიდან ჩამოსულ ავტორს შეიძლება დაემართოს, არის გარემოს ეგზოტიკური აღქმა. თუმცა, ხშირად სწორად საქართველოში მოღვაწე ავტორები ყიდიან შეკვეთილ ეგზოტიკას საზღვარგარეთ. არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებელი ეგზოტიკას ელოდება დანარჩენი სამყაროსგან. არიან ავტორები, რომლებიც ამ მოლოდინების დაკმაყოფილებით არსებობენ – ეს ჩაკეტილი წრეა, რომელშიც ჯობია, რომ არ შეაბიჯო.

ინდიგო: ახალი პროექტით რას ეძებ, რა გაინტერესებს?

სანდრო: შემდეგი ფილმი ქალაქ ქუთაისზე, იქ მოღვაწე ჯადოქრებზე, მოჯადოებულ შეყვარებულებსა და ფეხბურთზე იქნება.