უკან რო ვბრუნდებოდი, მაგრა ვხალისობდი იმაზე, რო თბილისში ერთადერთი ტრანსი ვიქნებოდი, ვისაც წმინდანის სახელი ჰქვია.

სრულწლოვანი მე სტამბოლში გავხდი – თექვსმეტის ჩავედი და ოცის წამოვედი.

რო ვამბობ ხოლმე, ღვთისმშობლისთვის რაც კი რამე მითხოვნია, ყველაფერი ამიხდა-მეთქი, არ მიჯერებენ. არადა, მართლა ეგრეა. ასეთ რამეებზე სახლში არასდროს მიფიქრია, მაშინ დედაჩემს ვაღმერთებდი.

ბოლოს დედაჩემი ცამეტი წლისამ ვნახე. სამ პოლიციელს ალყაშემორტყმული გავყავდი ეზოდან, სახლთან სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბო რო გაგვერღვია. მაგის კივილი მესმოდა, გაათრიეთ, მოკვდიო, აივნიდან რო მეძახდა. ერთმა პოლიციელმა ჰაერშიც გაისროლა, ხალხს გზა რო მოეცა ჩვენთვის. მთელი სოფელი და სანათესავო ეზოში იყო.

იმ სახლში გავიზარდე. თურმე სამ წლამდე არ ვლაპარაკობდი. ბაღის მასწავლებელი დედაჩემს ეუბნებოდა, არაფერს აზრი აღარ აქვსო. ერთადერთი ვიცოდი მჭადი, ესე, ხელის დატყაპუნებით, ღომი და „ადუდა“, ანუ: არ უნდა. მეტს ვერაფერს ვამბობდი. ასე ურჩიეს ჩემებს და შემიყვანეს თურმე ბოსელში, ხელზე ბაწარი გამიკვანძეს და იქვე მიმაბეს. ბაგაში ჩამიყარეს ჩალა და მითხრეს: თუ ცხოველი ხარ, ჩალა ჭამე, თუ ადამიანი – ენა ამოიდგიო. ეხლა ძაან ნანობენ, ნეტა ეს არ გვექნა, ყოფილიყო მუნჯიო. ერთი საათით გაბამენ. მეტით კი არა.

ჩემი და თვეების იყო, დედაჩემი ჩემზე რო დაორსულდა. აბორტს იკეთებდა, ბაბუას რო არ გაეგიჟებინა თავი – გააჩინე და მაგას მე გაგაზრდევინებო.

რო გამომაგდეს, ბოლოს, ეგ მივაძახე: ბაბუ, პირობას რა კარგად ასრულებ-მეთქი!

არ მელაპარაკება დღემდე. ჩემი და მეუბნებოდა, ტელევიზორში რო დაგინახა, თვალები დაუსივდა და თავის პარნიკებში გავარდაო. იქ პატარა მეურნეობა გვაქვს. ჩემი ოთახი დღემდე გამოკეტილია – სახლში საუკეთესო ოთახი. იქ არავის უშვებს. ჩემი გადარჩენილი შვილიშვილიაო, იძახის, თურმე, დღემდე.

იმ დღეს სკოლიდან მოვედი. სწავლით, ძალიან კარგად ვსწავლობდი. მეექვსე კლასიდან მინდოდა ექსტერნად ჩამებარებინა და მაუპის კოლეჯში გადავსულიყავი. ბაბუაჩემის დის რძალი იყო დირექტორი, მარინა. ძაან კაი ქალი, და იმან, მე დავეხმარებიო. მაშინ უკვე დავდიოდი ვიღაც ბიჭებთან ერთად. ჰოდა, მალე დამწვეს. ამ მარინამ დამინახა, როგორ მომაკითხა ერთმა მანქანით. ჰო, ძაან პატარა ვიყავი, თორმეტის. მაგრამ ვგიჟდებოდი უკვე ბიჭებზე. თან იმსიმაღლე ვიყავი, ვინ იფიქრებდა, თორმეტის რომ ვარ.

ამ დროს დედაჩემი სტამბოლშია, სულ არ ველოდები. სახლში მოვედი და ბაბუას ვთხოვე, საჭმელი გამიმზადე-მეთქი. სულ კართან მოქონდა ყავა, ტკბილი, გადაყოლილი იყო ჩემზე. რაღაც სიცივე ვიგრძენი, ჩემ დას გადავხედე, რა ხდება, საყურეზე ხო არ დამწვეს-მეთქი. ქალაქში საყურეს ვიკეთებდი. მერე ლეიკოს ვიწებებდი ნახვრეტზე, ვითომ გაჭრილი მქონდა. ხმა არავინ გამცა. ალბათ სხვა რამე პრობლემებია-მეთქი, წავედი და დავიძინე.

დილას ვახელ თვალს და ვხედავ – დედაჩემი. ვაიმე, გამიხარდა, წამოვხტი, ჩავეხუტე, იმან ხელი მკრა, რას მეხუტებიო. ფანჯრიდან გავიხედე და გული გამისკდა – მთელი ჩემი სანათესავო იქაა. შემოდის მარინა და ყველას თვალწინ მეკითხება: გუშინწინ ვის გაყევიო? ვის-მეთქი? დედაჩემმა: შენ იმნაირი ხარო? ერთი, ორჯერ ვიუარე. მერე ბიძაშვილი შემოვიდა – მე საყურე დავუნახეო. ისიც გაუგიათ, იმ ბიჭთან რო მქონდა ურთიერთობა. მთელი მასალები დაუგროვებიათ. დედაჩემმა თავში ჩამარტყა, ბებიაჩემმა მაგრად მომქაჩა, ჩემმა დამ შემაფურთხა და ეგრევე ვთქვი: კი, ვარ-მეთქი. ამოვიდა ყელში. თან თვალებით ბაბუაჩემს ვეძებდი, ეგ თუ დამიდგებოდა გვერდზე. ის კიდე გვერდზე სახლში გადასულა, დაუბარებია: მე მაგას არსად არ ვაგდებ, მარა თქვენ თუ აგდებთ, მალე ქენით, თორე მე მოვკვდებიო. გამომეკიდა დედაჩემი, დანით ხელში. გავიქეცი და ოთახში ჩავიკეტე, კარს შკაფი მივადგი შიგნიდან. მიბრახუნებდნენ, ლეწავდნენ იქაურობას. ხალხო, რა ამბავი ატეხეთ! დედა, რა გჭირს, რა დაგემართა-მეთქი? – იქიდან ვუყვიროდი. არ მინდა ეგეთი შვილი, მოკვდი, ან მე მოგკლავო, გაჰკიოდა. სამივე სართულიდან კივილ-წივილი ისმოდა. ვიღაცეები იქვე ბჭობდნენ: მოდი, დავტოვოთ და ვუმკურნალოთ, ჯერ ბავშვია, ცოდოაო. მერე დედა ცუდად გახდა. ასულიერებდნენ. მე აღარავის ვახსოვდი. ვიდექი ჩემთვის სულელივით, პატრული რო მოვარდა. დედას რო გავხედე, შიშისაგან ენა ჩამივარდა.

უცბად, აი, იმ ერთ წამში, მისი ნამდვილი სახე დავინახე. უჟასზე უჟასი ყოფილა დედაჩემი სინამდვილეში. რის გამო მიმეტებდა, რატომ მიკეთებდა ამას.

შემომეხვივნენ ყველა მხრიდან პატრულის თანამშრომლები. ეზო გამოვიარეთ გაჭირვებით, მაგრამ ჭიშკრამდე მაინც ვერ მივედით. ხალხი არ გვიშვებდა. ბოლოს მავთულის ღობე გაჭრეს და ისე გამოვედით.

დედაჩემი უკვე აღარ კიოდა. სამაგიეროდ ბებიაჩემმა გამომაცილა ბოლომდე: ჩაძაღლდი, შე პიდარასტო, შე ჭუჭუსმწოველა, გაეთრიე, მოკვდიო, – მომყვიროდა ზურგში.

იმ ახალ წლებზე, მახსოვს, მაგრად ყინავდა. რამდენიმე დღეში ჩემი დაბადების დღე იყო, 12 იანვარს ცამეტის ვხდებოდი.

საპატრულოში ერთი დივანი ქონდათ და იქ მეძინა. ერთი კვირა ვერ მოიფიქრეს, რა უნდა ექნათ. თან მყვებოდნენ პოლიციელები. ხანდახან შემეხვეწებოდნენ, რა იქნება, დათმობაზე რო წახვიდეო. მაგრამ რა უნდა დამეთმო, არ ესმოდათ – რაც ვიყავი, იმას რაღას ვუზამდი. ერთმანეთს კითხავდნენ ხოლმე: ოჯახიდან კიდევ არაფერი ისმისო? მოკვდება ეს ბავშვი ასე, ჩვენთან როდემდე უნდა იყოსო. ის ერთი კვირა სულ გაშტერებული ვიყავი, არც მახსოვს, რამეს თუ ვფიქრობდი. ბოლოს მითხრეს, რო თბილისში მოვდიოდი, რაღაც ორგანიზაცია დამეხმარებოდა. არაფერი მიკითხავს. მანქანაში რო მსვავდნენ, ქუჩის ბოლოსკენ გამახედეს, ერთ ადამიანს უნდა შენი ნახვა, ოღონდ შორიდან, და რო გავალთ, იქით გაიხედეო. რატომღაც ჩემ დას, ან დედაჩემს ველოდებოდი. ხის ძირას კიდე ბაბუაჩემი იდგა. ამ კაცს სიგიჟემდე უყვარხარო, ერთმა. ყოველდღე აქ იყო, ყველაფერი შენთვის მაგას მოქონდა, ჩვენ კიდე გვეკითხებოდა: ხო ნამდვილად კარგად იქნებაო? ნეტა რას პასუხობდნენ.

თბილისში მანქანით წამომიყვანეს. გზაში მთელი ჩემი ცხოვრება გამოვიტირე. რა უნდა მექნა ხვალ, ამაზე რო ვფიქრობდი, შიშისგან პირი მიშრებოდა. პატრულს ვთხოვდი, ქუჩაში დავეტოვებინე, არ მინდოდა გლდანის კრიზისულ ცენტრში, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვსო, მეუბნებოდნენ. ხო იცი, იქ როგორაა, ღიაა ეს ცენტრი, ბავშვებს როცა უნდათ, მიდიან და მოდიან. მე საშინელი აღვირახსნილი ბავშვები დამხვდნენ. ერთი სულ მხეცი იყო. იდიოტი. რომ გაიგო, ვინ ვიყავი, საზიზღრად მექცეოდა. რამდენიმე დღეში გამოვიქეცი და პირდაპირ ვაგზალზე წავედი. იქ გავიცანი ბიანკა.

იმსიმაღლე იყო, აუცილებლად მოგხვდებოდა თვალში. თეთრი ჩექმებით დადიოდა. გაშტერებული ვუყურებდი. ვაგზალზე რო ღია მაგიდებია, იქ ვნახე პირველად. რა იყო, გცივაო? – მკითხა. მშია-მეთქი. თავი დამიქნია, წამოდიო და სახლში მიმიყვანა. რაზმაძის ორში ცხოვრობდა. ტრანსი რა იყო, მაშინ არ ვიცოდი. ბიანკამ რო გაიხადა და დავინახე რო მკერდი არ აქვს, თვალებს არ ვუჯერებდი, ქალი მეგონა. თუ ბიჭი ხარ, ბიჭივით იყავი, ეს გადაცმა რად გინდა-მეთქი, ვეკითხებოდი. ეგეთი ცხოვრებააო, მიხსნიდა, თუ ქალობა გინდა, შეგიძლია ასე იარო, თუ არადა, ესე იგი გეი ხარო. ეს ფსიქოლოგია მაშინ, დიდად ვერ გავიგე, უბრალოდ, ტიპი მომწონდა. კაბიანი პიდარასტი ხარ-მეთქი, ვიხოცებოდით სიცილით. ძალიან დამეხმარა. გამაყიდინა ჩემი ოქროს საათი, ერთადერთი ეგ წამოვიღე სახლიდან, არ ვიცი როგორ გამახსენდა. ფული მჭირდებოდა, საჭმელი რო მეჭამა. კურტკაც ვიყიდე. ის კურტკა დღემდე მაქვს სტამბოლში, არ გადამიგდია. 6 ლარი მივეცი მეორადებში.

რამდენიმე კვირა ბიანკასთან ვიყავი, მერე კიდევ ერთმა გოგომ შემიფარა, ნინო ერქვა, ბაგებში ქონდა სახლი. ბიანკამ ადვოკატი გამაცნო, იმან კიდე „იდენტობაში“ მიმიყვანა.

ერთი წელი დავხეტიალობდი თბილისში, ორგანიზაცია მინახავდა. ის ხალხი რო არა, მართლა არ ვიცი, რა მეშველებოდა. მერე სახელმწიფომ გამიშვა ბათუმში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. იქ ყველაზე კარგი იყო. როგორი მხიარულება გვქონდა, იცი? ვცეკვავდი, ვალაგებდი, დერეფანში კაბებით დავშრიალებდი. მერი ბებომ ნინიკო შემარქვა, მეუბნებოდა, ასე ახლოს ჩვენთან არავინ ყოფილაო. თავშესაფრის დირექტორს ბიძის ვეძახდი.

სამჯერ გადამივადეს იქიდან გამოსვლა. უბრალოდ, მეტი აღარ გამოდიოდა. რამდენიმე დღე ვტიროდი. წასასვლელი უკვე მართლა აღარ მქონდა. იქით, დეიდაჩემი, ბიძაჩემი, მამის ძმაკაცები მითვლიდნენ: წადი ამ ქვეყნიდან, თუ გინდა, ცოცხალი გადაგვირჩეო. ჩემი ადვოკატი სახელმწიფოს სთხოვდა, ეს ბავშვი ან ოჯახში დააბრუნეთ, ან მინდობილობა მომეცით, რო ქვეყნიდან გავიყვანოო. რა ექნათ, აღარ იცოდნენ.

ექვსი თვე დასჭირდა მინდობილობას სასამართლოსგან. ვითომ იქ ლგბტ ორგანიზაციას უნდა ჩავბარებოდი. ადვოკატსაც ასე ვუთხარი. გამოვიდა, რო მოვატყუე. იმიტომ, რომ სტამბოლში ორგანიზაციიდან როგორც კი გამოვედით, იქვე დავივიწყე ის ადგილი. ორი თვე მეძებდა მთელი საკონსულო.

ჯიბეში ადვოკატის დატოვებული სამასი დოლარი მედო. ტაქსიმზე დავბოდიალობდი, რა მექნა, მაშინ ენაც არ ვიცოდი. 

ტრანსებს ვაკვირდებოდი. ჯერ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. შორიდან ვუყურებდი. გოგოები მეგონენ. ბოლოს დამიძახეს, ერთი აქ მოდიო. მივედი დებილივით. გაიგეს, გურჯისტანიდან რო ვიყავი და მაქსიმს დავუძახებთო. ამ დროს ქართველი ტრანსი მოვიდა, ანა. არავინ არ იცის, აქ რო ვარ, მთელი ქალაქი მეძებსო. თავისთან წამიყვანა. კლიენტები ჰყავდა სახლში, დიდი კაცები იყვნენ, რაღაცნაირად მიყურებდნენ, არ მომეწონა. თურქებს უყვართ პატარა ბავშვები. შემეშინდა და გამოვიქეცი. ეხლა ეს მოსაყოლად ადვილია, მაგრამ ყოველდღიურად უჟასს გავდიოდი.

ამ ქართველმა ტრანსმა ორასი ლირა მომცა. იმ ფულით მზესუმზირები და რაღაცეები ვიყიდე და დავრბოდი მოედანზე, ვყიდდი. ხან რას ვახტებოდი, ხან რას. ბოლოს პანიკაში ჩავვარდი, უკვე ხუთი დღე იყო გასული, მე კიდევ არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. ხან სად ვათენებდი, ხან სად. და ზუსტად მაშინ მოვიდა აილინი. ვიჯექი სადღაც და ვტიროდი. მომწმინდა ცრემლები, რა გჭირსო, მკითხა. თურქული არ ვიცოდი. ინტერნეტში თარგმნიდა სიტყვებს და ისე მელაპარაკებოდა. თარგმნაში კიდე ეს ქართველი დაგვეხმარა. მაგრამ თან მეუბნებოდა, ეგ აილინი პოლიციელია და ფრთხილად იყავი, არ დაგარედეპორტოსო. კიდევ კარგი, არ დავუჯერე. აილინმა მასწავლა ყველაფერი. თავის მოვლა, ფულის კეთება. ეხლაც მეუბნება, დედაშენს რამე რო დაემართოს, იცოდე, რო დედა მაინც ცოცხალი გყავსო.

თურქეთში მეორედ გადავიპარე. საბუთებზე დავბრუნდი და აღარ მიშვებდნენ. 620 ლირა გადავიხადე და გადავედი. ჯერ ის კაცი რა საფრთხეში ჩავაგდე? რო დაეჭირათ, შეიძლება სამუდამო მიეცათ. სტამბოლამდე ავტოსტოპით ვიარე. ფულიც ვიშოვე გზაში.

აილინმა მითხრა, უცხოელი ხარ, ფული არ გაქვს, დაიწყე მუშაობა, დაიკავე ფული ხელში და თუ მოგინდა, მერე დაუბრუნდი ძველ ცხოვრებასო. მაგრამ, პირველივე დღეს რო ჩავიცვი და გამოვედი გარეთ, სიხარულისგან კინაღამ გონება დავკარგე. დავრბოდი. გიჟივით ვიყავი. ყველაზე ლამაზი მეგონა თავი. არ ვიცი, რამდენი ფოტო გადავიღე. მთელი ორი დღე ჩემ კუპესავით ოთახში, სადაც ერთი საწოლი და პატარა მაგიდა იდგა, სარკესთან ვიდექი და ჩემ სახეს ვაკვირდებოდი, რა დამეხვეწა, იმას ვფიქრობდი. აილინიც მირჩევდა რაღაცეებს. მაგან მასწავლა, რა არის ნამდვილი ტრანსსექსუალი.

ჩემი ფოტოები ყველას გავუგზავნე, ბევრმა მიმანაგავა, მაგრამ მეკიდა. მე მარტო ოჯახზე ვდარდობდი. ჩემებმა თურქული ნომერი გაიგეს და დედაჩემმა დამირეკა. მეუბნებოდა: თუ გამოსწორდები, დაბრუნდიო. მერე მითხრა, გეის კიდე არა უშავს, მაგრამ ამ ფორმაში არასდროს მიგიღებთო. თქვენ მე უკვე მიმატოვეთ, ეხლა როგორც მინდა, ისე ვიცხოვრებ-მეთქი, ვუთიშავდი.

მაშინ ვუთხარი ჩემ თავს, რომ მე ზუსტად აი, ასეთი ვიქნები. უკვე თექვსმეტის ვიყავი.

მოკლედ, აილინთან დავრჩი. სტამბოლში ღამის თორმეტამდე ქუჩაში არ უნდა დადგე. თორმეტის მერე, თუ გინდა, ტიტველმა იარე. დაშვებული ოფიციალურად კი არაა, მაგრამ არაფერს გეუბნებიან. იქ საღამოს სკოლები მთავრდება 11 საათზე. ხოდა, თორმეტის მერე გამოდი და თუ გინდა, მთელი ღამე იყავი. მოკლედ, 7-8 საათია. ვდგავარ ქუჩაზე, ჭკუაზე არ ვარ. დაგრძელებული მაქვს თმა და რაღაც ახალი ზმანი მაცვია. მომადგა ვიღაც და ზურგზე მირტყამს ხელს. კლიენტს ვესაუბრები და ერთი წუთი დამელოდე-მეთქი. პოლიცია ვარო, ხელი მომკიდა. მანქანით როცა მოდიოდნენ, ვცნობდით და გავრბოდით. ამიტომ გადმოდიოდნენ, გაერეოდნენ ხალხში და პირდაპირ ხელს გვტაცებდნენ ხოლმე.

განყოფილებაში სხვა ტრანსებთან ერთად მიმიყვანეს. პასპორტი არ მაქვს-მეთქი, ვეუბნებოდი. მაგის გარკვევას რა უნდა, ანაბეჭდს აგიღებ და გავიგებ სადაური ხარო, მპასუხობდა.

რო გაიგო, რო ქართველი ვარ, იმხელა სახაზავი გადამარტყა ხელზე. შე გოთვერანო, აქ რას აკეთებო? არ გამიშვათ, არ მინდა დეპორტი-მეთქი, ვეხვეწებოდი. მანქანაში დაჯექიო.

თურქული უკვე არაუშავს ვიცოდი. ოთხი თვე იყო გასული. აეროპორტის გზაზე ვიყავით, ერთმა რო მკითხა, მაინც რა გინდოდა, რატო ჩამოხვედიო. მეც მოვყევი რაღაცეებს. მძღოლი იყო საზიზღარი. გველი. სამმეტრიანი. მაგას რო დავინახავდით ხოლმე, შიშისგან ვკანკალებდით. ეხლაც ჟრუანტელი მივლის, ისეთი ცემა იცოდა. რაში გაინტერესებს რატომ ჩამოეთრა, რატომ და ჭუჭუ უყვარსო. მეორემ თვალი ჩამიკრა, გააგრძელე, ილაპარაკეო, მანიშნა. მოვყევი, რო დედა არ მყავს, რო არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, რო 16 წლის ვარ. და უცბად, შუა ტრასაზე მოატრიალა მანქანა, უკან გაბრუნდა, შენი საბუთები დამრჩაო. განყოფილებაში შემიყვანა, მოაწერა ხელი და სახეში შემომაყარა ფურცლები: გაეთრიე აქედან და იქ დამდგარი აღარ დაგინახო, თორემ ფეხებში გესვრიო.

ერთი წელი რო გავიდა, პოლიციის მანქანას უკვე კილომეტრიდან ვცნობდი. ფშტვენები ვიცოდით. მე ერთ უბანს გადავუშტვენდი, ის მეორეს, ბოლო შუქს აანთებდა. ვაფრთხილებდით ერთმანეთს. ვინ სად იმალებოდა, ხალხში, მაღაზიებში, ურნების უკან. რო გაივლიდა მანქანა, მაღაზიის ვიტრინებიდან ვუქნევდით ხელს. რამდენჯერ დავსხლტომივარ. მერე ორი და სამი წელი რო გავიდა, ფეხით რო მხვდებოდნენ პოლიციელები, უკვე მეუბნებოდნენ – ჩვენები მოდიან და დაიმალეო. თორმეტის მერე კიდევ, შეიძლება მოვიდეს და ყავა შემოგთავაზოს. არავინ გერჩის. სხვანაირად უდგება იქ ხალხი ტრანსებს. გეებს ვერ იტანენ. არ ვიცი რატომ.

ამ გაზაფხულს ისევ მივდივარ თურქეთში, ისევ აილინთან ვიმუშავებ. ზურგი ხო გინდა, რო მეზობელმა არ დარეკოს, აბლავა არ დაგაყენოს, ჩხუბი რო მოგივიდეს, დაცვა ხო გინდა? იქ თავზეც რო დამადგნენ და პასპორტიც არ მქონდეს, ეს გამომიყვანს. ტაქსიმზე ასე თხუთმეტი მამაშა იქნება, და მთელ პოლიციასთან შეკრულები არიან.

ძირითადად ოთახებს აქირავებენ და ასე შოულობენ ფულს, კლიენტი უნდა მიიყვანო იმის ოთახში. მე იმ ოთახშივე ვცხოვრობდი. ასე უფრო მაწყობდა.

სხვასთან რო წავიდე, აილინს ძალიან ვაწყენინებ. შეიძლება გაბრაზდეს კიდეც. რად მინდა.

ჩემებთან ვრეკავ ხოლმე. უფრო ჩემ დასთან. აი, დღესასწაულებზე ყოველთვის ვურეკავ ბებიაჩემის დას. სიგიჟემდე მიყვარს ის ქალი. ვეტყვი: გილოცავთ, კარგად იყავით და ვთიშავ.

ცალ-ცალკე ყველასთან შემიძლია ურთიერთობა, მაგრამ ერთად არა. კიდევ, დაფიცებული მაქვს, ყველასთან მივალ, შევურიგდები, მაგრამ ბებიას არასდროს არ ვაპატიებ. ვნახავ, გადავკოცნი, მაგრამ არ ვაპატიებ.

ერთხელ აქვს ნათქვამი ჩემი დისთვის, ნეტა გამეგდო, მაგრამ ეგ სიტყვები არ მეთქვაო.

წარმოვიდგენ ხოლმე, დედაჩემთან შეხვედრა როგორი იქნება. ძაან ცივი. ასე მგონია. მისი მხრიდან. შეიძლება ჩემგანაც. მგონია, რო დედაჩემი ძნელად გადაიტანს. ჩემ დას ეუბნება ხოლმე, ალბათ მოვკვდები, რო ვნახავო.

ხანდახან მავიწყდება წყენა. არა, პატიებით ვერასდროს ვაპატიებ. მომენტ, მეშინია, რო დავინახავ, შეიძლება ყველაფერი დამემართოს. ძალიან მობილიზებული უნდა ვიყო. ვემზადები ამ შეხვედრისთვის.

თურქეთში მუშაობს დედაჩემიც, წლებია ერთ ოჯახშია. იმათთვის ოჯახის წევრივითაა. ეხლა ჩამოვა გაზაფხულისკენ. აქ ბინა უნდა იყიდოს. გავაფორმებო ამ ბინას ჩემ ბიჭზე, თუ ის სახელს არ შეიცვლისო, ამბობს თურმე. ეხლა ხო მარია კასენკო ვარ. უკვე ასე მიცნობენ. 

ისე, რო ვფიქრობ, აქაც დავიღალე. სადმე მინდა წავიდე, დავისვენო ცოტა. ერთიანობა არც აქ იციან. აღარ შემიძლია ეს ზურგს უკან ლაპარაკები. არ იტყვი და ნათქვამს გამოგიყვანენ. ჩემ აზრს რო ვიტყვი, ვიცი, ეს ტრანსი იმ ტრანსს ისე მოუყვება, დამამხობენ თავზე ყველაფერს. დაიღლები. ეხლა მარტო მინდა ყოფნა. კი, ყველგან დავდივარ, ყველასთან კარგად ვარ, მაგრამ ბოლომდე გახსნილი მაინც არა. ეს თბილისი ისევ უცხოა ჩემთვის.

ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე იდეალურ სიტუაციას. და იქაც მარტო ვარ, იცი? წარმოვიდგენ, რო მაქვს სახლი, მყავს მანქანა, ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ მარტო იმიტო, რო ხალხს დავენახო.

აღარ ვენდობი ადამიანებს. ყველა სიტყვაში რაღაცას ვეჭვობ. თავს ვუქნევ, მაგრამ თან ვფიქრობ. ვამბობ, მაგრამ ბოლომდე არა. რაღაცას ვტოვებ ისეთს, რაც არავინ არ უნდა გაიგოს. იმიტო, რო ადამიანია ის, ვისაც შეუძლია თავისი ხელით შექმნას და ადამიანია ის, ვისაც შეუძლია თავისი ხელით მოკლას. მე ეს დავინახე იმ დღეს, როცა სახლიდან გამომაგდეს. იმის მერე ახალი არაფერი გამიგია. დედაჩემზე რო ვიცოდი, რა თბილი ადამიანია, და იმან თავისი რეალური სახე დამანახა, ყველა ადამიანში ეგრე ვარ.

შარშან ჩემ დას სოფელში ჩავაკითხე. ბათუმში ვიქირავე ორი ჯიპი, უკან პატრულის მანქანა გამოვიყოლე და ესკორტით მივადექი. შოკში ჩავარდა მთელი სოფელი. ჭიშკართან შუშხუნებიც ვისროლეთ. ჩემი და მიცნობს კარგად და ჩუმად მეკითხებოდა, გეხვეწები, ერთი მითხარი, ეს სპექტაკლი რა დაგიჯდაო. საჩუქრებიც ბევრი ჩავუტანე მაგას და ჩემ დისშვილს. მერე მიყვებოდა, მთელი სოფელი, სამი თვე, მარტო შენზე ლაპარაკობდაო. არ ვიცი, რაში მჭირდება. უბრალოდ, მინდა, სულ იცოდნენ, რო ბევრი დაკარგეს. მე არ დამიკარგავს. იმათ დააკლდათ ის, რაც მე დამაკლეს. მე ამ სითბოს და სიყვარულს სხვებში ვპოულობ. ამდენი მეგობარი მყავს. აი, დედაჩემი, შვილის სიყვარულს ვერსად ვერ იპოვის.

წლების მერე ჩემ დასთან ეს პირველი შეხვედრა იყო. ძაან ცივად ველაპარაკე. მთხოვა, გვაპატიე ყველაფერი, რაც გაგიკეთეთო. სხვების მაგივრადაც მიხდიდა ბოდიშს. ჩემი დის ბოდიშით უნდა ყველას გამოძრომა. მთელმა სანათესაომ იცოდა, იქ რო ჩავდიოდი, ჩემი ნახვა რო ნდომოდათ. ორი თუ სამი დღე გავჩერდი.

ბოლო დღეს ჩემ დას ვთხოვე, ყველას უთხარი, რო უკვე წავედი-მეთქი. ერთს უთხრა თუ არა, აღარ გაჩერდა მისი ტელეფონი. ვისთან ერთად ჩამოვიდა? რა ეცვა? რა თქვა? მე მახსენა? – მარტო ეს აინტერესებდათ. ჩემი დაც უყვებოდა, რო სულ სხვანაირი ვარ, რო ძალიან გამოვიცვალე. მარტო ცხვირი აქვს ძველიო. დედაჩემის ხმაც გავიგე: ეგ იმისთანა ჯიშისაა, ყველას გაგვისტუმრებს და თვითონ მაგრად დარჩებაო. კი, ბატონო. იციან ჩემი ხასიათი.

ერთი თვის წინ, ბრმა ნაწლავი გამისკდა და სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს. სანამ საოპერაციოში შემიყვანდნენ – ვინმე ოჯახის წევრს დაუძახე, შემოვიდეს და ხელი მოაწეროსო, მითხრეს. არავინ არ მელოდებოდა გარეთ. ვუყურებდი ამ ფურცლებს და ხმას არ ვიღებდი. ძაან არ მინდოდა, მთელი ჩემი ბოღმა ცრემლებად რო წამსკდომოდა.

აი, ასეთ დროს, მაშინაც, როცა ვიცოდი, რო ქუჩაში ვრჩებოდი, მაინც არასდროს მიფიქრია შერიგებაზე. ისევ დედა რო დავუძახო, ბებო დავუძახო, იმ სიტყვების მერე, რა ფასი აქვს. აფერისტები უნდა ვიყოთ ისინიც და მეც.