ოსა იოჰანესონი

ფოტოგრაფი. არტისტი. მკვლევარი

მ.ქ.: შენი პორტრეტები, ერთი შეხედვით, ძალიან სადაა, მაგრამ თუ დააკვირდები, დაფარულ შრეებსაც იპოვი, რაც გამოსახულებას სულ სხვა განზომილებას აძლევს. როგორ აკეთებ ამ შრეებს? 

ო.ი.: ქვიარინგი ძალიან ფაქიზ ნიუანსებში ჩანს. ასე საიდუმლო გზავნილებს ვუშვებ. იმის ნაცვლად, რომ ქვიარიდეები სახეში გახალოთ, ნელ-ნელა გაპარებთ. სტრატეგია მაქვს ასეთი. 

მ.ქ.: თუმცა, ხანდახან საკმაოდ მძაფრია ხოლმე ეს ქვიარგზავნილები. 

ო.ი.: ალბათ. მე ვეძებ გზებს, რომ დავინახო ეს ქვიარცნობიერება მეინსტრიმ ქვიარესთეტიკის მიღმა. თუმცა, ფოტოს მიღების პროცესი ყოველთვის უფრო მაინტერესებს, ვიდრე დასრულებული ფოტო, ადამიანის ხატი, გენდერის ნიშნებით. 

მ.ქ.: და რა არის გენდერის ნიშნები? 

ო.ი.: სწორედ აქ იკვეთება ჩემი, როგორც ფოტოგრაფისა და არტისტის და, მეორე მხრივ – მკვლევრის ინტერესები. მე სქესის მიღმა განსხვავებულობა მაინტერესებს – მინდა, გავცდეთ თუნდაც დამოუკიდებლობის, ავტონომიის, განსხვავებულობის ცნებებს და ისე აღვიქვათ სამყარო. ჩვენ ყველა გამოვხატავთ ჩვენს სქესს – ტანსაცმლით, ვარცხნილობით, მაგრამ ჩემს იდეალურ სამყაროში ეს აღარ იკითხება გენდერის ნიშნებად. თუ გახსოვს, ერთ დროს სვირინგები ქვიარ სუბკულტურის ნიშანი იყო, დღეს კი იმდენ რამესთანაა გადახლართული. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამიტომაც ავირჩიე სადოქტოროსთვის ეს თემა. ერთხელაც მივხვდი, რომ ის, რაც ერთ დროს ქვიარ კოდები იყო, ნელ-ნელა კომერციამ მიითვისა. 

2015 წელს კეტლინ ჯენერის ქამინგ აუთი, ამ მხრივ ნამდვილი აფეთქება იყო. თუ გახსოვს, ერთ დღესაც დიდმა სამოდელო სახლებმა ტრანსგენდერი მოდელები გამოაჩინეს. ამ ეტაპზე შეიძლება ეს არც იყოს ცუდი, რადგან დღეს ნებისმიერი ხილვადობა საჭიროა. თუმცა მათ, ვინც ეს გააკეთა, მხოლოდ ფული აინტერესებდათ. მე კი მაინტერესებს, როგორ ვილაპარაკოთ არაბინარულ განსხვავებულობაზე, დამკვიდრებული კოდებისა და ნიშნების მიღმა და ჩემი ძალიან ფრთხილი ენაც სწორედ ასე მუშაობს. მე მაყურებლის შემოტყუება მინდა. ჩემი საქმეა, შევქმნა იმიჯები, რომლებიც ადამიანებზე აუცილებლად იმოქმედებს. შეიძლება თავიდან ზუსტად ვერც მიხვდნენ, რატომ შეეხოთ ასე, მაგრამ რომ მიხვდებიან, უკვე გვიანი იქნება. მე სხვა საზომით ვმუშაობ. ქვიარი ჩემთვის უფრო მედიუმია, ძალიან ფაქიზი გზა დიდი დიალოგის დასაწყებად. და ეს არ ეხება მარტო გენდერს. დასავლური აზროვნება ჯერ კიდევ უკიდურესად ბინარულია – ისევ არის შავი და თეთრი, კაცი და ქალი.

მ.ქ.: მეც ქალი ვარ. და ახლა შიშველ ქალებს ვიღებ, რაც სინამდვილეში ჩემი სხეულის და სექსუალობის კვლევა უფროა. მაინტერესებს, შევძლებ თუ არა საკუთარი თავი შიშველი გადავიღო. 

ო.ი.: საქართველოშიც ასეთი ბინარულია გენდერი?

მ.ქ.: ძალიან. მე დღემდე ვცდილობ გავთავისუფლდე იმ კულტურული ნორმებისგან, რითიც გავიზარდე. მახსოვს, პირველად აქ რომ ჩამოვედი და ქალის იღლიაში თმა დავინახე – გული გამისკდა. არის რაღაცები, რაზეც დღესაც მაქვს რეაქცია. ამიტომ, გენდერის ნიშნები ისევ მაინტერესებს, რის წაშლასაც შენ ცდილობ. ახერხებ ამას? შეგიძლია, ისე გადაიღო პორტრეტი, რომ მისი სქესი უბრალოდ არ აჩვენო?

ო.ი.: განსხვავებულობა მე როგორც აზროვნების ფორმა მაინტერესებს, და არა როგორც იდენტობა. ვიცი, რომ ბევრი ამბობს, რომ არაბინარულია. მე არ ვიტყოდი ამას ასე, ცხადია, რადგან ნებისმიერი იარლიყი მინდა თავიდან ავირიდო. გამოსავალი იდენტობის უარყოფა და სხვა იდენტობის მორგება არ არის. გამოსავალია დაინახო კაციც და ქალიც უფრო ფართო კუთხით. დიახ, ვარ ქალი, მაგრამ არ მინდა ამან განმსაზღვროს. არაბინარულობა, როგორც აზროვნების ფორმა, უბრალოდ შორთქათია, ის მსოფლაღქმას გიმარტივებს, აღარ ახარისხებ, კატეგორიზებას აღარ ცდილობ. 

მ.ქ.: მგონი ბოლომდე მაინც არ მესმის, რას გულისხმობ არაბინარულ განსხვავებულობაში. 

ო.ი.: მინდა განსხვავებულობა დავინახოთ, როგორც არა რაღაცასთან დაპირისპირებული არსებობა, არამედ როგორც თვითმყოფადი არსებობა. აღიქვა, მაგალითად, ქალი ქალად, კაცთან დაპირისპირების ან შედარების გარეშე. ესაა ჩემი ოცნება. 

მ.ქ.: მოდი გადაღებაზე ვილაპარაკოთ. რატომ იღებ ფირით?

ო.ი.: ფირზე დიდფორმატიანი კამერით ვიღებ. ეს ძალიან ნელი და რისკიანი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამას ვაკეთებ, მაინც სულ ვშფოთავ ხოლმე, როდესაც ფირს ხელით ვამჟღავნებ. თვითონ ვბეჭდავ. ასე რომ, დრო მინდა ნამუშევრის ნახვამდე. ციფრული კამერით რომ ვიღებდე და ფოტოს ნახვა ნებისმიერ მომენტში შემეძლოს – ნამუშევართან დამოკიდებულება შემეცვლებოდა. ვნახავდი, რა გამოვიდა, მერე ისევ ვცდიდი, ალბათ სხვანაირად გადავიღებდი. საბოლოოდ კი, იქვე ვიქცეოდი საკუთარი თავის შემფასებლად და არა პროცესზე, არამედ შედეგზე ვიქნებოდი კონცენტრირებული. ჩემთვის ეს ამარტივებს, უფრო პრიმიტიულს ხდის თვითონ პროცესს. მოვდუნდები, რადგან ჩავთვლი, რომ დაფიქსირება, მომენტის გამოჭერა უფრო ადვილი იქნება, რადგან მილიონი ცდა მაქვს. კონცენტრაციას ვადუნებ. ფირზე კი, სულ რამდენიმე შანსი მაქვს, ამიტომ სულ მომართული ვარ, ბევრს ვფიქრობ და შემდეგ ვიღებ. 

მ.ქ.: მეც ამ პროექტის ნაწილი ვიყავი და ზუსტად მახსოვს – ოთხი საათი მიღებდი. არ არის ადვილი, ამდენი საათი გაატარო შენი კამერის წინ.

ო.ი.: როდესაც დიდხანს ვიღებ, უკვე ზუსტად ვიცი, რომ გამოვა. რთულია ისეთი პორტრეტის გადაღება, როგორიც შენია. ეს არ არის უბრალოდ ფოტო უკანა ხედით, შენ მოძრაობაში ხარ – ტრიალდები. და იქ ბევრი დეტალი მუშაობს, თან ფორმალურია, თმა უკან სამკუთხედით მთავრდება, ორივე ყური გიჩანს. სულ სხვა რამე გამოვიდოდა, ცალი ყური რომ ჩანდეს. ეს პატარა, სასაცილო დეტალები, სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონ ვიგრძენი ეს მომენტი. უეცარი მოძრაობა ამ უძრავ ფოტოში. ვიგრძენი რაღაცნაირი უსასრულო გზა.

მ.ქ.: მე თვითონ მოგწერე, შენს პროექტში მონაწილეობა მინდა-მეთქი. ასე არჩევ პროექტისთვის ხალხს, ყველა თვითონ გწერს?

ო.ი.: არასდროს ვაწყობ კასტინგს იმის გასარკვევად, არიან თუ არა ფოტომოდელები ქვიარები. ამიტომ მომწონს, თვითონ რომ გამოთქვამენ ხოლმე სურვილს. მნიშვნელოვანია, სადღაც გადაიკვეთოს ჩვენი გზები, რაღაც იდეური თანხვედრა გვქონდეს. რადგან ეს მაინც პოლიტიკური პროექტია. ვისაც არ ესმის, რას ვეძებ, არ ესმის ეს პოლიტიკა, ვერც იმას მიხვდება, საერთოდ რატომ ვაკეთებ ამას.

მ.ქ.: გენდერთან დაკავშირებით დღეს ალბათ ყველაზე მეტი კონტროვერსიაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ადევნებ თვალს ამ ცვლილებებს? 

ო.ი.: ცხადია, მაინტერესებს, თან უკვე ძველი თაობა ვარ. ჩემი სტუდენტები 98-99 წლებში არიან დაბადებულები. მე გამოვიარე ეს ცვლილებები, ვნახე გარღვევები. ჩემი პირველი ფოტოპროექტი, სადიპლომო ნამუშევარი იყო, რომელსაც „portraits of her“ ერქვა – ანდროგინული ქალების შავ-თეთრი პორტრეტების სერია. თითქოს მეც ალფონს ბერტილონისა და ფრენსის გალტონივით სხეულებზე სამხილებს, მინიშნებებს ვეძებდი. მაინტერესებდა ფემინურობა, როგორც ნარატივი, ფოტოს ფენომენიც, რომელიც თვითონ ქმნიდა ახალ გმირებს. მახსოვს, როცა ამ პროექტს ვაკეთებდი ლონდონში, თავი განსხვავებული მეგონა. ამ დროს გენდერით და სექსუალობით დაინტერესება უკვე მეინსტრიმი იყო. მერე წლები ვაკვირდებოდი ტრანსგენდერი კაცების თემს ლონდონში. ვუყურებდი, როგორ ნელ-ნელა იქცა ყველაფერი ბანალურ ყოველდღიურობად. ეს უზარმაზარი გარღვევაა. ჩემი ფოტოებიც სხვადასხვა დროს, სულ სხვადასხვანაირად იკითხებოდა. ახალი თაობა განსხვავებულად ხედავს გენდერს და სექსუალობას, რაც პოზიტიური ცვლილებაა. ეს უკვე მესამე ფემინისტური ტალღაა. თუმცა, ჯერ კიდევ ძლიერია თემთან მიკუთვნებულობის სურვილი, დაყოფის, კატეგორიზების ვნება და ამ სამყაროში ესეც გასაგებია. ამიტომ, ერთ დიდ აფეთქებას მაინც ვისურვებდი. 

მ.ქ.: პროექტში "Looking out looking in" სახელები არ გაქვს იმიტომ, რომ არ გინდა, რომელიმე სქესს მიაკუთვნო შენი გმირები? 

ო.ი.: ეგეც არის. არ მჭირდება ზედმეტი მინიშნებები. თან ჩემი პერსონაჟები ხანდახან იცვლიან სქესს, სახელს, ან სქესის შეცვლის პროცესში არიან. შეიძლება რამდენიმე წელიწადში აღარ მოუნდეთ ძველი სახელის გამოყენება. 

მ.ქ.: რასაც შენ აკეთებ, პროვოკაციაა?

ო.ი.: კი. პროვოკაციაა, რადგან მე გაურკვევლობას ვქმნი. თუკი, ადამიანები ადვილად ვერ აქცევენ შინაარსს რაღაც ჩარჩოში, ამას პროვოკაციად აღიქვამენ. წარმოიდგინე, ვიღაცას უყურებ, მოგწონს და ვერ არკვევ, კაცია თუ ქალი. განსაკუთრებით კაცი დამთვალიერებლები ღიზიანდებიან, ლამის გული გაუსკდეთ, რადგან ეს მათ იდენტობას ანგრევს და ამიტომ, შიშისგან ფეხქვეშ მიწა ეცლებათ.

 

ოსა იეჰანესონი