მულტიმედია პროდიუსერი, ემიგრანტი სირიიდან. ცხოვრობს ლონდონში 2016 წლის მაისიდან

რაც გავიზარდე, მას მერე ტარტუსიდან გამოქცევას ვცდილობ. ტარტუსი ზღვისპირა ქალაქია სირიაში, სანაპიროზე უამრავი ყავის სახლია, ზიხარ მაგიდასთან, სვამ იაფ სასმელს და თამაშობ კარტს ან ნარდს. მაშინ უფრო კარტს ვთამაშობდი.

ამ კაფეს პატრონი ერთი ჩუმი, ბებერი, ქრისტიანი კაცი იყო. სულ სადღაც კუთხეში იჯდა თავისთვის, ყურადღებას არ გვაქცევდა და ჩვენც ვიყავით ჩვენთვის. გიჟი ნაციონალისტების, ტოტალური კონტროლის ქვეყანაში, ფიქრიც რომ აკრძალული გვქონდა, ის კაფე ნამდვილი სამოთხე იყო. მაგრამ მალე მოგვბეზრდა, არ იყო საკმარისი, წინ ვერ მივდიოდით. თან ეს პარანოია, რომ სულ ვიღაც გაკვირდება და დაგდევს. ტარტუსში ძალიან რელიგიური ხალხი ცხოვრობს, სამი რელიგიური ჯგუფია – სუნიტები, ალავები და ქრისტიანები. ჩვენთან ყველანი იყვნენ. ისეთზე არაფერზე არ ვლაპარაკობდით, მაგრამ 16-25 წლის, ორმოცდაათი სუნიტი, ალავი და ქრისტიანი ბავშვი ამ ყავის ბარში, უკვე საეჭვო იყო. იქ, შეკრებების ყველაზე მეტად ეშინიათ.

ზაფხულში ჩვენ მამაჩემის აშენებულ აგარაკზე ვიყავით, ქალაქიდან ოცი წუთის სავალზე. უნივერსიტეტში არდადეგები მქონდა და მთელი დღე მამაჩემს ვეხმარებოდი მაღაზიაში. სახლში რომ დავბრუნდით, დედაჩემი აფორიაქებული დაგვხვდა, მამაჩემი გვერდზე გაიყვანა, სალაპარაკოდ. იქ დამხვდა დეიდაჩემიც, დამასკოდან ჩამოვიდა.

მამაჩემი მომიახლოვდა და ძაან სერიოზულად მითხრა: შენი მეგობრების სახელები ჩამომითვალეო. მეთქი, ბატონო?

ბავშვობაში ჩემი პირადი სივრცე იყო – გარეთ. სახლში არასდროს მქონია ჩემი ოთახი, დიდ ოთახში მეძინა, ამიტომ ეს „გარეთ“, პრინციპში მთელი სამყარო იყო ჩემთვის სახლი – ჩემი პირადი სივრცე.

რა სახელები გითხრა, სირიის უშიშროება ხარ თუ რა ხდება-მეთქი? მამაჩემმა, არ მეხუმრება და მიპასუხეო. ხოდა, მეც დავიწყე სახელების ჩამოთვლა. მესამე სახელზე სახეში სილა მომხვდა და მაშინ მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. რაში სჭირდება ამის ცოდნა, რა ხდება-მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხა. ვიღაცას მოუყოლია დედაჩემისთვის ბოდვები, როგორ ვგეგმავ თურმე პოლიტიკურ გადატრიალებას, რომ სატანას ვცემ თაყვანს, რომ სკოლის ბავშვებში ნარკოტიკებს ვავრცელებ.

მამაჩემმა მითხრა, აირჩიეო: ან მეგობრები, ან ოჯახი. ნუ მაწვები-მეთქი. დაგალეწავ მაგ თავს, გაწვები კი არაო. ამ დროს დეიდაჩემი ჩაერია და მამაჩემს უთხრა, სამირ, გეხვეწები, დამშვიდდი, რას აკეთებ, ხომ იცი, ეს მაინც მეგობრებს აირჩევსო. ამაზე მეც, მამაჩემმაც და დეიდაჩემმაც სინქრონში ამოვიოხრეთ და ამაზე ყველას გაგვეცინა.

მაგრამ მალევე დავსერიოზულდით. არაფრის თქმას არ ვაპირებ, სანამ არ მეტყვით, ვინ მოჰყვა ამ ამბებს-მეთქი. მერე გავჩუმდი და სახლიდან გავედი. დედაჩემმა გამასწრო და ჭიშკარი ხელებით დაიჭირა, რომ არ გავეტარებინე. ჭიშკარს გვერდი ავუარე, ღობეზე გადავხტი და ფეხით ვიარე შემდეგ ქალაქამდე. დავურეკე მეგობარს, რომელმაც მამამისის მანქანით მომაკითხა და ტარტუსში ჩამიყვანა.

ვიცოდი, სად მალავდა მამაჩემი ფულს, 5000 სირიული ფუნტი, სადღაც 100 დოლარი იყო, ავიღე და კაფეში წავედი. დილის 7 საათზე მეგობარს მივადექი სახლში. ღამე მასთან დავრჩი. რამდენიმე დღის შემდეგ ბიძაჩემი მოვიდა კაფეში, მოშორებით მაგიდასთან დაჯდა და თვალით მანიშნა, მოდიო, შეუმჩნევლად, რომ სხვებთან არ შევერცხვინე. გვერდით დავუჯექი: „მამაშენს უნდა სცოდნოდა, რომ უკვე შეგიძლია შენით გადაწყვეტილებების მიღება. მგონი შენი სათქმელი თქვი, ეხლა წავედით სახლშიო“. წავყევი.

იმ დღეს, როცა მომაკითხეს, მობილური დამრჩა სახლში. ჩემი მეგობრების სახელები დაშიფრულად, თან ინგლისურად მქონდა შენახული. ერთი გოგო იყო უნივერსიტეტში, ჯოი ერქვა, ვმეგობრობდით. არდადეგებზე უცებ მესიჯი მომწერა, სიყვარულს მიხსნიდა. ეგრევე მივხვდი, რო შეეშალა, ვიცოდი, სხვა მოსწონდა. ცოტა ნელა, ფისო, თორე სერიოზულად მივიღებ-მეთქი, გავეღადავე. 

უშიშროებიდან რო მოვიდნენ, იმ დღეს, დედაჩემი ეგრევე ჩემს ტელეფონში შეძვრა და მესიჯები გაქექა. ჯოის სახელი წაიკითხა, როგორც „ჯოვი“, და გადაწყვიტა, რო კაცი მწერს. ჰოდა, მამაჩემთან შუა ჩხუბის დროს, დედაჩემმა უცბად მკითხა: „და ეს ჯოვი ვინღაა?“ თავიდან ვერ გავიგე. გამიმეორა და ტელეფონი მაჩვენა. დედა, ამის დრო არაა-მეთქი და გავაგრძელე მამაჩემთან კამათი. მერე ეგვიპტეში რო ვცხოვრობდი, ერთ ბერძენ მღვდელს შევხვდი. ორივემ შევნიშნეთ, რომ ერთმანეთს ვგავდით, მაგრა ვიკაიფეთ ამაზე და ფოტო გადავიღეთ. ამ ფოტოზე ჩანს, თითქოს საყურე მიკეთია, არადა, ეგ ღილია. დედაჩემს გავუგზავნე და მივწერე, ნახე, ვინ ვიპოვე-მეთქი. პასუხი მომწერა „კი, გგავს, მაგრამ შეგიძლია მითხრა, რას ნიშნავს, როცა კაცი საყურეს ატარებსო?“ უკან თვალის ჩაკვრის ემოჯი გავუგზავნე. მეზარება ამის განხილვა და მტკიცება, რო, ღმერთო ჩემო, არ ვარ გეი, ამიტომ უბრალოდ ვიცილებ ხოლმე თავიდან. მერე ეს ეჭვები კლავს, იმიტომ რომ კარგი მზარეული ვარ და ვიცი ჭრა-კერვა. მისი აზრით, მზად ვარ იმისთვის, რომ გეი ვიყო.

მოკლედ, საბოლოოდ, ეს სიტუაცია ტარტუსში აუტანელი გახდა. წლები სკოლის დამთავრებას ველოდებოდი, რო იქიდან მომეხია, იმიტომ, რომ ტარტუსში უნივერსიტეტი არ იყო და ეს იყო ჩემი ბოლო შანსი. მაგრამ ზუსტად იმ წელს, მე რო სკოლა დავამთავრე, დედამოტყნული უნივერსიტეტი გახსნეს.

ჩავაბარე. მამაჩემს ეგონა, რო გამოცდებს ვაბარებდი და კარგად ვსწავლობდი. მე კიდე, ერთ დღესაც, უბრალოდ, შევწყვიტე უნივერსიტეტში სიარული. ლექტორს ვეკამათე, რომელიც რაღაც სისულელეს გვაჯერებდა. წიგნი მეჭირა ხელში და ციტატებს ვიმოწმებდი, რომ დამემტკიცებინა, რომ რასაც ვამბობდი, სიმართლე იყო. მოკლედ, გამომაგდეს, მაგრამ მამაჩემს მოვატყუე, ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე-მეთქი.

ახლა რას აპირებო? დამასკოში მაგისტრატურის გაკეთება მინდა-მეთქი. კაპიკს არ მოგცემო. რა პრობლემაა, ვიმუშავებ და მე თვითონ გადავიხდი-მეთქი. ასე წავედი დამასკოში. ჯერ ერთი თვე მეგობრის ბინაში დავრჩი, მერე მუშაობა დავიწყე მულტფილმების არხზე თარჯიმნად. პარალელურად ვმუშაობდი ბარმენად სასტუმროში. არანაირი გეგმა არ მქონია, მთავარი იყო, ტარტუსს დავაღწიე თავი.

დამასკოში ჩემს მამიდაშვილს შევხვდი, იცნობს კარგად მამაჩემს, იცის, რა ტვინდახშულიცაა და როგორ გამოგიშვაო. მოვატყუე, რო დავამთავრე-მეთქი. შე იდიოტო, ეხლა რამდენი ხანი გჭირდება სწავლაზეო. მეთქი, ორი წელი. მერეო? მერე ან მე მოვკვდები, ან სულთანი, ან ვირი-მეთქი. ეგეთი გამოთქმაა. ეს დემონსტრაციების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება. ექვს თვეში დაიწყო არეულობა, მაგრად გამიმართლა, უკვე დამასკოში რო ვიყავი, თორემ ტარტუსი ულტრაფაშისტური, პროსამთავრობო, დედამოტყნული ქალაქია, სადაც დაკრძალვებიც კი დემონსტრაციებში გადაიზრდება ხოლმე, მაგრამ ადვილად შლიან. მაგ აქციებს მე „ფლეშმობ-დემონსტრაციებს“ ვეძახდი, რაც გულისხმობს შეკრებას და ეგრევე გაქცევას, იმიტომ, რომ ერთ ადგილას რამდენიმე წუთზე მეტხანს დგომას ვერ ახერხებ, ეგრევე გშლიან.

დამასკოში პროტესტი უფრო ადვილი იყო. მე დავიწყე გეტოში სიარული, სადაც ძირითადად გოლანის მაღლობიდან დევნილი სირიელები და პალესტინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. იქ დემონსტრაციებზე დავდიოდი ჩემს მამიდაშვილთან ერთად, რომელიც იქვე ცხოვრობდა. ბიძაჩემიც დადიოდა ჩვენთან ერთად. მამაჩემი უკვე ეჭვობდა, რო დემონატრაციებს მეც შევუერთდებოდი და ყოველ პარასკევს ბიძაჩემს ურეკავდა ხოლმე, ეს კიდე ლაუდსპიკზე რთავდა. შარში არ გახვიო ეგენიო, – მამაჩემი აფრთხილებდა. ბიძაჩემი ამ დროს თვალს გვიკრავდა.

ბოლო დემონსტრაციაზე მე და ჩემი მამიდაშვილი ვიყავით. ვუყურებდით, როგორ გვიახლოვდებოდნენ ნელ-ნელა ძალოვანები. დიდი კოლონა მოდიოდა, ავტობუსებიდან და პიკაპებიდან AK47-ები ჰქონდათ გამოშვერილი. ბევრს ფორმაც არ ეცვა. ამ დროს გული გიჩქარდება შიშისგან, თვალებში გიყურებენ და შენც ხვდები, რო ამათ არაფერი მოეკითხებათ, ჩვეულებრივი დაქირავებული ბოევიკები არიან.

ჰოდა, მოგროვდნენ ერთ ადგილას, საპირისპირო მხარეს. დემონსტრანტები ქუჩის შუაში შევიკრიბეთ, დაგვიშვეს და გამოვარდნენ, ჩვენ გავიქეცით.

მე და ჩემი მამიდაშვილი ვიღებდით ყველაფერს. გადაღებისთვის ორი კაცი იყო საჭირო. ერთი იდგა მოსახვევთან, კედელს აკრული და კამერა გაყოფილი ჰქონდა ქუჩაზე, სადაც ახლოს ეგენი იდგნენ. მეორე კაცი ქუჩის მეორე მხარეს იყო, უფრო ფართო ხედი ჰქონდა და ხედავდა, როდის დაიძვრებოდნენ ისინი, რომ დაეძახა, გაიქეცითო.

ბოლოს ორივე მივრბოდით. მერე უცბად სამი გამეჩითა წინ. შეხვევაც ვერ მოვასწარი, ფეხი ამისრიალდა, ფეხსაცმელი გამეხა და წავიქეცი. თხუთმეტი ტიპი, რამდენიმე წუთი გაუჩერებლად მირტყამდა. მერე ავტობუსამდე მიმათრიეს, თან მირტყამდნენ და ელექტროშოკერს მადებდნენ.

მიწაზე რო ვეგდე, მახსოვს კადრი ჩემი უმცროსი მამიდაშვილის ფეხსაცმელებით, თავქუდმოგლეჯილი რო გარბოდა. ამ ფეხსაცმელს ფრთები ეხატა, დემონსტრაციებისთვის იყიდა, ძალიან უხაროდა და ამიტომ დამამახსოვრდა. ბოლოს იმასაც აუცდა ფეხი და ჩემ გვერდით დაეცა, ორივე ერთად წაგვათრიეს.

დამასკოს უშიშროების შენობაში მიგვიყვანეს, დიდი ღობით იყო გარშემორტყმული. ავტობუსი სავსე იყო დაკავებულებით. შეგვიყვანეს და დაგვაყენეს სახით კედელთან. თან, ვიღაც AK47-ს ტენიდა, ვითომ უნდა ესროლა.

რაღაც მომენტში, მივხვდი, რო ჩემზე კამათობენ, ეს მგონი ტარტუსიდან არიო. რო გავიგე ჩემზე ლაპარაკობდნენ, თამაში დავიწყე, ვითომ ძაან ცუდად ვარ. მე და ჩემს დეიდაშვილს გვესროლეს საფანტის თოფი, კიდევ კარგი, ცოტა მოშორებით ვიყავით, ამიტომ ძაანაც არ დაგვაზიანა, მაგრამ, ზურგზე სისხლის თბილ ნაკადს ვგრძნობდი. ხელებიც დასიებული მქონდა ელექტროშოკისგან. ვაფერისტობდი, ვითომ ფეხზე ვერ ვდგებოდი, რამდენჯერაც ამაყენებდნენ, იმდენჯერ ვეცემოდი. ერთადერთი, რასაც ვითხოვდი, წყალი იყო. რა თქმა უნდა, წყალს იქ არავინ მომცემდა.

მერე ვიღაც შემოიყვანეს ოთახში, ექიმს ჰგავდა, ჩემზე უთხრეს, ეს ტარტუსიდან არისო. სხვა შენობაში გამიყვანეს. ონკანზე მანიშნა, სახე დაიბანეო. სარკეში სახე სულ წითელი მქონდა, ვერ მივხვდი, სისხლი იყო თუ რა. შარვალიც სისხლში მქონდა ამოსვრილი. ერთადერთი, რაზეც მაშინ მეფიქრებოდა, მამაჩემი იყო – ამ დამცირების ატანა რო უწევდა, ამხელა ფულის გადახდა, ძალიან მრცხვენოდა.

ონკანთან წუწაობის დროს, ორი კაცი შემოვიდა დაკითხვაზე. მე ექიმი მიმოწმებდა ჭრილობებს და თან ათას სამედიცინო ხსნარს მასხამდა ზედ, ისე ამეწვა, ტირილი დავიწყე. ყველაფერს ვიღონებ, რომ შენი თავი გავაშვებინოო, ჩუმად მითხრა. ჩემი მამიდაშვილიც აქაა, არც ერთი არაფერ შუაში არ ვართ, დავიკარგეთ და არეულობაში მოვხვდით-მეთქი. ვეცდებიო, მითხრა და თავი შემიხვია. მერე ორი ჯარისკაცი ამომიდგა აქეთ-იქიდან და გამათრიეს, ჭიშკართან მივხვდი, რო მიშვებდნენ. და უცბად ეზოში ეს ძაღლები შემოლაგდნენ, ვინც გვერდზე გამიარა, ყველამ სათითაოდ ჩამაზილა. მანდ მართლა დავკარგე გონება. გარეთ, ქუჩაში ვეგდე, თვალი რო გავახილე.

იქვე იდგა დაცვა, ძალიან ხმადაბლა მითხრა, საავადმყოფოში არ წახვიდეო. არც ვაპირებდი. ხანდახან ხვდები, რო ზოგი იქ საკუთარი ნების წინააღმდეგაა. ჩემი უფროსი მამიდაშვილიც ვიპოვე, გაქცეულა, რაღაც შენობაში იმალებოდა. ერთი პატარა ორგანიზაცია იყო – „დამასკოს საიდუმლო ექიმები“, დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ სამედიცინო დახმარებას სხვანაირად ვერ მიიღებდი. მოკლედ, ჩემ გასასინჯადაც მოვიდა ექიმი იქიდან, თავის ქალაში გაჭედილ საფანტს ვერაფერი უქნა, გადამიხვია და წავიდა.

რამდენიმე დღეში მეგობარმა მომაკითხა მანქანით და მე და ჩემი მამიდაშვილი ტარტუსში წაგვიყვანა. იმასაც უნდოდა ცოტა ხნით გაცლოდა იქაურობას. არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. სანდო ექიმთან მივედით. გარეთ ერთი მოტოების შემკეთებელი ბიჭი იყო და იმან მითხრა, შიგნით რო იყავი, სამხედრო დაზვერვა იყო და შენზე კითხულობდნენ, აქ რას აკეთებს, თავზე რა სჭირსო. მადლობა გადავუხადე და წამოვედით.

რამდენიმე დღეში, მამაჩემმა დამირეკა, სად ხარო. ვერ ვიტან, ამას რო მეკითხებიან და ასეთ დროს ვპასუხობ ხოლმე იმას, სად არა ვარ. სახლში არ ვარ-მეთქი. შენი პასპორტი მოიტანე და ეხლავე მოდიო. მამაჩემის მაღაზიაში შევხვდით, ეხლავე ლიბანში უნდა გაიქცეო, მითხრა. იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. მათთან წავედი. მშობლები და ჩემი დები ერთ კვირაში ჩამოვიდნენ და ჩამომიტანეს პასპორტი, დუბაის ვიზით. დამასკოში ერთად ჩავედით. დიდი საზღვრების გადაკვეთა ადვილია, როცა კორუფცია ყვავის. მამაჩემს რამდენიმე ადგილას დარეკილი ჰქონდა და აეროპორტში უპრობლემოდ გავიარე საზღვარი.

მამაჩემის მაღაზიაშიც მისულან, მე მეძებდნენ, ამიტომ გამიშვა ლიბანში, დრო რო მოეგო ვიზის გასაკეთებლად. მეც მაწყობდა. ჯერ იქაურობას გავეცალე და მეორე – უნივერსიტეტის დამთავრების თონთლო ტყუილიც ხახვივით შემრჩა.

მე რო გავიქეცი, ომი ჯერ არ იყო დაწყებული.

მერე დავაწექი დუბაიში. იქ სამსახურსაც ვიშოვნიდი, მაგრამ ექვსი თვის მერე მივხვდი, რომ ეს რევოლუციობანა მალე არ დამთავრდებოდა. იქ დიდი ხნით დარჩენა კიდე, ნაღდად არ მინდოდა. სირიიდან იმიტომ კი არ გამოვიქეცი, დუბაიში რო მეცხოვრა. საშინელი დისკრიმინაციული ქვეყანაა, ჰაშიშიც კი არ აქვთ. იქ არ არის იმის ადგილი, ვინც ცოტა ფულს აკეთებს. მარტო იმდენს ვშოულობდი, რომ მეარსება. თან ძალიან ცხელა, რასაც ვერ ვიტან, მაგრამ ოჯახს ნაღდად ვერ ვეტყოდი, დუბაიში აღარ მინდა იმიტომ, რომ ცხელა და ჰაშიში არ არის-მეთქი. ერთ დღესაც გავიგე, რომ დუბაის მთავრობამ სირიელებისთვის სამუშაო უფლების გაცემა შეწყვიტა და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი შანსი – დუბაის დატოვების ლეგიტიმური მიზეზი. მამაჩემს დავურეკე და ავუხსენი, ასეა-მეთქი. ეგვიპტეში წავედი და იქ წელიწად-ნახევარი შემოვრჩი. ყველაფერი დუბაის საპირისპირო იყო – ნაკლები სიცხე და ბევრი ჰაშიში. თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. კარგად აეწყო ყველაფერი, მაგრამ მალე ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. თან სირიელების წინააღმდეგ დიდი კამპანია მიდიოდა და ერთ ღამეში, ეგვიპტელებისთვის თითქმის ტერორისტებად ვიქეცით.

კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, საღამოს მეგობართან ტაქსით წავედი, ღამე მასთან ვრჩებოდი. ტაქსის მძღოლი გამომეცნაურა, საიდან ხარო. სირიიდან-მეთქი, არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე. არაფერი უთქვამს, უბრალოდ, კაიროს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რო ჩავუარეთ, სადაც უამრავი პოლიციის მანქანა იდგა, ერთთან მიაჩერა და აგერ, სირიელი მიზისო, უთხრა. მანქანიდან გადმომიყვანეს და კითხვები დამაყარეს. ერთ-ერთმა პასპორტი წამართვა და მიწაზე დააგდო. სირიელისთვის პასპორტის დაკარგვა ჯოჯოხეთი იყო, იმდენი საბუთი დამჭირდებოდა, არც დრო მქონდა მაგის, არც ფული და არც გარანტია, საერთოდ რომ ავიღებდი. ნელა დავიხარე და ძალიან ფრთხილად ავიღე მიწიდან, თან პოლიციელისთვის თვალი არ მომიშორებია. ტერორისტი ხარ თუ არაო, მეკითხება. მე ამ დროს გრძელი თმა მაქვს, დიდი წვერი და საყურე მიკეთია – ცოტა დაიბნა. ყურზე რა გაქვსო, მკითხა. საყურე-მეთქი. საყურეო? მაგრა დამცინა. ამ დროს პოლიციის მანქანამ ჩაგვიარა სტვენით, იმათ მოაძახეს, წაიყვანე და უკან, სირიაში გაუშვიო. ტიპმა მანქანაში, საათს დახედა, 8 საათი ხდება, გაუშვიო. ალბათ მართლა არ მიპირებდნენ დადეპორტებას და უბრალოდ ღადაობდნენ, მაგრამ იმ მომენტში შიშისგან კინაღამ ჩავიფსი. ბოლოს მითხრეს, აკრიფე შენი მძღნერი და აქედან გააჯვიო. ზუსტად ეგრე მოვიქეცი. ორ დღეში ავკრიფე მთელი ჩემი მძღნერი და თურქეთში გავფრინდი.

მგონი სირიაში საქმე არ არის ჩემ წინააღმდეგ აღძრული, მაგრამ wanted სიაში ნაღდად ვარ. ეგ სია სამუდამოა, საზღვარს გადავალ თუ არა, ეგრევე ამიყვანენ. თურქეთიდან შეპარვა რო ვცადო, აჯანყებულების კონტროლირებადი ტერიტორიიდან, არც ეგ ივარგებს – ისლამისტები აკონტროლებენ და მე ტარტუსიდან ვარ, ასე, აყვანას დიდხანს ვერ გადავურჩები. ლიბანიდან შესასვლელებს ჰეზბოლა აკონტროლებს.

თურქეთში ორი წელი გავატარე. იქ ვცხოვრობდი ჩემნაირ დევნილებთან ერთად, ისინიც ახალგაზრდა ტიპები იყვნენ, ოჯახების გარეშე, მიჯაჭვულობების გარეშე, ვინც ცხოვრობენ ამ სოციალური უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე, მნიშვნელობადაკარგულები, ყველაფერი რო კიდიათ, საერთოდ რო აღარ ანაღვლებთ, რა ხდება გარშემო – ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ასე. ყველა ჩემი მეგობარი ნელ-ნელა ეცემოდა, უკვე ფიზიკურად ნადგურდებოდნენ, დეპრესიულები, სუიციდურები ან ჰიპერაქტიულები ხდებოდნენ და უკვე ბოდვებში მიდიოდნენ. მე რაღაცნაირად შევძელი სრულ ჭკუაზე დარჩენა, თან ამ ჩემს მეგობრებს დავდევდი, რამე სისულელე რომ არ გაეკეთებინათ.

რაღაც მომენტში ერთს პარანოია დაეწყო. ეგონა, ყველა მის მოკვლას ცდილობდა და გადაწყვიტა, ორი თვითონ მოეკლა, ერთ-ერთი მისი შეყვარებული იყო. აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც ორი მეგობრის სიკვდილისგან დახსნას ვცდილობდი მესამისგან. რაღაცნაირად შევძელი ამის შეჩერება, მაგრამ ზუსტად იმ დღეს, როცა ეს დასრულდა, მეოთხე მეგობარი აივნიდან გადახტა. წინა დღეს დამირეკა, ლაპარაკი მინდაო, მე ვუთხარი ხვალ ვილაპარაკოთ-მეთქი და იმ ღამეს გადახტა.

ალბათ ეს პოსტტრავმატული დეპრესიის რაღაც ვერსია იყო, ტრავმა სულ უკან ბრუნდებოდა. არადა, ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებით ვცხოვრობდით. ჩვენი ღირებულებების გვწამდა, რაღაცნაირად ინტერნეტმაც დაგვაჯერა, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში იზიარებდნენ ჩვენს იდეებს – თავისუფლებას, თანასწორუფლებიანობას.

თურქეთში თანდათან დამძიმდა სიტუაცია, მთავრობა სირიელ დევნილებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებდა. იჭერდნენ ხალხს და უკან, სირიაში გზავნიდნენ, რაც ზოგისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მე ვღადაობდი, ევროპაში იქამდე არ წავალ, სანამ თვითონ ევროპა არ შემეხვეწება-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ ევროპა მართლა შემეხვეწა, ჩამოდიო.

რაღაც ჟურნალისტური დაჯილდოების ცერემონიაზე მიმიწვიეს ლონდონში. მივწერე, ისედაც საბუთების ფობია მაქვს და ძალიან გთხოვთ, ბევრი არ მაწვალოთ-მეთქი. არც მეგონა, რო ვიზას მომცემდნენ, თურქეთში ჯერ ლეგალური ცხოვრების უფლება არ მქონდა, არც ბანკის ანგარიში. სერიოზულად მიიღეს და საბუთები დამიმზადეს – ორწლიანი მულტივიზა მომცეს. სამი წელია, რაც ლონდონში ლტოლვილის სტატუსით ვარ. იქამდე, ცოტა ხნით ეკვადორში ვიყავი და მერე ისევ დავბრუნდი, პასპორტზე ვადა გამდიოდა. მინდოდა, ბოლოს და ბოლოს ლეგალურად მეცხოვრა სადმე, თავისუფლად გადაადგილება შემძლებოდა, აეროპორტში გვერდზე გაყვანების გარეშე, მემოგზაურა ქვეყნებში, არა იმიტომ, რომ ლტოლვილებისთვის ბენეფიტები აქვთ, ისე, უბრალოდ.

მესიკვდილებოდა მამაჩემისთვის უნივერსიტეტში ჩაჭრის ამბის თქმა, სულ კბილებიდან გამოვცერი, მაგრამ გამივიდა. ტყუილით პრობლემებს ვერ გაექცევიო, მეუბნებოდნენ. მე კიდე მგონია, რომ ხანდახან ზუსტად ეგ მუშაობს, აქამდე ჩემთვის ეგრე იყო და ჯანდაბას, თუ მომავალში ყველაფერი უკან დამიბრუნდება, ისევ გავიქცევი.

ეგ არის, რომ სირიაში ყოველთვის ვიცოდი, რა შეიძლებოდა ყველაზე უარესი ან ყველაზე მაგარი მომხდარიყო, ეს რაღაცნაირ თავისუფლებას გაძლევს, იცი შენი ფარგლები, მერე შესაბამისადაც იქცევი. არსად სირიის გარეთ, ეს არ მქონია, ამის შეგრძნება დავკარგე. სხვაგან სულ გული მისკდება პოლიციაზე, იმიტომ, რომ არ ვიცი, სხვა სისტემაში როგორ უნდა ვიმოქმედო. მიყვარს კანონის დარღვევა, მაგრამ მეშინია, იმიტომ, რომ არ ვიცი, სხვაგან რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

თორემ ეს „სახლი“, სიმართლე რო ვთქვა, არც არასდროს მიგრძვნია. ვცხოვრობდი ტარტუსში და იქაურებისთვის დამასკოელი ვიყავი, დამასკოში – ტარტუსიდან – ორივე ქალაქში აუტსაიდერი. სახლი არ არის მაინცდამაინც ადგილი, რომელსაც ვეძებ. ეს უფრო გრძნობაა ჩემთვის, რასაც ადამიანების მიმართ განვიცდი.

სიმართლე გითხრა, არც ევროპაში ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ, აქაც შეიძლება ყველაფერი წამში შეიცვალოს. სახელმწიფო ინსტიტუციები ყველგან დაუნდობელია, თუ მათი სამიზნე აღმოჩნდი. მე მარიჰუანას ვეწევი და ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამის გამო გამიხურონ, არადა, არავის არაფერს ვუშავებ.

არ ვიცი, ეს დაცულობის განცდა როგორ დავიბრუნო. ვატყობ, რომ ნელ-ნელა უფრო ცინიკური ვხდები და რაღაცეებს სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ.

ეხლა უკვე სიზმრებს ორივე ენაზე ვნახულობ. ინგლისურად სიზმრები უაზრო და სწრაფია. სიზმრები არაბულად, მგონი, ერთი და იმავეს სხვადასხვა ვერსიაა. ჩემი მეგობარი სცენარს წერს რაღაც სიურრეალური, მუსიკალური ვიდეოსთვის, რომელშიც ამ სიზმრების შეჯამებას ცდილობს და აღმოჩნდა, რომ ბევრი სირიელი, ვისაც ელაპარაკა, თითქმის ერთნაირ სიზმრებს ხედავს. მეც, სადღაც, უცხო ადგილას ვარ. უცხო შენობაში. გზის გაგნებას ვცდილობ და ვხვდები, რომ არაა ადვილი ამ შენობაში ნავიგაცია. მერე იქაურობა რაღაც ტრანსპორტად გადაიქცევა, ვიწრო კორიდორში პატარა კარს ვამჩნევ. ვხვდები, რომ შემდეგი გაჩერება ჩემი ქალაქია და გული მისკდება იმიტომ, რომ საზღვარი უნდა გადავლახო და არ ვიცი რა მელოდება იქ. ეს არის სიზმარი, რომელიც მეორდება.

ჩემი ოჯახის წევრები არ მესიზმრებიან. მაგათ ველაპარაკები ხოლმე. სისულელეებზე ვლაპარაკობთ. ჩემი მშობლები კარტს თამაშობენ და მიყვებიან, ვინ ვის მოუგო. მარტო ის მინდა ვიცოდე, რომ კარგად არიან და არავინ აწუხებს, რომ ჩემი პატარა და უსაფრთხოდაა. მინდა იქიდან წამოვიდეს.

მეგობრები ძალიან ჩაიკეტნენ, მგონია, რომ ნელ-ნელა იკარგებიან.

ორი წლის წინ, უცებ მამაჩემი გაქრა, ვერ პოულობდნენ. ეხლაც არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა. ოჯახის წევრებისგან აგრესიას ვგრძნობდი, თითქოს მე მაბრალებდნენ. მე კიდე ბევრ რამეზე ვერ ველაპარაკები, ვერ ვეკითხები, იმიტომ რომ ვიცი, ყველაფერი ისმინება. როგორ ხარ, კარგად, თქვენ როგორ ხართ, რა ხდება, ყველაფერი კარგადაა – რაც ნიშნავს იმას, რომ მთლად საშინლად არ არის. არც ვიცი, რა შეიძლება ვკითხო, ამიტომ ძირითადად ვუსმენ ხოლმე და ვცდილობ გამოვიცნო, რას გულისხმობენ.

როცა დაბრუნებას წარმოვიდგენ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს იმდენი ხნის მერე იქნება, ჩემი მშობლები, ალბათ, ცოცხლებიც აღარ იქნებიან. ალბათ, დავბრუნდები იქ, სადაც ყველაფერი შეცვლილია და მე ყველაფერს ჩემს მოგონებებს შევადარებ და ეს მაგარი სიურრეალური იქნება.

იშვიათად, როცა დედაჩემი ყურს მოჰკრავს, რომ ვინმე აქეთ მოდის, საჭმელს მიგზავნის. ისე მერიდება, სულ ვამბობ, აღარასდროს მივცემ-მეთქი ამის უფლებას. დიდი ქილით მიგზავნის ტრადიციულ სირიულ საჭმელს, რომლის წამოღებაც ვიღაცას უნდა ვთხოვო, მერე შეხვედრაზე შევუთანხმდე. ამ დროს, ეგ საჭმელი აქ სუპერმარკეტშიც იყიდება.

რიმანს ჩემები არ იცნობენ. რაღაცნაირად მერომანტიკულება ის, რომ რიმანი ერაყიდანაა, მე კი სირიიდან. ჩემი შეყვარებული არაბია, ოღონდ სხვა ქვეყნიდან და თითქოს ეს უფრო მეტად მაკავშირებს იმ დიდ სოციო-პოლიტიკურ სივრცესთან, რასაც არაბული სამყარო ჰქვია.

ერთად რო გვხედავენ, გვეკითხებიან საიდან ხართო. სირია და ერაყიო, ვპასუხობთ. ვინც არაბებთან მუშაობს, იცის, ეს რას ნიშნავს, ორივე ქვეყანაში ჯოჯოხეთია ახლა.

მე და რიმანს ეს სხვანაირი რომანტიკა გვაკავშირებს, ჩვენ ერთმანეთთან „იქაურები“ ვართ. უსიტყვოდ ვგრძნობთ ამ, ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალური კლიმატის რეგიონს და ვიცით, რომ ჩვენ თვითონაც ამ პროცესების შედეგი ვართ.

და ეს არის ამაღელვებელი, თორემ ცალკე აღებული სირია ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ადგილია, ერთი მძღნერი ადგილი და რაც მე მენატრება სირიაში, ისაა, რაც ჯერ არასდროს მქონია.

აი, რო ვხედავ მებაღეს, რომელიც ვაშლის ხეებს უვლის, ვუყურებ და ვხვდები, რომ ამ ტიპს სხვა არაფერი სადარდებელი არ აქვს, თავისი ხეების გარდა, არ სჭირდება საკუთარი თავისთვის ეგზისტენციალური კითხვების დასმა. აი, ეგ მინდა – რამე, რასაც ვაკეთებ და იმით ბედნიერი ვარ. და აღარ მჭირდება ეს კითხვები: აბა, სადაური ვარ, აბა, ვინ ვარ მე ეხლა.