მე

ბუდაპეშტმა სეირნობა შემაყვარა, ყოველდღე დავსეირნობდი. ჩემი მარშრუტი დუნაის ქვაში გამომწყვდეულ სანაპიროებს მიუყვებოდა. 1910 წელს აშენებულ უზარმაზარ თეთრ მონოლითში ვცხოვრობდი, ზედ მდინარის სანაპიროსთან, მარგიტის მკვიდრად ნაგებ ხიდთან ახლოს. ჩემი ბინის ფანჯრებიდან გაღმა ნაპირზე ბუდას ლამაზი გორაკები, ციხესიმაგრე, ციხე-დარბაზი და მწვანეში ჩაფლული აგარაკები მოჩანდა, ხედი, რომელიც ღამღამობით ჩემს წარმოსახვას მთლიანად იპყრობდა. „აი, ჩემი ბარათი – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უნგრეთში...“, – ხუმრობით ვაწყნარებდი მოულოდნელი სილამაზით აღელვებულ სტუმრებს.

ქარიან დღეებში სანაპიროს მივუყვებოდი, ხიდს არც კი ვჭრიდი. მოუსვენარი პეშტი და ცუდი ამინდი ერთმანეთს უხდებოდნენ. სეჩენის პროსპექტის გადაკვეთით აუჩქარებლად ჩავუვლიდი ტრამვაი N2-ის გაჩერებას და უნგრეთის პარლამენტის შენობასთან ჩამოვდიოდი (მე იგი ქვის ტორტს მაგონებს). სასტუმრო „ოთხი სეზონის“ გვერდის ავლით ლამაზ ჯაჭვის ხიდზე გადავდიოდი. თუ სანაპიროდან მალევე გაუხვევთ, ქალაქის სიღრმეში აღმოჩნდებით.

ბუდაპეშტმა მარტოობის ატანას შემაჩვია.

უნგრული, მღერადი, თითქოს სხვა პლანეტიდან მოსულების ენა, ჩემთვის მიუვალი ციხესიმაგრე აღმოჩნდა, რადგან ვცხოვრობდი მხოლოდ ბგერებს შორის, რომლებსაც არა და არ სურდათ სიტყვებად და ფრაზებად ან საუბრად გარდაქმნა, ამიტომაც ჩავიქნიე ხელი მადიარულის შესწავლაზე – ამ სიტყვების მერე – გამარჯობა, გმადლობთ, გეთაყვა – ნაბიჯი ვეღარ წავდგი. თვლა სამამდე ვიცი: „ედ, კატორ, ხარუმ...“.

ზოგჯერ, როცა მარტოობის შემოტევებს ვგრძნობდი, ამინდი კი მელამუნებოდა, გრძელი მარგიტით, რომელზეც უწყვეტ ნაკადად მიიჩქაროდნენ ავტომობილები და ტრამვაები, ბუდაში მივდიოდი, აგარაკების, მოყვითალო სახლებისა და მუზეუმების რაიონში. აქ, ბუდაში, დედაქალაქის ცხოვრების ორომტრიალი არ იგრძნობა, ლამაზი ბუდა სულ ძილ-ბურანშია. ხმაურიან მოსკოვის პროსპექტს რომ გავცდებოდი და გადაშენებულ არისტოკრატთა ბაღებში ჩაფლულ ძველი სახლების დამსკდარ ბათქაშს წავაწყდებოდი ან მდინარის ხედებს სადღაც ქვემოთ, მოთეთრო-მოყვითალო პეშტი ნათელ სევდას მგვრიდა.

ეს მელანქოლია, ეტყობა, აქაურობის თავისებურებაა. სკამზე ჩამომჯდარი, პირით ლამაზი ხედისაკენ, წიგნს ვკითხულობდი (ან სხვა რა უნდა აკეთო ბუდაში?).

ბინა დიდი და ნათელი იყო. საღამოობით სიბელიუსს, ბარტოკსა და მალერს ვუსმენდი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „სად მიმიყვანს ასეთი ცხოვრება?“

ერთხელ ქალაქის ძველ ნაწილში სეირნობისას პატარა შესახვევში წავაწყდი აბრას, რომელზეც ეწერა, რომ აქ იყო უნგრეთის გრაფიკოსთა კავშირის სახელოსნო. ჩემდა გასაკვირად, აბრა ორენოვანი იყო, რაც დიდი იშვიათობაა უნგრეთში, რადგან უნგრელები გიჟდებიან მშობლიურ ენაზე.

„ეს უნდა იყოს...“ – გავიფიქრე ჩემთვის.

მტვრიან ფანჯარაში შევიჭყიტე. წვერიანი კაცი ლითოგრაფიულ ქვას ენერგიულად ამუშავებდა. ლითოგრაფია ბეჭდვის უძველესი გრაფიკული ტექნიკაა. ჩემ გარშემო ყველაფერი – სახელოსნო, წვერიანი კაცი, ქუჩაც, ელეგანტურაივნებიანი სვეტებიანი შენობებიც – დროს მოსწყდნენ. „მე-19 საუკუნე...“ – გამიელვა გონებაში.

წვერებიანმა თვალი მომკრა და შინ შემიპატიჟა.

კარი შევაღე, ვეკითხები:

„იცით ინგლისური?“

„კი, ფრანგულიც... რით შემიძლია გემსახუროთ?“

„მხატვარი გახლავართ, შეგიძლიათ, დამეხმაროთ, რომ ჩემს პროექტებზე აქ ვიმუშაო?“

„კი, ბატონო... უმნიშვნელო საფასურის სანაცვლოდ...“ – ჩაილაპარაკა ცოტა შემცბარმა.

„გმადლობთ...“ – ყურადღებით ვათვალიერებ სახელოსნოს შენობას.

„ლასლო...“ – გამომიწოდა ხელი ჩამოსართმევად.

„ლადო...“ – შევაგებე პასუხად.

 

ისტორია. დასაწყისი

უნგრეთის მკვიდრნი ჯიუტნი არიან. რაც ჩემს აღფრთოვანებას იწვევს, რადგან უნგრეთის ისტორია უბედურებებთან ბრძოლის ისტორიაა. ამ მიწას ახსოვს რომაელები, ჰუნები, კელტები, მაგრამ მათ, ვინც ამ მიწის დაპატრონებას ცდილობდა, არც იცოდნენ დუნაის ნაპირებზე გადაჭიმული მზით გაჩახჩახებული ველების, ვენახებისა და გორაკების არსებობის შესახებ. მე-9 საუკუნეში ურალის მთებიდან დაძრული მეომართა მოდგმის მრავალრიცხოვანი ჯარი არპადის წინამძღოლობით ამ მხარეს მოადგა ნახევარი კონტინენტის გავლის შემდეგ და შუა ევროპაში დასახლდა. დასავლეთი ციმბირიდან აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროები გაიარეს, კავკასიონი და კარპატები ჩამოიტოვეს და ევროპის შუაგულს მოაღწიეს, გზა რთული და სიძნელეებით სავსე იქნებოდა, რამაც მომავალი უნგრელები, გნებავთ, ყოფილი უნგრო-ფინელები, კიდევ უფრო განამტკიცა. „ღმერთო, დაგვიფარე მადიართა ისრებისგანო...“ – ამოიკითხავთ ლოცვა-ვედრებას ევროპულ ქრონიკებსა თუ მანუსკრიპტებში, მათი შემოჭრის შემდეგ რომ იწერებოდა.

მხატვრები

რამდენი უცნაური პერსონაჟი ვიცი, საკუთარ თავს მხატვრებს რომ უწოდებენ, სინამდვილეში კი უაზრობით არიან გატაცებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი ნიუ იორკში გავიცანი. ანდრაში ერქვა. ჭიპში დაგროვილი ბურტყლისგან მინიატურული ქანდაკებების შექმნით იყო დაკავებული. ყოველ კვირას ქურთუკის ჯიბიდან ქილას დააძრობდა ხოლმე, რომელშიც თავისი მომავალი ქმნილებების მასალას ინახავდა, და გამჭვირვალე ჭურჭელს ცხვირთან მომიტანდა. „მამა ფრიცში“ ვხვდებოდით ერთმანეთს ჩაის დასალევად.

„ამისგან ქალის სხეულს გავაკეთებ“, – მაუწყა, თან ისე, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, რეაქციის გასაგებად. ანდრაშს სწყინდა, როცა მის წამოწყებას სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

„რატომაც არა, რატომ არ შეიძლება „ამისგან“ ქალის სხეულის გაკეთება?!“, – დავამშვიდე.

მიყვარს მხატვრების გაცნობა უცხო გარემოში. ნებისმიერ ქალაქში შინაური ხდები, როცა ბოჰემას უახლოვდები.

მხატვრებს ყველა რეგისტრში აღმოაჩენ – მდიდრებსა თუ პოლიტიკოსებში ან კოლექციონერებს, უიღბლოებსა და ლოთებს შორის, აგრეთვე ხელმოცარულ გენიოსებსა და ყველა ჯურის ახირებულებთან. მხატვრებს შეუძლიათ ჯოჯოხეთიც დაგანახონ და სამოთხეც.

თავიდან ინგლისურენოვანი უცხოელების, შემდეგ კი მეგობრების მეგობრებისაგან ნაცნობების პატარა წრე შევკარი. ერთ-ერთ წვეულებაზე უნგრული ხელოვნების მოყვარულმა ამერიკელმა, ჯეფიმ, ერთ ბიჭთან მიმიყვანა, რომელსაც ყვავილებით მოხატული გახეხილი ჯინსი ეცვა.

„გაიცანით საშა ტინეია, მხატვარი, მოლდოვეთიდან...“

საშამ მაშინვე მკითხა, მიყვარს თუ არა ბორემანსის და ტიუმანსის შემოქმედება; კარგი ბორშჩი?

„ბორშჩიც და ტიუმანსიც...“ – ვუპასუხე მე.

„მაშინ მეწვიე... ბორშჩი მივირთვათ და ბორემანსზე ვისაუბროთ...“

საშა ნაღვლიანი, ღრმა და სერიოზული მხატვარი აღმოჩნდა. ის ჩემგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით პატარა ბინაში ცხოვრობდა და, გაყიდული ნამუშევრების გარდა, სხვა ფული არ ჰქონდა. მას შესანიშნავი კარიერა ელოდა. მაგრამ თავი რომ გაეტანა, ყველანაირ შეკვეთაზე თანხმობას ამბობდა და შესანიშნავ ნახატებს ქმნიდა ბროდი-შანდორის ქუჩაზე მდებარე მტვრიან ბინაში. ხარშავდა მსუყე, გემრიელ ბორშჩს, რომლითაც მეგობრებს უმასპინძლდებოდა.

ისტორია. მეფეები

თუ თქვენ სტუმრად ჩადიხართ ქვეყანაში, რომლის წარსული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამედროვეობა, სადაც ეროვნულ სამზარეულოს თაყვანისცემას არ აკლებენ, ხოლო ღვინო ეროვნული სიამაყის საგანია, ენა ძირეულად განსხვავდება მეზობელი ენებისაგან და ინდოევროპულ ენებს არ ენათესავება, ქვეყნის ისტორია დიდ იმპერიებთან წინააღმდეგობის ისტორიაა, ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები დღემდე ღეჭავენ ათეული წლების წინანდელ გამარჯვებებს, ქვეყანაში, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, რაც დღემდე ეროვნული ტრაგედიაა, იქ, სადაც მითური მეფეების სახელები უფრო პოპულარულია, ვიდრე თანამედროვე პოლიტიკოსებისა – ეს ნიშნავს, რომ თქვენ იცით, რა არის უნგრეთი.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალ მიწაზე დამკვიდრებისთანავე უნგრელებს სათავეში ედგნენ მეფეები; პირველი მათ შორის სტეფან, ანუ იშტვან I-ია, ის 1000 წლის პირველ იანვარს აკურთხეს. პირველი მეფე, პირველი ხელისუფალი, ახალი ათასწლეული. იშტვან I-ის ამალაში ყველას სწამდა, რომ უნგრელთა ეპოქა დადგა. უნგრეთის საუკუნე. უნგრული ათასწლეული. მაგრამ ამ ათასწლეულის შუა პერიოდისკენ დუნაის ნაპირებთან თურქები გამოჩნდნენ, რომელთა სულთნებსაც იგივე სწამდათ, რომ დადგა ოტომანთა იმპერიის ჟამი, მათი საუკუნე, მათი ათასწლეული.

სახელოსნო

„Fin de siecle“. მე-19 საუკუნის ბუდაპეშტი. დეკადანსი. ქალაქი განსაცვიფრებლად სწრაფად შენდებოდა.

მას ზრდის ტემპით მხოლოდ ჩიკაგო უსწრებდა. ბუდაპეშტს შეუძლია შეგაცდინოთ, ის უფრო ძველი გგონიათ, ვიდრე სინამდვილეშია – ქალაქი პასტიში; მაგრამ დამიჯერეთ, ბუდაპეშტი სასიამოვნოდ გაოცებთ – აქ თქვენი მზერა არასოდეს დაიღლება.

ბროდი-შანდორის ქუჩა კი ისეთია, თუ გინდა, ფილმს გადაიღებ. სეირნობისას თვალს გტაცებს არქიტექტურული სამკაულები; ცხოვრობ. მუშაობ. ეს ქუჩა, ისევე როგორც მისი მიმდებარე მერვე რაიონი, მე-19 საუკუნეს ეკუთვნის, მისია. აქ მქონდა უზარმაზარი სახელოსნო. ბროდი-შანდორის N25. სოლიდური შენობის ნახევარი ეკუთვნოდა შესანიშნავ ადამიანს, ფინელს, სახელად არი კუპსუსს.

„თვეში ერთი სურათი – მე და მარტო სინათლისა და წყლის ფული. დარჩით, რამდენ ხანსაც გინდათ...“ – მითხრა და გამიღიმა, იცოდა, რომ ამ წინადადებაზე არავინ ეტყოდა უარს.

„ბრწყინვალეა. როდის შემიძლია მუშაობა დავიწყო?“

„დღესვე“, – მიპასუხა, – ბინა დიდი ხნის წინ ეკუთვნოდა ბარონს...“

ეს იყო, მართლაც, უშველებელი შენობა, ნამდვილად არისტოკრატების ნაქონი: ნაძერწი ჭერით, ჭაღებით. ვიტრაჟებიანი აბაზანით, შორენკეცის ღუმლით. სამი უშველებელი ოთახი.

ჩემი ახალი სახელოსნოს ოთახებში დავბოდიალობდი, თვალწინ მედგა სურათები, რომლებიც ამ კედლებს დაფარავდა. ცხოვრების რიტმი სასიამოვნო გახდა. დილაობით ლასლოსთან, ლითოგრაფიულ სტუდიაში, ვმუშაობდი, შუადღიდან, სადილობის შემდეგ, შუაღამემდე – სახელოსნოში. შინ ტრამვაით ვბრუნდებოდი, დაღლილ და ჩაძინებულ უიღბლოთა კომპანიაში. თავი გმირად მიმაჩნდა, ყოველდღიურობის ქაოსი რომ დაამარცხა. ჩავრთავდი მუსიკას, უნგრელ კომპოზიტორებს – ბარტოკს, ლიგეტის, კოდალის, და ვხატავდი. სახელოსნოს მეპატრონე, არი, ახალი ნამუშევრების დანახვაზე მოწონების ნიშნად თავს მიქნევდა. არისტოკრატული ცხოვრების წესს ფული სჭირდებოდა. ასე გაივსო ნელ-ნელა ჩემი ნახატებით უნგრეთში მცხოვრები ყველა ფინელის, საელჩოების თანამშრომელთა და ბიზნესმენთა სახლები. არი ისე შევიდა არტდილერის როლში, რომ ბოლოს გალერეა გახსნა.  

გაგრძელება შემდეგ ნომერში