სტატიის გმირების შვილებმა, რომლებიც მშობლების დაავადების ისტორიებს მოგვიყვნენ, სახელებისა და საცხოვრებელი ადგილების შეცვლა გვთხოვეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თემში, სადაც მათი ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტი ცხოვრობს, ან ცხოვრობდა, ეს დაავადება "სიგიჟესთან" ასოცირდება და ამიტომ ამაზე ღიად საუბარი უხერხულობას ქმნის.

 

2010 წლის მაისის ერთ-ერთ შაბათს ნუცა ქავთარაძეს არსად ეჩქარებოდა. სამზარეულოში შევიდა, ტელევიზორი ჩართო, სტაფილოს გახეხვა დაიწყო და შვილებისთვის – ლევანისა და მიშოსთვის სადილის მომზადებას შეუდგა. ამ დროს მანგლისიდან ნათესავმა დაურეკა და უთხრა, რომ მაღაზიის წინ შილიფად ჩაცმული დედამისი შენიშნა, რომელიც სოფლის ბოლოსკენ მიდიოდა. მართალია, უკვე მაისი იდგა, მაგრამ მანგლისში ჯერ კიდევ ციოდა. ნუცას დედა კი, 72 წლის ქეთევან ლომთაძე, რუხი ფულეს პალტოსა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე, სახლიდან არასდროს გადიოდა. წლების განმავლობაში მანგლისის განათლების მართვის სამსახურის უფროსს მოუწესრიგებლად გარეთ გასვლა ვერც კი წარმოედგინა. 

– რაო, რა გითხრა, სად მივდივარო?

– წიწილებს ავედევნეო.     

ქეთევანს ნამდვილად ჰყავდა საყვარელი შვილიშვილის, მიშოს წიწილები, რომლებიც ადრეულ გაზაფხულზე გამოიჩეკნენ. 

მაღაზიამდე რომ მიეღწია, დედას კენჭებით მოკირწყლული გზა უნდა აევლო, ჯერ ორხაზიანი და შემდეგ ოთხხაზიანი მაგისტრალი გადაეჭრა, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი კიდევ გაევლო და მაღაზიასთან აღმოჩენილიყო. წიწილები ასე შორს ვერ წავიდოდნენ და ნეტა რატომ გადაწყვიტა მათ მოსაძებნად სოფლის ბოლოში გასვლა?

ნუცამ სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და მანგლისის გზას დაადგა. ერთი საათის სავალი მანძილი ოცდაათ წუთში გაიარა. სახლამდე რომ ჩააღწია, დედა უკვე შინ იყო – მაღაზიის მეპატრონის შვილს, თინიკოს დაბნეული მოხუცი კარამდე მიეცილებინა. 

– დედა, ზედა უბანში რას აკეთებდი?

შვილის ამ კითხვას დედამ ჯერ წაუყრუა, მერე კი კითხვას ასე უპასუხა:

– მიშოს წიწილების საძებნად წავედი და გზა დავკარგე. აქეთობისას გზაზე ლევანი [შვილიშვილი] შემხვდა. ბიჭებთან ერთად იდგა და ზურგი შემაქცია. 

– დედა, ლევანმა შენ გნახა და ზურგი შეგაქცია?! ასეთი რამ გამორიცხულია!

– შენ არ იცი – ახალგაზრდაა და დაბნეული ბებოს ნახვა ეუხერხულა.

ნუცამ იცოდა, რომ ლევანი თბილისში იყო და არა მანგლისში.

– დედი, არ ინერვიულო. მეც მემართება ხოლმე ეგეთები. შენ აქ, უბანში, ყველა გიცნობს. ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხო, სახლს ყველა მოგასწავლის. 

– რას ლაპარაკობ?! სხვებს ვუთხრა, რომ ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა, რომელზეც 45 წელია დავდივარ, დამავიწყდა?!

ალცჰაიმერის დაავადება, როგორც დემენციის ერთ-ერთი განვითარება, მეხსიერების, ყოველდღიური ნორმალური ქცევების, ფიქრების აშლილობაა. იგი არ იკურნება, თანამედროვე მედიცინაში მხოლოდ დაავადებას მართავენ.

საწყის ეტაპზე დაავადებას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზება ნელა, გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეუქცევადად პროგრესირებს: პაციენტი ჯერ გულმავიწყი ხდება, დრო და ორიენტაცია ერევა, ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები ეწყება და ბოლოს საკუთარ სახლშიც კი შეიძლება თავი უცხოდ იგრძნოს.  

ქეთევანს ქმარი წიწილების ძებნის შემთხვევიდან დაახლოებით ორი წლით ადრე, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაეცვალა. შვილები მაშინ დედის გულმავიწყობასა და გახშირებულ უმიზეზო გაღიზიანებას ქმრის გარდაცვალებით გამოწვეული სტრესით ხსნიდნენ და ეგონათ, რომ მალე ყველაფერი გადაივლიდა.

თუმცა იმ დღიდან ნუცა მიხვდა, რომ დედის ქცევაში შესამჩნევი ძვრები ხდებოდა და მისი სახლში მარტო დატოვება უკვე აღარ იყო უსაფრთხო.  

დღემდე დემენცია მსოფლიოში დაახლოებით 47 მილიონ ადამიანს აქვს, ყოველ წელს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაახლოებით 10 მილიონ ახალ შემთხვევას აღრიცხავს.    

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, 2030 წლისთვის დემენციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 75 მილიონს მიაღწევს და 2050 წლისთვის გასამმაგდება; ორგანიზაციის პროგნოზით, შემთხვევების უმეტესი წილი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიზრდება.

ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის მქონე პაციენტების რაოდენობა საქართველოშიც მატულობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-დან 2016 წლამდე, გამოვლენილი შემთხვევები 725 პაციენტით გაიზარდა. 

ხანდახან, ნინოწმინდაში, თავისი სახლის ეზოში დასასვენებლად ჩამომჯდარი 66 წლის ემზარ სიმონიანი თავს უცნაურად გრძნობდა. ეგონა, რომ სხვაგან იყო და არა თავის სახლში. ასეთ დროს პირადი ნივთების შეგროვებას იწყებდა, რომ იქაურობას რაც შეიძლება მალე გასცლოდა. მანამდე ემზარს მხედველობის პრობლემაც დაეწყო: სამი წლის განმავლობაში, რამდენი სათვალეც არ მოისინჯა, ვერცერთი ვერ მოირგო. ბოლოს ტელეფონის ეკრანზე გამოსახულების გარჩევაც გაუჭირდა.   

– მე მთხოვდა დარეკვას და შემდეგ ძალიან განიცდიდა, რომ ამ ყველაფერს თავს დამოუკიდებლად ვეღარ ართმევდა, – ამბობს ალინა, ემზარის შვილი.

2016 წლის ივნისში, საკუთარ სახლში გაუცხოებიდან მალევე, ალინამ მამა ნევროლოგთან მიიყვანა. ექიმმა პაციენტს ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული და ტვინის მკვებავი წამლები გამოუწერა. ალცჰაიმერის დაავადებაზე მას ეჭვი არ მიუტანია და არც ტვინის ტომოგრაფიის გადაღება შეუთავაზებია. 

წამლების მიღებიდან ერთი კვირის თავზე, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა: პასიური გახდა, სულ ეძინა. როცა არ ეძინა, ჰალუცინაციები აწუხებდა: ეზოში მყოფი, ჭაღარა პოლიციელი ეჩვენებოდა, რომელსაც იარაღი ჰქონდა; დაუპატიჟებელ სტუმრებს ეჩხუბებოდა და ეზოდან გასვლას სთხოვდა. 

– წარმოიდგინე, რომ უყურებ, როგორ დგას მამაშენი და ვიღაცას ელაპარაკება, ეს ვიღაცა კი არ არსებობს, – იხსენებს ალინა.

ორ კვირაში, ახალი და უფრო მწვავე სიმპტომის გაჩენის შემდეგ, ალინამ მამა ისევ იმავე ექიმთან  მიიყვანა და რეცეპტის კორექტირება სთხოვა. ნევროლოგმა თქვა, რომ ჰალუცინაციები პაციენტს წამლების გამო არ დასწყებია, დანიშნულება არ შეუცვალა და მხოლოდ რამდენიმე წამლის დოზა შეამცირა. არც ახალი სიმპტომის – ჰალუცინაციის – გაჩენის შემდეგ დაუნიშნავს თავის ტვინის ტომოგრაფია. იმ დღიდან შვებულებაში გადიოდა და, საჭიროების შემთხვევაში, ალინას სამი პირადი ნომერი დაუტოვა. მოგვიანებით, შვებულებაში მყოფი, არც ზარებს პასუხობდა და არც მესიჯებს. 

ალინამ ახალი ექიმის ძებნა დაიწყო. ახალ კლინიკაში პაციენტი ჯერ გამოკითხეს, უთხრეს, რომ წინა დანიშნულების გამო, ინტოქსიკაცია ჰქონდა და ერთი კვირა კლინიკაში დაწოლა და გადასხმები სჭირდებოდა. ტვინის ტომოგრაფიაც გადაუღეს. MRI-ის სურათზე რამდენიმე ადგილას დიდი შავი ლაქა გამოჩნდა, განსაკუთრებით კი ტვინის შუბლის ნაწილში. ამ და სხვა ჩვენებების საფუძველზე, ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა პაციენტს დემენციის დიაგნოზი დაუსვა. ტვინის დაზიანება დაახლოებით 5 წლით ადრე უნდა დაწყებულიყო; პაციენტს წინა ექიმ-ნევროლოგის დანიშნული წამლების ნაწილი მოუხსნა და ახალი პრეპარატები – რისპაქსოლი, ციკლოდოლი და მექსიდოლი – დაუნიშნა. 

ახალი დანიშნულებით, პაციენტი უკეთ გახდა.

– დაწყნარდა, დაგვიბრუნდა. ამბობდა, რომ „ის ხალხი“ წავიდა, – იხსენებს ალინა.  

ქეთევანი დაავადებას არ აღიარებდა და ექიმთან მისვლაზე შვილებს უარს ეუბნებოდა. თვითონ ცდილობდა გონება ევარჯიშებინა: ყოველდღე ხსნიდა კროსვორდებს და პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი მეზობლების ბავშვებს უფასოდ ამეცადინებდა.  

რაც დრო გადიოდა, ქცევები თანდათან ერეოდა: ტანსაცმელი შეიძლება საჭმლის კარადაში შეენახა, ლოგინი არ აელაგებინა, გაუხდელად ცმოდა ამოჩემებული ფეხსაცმელი.     

როცა თბილისიდან მანგლისში ნუცა და მისი ბიჭები ჩავიდოდნენ, ბებო დაფაცურდებოდა. ნუცაც შეეშველებოდა და ცდილობდა, დედის მიერ შესაწვავად გამზადებული კარტოფილი კიდევ ერთხელ გაერეცხა. ქეთევანი ამას ამჩნევდა და საყვედურობდა. 

– მეორედ რატომ რეცხავ? არ მენდობი, თუ ჩემი გაკეთებული აღარ გსიამოვნებს?

მეცნიერები ალცჰაიმერის დაავადების მთავარ გამომწვევ მიზეზად თავის ტვინში ბეტა ამილოიდის [Aβ] დაგროვებას ასახელებენ. ბეტა ამილოიდის ცილის წარმოქმნა ტვინში ჩვეულებრივი ქიმიური პროცესია. სწორი ფუნქციონირების პირობებში, ტვინი ცილას გადაამუშავებს, განდევნის და ნარჩენებს თავზურგტვინის სითხეში გადაისვრის. 

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ტვინი ვეღარ ახერხებს წარმოქმნილი ცილების ეფექტურად გადამუშავებას, განდევნას და ცილის ნარჩენები ტვინში გროვდება, ლაგდება, ტვინის შემაკავშირებელ ნეირონებს აზიანებს, ტვინის სხვადასხვა სფეროს შორის კავშირს თანდათან აფერხებს, ნეირონები ზიანდება. საბოლოოდ, ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი ზომაში კლებას იწყებს. ამ დროს იწყება ფუნქციების რღვევა, მეხსიერების შესუსტება, დროსა და სივრცეში დაბნეული ორიენტირება.

ერთი წლის წინ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა „მერკმა“ ახალი ფორმულის ტაბლეტის, Verubecestat-ის კლინიკური გამოცდა დაიწყო. აბი ტვინში ამილოიდის ცილის წარმოქმნას აფერხებდა და მომავალში, შესაძლოა, ალცჰაიმერის დასამარცხებლად ბაზარზეც გასულიყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ წამალმა დაავადების ზოგადი დამარცხებისთვის საჭირო მასშტაბური კლინიკური ცდები წარმატებით ვერ გაიარა. რამდენიმე თვეში მერკმა“ ეს კონკრეტული ცდა, არასაკმარისი კლინიკური მტკიცებულებების გამო, წარუმატებლად გამოაცხადა.

მეხსიერებას რომ წახმარებოდნენ, ექიმმა მეგობარმა ნუცასა და ნანას ურჩია, დედისთვის ნერვული უჯრედების მკვებავი საშუალებები მიეცათ. თითოეულ ასეთ შეთავაზებას დედა სასტიკი უარით ხვდებოდა. ნუცამ საქმეში ბიძის – ნიკოლოზის ჩარევა გადაწყვიტა. და-ძმას ბავშვობიდანვე გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ნუცამ იფიქრა, რომ ქეთევანი ძმის შეთავაზებაზე უარს არ იტყოდა.

– ნიკოლოზ, რაო, რამე მჭირდება? ბავშვები მეუბნებიან და შენც რამეს მატყობ?

– არა, ქეთევან, კი არაფერი გეტყობა. უბრალოდ, ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ უკვე ტვინისთვის რაღაცეების მიშველება უნდა დავიწყოთ. 

ქეთევანმა ლუცეტამის მიღება იმ დღესვე დაიწყო [ლუცეტამი მეხსიერების დარღვევის დროს ინიშნება, ურეცეპტოდ გაიცემა და ნერვულ უჯრედებს შორის ნივთიერებათა და ინფორმაციის ცვლას ააქტიურებს]. წამალი ქეთევანს ნუცას მეგობარმა ექიმმა დაუნიშნა. რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ქეთევანს უფასო კონსულტაცია რუსთავის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში უწევდა. თუმცა, იმ დროისთვის პაციენტის შორ მანძილზე გადაყვანა უკვე პრობლემა იყო: დედა რომ ერთსაათიან გზაზე წაეყვანა, ნუცას მანქანის ოთხჯერ გაჩერება უწევდა. ქეთევანი შფოთავდა, გული ერეოდა და მანქანიდან გადასვლას ჩქარობდა.    

– ცხადი იყო, რომ დედამ მეხსიერება დაკარგა და უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, დაავადებას ალცჰაიმერი ერქმეოდა თუ სხვა რამე. ჩემი მთავარი მიზანი დედისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა გახდა, – ამბობს ნუცა. 

შემდეგ ნუცას არც უცდია, რომ ოფიციალური დიაგნოზი დაედგინა.

ზუსტი დიაგნოსტიკა ალცჰაიმერის მართვისთვის აუცილებელია. დაავადების სრულყოფილი დიაგნოზი ოთხი საფეხურისგან შედგება. დიაგნოსტიკის პირველ ეტაპს ოჯახის ექიმი იწყებს.

პირველი ეტაპი – მინიმენტალური ტესტი – ათ წუთს გრძელდება. პაციენტს მარტივ დავალებებს ასრულებინებენ: ეკითხებიან, თუ რა დღეა, რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჟამად, ამეორებინებენ საგნების სახელებს, სთხოვენ 100-დან უკუთვლას.

თუ ამ მარტივ კითხვებზე პაციენტი სწორად ვერ პასუხობს, დიაგნოსტიკა უნდა გაგრძელდეს. ზოგადი პროფილის ექიმის [ანუ ოჯახის ექიმის] კომპეტენცია ამით მთავრდება: პაციენტის დიაგნოსტიკა შემდეგ ფსიქიატრმა უნდა გააგრძელოს. მომსახურება ფასიანიც ამ ეტაპზე ხდება. 

ფსიქიატრი, კონკრეტული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტს სხვადასხვა სახის კვლევებს უტარებს; ესენია კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ნეიროფიზიოლოგიური გამოკვლევა, SPECT, PET, PET Amivid, ენცეფალოგრაფია .

თუ პაციენტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმი უკვე იღებს გადაწყვეტილებას – ნიშნავს მკურნალობას და კონკრეტულ მედიკამენტებს. 

– მამაჩემს შეიძლება ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდეს. ვის მივმართოთ?

– ქალბატონო, სამწუხაროდ, ალცჰაიმერთან დაკავშირებით პროგრამა არ გვაქვს.  ყველაფერი თქვენი ხარჯებით უნდა დაფაროთ. ოჯახის ექიმს მიმართეთ.

– კლინიკების სია არის განთავსებული სადმე, რომ გავიგოთ, რომელ კლინიკაში გვიწევს ოჯახის ექიმის ნახვა?

– არა, ქალბატონო. ასეთი სია არ გვაქვს.  

ასე პასუხობენ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ალცჰაიმერის მკურნალობის მაძიებელს. 

თბილისში, წინამძღვრიშვილის #57-ში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის ერთ-ერთი მიმწოდებელია და ადგილობრივად რეგისტრირებული 43 ათასი პაციენტი ჰყავს. საბაზისო სამედიცინო სერვისების მისაღებად დღეში იქ დაახლოებით 500 პაციენტი მიდის და მათ რვა ოპერატორ-რეგისტრატორი ემსახურება. ნაშუადღევის პირველი საათისთვის ყველა რეგისტრატორის ფანჯარა და ყველა მოსაცდელი სკამი დაკავებულია. პაციენტებს შორის ბევრი ხანდაზმულია. ბექა იოსელიანი, კლინიკის დირექტორი, ამბობს, რომ მათ შორის დემენციის სპექტრის აშლილობის, კონკრეტულად კი, ალცჰაიმერის მქონე პაციენტებიც ხშირად არიან.

ქმრის გარდაცვალებიდან 6 წელიწადში, ქეთევანს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა – საყვარელი ძმა გარდაეცვალა. ძმის სიკვდილის გაგების შემდეგ ქეთევანს შფოთვები დაეწყო და ნუცა იძულებული იყო, ექიმი მეგობრის რჩევით, დასამშვიდებლად ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული საშუალება, დღეში ნახევარი აბი ქსანაქსი მიეცა. იმ პერიოდში ქსანაქსს ტრუქსალიც დაამატა – ერთი მედიკამენტი პაციენტს აღარ ჰყოფნიდა.    

ქსანაქსმა ქეთევანი ოდნავ დაამშვიდა, მაგრამ მეხსიერება მკვეთრად გაუუარესდა: ძმის გასვენებაზე ნათესავები ვერ იცნო. ერთი წლის შემდეგ, ნუცამ ისევ მეგობარი ექიმის რჩევით, დედას ქსანაქსი მოუხსნა. ამჟამად ქეთევანი ღამით ერთ აბ კეტილიპტს, ხოლო დღისით – ერთ აბ ტრუქსალს იღებს.

საქართველოში დემენციის გამოვლენისა და მართვის ორი სახელმწიფო პროტოკოლია მიღებული. პროტოკოლები, ზოგადად, ორ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს, მაგრამ ერთ-ერთი 2009 წლის 30 დეკემბერს განახლდა, ხოლო მეორე – 2008 წლის 18 დეკემბერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები იღებს დემენციის სპექტრის რომელიმე დაავადების ოფიციალურ დიაგნოზს, რის გამოც პაციენტებს ხშირად არასწორი მკურნალობა ენიშნებათ. ამიტომაც ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი ასეთია: 2025 წლისთვის მსოფლიოს ქვეყნების ნახევარში პაციენტების 50 პროცენტს მაინც ჰქონდეს სწორი დიაგნოზი და დაენიშნოს სწორი მკურნალობა. 

სწორ დიაგნოსტირებასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო პროტოკოლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ, ფიზიკურ, ემოციურ და ფინანსურ დახმარებას, რასაც პაციენტების ოჯახის წევრებს სახელმწიფო უნდა უწევდეს.  

სოციალური მუშაკის ისნტიტუტი სუსტადაა განვითარებული საქართველოში, არადა, სოცმუშაკმა უნდა მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია. როცა დემენცია იწყება, ოჯახის წევრები ამას ხშირად ვერ ამჩნევენ. როცა შეამჩნევენ, უკვე გვიანია: სტადია შორსწასულია, – ამბობს ბექა იოსელიანი, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორი.

საქართველოში 240 სოციალური მუშაკია დასაქმებული; მათგან 70 თბილისშია. სოციალური მომსახურების ათობით რაიონულ ცენტრს მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ჰყავს. 

უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი, გადასახადების გამოკლებით, 850 ლარია, ხოლო რიგითი მუშაკის – 800 ლარი. სოციალური მუშაკების ნაწილი სამუშაოს სიმძიმესთან შედარებით არაადეკვატურად დაბალი ხელფასის გამო სამსახურს საკუთარი ნებით ტოვებს. ასეთი სოციალური მომსახურების პირობებში, ალცჰაიმერის გამოვლენისა და მართვის მთელი სიმძიმე პაციენტის ოჯახის წევრებს აწვებათ. 

ალინას კლინიკაშივე ურჩიეს ჩაწოლილი მამის მოსავლელად მომვლელის აყვანა. პროფესიონალი ექთნების 24-საათიან მომსახურებაში ოჯახი დღეში 150 ლარს იხდიდა. ალინა თვითონაც იყო ჩართული მამის მოვლაში: აჭმევდა და ღამეებს უთევდა. 

მამის დიაგნოზი ალინას სამსახურში არ უთქვამს. თუ რომელიმე თანამშრომელი ჰკითხავდა, რა სჭირდა მამას, ალინა პასუხობდა, რომ „ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და მამა გათიშული იყო“. ეშინოდა, რომ რთული იქნებოდა მათთვის დაავადების სპეციფიკის გაგება, გაუგებარ ავადმყოფობას კი მარტივად, „სიგიჟეს“ მიაწერდნენ.

– მამაჩემის გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე მხოლოდ ოჯახის წევრებმა ვიცით. 

მას მერე, რაც სიარულიც გაუჭირდა, ნანამ და ნუცამ ქეთევანისთვის მომვლელი ქალი დაიქირავეს. ძიძის ქირას ოჯახი თვითონ იხდის. სანამ ნანა დღის განმავლობაში მუშაობს, დედა მომვლელთან რჩება. ნუცა ყოველ შაბათ-კვირას ჩადის მანგლისში. 

ბოლო ორი წელია, რაც დედა ერთსა და იმავე ადგილას ხვდება. ქეთევანი ეტლში ზის, სახლში შესასვლელი კარის პირდაპირ, რადიატორთან. გრძელი თითები გამათბობელზე უწყვია, გამხდარი ფეხებით ეტლის საფეხურს ეყრდნობა. ტერფები შესამჩნევად აქვს დასიებული: მუდმივი ჯდომისგან ვენების ვარიკოზული დაავადება განუვითარდა. 

ეტლის უკან ქეთევანის ძველი ხის კომოდია, რომელზეც ქეთევანის საყვარელი, გაი ლაროშის სუნამოს, Fidji-ის ფლაკონი დგას რამდენიმე მილიგრამი სურნელოვანი სითხით.

ოთახში შესულ ნუცას დედა ცნობს. მკაცრი სახე უცებ უნათდება, წამოწევას ცდილობს, შვილის სახეს ხელის მტევნებში იქცევს და კოცნის.

– ნუციკო, – გარკვევით წარმოთქვამს.

ნუცა დედისთვის ნაყიდ, ერთი კვირის სამყოფ ბროკოლის პარკიდან იღებს. ბროკოლი ქეთევანის ყოველდღიური დიეტის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ეს პროდუქტი მანგლისის ბაზარში არ იყიდება.

ბოლო წელია, რაც ქეთევანს სამეტყველო მოტორიკა დაერღვა და გამართულად მეტყველების უნარი დაკარგა. სამზარეულოს მაგიდისგან მოშორებით, ეტლში მჯდარი, მაინც ცდილობს სტუმრების საუბარში ჩართვას.

ნუ ყვირით! – მკაცრად და გარკვევით ამბობს ქეთევანი, თუ მოეჩვენება, რომ რომელიმე სტუმარი საკმარისზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ზოგჯერ მთლიანი ფრაზების წარმოთქმასაც ახერხებს. თუმცა ერთი სწორი ფრაზის შემდეგ, სიტყვები და ბგერები ისევ ერევა, ამას თვითონაც გრძნობს და გაბრაზებული, დროებით ჩუმდება. 

როცა ოჯახის წევრები შინ არ არიან, ძიძასთან დარჩენილი ქეთევანი სიცარიელეს სხვა პერსონაჟებით ივსებს. 

– ნიკო, ვალერ! თქვენ ისევ აქ ხართ? ჯერაც არ წასულხართ?

ეტლში მჯდარი ქეთევანი ხელებს შლის და, თითქოს, პირდაპირ მსხდომ ადამიანებს მიმართავს. ოღონდ სავარძელი მის წინ ცარიელია. ოთახში არავინაა, მხოლოდ ტელევიზორია ჩართული და ხმა ჩაწეული აქვს. ვალერი და ნიკო –  ქეთევანის გარდაცვლილი ქმარი და ძმა არიან. 

 

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი