თუკი მე მინდა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება გამოვასწორო, კი, ვმუშაობ სოციალურ მუშაკად და ვმუშაობ რესტორანშიც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო აქტივისტიც, ხო?

ტრანსაქტივისტი რო ვარ გასაგებია, მარა ფემინისტიც ვარ. მოდი ვაღიაროთ, რო ტრანსთემი ჩაგრულია, მაგრამ ტრანსთემში უფრო ჩაგრულია ქალები. მე ვიჩაგრები, ჩემი დები იჩაგრებიან, ჩემთვის მნიშვნელოვანია ამასთან ბრძოლა და ღიად ვლაპარაკობ, როგორც ტრანსფემინისტი.

მაგრამ ძაან ბევრ ფემინისტს ჩემი არ ესმის. იმიტომ, რომ თუ შენ ბიოლოგიურად არ დაიბადე ვაგინით, ვერ ილაპარაკებ ქალის სახელით.

არა, საყვარელო, მე ვიცი რო მაქვს უფლება და დიახ, მე ვლაპარაკობ ტრანსქალების ემანსიპაციის პრობლემაზე, კიდევ ინტერსექციურ ჩაგვრაზე, რადგან არავინ არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას. ნახე, თუკი ქალი შავკანიანია, ლესბოსელია, შშმ პირია, ესე იგი ყველა მხრივ იჩაგრება, ხო? და ტრანსქალები? ყველაზე მაღალი ტრავმირების რისკის ქვეშ არიან.

ფიზიკურად დაბადებული პენისიანი ქალებისთვის, უმეტესობისთვის, შემოსავლის ერთადერთი წყარო არის სექსმუშაკობა. თუკი მერე აივინფიცირდებიან, ინტერსექციური ჩაგვრა საერთოდ ზენიტშია.

მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ სექს საკითხებზე, აივ ინფექციაზე და კიდევ ინტერნალიზებულ ტრანსფობიაზე. და ეს რა არის: უიმე, ქალო, შენ როგორი არაფემინური ხარ. და შენ ნამდვილი მასკულინი ხარ. და ის ლოგინში საშინელია. და მერე ყველგან უბაზრებენ და ტრანსთემში ის მასხარა ხდება, ხო? აქეთ კიდე, ნახე, როგორ ჩხუბობენ ტრანსუხები! ხიხი, და თან რაზე, ვინ უფრო ქალია, და ვინ უფრო კაცია! ჰაჰაჰაჰ.

ეს ძალიან მტკივნეულია.

ჩემთვის, ტრანსგენდერი ქალისთვის ისიც მტკივნეულია, როცა მეუბნებიან: რატო არ იპარსავ წვერს? რატო არ იკეთებ ეპილაციას? ვაიმე, კაბა რატო არ გაცვია? What the fuck, უკაცრავად, რა. იმიტო რო მე ესე კომფორმტულად ვარ. ესე იგი საზოგადოება მაიძულებს რო სტანდარტებში ჩავჯდე, არ გამოვიდე ეპილაციის ოთახებიდან და კორექტირება გავიკეთო. აუ, მემთხვიონ კუდუსუნზე, რა.

გეუბნები, ამიტომ ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეს იყო უზარმაზარი მიღწევა, რო წელს მოვხვდი ფემინისტების კონფერენციაზე. ანუ, ფემინისტებმა, სისგენდერმა ქალებმა გაღიარეს. ოცდაათზე მეტი ფემინისტი მონაწილეობდა. მეთქი კარგია რო მოვხვდი სიაში და უცბად მომდის წერილი რო გილოცავთ, თქვენ ხართ ხუთეულში, თქვენი დღიური იბეჭდება კრებულში. და უუ, უაუ, უაუ! ეგეთი ვიყავი. არ მჯეროდა! ეს იყო უზარმაზარი დღესასწაული.

იცი როგორი მომენტია? კონფერენციაზე შენს გვერდზე სხედან უკვე განთქმული ფემინისტი ქალები, 90 წლებიდან იქ რო არიან: სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ქალი სასულიერო პირი, უნივერსიტეტის ლექტორები და მათთან ერთად ხარ შენ - ჩვეულებრივი ტრანსქალი, რომელიც მუშაობს რესტორანში მიმტანად. ანუ, სწორი გზით მივდივარ.

კარგი, გეებს არ უყვართ ლესბოსელები, ლესბოსელებს არ უყვართ გეები და ერთად - ვერ იტანენ ტრანსებს. ესეა, შიდა პრობლემაა. მეგობრები მყავს ლესბოსელებიც და გეებიც, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ის ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტი, რო გეები არ გაღიარებენ, იმიტო რო პენისიანი არსება ხარ და თავს აღიქვამ ქალად, ნუ, მაინც მოქმედებს. ლესბოსელები კიდე: პენისით დაიბადე და ნუ გვეტენები! ჩემთვის ძაან მტკივნეულია და თან სასაცილოც. ეს ამაზრზენი იდენტობები. კლიშეებით აწყობენ ყველაფერს და მერე თავის თავსაც და სხვებსაც ამით უქმნიან პრობლემას.

კიდევ რადიკალი ფემინისტები. “მარტო ქალს შეუძლია ილაპარაკოს ქალის პრობლემებზე.” ოხ! და მე თუ ვამბობ, რო ქალი ვარ და ვლაპარაკობ ჩემ პრობლემებზე? შენ ვერ ილაპარაკებ, გეუბნებიან. შენ ვერ დაიბადე ისე, როგორც საჭირო იყო. ვაგინა პლასტიკასაც თუ გაიკეთებ, ჩემო ლამაზო და მშვენიერო არსებავ, მაინც.

მერე შენი ფსიქოლოგია?

ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს რადიკალი ფემინისტი, ვინც მასე არ თვლის, ანუ, ხო ხვდები, ფემინიზმსაც თავისი განშტოებები აქვს. მე კი ვიცი, რო ერთი ფუძე გვაქვს და მაინც საერთო პლატფორმაზე ვიბრძვით, დიახ, ჩვენ - ტრანსგენდერი და სისგენდერი ქალები.

ანუ, კონფერენციაზე მე უნდა მელაპარაკა ტრანსსქალების ძალადობაზე, თუმცა მარტო ამაზე არ გამოდის, იმიტო რო მაშინ უნდა ილაპარკო ზოგადად ტრანსქოლგის ქვეშ მყოფ ადამიანებზე. ტრანსქოლგა კიდევ ძალიან დიდია: ტრანსკაცები, ტრანსქალები, გენდერფლუიდები, პანგენდერები, ბიგენდერები, აგენდერები, გენდერქვიარები, დრაგქუინები, ტრანსვესტიტები, ტრანსსექსუალები, ვაიმე, აა, გენდერბენდერები, დემიგენდერები - ენ რაოდენობის ტერმინია. თუკი შენ განსხვავდები იმ ჩამოყალიბებული და პატრიარქალური, ჰეტერონორმატიული სისტემისაგან და ცოტა გადაუხვევ, ვსო. ავტომატურად ხდები უცხო. ეგრევე გრიყავენ და ხდები ძალადობის მსხვერპლი. ძალადობას ხო სხვადასხვა ფორმა აქვს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, უგულვებელყოფა, სიძულვილის ენა, კიბერბულინგი ხო სხლავს. და მე როგორც ფატიმა ვამბობ, რო მე ვარ ამ ჩირქოვანი სისტემის ნაწილი. არა, მსხვერპლი არ მინდა, მსხვერპლი ძაან მოწყვლადია.

ქალები საქართველოდან თუ გსმენია პროექტი, იქ მივიღე მონაწილეობა. ჩემთვის ესეც საამაყო პროექტია. მაგრამ იცი როგორი კიბერ ბულინგის მსხვერპლი გავხდი მერე? კომენტარებში, პირად წერილებში. ნუ, ეხა, მიუხედავად იმისა რო კოსმეტიკით ქუჩაში არ დავდივარ, იმიტო რო კოსმეტიკა არი ის სილამაზის სტანდარტი, რასაც მე ვებრძვი, სურათებში ვიყავი კოსმეტიკაში, იმიტო რო ეს იყო ერთგვარი პროტესტი, იგივე მასკულინურობის წინააღმდეგ და მაინც მცნობდნენ ქუჩაში. შეურაცხყოფა ხო შეურაცხყოფად, ფურთხი და გინება. ფიზიკური ძალადობაც იყო - პანჩურები, კუთხეში გაყვანა და მოდი დავილაპარაკოთ, და ასე შემდეგ, ოკეი, რა. და 8 მარტის შემდეგ? უუუჰ, ჩემო კარგო, კინაღამ ჩავიკეტე სახლში, შვიდ ბოქლომზე. პასპორტიც ხო არ  დავწვა-თქო, ვიფიქრე, რო საერთოდ არ ვარსებობდე. იმიტო რო იცი როგორ მეშინოდა? 8 მარტს, პარლამენტის წინ რო გადიხარ და ლაპარაკობ რო შენ ტრანსქალი ხარ და დღეს შენი დღეც არი და გინდა რო შენი უფლებებიც დაიცვან და ამ დროს დგანან ის ფაშისტები, ის ნაციონალისტები, ის სექსისტები კამერებით და გიღებენ. ბეჰეჰე, აშეარებს მერე შენ ვიდეოს ფეისბუკზე და იუთუბზე. რამდენი კაცი ნახავს? რა თქმა უნდა, მოყვება რაღაც რეაქციებიც, ხო?

მეზობლები ხო საერთოდ, ზეიმობდნენ: ისევ ვნახეთ ეს გარყვნილი არსება, მასმედიაში. ახალი სალაპარაკო თემა.

უბანში მე ჩვეულებრივი დევნილი ვარ. გარეთ გასვლა მეშინია ხანდახან. იმიტო რო ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვეღარ შეიკავონ თავი და ჩვეულებრივად გამიერთიანონ ცხვირ-პირი. ასფალტზე დამასხმევინონ ტვინი. მაღაზიაში შევალ და ეს პიდარასტი შემოვიდა. კარებზე გვიბრახუნებდნენ, ჩემ მშობლებს ტვინი წაუღეს: თქვენიშვილითქვენიშვილითქვენიშვილი. კიდევ კარგი რო მე ადექვატური ოჯახი მყავს. დედაჩემს ეუბნება ერთი, იმ ვიდეოს მერე, თქვენი შვილი ისევ ტელევიზორში ვნახეთ, და რაღაც ყლეობას ლაპარაკობს და დედაჩემის რეაქცია?

- ჰოო? იმედია ლამაზი იყო. სამწუხაროდ, მე ვერ ვნახე. კარგად. - და ხურავს კარს.

მაგრამ, რამდენ ტრანსს დევნიდნენ სახლიდან, აგდებდნენ, საბუთის აღების საშუალებას არ აძლევდნენ. შენ აღარ ხარ ჩვენი ოჯახის წევრი და ვსო. სოფლებშიც, რაიონებშიც და ქალაქებშიც. ეს სისტემის მუწუკოვანი ფოლიკულები, ესენი.

შეიძლება მე ქუჩაში დავდივარ და არ მაქვს პრობლემა, მკიდია ყველაფერი. გინდა კაცი მომმართე, გინდა ქალი, გინდა ლამპოჩკა დამიძახე. იმიტო რო მე ვარ მე, მე ვიცი ვინ ვარ შინაგანად, მაგრამ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია რო ეცვას კაბა. ვიღაცისთვის ძაან მნიშვნელოვანია რო ჩაიკრასკოს. მე მკიდია, მაქვს წვერი და წავისვამ პომადას, თვალებს შევიღებავ და გავალ, ვისეირნებ შუა დღისით, ქუჩაში. შემიძლია ზომებიც მივიღო. რო შემაგინებენ, შემაფურთხებენ, ვიცი სად უნდა დავრეკო და რა უნდა მოვიმოქმედო. და არა ერთხელ მიმიმართავს კიდეც.

ძალიან ბევრი საქმე, რომელიც დღესდღეისობით არის სახალხო დამცველში და პოლიციაში - დევს თაროზე. მარა ვიცი, დღეს, ხვალ, ზეგ, ოდესღაც დადგება დრო, რო მე მოვითხოვ პასუხს. ეს შეჩერდება, ვერ იზეიმებს მუდამ ქსენოფობია. და ერთ-ერთი ელემენტი ამ ომის შეჩერების ვიქნებით მე და ჩემი მეგობრები, ჩვენი გულშემატკივრები, ყოველთვის ამას ვამბობდი.

ხო, მე ტელევიზიით არ გამოვდივარ, რო ნახეთ, მე ტრანსი ქალი ვარ! არა! არა, ასეთი რეკლამა და პოპულარობა მე არ მინდა. ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ჟურნალისტისგან ჟურნალისტთან ვირბინო, პრანსწიტუტკასავით. არა ჩემო კარგო. მე ჩემი ბრძოლის ფორმა მაქვს.

ჟორჟოლიანს უარი ვუთხარი, ჯაჯანიძეს, გრიგოლიასაც უარი ვუთხარი - უზნეო, უზრდელი ქალი, ვითომ თემის მეგობარი, გაუბრუა, დაუბურუსა ხალხს ტვინი. იმათაც დაუჯერეს. ნახეთ? ეს იყო ფაშიზმის ზეიმი ჩვეულებრივი. და მე მანდ უნდა მივსულიყავი? ვიცი რო ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ისიც ვიცი რო ამოჭრიან, გადაჭრიან და მეც გამოვალ ბოლოს ფაშისტი. რად მინდა? ჯობია გავიდე პარლამენტის წინ და ვიყვირო იქ, და გამიგოს, თუნდაც ხუთმა ადამიანმა. ვიდრე შეალამაზონ ისე, როგორც სჭირდება ფაშისტებს. არა. მე არ ვარ კლოუნი და ეკრანის თუნდაც პოზიტიური გმირი. 8 მარტსაც რო მოვრჩი ჩემ სიტყვას, მოვარდნენ ჟურნალისტები კამერებით და მიკროფონებით. უარი ვუთხარი. კარგად ბრძანდებოდეთ, რაც სათქმელი მქონდა, ვთქვი უკვე მიკროფონში - გადაიღეთ, დაამუშავეთ, გაუშვით.

მოკლედ, ოთხ მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილე მე ყურადღება კონფერენციაზე. ესაა ტრანსქალებზე ძალადობის ფაქტები, სექსსამუშაოზე ვილაპარაკე, აივ ინფექციაზე და ჰორმონალურ თერაპიაზე - ყველაზე მტკივნეულ საკითხზე ტრანსთემში.

მე ვიღებ ჰორმონებს, მაგრამ იმისთვის, რო მიმეღო ეს ჰორმონი, გავიარე უსასრულო ჯოჯოხეთი. კაი ხნის წინ დავიწყე ეს გენაცვალე, ჯერ კიდევ საზღვარგარეთ. იცი რამხელა ფული იხარჯება ამ ჰორმონებში?

მე მყავს ჩემი ექიმი, ენდოკრინოლოგიის ცენტრში. მაგრამ არის ერთი საზიზღარი სექსოლოგი, რომელმაც შექმნა ნამდვილი მონოპოლია. უნდა გადაიხადო უზარმაზარი თანხები, რომელიც ტრანსების უმრავლესობას არ აქვს, რომ ეს ცნობა მოგცეს. ადრე თან, მარტო მაგის ცნობას ქონდა ძალა. ჩემთვის ის ადამიანი მტერია. ორჯერ ვარ ნამყოფი  კონსულტაციაზე, როგორც ინტერსექსი ადამიანი. და მერე, უცბად მრგვალ მაგიდაზე რას ამბობს, იცი? კიდევ კარგი, შემთხვევით იქ ვიყავი. საქართველოში ინტერსექსი ადამიანები არ არიანო. და მე, აქედან: ჰე-ლოუ!

ჩემი რეპრეზენტაცია არი პოხუიმაროზ, რა. შემიძლია პომადა წავისვა და შარვალკოსტუმში გამოვიდე, წვერებით. მარა მე ხო ვიცი რო ქალი ვარ. აბა, მიდი ასე იმ სექსოლოგთან და თქვი. აააჰ, - გეტყვის, - ეჭვი მეპარება, შენ ქალი იყო. შენ დისფორია გაქვს! და გახდევინებს და გახდევინებს ფულს. ბოლოს შეიძლება დასკვნაც კი არ მოგცეს - და აუფ-ვიდერ-ზეენ. რას იზამ? რას და ჰორმონებს მიიღებ დანიშნულების გარეშე. წახვალ უკრაინაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ჩამოიტან შავი ბაზრიდან, დაუნიშნავ საკუთარ თავს და გაინადგურებ ჯანმრთელობას, შეიმოკლებ ცხოვრებას, ხო? ასე აკეთებენ. ჩემი მეგობრებიც, ვეხვეწები: ჭკვიანად მოიქეცი, არ დაიზიანო ჯანმრთელობა, მაგრამ - ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, ამბობენ და ვერ ვეწინააღმდეგები.

ო, ღმერთებო რამდენი ვიარე, სანამ ჩემ ენდოკრინოლოგთან მივედი. ნებისმიერი, ვინც გასცემს ტრანსსექსუალის ცნობას, ვალდებულია დაგინიშნოს ჰორმონები. გინიშნავს, მაგრამ იხდი შენი ჯიბიდან. ჯანდაცვის სისტემა კაპიკს არ გინაზღაურებს.

ჰოდა, კონფერენციაზე ზუსტად ამ მონოპოლიაზე ვილაპარაკე - ტრანსფობიურ, ფინანსურ მონოპოლიაზე. ესაა ჩვენი მტერი.

მე გამიმართლა, საზღვარგარეთ ავიღე ეს ცნობა და იმ ფაშისტის დასკვნა ასი წელი არ დამჭირვებია. თუმცა არანაკლები გადავიტანე, ერთი თვე ფსიქიატრიულში ვიწექი. ეს იყო ჩვეულებრივი ძალადობა. რუსეთში. აბა, მიდიხარ ფსიქოლოგთან და ეუბნები: მე ვარ ადამიანი, რომელიც გრძნობს რო ქალია და პენისი მაბია. და იქ გეტყვიან, - აჰ, და რატო გადაწყვიტე? ჩემმა შინაგანმა მემ მითხრა, - უხსნი. და ისევ: ოიჰ, ხმები ესმის. ფსიქიატრიული ავადმყოფია, - და ერთი თვე გაწვენენ ფსიქიატრიულში რო გაიგონ ფსიქიკურად ნორმალური ხარ, თუ არა.  მაგრამ იქ რომ ხვდები, ესე იგი აგრესიული ხარ და ერთი კვირა მიკეთებდნენ ამინაზინს. გადებილებს. მიდიხარ კედელს ეჯახები, გაბრუნებენ რო უკან წახვიდე, იქაც ეჯახები და აქეთ - იქით დადიხარ.

მადლობა ღმერთებს და ყველა ზებუნებრივ ძალას რო მაშინვე ჩავაბარე ლაბორატორიაში ანალიზი კორიოტიპზე და დამიდგინდა რო მაქვს XXY ქრომოსომა. ეს ნიშნავს რო ინტერსექს ადამიანი ვარ. ამ ცნობით გავაგრძელე ეგრეთ წოდებული ტრანზიცია, რო მომეპოვებინა ეს საბუთი. თან არ დაგავიწყდეს, რო რუსეთში არი ტირანია. საქართველოში უფრო ლაითი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ კუკებს აქაც კარგად ვჭამთ.

ერთი კვირის მერე შემიწყვიტეს ამინაზინი და ვსვამდი მხოლოდ ომეპრაზოლს. კუჭის წყლულის გამო. ვინ გამიშვებდა გარეთ, გისოსები ქონდა ფანჯრებს. ერთი თვე ნება ვ კლეტაჩკუ და ტირანული რეჟიმი.

ორი კვირის მერე, აქეთ ვეხმარებოდი სანიტრებს. იქ ძალიან ბევრი კორპუსია, ფსიხიატრიჩესკი გარადოკ. კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. ანალიზები უნდა გადაიტანო, საჭმელი მიუტანო. მერე მომცეს ეს ჩემი დასკვნა, სადაც დიაგნოზში არაფერი არ ჩამიწერეს, უბრალოდ ეწერა რო ვიწექი პროფილაქტიკის მიზნით. მორჩა.

2011-ში ბაკალავრიატი დავამთავრე და სრაზუ ჩამოვედი. ზუსტად 45 კილო, ფეხზე ძლივს ვიდექი, მერე გავიგე რო სიმსივნე მქონდა. მანამდე არ ვიცოდი რა მჭირდა. მეოთხე სართულზე იყო ჩემი კათედრა და სანამ იქ ავიდოდი სამჯერ წავიქცეოდი ხოლმე. გული მიმდიოდა. სასწრაფო რო მოდიოდა, უნივერსიტეტში, კითხულობდნენ, უიმე ისევ ფატიმაა ცუდად? ყველამ იცოდა. რუსეთის სახელმწიფო კიდევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფასოდ არ მკურნალობს. რა მექნა, ფული არ მქონდა და ვუძლებდი.

რო დავიცავი დიპლომი, გავხედე პროფესორებს და ვკითხე, შეიძლება გავიდე-მეთქი? გადი, გადიო, მითხრეს. გავედი და გული წამივიდა. თვალი რო გავახილე სასწრაფოს მივყავდი საავადმფოყოში, იქ მითხრეს, გილოცავთ, დიპლომი დაიცავიო. ეგრევე დავწერე განცხადება რო მაგისტრატურაში მინდა სწავლის გაგრძელება, ჩავაბარე და წამოვედი საქართველოში.

დამიდგინეს ონკოლოგია და მიმკურნალეს. აი, დღეს ვარ 89 კილო, ბედნიერი, ჯანმრთელი, ვმუშაობ და მიყვარს ცხოვრება, ვიბრძვი.

იქაც, რო გეუბნებოდი, იმ ფემინისტურ დღიურში ჩემი ისტორია იწყება ბავშვობიდან. რო ვწერდი მაგას, სულ ვტიროდი. ძალიან მტკივნეულია გახსენება. პირველი ფემინისტური ბრძოლა, და ჩემი მეს თქმა დაიწყო ბავშვობიდან, მაგრამ მე მოვიპოვე ის სიკეთე, როცა ოჯახში კარგად ვარ, სამსახურში კარგად ვარ, მეგობრები მყავს და მე მე ვარ.

მე ვარ ფატიმა, მე ვარ ფემინისტი, მე ვარ ტრანსფემინისტი, მე ვარ ტრანსაქტივისტი, მე ვარ პიროვნება. ეს ყველაფერი მე ვარ. ეხლა მაქვს, ეს მაშინ ხომ არ მქონდა, როცა ვიწყებდი ბრძოლას.

იყო ძალადობა, დამცირება, დაცინვები დაჩაგვრები. მე რო მეუბნებიან, როგორ შეგიძლია ილაპარაკო სექსსამუშაოზე თუ სექსმუშაკი არ ხარო. ნურას უკაცრავად, რა, ყველა ვართ სექსმუშაკები. კლიენტი თუ არ გვხმარობს, ცხოვრება გვხმარობს. დიახაც, სექსსამუშაოთიც ვიყავი დაკავებული. და ფულზე ვყიდიდი სექსს. აბა, ოპერაციის ფული როგორ მოვაგროვე. მერიამ რაღაც დამიფინანსა, მაგრამ ძირითადი თანხა ხო მე უნდა მომეძებნა. დიახაც, მოვძებნე. მშვენივრად. და არასოდეს არ ვიტყვი რო ვნანობ. ვიღაცა მუშაობს მშენებლობაზე, ხელით ათრევს აგურებს. ვიღაც ოფისში, ტვინით ითვლის ფორმულებს, მე სხეულით ვმუშაობ. დიახაც, ფიზიკური, მძიმე შრომა იყო. და ფსიქოლოგიურიც. ხო აბა, ჩაგვრა, ცემა კლიენტებისგან და გამვლელებისგან. თან რა? მე ლამაზი ვარ. რატომ უნდა ვიმალებოდე? გამოვდიოდი და ლამაზად დავდგებოდი. ლამაზადაც ვიცმევდი, ვიკრასკებოდი. ვაიმე მერე დისტრიბუტორიც ვიყავი მაღაზიაში, რა პრობლემაა. მასწავლებელიც ვიყავი. ვინ არ ვიყავი! ვასწავლიდი თეატრალურ ხელოვნებას ბავშვებს. სცენაზეც გამოვდიოდი. სილამაზის კონკურსშიც გავიმარჯვე, მარა ისე ვნანობ მაგას, ისე ვნანობ, ფუჰ, ფუჰ, ფუჰ, ამ დრაკონული, ფაშისტური სილამაზის სტანდარტების კონკურსზე რო გავედი! კონფორმისტი ვიყავი ძალიან.

ეს იყო 2010 წელს. იქ, რუსეთში, მისტერ რუსეთის კონკურსზე. ნუ ეხლა მისტერ, მისტერ, მარა ვინ იცოდა რო მისის ვიყავი. ჰაჰა!

მე რო დამარქვეს მამაკაცური სახელი, უკვე მაშინ მქონდა პრეტენზია. რატო მეძახიან კაცის სახელს, როცა მე ან არიელი მქვია, ან ავრორა, ან პრინცესა ბელი მქვია, ყველა მშვენიერი არსება დისნეის ფილმებიდან მე ვიყავი.

დედის კაბას რო ჩავიცვი და სარკესთან ვტრიალებდი და არიელის სიმღერას რო ვაჯავრებდი, ზუსტად მაშინ შემომილაწუნეს პირველად. ცხვირ-პირი ამელეწა, სულ სისხლს ვიფურთხებოდი. ეს როგორ გაბედე, შე სამარცხვინოო! მერე დამეწყო, რო ფიზიკური ძალადობის მეშინოდა. ყველა ოჯახის წევრისგან. ჩვენ რვა დედმამიშვილი ვართ, მე ნაბოლარა და ყველაზე შემარცხვენელი არსება. თუმცა, აბა, ეხლა გამიბედოს ვინმემ და ეს თქვას. მივაღწიე ყველაფერს, ჩემით. განათლება მივიღე, ვმუშაობ, ხალხში რეპუტაცია მაქვს. და ეს რეპუტაცია ჭკუით, სენსიტიურობით, ადამიანობით მაქვს მოპოვებული.

უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვიბრძვი ადამიანებისთვის და პატივს მცემენ. იციან რო მე ფულისთვის ამას არ ვაკეთებ.

აი, ჩემი დეიდაშვილი იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკვივარი. თავის მაიკებს მჩუქნიდა, კოსმეტიკას, თავის ყველაფერს. ჩემი პრინცესა. ჩვენ დები ვართ, დიახ.

ბავშვობაში ვძულდი ჩემ ძმებს.

ისინი 12, 13 წლიდან უკვე ერექციაზე ლაპარაკობდნენ. მე კიდე ორგანიზმში 90% ქალის ჰორმონები მაქვს, კაცის არ მუშავდება, იმიტო ვსვამ ტესტოსტერონს, რო ეს წვერიც მქონდეს.

მაგრამ მე ყოველთვის ვუყვარდი მშობლებს. ისინი მიცავდნენ, რა თქმა უნდა. თუმცა, სისტემიდან გამომდინარე მათაც ქონდათ პრეტენზია: ნუ გვთხოვ მდედრობითი სქესით მოგმართოთ რუსულად, ბიჭებს ნუ უყურებ. ვეუბნებოდი, მე თქვენი ქალიშვილი ვარ მეთქი.

მარა სულ მეშინოდა.

დღესაც ისე მიხარია რო სკოლაში არასოდეს აღარ დავბრუნდები. კარადებში რო მკეტავდნენ და მცემდნენ და ნაგვის ურნებს რო მაცმევნდნენ თავზე და ფეხებს შუა მირტყამდნენ. ააა, შენ თუ გოგო ხარ არ გეტკინება, და აა, გეტკინა? მაშინ პიდარასტი ხარ. ბომბაჩკებს რო მიგდებდნენ ჩანთაში და სკოლამდე მცემდნენ და სკოლის მერე მცემდნენ. თავიდან ვყვებოდი სახლში, მერე გავჩერდი. რატო ვერ იცავ თავს? რატო ვერ იცავ, შენ ხო ბიჭი ხარ! ჩემი ძმა რა თქმა უნდა, იმიტო რო ძმა ვიყავი, ვალდებულად თვლიდა თავს რო დავეცავი. დღეს მართლა მადლობელი ვარ. იმიტო რო შეიძლება იმათ მოვეკალი. რო ამბობენ, ბავშვები კარგები არიან. ბავშვები კარგები არიან აკვანში. იმიტო რო მათ შეუძლიათ მოკლან ადამიანი და არ დაფიქრდნენ.

ბოლო ზარზე მაინც წავედი. ბანკეტზეც ვიყავი. მიუხედავად იმისა, რო ყველას ვძულდი. ორი გოგო მყავდა პადრუგები, ვგიჟდები. ეხლაც ვკონტაქტობთ, მარა იშვიათად, ისინი არიან - გათხოვილები, დაქორწინებულები. ხოდა ვტიროდი ბოლო ზარზე ცხარე ცრემლით. ერთი კლასელის დედა მოვიდა და შვილო, ნუ ტირი, თქვენ კიდევ შეხვდებით ერთმანეთსო. ქალო-მეთქი, - ავხედე, - ვტირივარ იმიტო, რო მიხარია, ამათ არასოდეს აღარ ვნახავ-მეთქი. ქალი გაგიჟდა: აჰ, სატანა! მართლა სიხარულისგან ვტიროდი.

სკოლასთან ახლოს ვმუშაობ და მხვდებიან ხოლმე ჩემი მასწავლებლები. მასწავლებლებს რა უნდა ეთქვათ, ხედავდნენ ყველაფერს. ერთადერთი, რაც შევძელი, 11 კლასში ვიყავი უკვე, დირექტორის კაბინეტიდან აღარ გამოვდიოდი. ვწერდი, ვწერდი საჩივრებს და მივაღწიე რო კლასელი გარიცხეს. ულტიმატუმი წავუყენე დირექტორს, ან ეს გაირიცხება, ან თავს მოვიკლავ და თქვენ სინდისზე იქნება-მეთქი. მეც კაი ნაბოზვარი ვიყავი.

ეგ მცემდა. სკოლის ტუალეტში ვერ შევდიოდი. ტუალეტში გამომიჭერდნენ და მცემდნენ. შესვენებებზე კარიდორში ვიდექი ხოლმე.

შენ ოჯახში რო გასწავლიან რო უნდა იყო კარგი, მულტფილმებში გასწავლიან რო სიკეთე აკეთო და ბედნიერება მოუტანო ხალხს. წიგნებშიც იგივე წერია და საიდან მოდის ეგეთი გავნო, ჰა? მე ალბათ ძაან ზღაპრებში ვიზრდებოდი. დღემდე მგონია რო მეყოლება ის პრინცი. იყოს რეგვენი, მეც რეგვენი ვიქნები, მაგრამ ბედნიერი.

მე ჩემ ყოფილ შეყვარებულს ვუთხარი, არ მინდა ნიღბიანი შეყვარებული მყავდეს-მეთქი. იმიტო რო ცოლი ყავდა და შვილები. მე ვცდილობ ყველას დავეხმარო.  მინდა ვიყო კარგი. არა პოპულარობის გამო, ისე უბრალოდ. მე არაფერი არ მახსენდება რაც გავაკეთე ცუდი. მარტო თავდაცვის მიზნით. აბა, მე შენ კარგს გაგიკეთებ და შენ დამარტყი? ერთ ლოყაში რო გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო, აუ იცი, რა? ისე კარგად ავარტყამ სახეში, რო ნახუიზე გავუშვებ.

რუსეთში უფრო ნეფორმალებში ვჯდებოდი. გოთები და ემოები. გრძელი შეღებილი თმა. ნეფარმალკა და ვსო. თუმცა, მხვდებოდა ხალხი, ვინც ავტობუსში პანღურს ამომარტყამდა, შემაფურთებდა. მაგრამ, მაშინ ისეთი ჩმორიკი ვიყავი, იცი როგორ მეშინოდა? უჰ! სკინჰედი გამომეკიდა ერთხელ და ლამის ამოვთხარე მიწა და შიგ ჩავწექი.

აქ 10% მეშინია. და ეს შიში იცი რა არი? არ მინდა რო მოვკვდე, არ მინდა რო დაზარალდეს ჩემი ოჯახი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს.

ალბათ ეს ორი შიშია, რისიც მეშინია. დანარჩენი არა.

ერთხელ პოლიტექნიკურის მეტროსთან, ჩემ უბანში, თმა გადამიწვეს თავზე. სანთებელით მომიკიდეს. თმაზე ცეცხლი რო წამეკიდა, ჰადესი მეგონა თავი. ააა, ვკიოდი.

ის მაიკა დღემდე მაქ შენახული. არ ირეცხება. ემოციებზე გადავედი და ძაან პათეტიკურად ვსაუბრობ.

17 მაისის აქციაზე ხალხი აპროტესტებდა და მე კიდე ტრანსპარანტებზე დავწერე:  მე ვაპროტესტებ ჰომოფობიას, ტრანსფობიას. დავწექი მიწაზე და ისე ვკიოდი. ვაიმე ვინ გთხოვდა. ახალი გამოთრეული ტიპი აქტივიზმში, უსაფრთხოების აზრზე რო არ არი. მერე ჟურნალისტების წინ დავდიოდი და თმას ვისწორებდი. დღემდე შენახულია მგონი ეგ კადრები. ტიპი დგას ინტერვიუს იძლევა, მე უკან ჩავიარე და მმმმ, კამერის წინ კოცნას ვგზავნი. თან ვკვდები სიცილით. მგონი იმ კადრებიდან მიცნეს.