საომრად გამზადებული მივედი და, ფორთოხლის ფრეშს მოგიტანო. დავჯექი. შეხვედრის ადგილისთვის ბრძოლა კი მართლა მომიწია. სახლში მოვალ-მეთქი. არ მაქვს სახლიო. კარგი, ბატონო, მაშინ, სადაც გძინავს, იქ მოვალ-მეთქი. სამსახურში მძინავსო, - არ გამივიდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ სადღაც არსებობს ადგილი, სადაც მისი ტანსაცმლის კარადაა და მისამართი გამოვართვი.

"ნახე, რა ხედი ავირჩიე"

ქვემოთ მოყავისფრო მტვერი, ავტოსადგომი, ძირგავარდნილი სატვირთო მანქანები, ნანგრევები, გადაჭრილი ხეები და აქა-იქ გორებად აყრილი მიწა მოჩანს.

„6 თვეა უკვე, აქ ვცხოვრობ. პრინციპში, სახლში ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებ, ძირითადად სამსახურში ვარ. უბრალოდ, მარტო ყოფნა მომიწია და აქ გადმოვედი. 4 წელი ვიცხოვრე ყოფილ მეუღლესთან ერთად, ასე, დაშორებულ მდგომარეობაში, მაგრამ ორივეს ცხოვრებაში დადგა ის მომენტი, რომ იქ აღარ უნდა ვყოფილიყავი. 33 წლის ასაკში პირველად ახლა დავიწყე მარტო ცხოვრება; თუმცა, აქამდეც, რამდენი ადამიანიც არ უნდა ყოფილიყო ჩემ გარშემო, მაინც სულ მარტო ვიყავი ხოლმე“.

ახლა უკვე ფორთოხლის გასინჯვაც შეიძლება.

ხმამაღლა ვკითხულობ (ზეპირად დამახსოვრება არც მიცდია): ნაჯა ორაშვილი, პროფესიით რეჟისორი, პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი, მედიაპროდიუსერი. სარეკლამო სტუდია MILKY WAY-ს, BASSIANI-ს სულისჩამდგმელი, ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალის „ელექტრონავტის“ წარმომადგენელი. სოციალური პროექტების „სისტემა უნდა დაინგრეს“, „ქალაქი ამბობს“ იდეის ავტორი, გადაცემების „კიმონოსა“ და „ტრანსმისიის“ იდეის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის კამპანიის ფარგლებში სოციალური პროექტის 50/50 კამპანიის ავტორი, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი...

„ჯოჯოხეთი, – მიჭირს ამოცნობა, ეს ჩემი გამომეტყველებისა და ინტონაციის შეფასებაა თუ თავისივე კარიერული გზის, – მანდ კიდევ ყველაფერი არ წერია“.

მერე ბევრი ისეთი ამბავი ვთქვით, რაც არსად არ წერია.

მაგალითად:

სანამ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარებდა, სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა. სამი წლის განმავლობაში მორიგეობდა საავადმყოფოებში ექთნად, ესწრებოდა ოპერაციებს, მშობიარობებს, ერთი სიტყვით, ექიმობას გეგმავდა. არადა, თურმე ნემსის ისეთი ფობია აქვს, რომ ორსულობისას მისთვის სისხლის ანალიზის აღებას ლეგენდები მოჰყვა. როგორ ამოყო თავი მაშინ ამ გაუგებრობაში, დღემდე არ იცის.

„მერე მამაჩემს ვთხოვე, თეატრალურში მინდა ჩაბარება-მეთქი. იმ წელს ჩემს ნათლიას აჰყავდა ჯგუფი და რომ შევდიოდი, მამაზე მქონდა ხელი მოკიდებული – თან ვეუბნებოდი, ეს ის სამყაროა, სადაც სულ მინდოდა მოხვედრა-მეთქი. აღფრთოვანებულმა ერთ წელიწადს ვიარე. მერე ამანაც გამიარა. კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე და დიპლომი არ ამიღია“.

მამა

„რაც კი მაქვს, მამაჩემისგან მაქვს. ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თვითონაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ერთხელაც არ დაეცა. 90-იან წლებში, როცა მისი მეგობრები რაღაცნაირად ცხოვრებას დანებდნენ, ეს ყველაფერს ცდილობდა, რომ თავისი ადგილი გამოენახა. კინოპროდიუსერია, „კინოშნიკია“ – თვითონ საკუთარ თავს ასე უძახის, მაგრამ მაშინ, როცა კინო გაჩერებული იყო, ყველაფერზე მიდიოდა, ფორთოხლებსაც ყიდდა და ბენზინსაც, რომ შვილები შიმშილისგან გადაერჩინა. 24–საათიანი შრომა შეუძლია. დღესაც ასეა და დღესაც, 60 წლის ასაკში, შეუძლია, კლუბში იდგეს, დილის 8 საათამდე იცეკვოს და ძალიან ადეკვატურად შეაფასოს ყველაფერი. ანგრევს სტერეოტიპს, რომ კლუბური ცხოვრება მარტო ახალგაზრდებისთვის არის, ერთ-ერთი მოწინავე მოცეკვავეა კლუბში“.

მამასთან ერთად ცეკვას წლების ისტორია აქვს. იხსენებს, რომ 14 წლის ასაკში ერთად დადიოდნენ ხოლმე სხვადასხვა კლუბში, იმ სასმელის სახელიც ახსოვს, რომელზეც უფულობის გამო მთელი ღამე გადაუტარებიათ – ერთი აისბერგი მოგვეცით, – ასე ვუკვეთავდითო. აისბერგი კი, არც მეტი, არც ნაკლები – თურმე ყინულებიანი წყალი ყოფილა მაშინ. 14 წლიდან მარტოც ხშირად დადიოდა კლუბებში და თვითონაც უკვირს, როგორ უშვებდნენ, რატომ არ ეშინოდათ მშობლებს, მით უმეტეს, როცა ლამის ყოველ კვირას სროლები, სკამების ტრიალი და ლეწა-მტვრევა იყო ყველგან. კაცმა არ იცის, რამდენადაა ამ ამბავთან პირდაპირ კავშირში, მაგრამ თვითონ ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მამა სრულ თავისუფლებას აძლევდა, ძმაა.

ძმა

„ჩემი ძმა პირველი ჯგუფის ინვალიდია, დედაჩემმა მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა და სახლიდან არ გადიოდა; მამა სულ ცდილობდა, რომ  ჩემი ძმის გავლენისგან გამოვეთავისუფლებინე და ბავშვობაში რა ნეგატიურ დამოკიდებულებასაც ვგრძნობდი საზოგადოებისგან, მოეშორებინა.

ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით უმცროსია. მე თვითონ არასდროს მქონია ოდნავი მიუღებლობაც კი, და როცა ერთად ვცხოვრობდით, სულ გამყავდა გარეთ – ვასეირნებდი, მეგობრებთან დავატარებდი, არასდროს დამიმალავს. მისი დაავადება იშვიათია, მილიონში ერთს აქვს. ქუჩაში ხშირად დამართნია ეპილეფსია, სეირნობის დროს დაცემულა, ხალხი შემოსევია და მე, 12 წლის, გაცილებით უფრო ადეკვატურად ვიქცეოდი მაშინ, ვიდრე – ზრდასრული ადამიანები. რა თქმა უნდა, თითით საჩვენებელი ვიყავი და ჩემზე გაბრაზებული ადამიანები მაძახებდნენ ხოლმე, შენი ძმა ავადმყოფიაო; დღესაც იგივე ხდება, რაც მაშინ, მაგრამ შენზეა – ამაში ჩაყვები თუ არ ჩაყვები. მაშინაც სულ პროტესტი მქონდა და თუ ვინმე რამეს მეტყოდა, ვუხსნიდი, რომ ძალიან არაჰუმანურად და არაადამიანურად იქცევიან. მერე მე ჩემი ცხოვრებით წავედი და ჩემი ძმა დიდი ხანია, არ მინახავს, იმიტომ რომ, როგორც გითხარი, სახლთან ახლა აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს“.

...სანამ ამას მეტყოდა, კიდევ ერთ სახლზე მომიყვა, პეკინის გამზირზე, სადაც სხვანაირ მუსიკას პირველად მოუსმინა. ეს ამბავი იმაზე გაცილებით პატარა ასაკში დაიწყო, ვიდრე ახლა მისი შვილია – 5 წლის იყო, როცა დაუმეგობრდა ეზოს ბიჭებს, რომლებიც ჰიპ-ჰოპს, მეტალს და სხვა ალტერნატიულ მუსიკას უსმენდნენ. მეზობელ ქუჩაზე ტანკები დადიოდნენ, ტყვიების ზუზუნი შეჩვეული ხმა იყო, იქით პირველი არხის შენობა მხედრიონს ეკავა და აქეთ პეკინის გამზირზე ჰიპ-ჰოპის მოყვარული ბიჭები და ერთი 5 წლის გოგო ღამის 12 საათამდე შტაბობანას თამაშობდნენ.

„პეკინის სახლში 25 წლამდე ვიცხოვრე. 25 წლის ასაკში ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან შევიცვალე გარემო, მეგობრები, ინტერესები, ყველაფერი... მაგალითად, 25 წლამდე ვერ მნახავდი ბოტასებით. დავდიოდი ქუსლიანი ფეხსაცმლით, და კლუბებშიც ამ ქუსლებით დილამდე შემეძლო ცეკვა.

ამიტომ ვერ ვიტან სტერეოტიპს, რომ ქუსლიანი გოგოები კლუბში არ შეიძლება, შეუშვა. მე თავს ძალიან კომფორტულად და კარგად ვგრძნობდი ხოლმე“.

– რა მომენტში ჩაიცვი ბოტასები?

– არ ვიცი.

– ვერაფერს უკავშირებ?

– ვერა. რაღაც გარდატეხა მოხდა, რომელმაც აქეთკენ წამომიყვანა 10 წლის წინ. ფერადი ტანსაცმელიც უფრო მეცვა ხოლმე მაშინ, 25 წლის მერე ჩავიცვი შავები. 

– ის ყვითელი პალტო, შარშანდელი?

– ყვითლის ატანა ახლაც შემიძლია. კიდევ ცისფრის. ცისფერი, ყვითელი, შავი.

25 წლის მერე ყველაფერი შეიცვალა. თუმცა, ერთი რამ მაინც დარჩა უცვლელი – ბიჭი მეგობრები. დღესაც, 34 წლის, ისევ ბიჭებთან ერთად თამაშობს, მეგობრობს, თანამშრომლობს. მიზეზებზე ბევრს ფიქრობს, პასუხებიც ხან აქვს, ხან – არა.

„ჩემი პირადი ისტორიების გამზიარებელი, რასაც ყველაზე მეტად განვიცდი, სადაც ცრემლებით ტირილი შემიძლია, არასდროს ყოფილა გოგო. თუ ვინმესთან ოდესმე მიტირია, ესენი სულ ჩემი მეგობარი ბიჭები არიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალების მიმართ არ ვარ სოლიდარული, ან რამე ნეგატიური განწყობა მაქვს. ალბათ ბიჭები უფრო მეტად სოლიდარულები იყვნენ ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემ მიმართ, და პირიქით – თუ ვინმეს ჩემთვის რამე ზიანი მოუყენებია, ესენი იყვნენ ქალები. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩემი პირადი ისტორიები მომიყოლია გოგოებისთვის და ძალიან ცუდად გამოუყენებიათ. ბიჭების შემთხვევაში ეს გამოცდილება არ მქონია არასდროს. თან, ამ ყველაფერთან ერთად, ყველაზე მეტი ჭიდილი ბიჭებთან მაქვს – სამსახურია თუ სხვა სფერო, ძალიან რთულია, როგორც ქალმა, კაცების გარემოში თავი დაიმკვიდრო, სტერეოტიპები ძლიერია და ხუთმაგი ძალისხმევა გჭირდება, რომ შენი ძლიერება დაამტკიცო, შენი პროფესიონალიზმი“.

იმ სამყაროში, სადაც პროფესიონალიზმის მტკიცება უწევთ, 15 წლისამ შეაბიჯა – პირველი სამსახური „მედია-პალიტრას“ გამოწერების შეგროვება იყო;  – მაშინ ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ კინოში ან კლუბში გაეშვა და ფული თვითონ უნდა ეშოვა. 17 წლიდან კი მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობები გაიზარდა – პირველი არხის რეჟისორად, კრეატივისა და მარკეტინგის აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობას სხვადასხვა ტელეგადაცემის წამყვანობა, სიუჟეტების რეჟისორობა და ჟურნალისტობა შეემატა, ამ ყველაფერს რადიო და სარეკლამო სააგენტოც დაერთო და ცხოვრება 24-საათიან სამუშაო რეჟიმად ექცა.

„არასდროს მიფიქრია, იმაზე, რომ უსამსახუროდ, უსაქმოდ დავრჩებოდი. საკუთარ ბიზნესზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ძალიან კარგ გუნდთან ერთად ვმუშაობდი, დამთავრდა და ყველამ თავში ხელები წაიშინა. მე ვთქვი, ჩვენი სარეკლამო გავაკეთოთ-მეთქი – გრაფიკაზე ვმუშაობდით ვიდეომიმართულებით. დაახლოებით 30 ადამიანს გავუზიარე ეს და 30-ვემ ძალიან სკეპტიკურად შემომხედა, ბაზარზე დიდი კონკურენციაა, როგორ შეიძლება, შეხვიდეო და ა.შ...  ერთი ადამიანი იყო, ვინც ხელი ასწია, გავაკეთოთო და წავედით-მეთქი. არაფერი არ გაგვაჩნდა დედამიწის ზურგზე, არც კამერა, არც კომპიუტერი, მახსოვს, მაშინ ნიკომ მოიტანა სახლიდან კომპიუტერი, მე – კამერა”.

– არის რამე, რაც გინდოდა და ვერ გააკეთე?

– მაქვს მიზნები, ჩანაფიქრები, რომლებსაც განვახორციელებ, მაგრამ რაღაც ისეთი, რომ დავიწყე და არ გამომივიდა, არ არსებობს.

– სამსახურის გასაუბრების მერე რომ არ გირეკავენ, ეს შეგრძნება მაინც თუ იცი, როგორია?

– არა. არ ვიცი. არასდროს მივსულვარ მსგავს გასაუბრებაზე.

– კონკურსში მარცხი?

– არც ეგ. ტელევიზიაში რა პროექტებიც მივიტანე, ყველამ გაიმარჯვა.

მიღწეულ მიზნებსა და განხორციელებულ გეგმებს შორის ერთი ახდენილი ოცნებაცაა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, BASSIANI-ა – ხომ გაქვს ადამიანს მიზნები, BASSIANI კიდევ ჩემი ოცნება იყოო. ბავშვობიდან უნდოდა, საკუთარი კლუბი ჰქონოდა, თუმცა ისიც ზუსტად იცოდა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა 20 და 25 წლის ასაკში, ვერ შეძლებდა ვერც მარტო. ჯერ სხვა ქვეყნების კლუბები მოიარა, ბევრს ფიქრობდა, როგორი უნდა ყოფილიყო BASSIANI, ან როგორი არ უნდა ყოფილიყო. მერე კი ადგა და ყველაფერი დაწერა. ნიკო, ვისთან ერთადაც MILKY WAY დააარსა, აქაც ერთგული პარტნიორი გამოდგა – მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო დიდად არ აინტერესებდა, სააგენტოდან დაგროვებული ფულით კლუბის გახსნაზე დათანხმდა. მალე ზვიადი, გური და ტატოც შეუერთდნენ და ნელ-ნელა ის გუნდი შეიკრა, რომელმაც ბევრ წინააღმდეგობას, კრიზისს, ზეწოლას და ჩავარდნას გაუძლო, გადაიტანა, გადახარშა და შედეგად BASSIANI შექმნა.

– ეს სფერო ვიღაცისთვის ბიზნესია, მე კი ამის გაგონებაზე თმები მცვივა ხოლმე, ასეთი დამოკიდებულების მიმართ დაუნდობელი ვარ.

– ბიზნესია, აბა, რა არის?

– ჩემთვის არ არის ბიზნესი.

– ჰო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას ყიდი და ხალხი ყიდულობს...

– მაინც არ შემიძლია ამის ბიზნესთან გაიგივება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბიზნესის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ, ჩემთვის იმდენად დიდი და განსაკუთრებული იდეაა ეს, რომ არ მინდა, ბიზნესი ერქვას.

– მაშინ ამიხსენი, რა იდეაა.

„BASSIANI არის ძალიან დიდი მოძრაობა თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, თვითგამოხატვისთვის, ერთად დგომისთვის, ცვლილებებისთვის, და ეს არ არის მარტო ჩემი განცდა, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან ბევრი სხვა ადამიანის განცდაცაა.

ჩვენ ვცეკვავთ ცვლილებებისთვის– სულ ამას ვამბობ და შეიძლება, ვიღაცას ეს სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ მე ძალიან გულწრფელად მჯერა, რომ ეს ასეა“.

ფანები რომ გყავს, თუ იცი-მეთქი. ძალიან მრცხვენია და ვცდილობ, საერთოდ არ ვიფიქრო მაგაზე, იმდენად არ წარმომიდგენია საკუთარი თავი ისეთ ვინმედ, ვისაც შეიძლება, ფანი ჰყავდესო. მერე ერთი შემთხვევა გაიხსენა, ციხიდან გამოსული ნარკომომხმარებელი რომ უყვებოდა, როგორ აღფრთოვანებით უყურებდნენ ციხეში სხვა ნარკომომხმარებლები ტელევიზორს და ამბობდნენ, ეს გოგო ჩვენი იმედიაო. ფიქრობს, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს, როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს და თავს შეცდომის დაშვების უფლება არ უნდა მისცეს.

იმ ხალხის შესახებაც იცის, რომლებსაც დიდად გულზე არ ეხატებათ, თუმცა, აგრესიის მიზეზის მიხვედრა უჭირს. ვარაუდობს, რომ მეტწილად ეს ის ადამიანები არიან, ვინც არ იცნობენ, მკაცრი ჰგონიათ – გარედან ასე ვჩანვარ, ალბათო.

„ჰოდა, აი, არ ვიცი, ახლა ვეკითხები – რა ვერ გაიყვეს ჩემთან?“

სიმკაცრის რა ვთქვა – მე თუ მკითხავს კაცი, ზედმეტად რბილი და მიმნდობიცაა. მაგალითად, სჯერა, რომ ქართველი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე მიმღები და ტოლერანტია, პრობლემები კი, რომლებიც გვაქვს, არასწორი კომუნიკაციის ბრალია.

„მაგალითად, კვლევებში ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, თუ მეტი, არის ჰომოფობი. მე არ მჯერა, რომ არის. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არავინ აუხსნა ადამიანურ ენაზე, რატომ არ უნდა იყვნენ ჰომოფობები. ეს ადამიანები ცხოვრობენ შიშებით. ისე, როგორც არ უხსნიან, რომ ნარკომანი სალანძღავი სიტყვა არ არის. და ვინ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი? ხელისუფლება ამ ადამიანების განვითარებაზე არ ფიქრობს და ურჩევნია, ასეთები იყვნენ. ვერ რისკავენ. არადა, თუ არ გარისკე, ვერასოდეს მიხვდები, რა იქნება შედეგი”.

იმ ხელისუფლებაში, რომელსაც საყვედურობს, მეგობრები ჰყავს, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის ბრენდ-კოდისა და საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაში, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში – როგორც პროფესიით კომუნიკაციების მენეჯერს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საქმიანი ურთიერთობები ხელს არ უშლის კრიტიკაში და არც არასდროს შეუშლის, თუ კიდევ მოუწევს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

– შენ თუ გაქვს გაუცნობიერებელი შიშები და ჩარჩოები?

– პირად ცხოვრებას ეხება... რომლის შესახებაც, სხვათა შორის, არაფერი მკითხე.

– ჯერ არ დამიმთავრებია.

– მაგალითად, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ჩემმა მეგობარმა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან დაიწყოს ურთიერთობა.

– ტრაგედიას რაში ხედავ?

– არ ვიცი. მეგობარმა არ უნდა მიღალატოს.

– შეყვარებული ხომ ყოფილია?

– მერე რა. მაინც არ შემიძლია. ვცდილობ, გადავლახო, მეგობრებიც სულ მეუბნებიან, დაიკიდეო, მაგრამ არ გამომდის.

გაცნობიერებული, ხელშესახები შიშით კი შვილის გამო ეშინია. სულ ვფიქრობ ხოლმე, რამე არ დაემართოს ჩემს ხელშიო. ძალიან ბევრს როცა ვმუშაობ, ხშირად ყურადღების მიღმა მრჩება, ცოტა დროს ვატარებთ ერთად; მეშინია, რამე არ დავაკლო და, რა თქმა უნდა, ვაკლებ კიდეცო.

ზუსტად ვიცი, რომ ამ შენობაში, სადაც მისი ტანსაცმლის კარადაა, აუცილებლად დავბრუნდები – მჯერა, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკის გადამკიდე, ბოლოს ყველას გვჭირდება ერთი ტანსაცმლისკარადიანი ადგილი და ერთიც გოგო მეგობარი.

 

გამორთული დიქტოფონი

„აი, წეღან რომ მკითხე, დამავიწყდა... ასაკის მატების მეშინია კიდევ საშინლად. აზროვნებაზე არ შემეტყოს“.