სისხლისფრად შეღებილი ეკრანი, იოჰან შტრაუსის „Blue danube waltz“ ღორის განწირულ ჭყვიტინთან ერთად, შემზადებასავითაა – ფილმის ფინალში რაღაც უჩვეულო უნდა მოხდეს.

„რატომ არ აქვთ ღორებს სახელი?!“ ზურა მამაგულაშვილის პირველი, სტუდენტური დოკუმენტური ფილმია. იდეაზე მუშაობა მან ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლის დოკუმენტური ფილმის კურსზე სწავლისას დაიწყო. შარშან, GIPADOCU-ს სტუდენტურ ფესტივალზე მისი პროექტი საუკეთესოდ დასახელდა. დასრულებული ნამუშევარი ერთი წლის შემდეგ, ნოემბერში იმავე ფესტივალზე ვნახეთ. ფილმმა წელსაც გაიმარჯვა.

სიუჟეტი ახმეტაში ვითარდება, სადაც ზურა ბავშვობაში თავის დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სახლი წლების წინ ყველამ დატოვა. ერთადერთი, ვინც დღეს იქ ცხოვრობს, ზურას პაპაა.

ერთ დღეს, ზურა და ზაურა, შვილიშვილი და პაპა, თელავის ბაზარში გოჭს ყიდულობენ და სახლში მიჰყავთ. ზურა ახმეტაში გოჭის სანახავად ყოველ კვირას ჩადის. საღორეში შპალერს აკრავს, ღორს ჯემპრს უქსოვს, საღორეს უღებავს და სახელსაც კი არქმევს. მისი ხელოვნური მზრუნველობა პაპას სასაცილოდაც არ ჰყოფნის. მთელი ფილმის მანძილზე მისი გმირები ამბავს იმდენი თვითირონიითა და იუმორით ავსებენ, რომ ვერც ამჩნევ, დრო როგორ სწრაფად გადის.

ერთ დღესაც, პაპა ხელით მოუხაზავს შვილიშვილს, როგორ უნდა გამოჭრას ყელი წაქცეულ ღორს, ყველაფერი ერთი დარტყმით უნდა მოხდეს. და საერთოდაც, არაფერია ამაში რთული. ზურა თეთრ ტანსაცმელს იცვამს და ღორის დასაკლავად ემზადება.

ინდიგო: ზურა, რაზეა შენი ფილმი, რა არის მისი წამყვანი ხაზი?

ზურა: ადამიანური ურთიერთობების ბუნების ჩვენება მინდოდა. მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ უყვარდეთ, ზრუნავდნენ, ჰარმონიაში იყვნენ ვიღაცებთან, მაგრამ, ამავე დროს, ანადგურებდნენ მათ. რომ დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტის ფლობის სურვილი ჩნდება.

ინდიგო: დაახლოებით ათი თვე იღებდი ფილმს. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ფიქრობდი ღორის მოკვლაზე, წარმოიდგენდი ხოლმე ამ მომენტს?

ზურა: კი, გამუდმებით. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ამაზე რომ არ მეფიქრა. ღორთან მივდიოდი, ვეფერებოდი, წარმოვიდგენდი, როგორ ვჭრი არტერიას. საშინელი შეგრძნება იყო.

ინდიგო: როგორ აუხსენი პაპაშენს, რის გადაღებას აპირებდი?

ზურა: კარგა ხანს არც მითქვამს, რატომ მინდოდა ღორის ყიდვა. უბრალოდ იცოდა, რომ გადასაღებად მჭირდებოდა. თავიდანვე არასერიოზულად უყურებდა ფილმის იდეას. თუმცა, როდესაც ჩემი ლექტორები ჩამოვიდნენ ახმეტაში გადაღებაზე, მგონი, დამოკიდებულება შეეცვალა, მგონი იფიქრა, ლექტორებიც თავისნაირი გიჟები ჰყავსო. რთული იყო, რაღაცები ზუსტად ამეხსნა მისთვის. თან დიდად ეს არც მომინდომებია – დაბნეული პერსონაჟები უფრო საინტერესოები არიან ხოლმე. მოკლედ, ბოლომდე ართქმაც გეგმის ნაწილი იყო.

თავიდან, ძალიან მრცხვენოდა პაპაჩემის, ბოლოსკენ კი აღარც საღორის შეღებვა მეუხერხულებოდა, არც ლექსის წაკითხვა, არც ღორისთვის ჯემპრის ყველას თვალწინ ქსოვა.

თავიდან, მეზობლები რომ მოდიოდნენ, ვიბოჭებოდი, ვერაფერს ვაკეთებდი, როცა ვქსოვდი, სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი ხოლმე, მეშინოდა, ვინმეს არ დავენახე.

პაპაჩემი გავართე ჩემი იქ ყოფნით. პირველად რომ ამყვა თამაშში – ღორის სახლის შეღებვისას ფუნჯი გამომართვა და თვითონ დაიწყო შეღებვა – ძალიან გამიხარდა. მისთვის სისულელე იყო ის, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ მაინც მეხმარებოდა. არ ვიცი, ეს გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა, მაგრამ მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, დავინახე საით მივდიოდი.

ინდიგო: გამოდის, პაპა ფილმს არასერიოზულად უყურებდა, მაგრამ მაინც აგყვა, გენდო და ჩაერთო. როგორ მოხდა ეს?

ზურა: პაპაჩემის ერთადერთი ბიჭი შვილიშვილი ვარ, როგორც ამბობენ ხოლმე, მისი გვარის გამგრძელებელი, ამიტომ განსაკუთრებით ვუყვარვარ. სოფელში იშვიათად ჩავდიოდი. ამიტომ, მგონია, პაპასთვის ღორზე ფილმის გადაღება ჩემს ხშირად ნახვას ნიშნავდა, მე კი მასთან ჩასვლა საქმისთვის მჭირდებოდა.

ინდიგო: პაპა, როგორც პერსონაჟი, რის ჩვენებაში დაგეხმარა?

ზურა: ფილმში პაპაჩემი იმ რეალობაში ცხოვრობს, სადაც ღორის მოკვლა არაფერს ნიშნავს, ჩვეულებრივი ამბავია. მეორე მხარეს ვარ მე, ვინც იმ რეალობას არ ეკუთვნის. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ, ფაქტია. პაპასთვის არ მითხოვნია, რამე სპეციალურად გაეკეთებინა, ფილმშიც ისეთივე დარჩა, როგორიც ცხოვრებაშია.

ინდიგო: ფიქრობ, რომ ბოლომდე ახლაც არ აქვს გააზრებული, რისთვის გააკეთე ეს ფილმი?

ზურა: არ ვიცი. მგონია, რომ ფილმი რომ ნახოს, უბრალოდ გაეცინება და ალბათ ეგრეც უნდა იყოს, ამიტომ დიდად არც მინდა, რომ ვაჩვენო. მე ჩემი მიზანი მაქვს, ჩემი იდეა და არ მინდა, ვიღაცამ ვერაფერი დაინახოს ბრტყელი მოცემულობის გარდა. ამას რატომღაც ძალიან განვიცდი და ყოველთვის ვცდილობ, ასეთი იმედგაცრუებები თავიდან ავირიდო.

ინდიგო: ფილმი ჯერ მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანმა ნახა, ისიც შენმა მეგობრებმა და ლექტორებმა. თუკი ფილმს დიდი აუდიტორია ნახავს, ხომ შეიძლება გითხრან, რომ მასში არაფერიც არ არის ახალი და არანაირი სიღრმე არ აქვს. ამას როგორ აირიდებ თავიდან?

ზურა: არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ მგონია, რომ ეს ფილმი რაიმე ემოციას მაინც გამოიწვევს.

ინდიგო: ფილმის ორ ეპიზოდში ჩანს მამა, უფრო სწორად, შენ და პაპა ლაპარაკობთ მასზე. რატომ გამოჩნდა მამა ან რატომ უფრო მეტად არ გამოაჩინე?

ზურა: მამასთან ინტერვიუ ჩავწერე, მინდოდა ფილმის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა, ამოვარდნილი იყო საერთო მასალიდან. ის, რომ მას მაინც ვახსენებ, ალბათ უფრო ჩემი ეგოიზმის ბრალია. ყველგან ვლაპარაკობ მამაჩემზე – ცუდზეც და კარგზეც, ყველგან ვამბობ, როგორია. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ შიში მაქვს, მამაჩემს არ დავემსგავსო. თუმცა, რაც უფრო ვიზრდები, ვამჩნევ, რომ მეტად ვემსგავსები, და მგონია, თუ მასზე ბევრს ვილაპარაკებ, ჩემს თავს შევახსენებ იმას, რაც მასში არ მომწონს.

ინდიგო: მამა რას ფიქრობს ფილმზე?

ზურა: სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე. პირველად გუშინწინ ნახა და აი, ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა – არანაირი ემოცია.

ინდიგო: ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფერებს მასში სიმბოლური დატვირთვა აქვს, მართლაც ასეა?

ზურა: გადაღებისას შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ყველა კადრში წითელი პერანგი მეცვა და ვიფიქრე, რომ წითელი გამომეყენებინა, როგორც ძალადობის სიმბოლო. თეთრი ტანსაცმელი უბრალოდ ჩავიცვი, ასე მინდოდა.

ინდიგო: ღორის სახელად ცეზარი რატომ აირჩიე?

ზურა: სახელზე ბევრი არ მიფიქრია. ესეც ინტერპრეტაციების ამბავია, მე პირადად არანაირი ჩანაფიქრი არ მქონია.

ინდიგო: არ გიფიქრია სხვა ფინალზე?

ზურა: კი, ვფიქრობდი სხვა ფინალზეც, მაგრამ თავდაპირველი იდეა რომ არ განმეხორციელებინა, ჩემს ჩანაფიქრს ვუღალატებდი. 

ინდიგო: ზურა, ცოტათი მაინც შეგცვალა ამ ფილმმა?

ზურა: თავიდან, როცა ჯერ კიდევ არაფერი მქონდა გადაღებული, ძალიან ვნერვიულობდი. ეჭვი მეპარებოდა საკუთარ თავში. მერე თანდათან დავინახე, რომ რაღაცები გამოდის.

ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. დავინახე, რომ იდეები, რაც თავში მიტრიალებს, შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ, საბოლოოდ, შეიძლება არც ისეთი სულელური გამოდგეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ფილმი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახალი ცხოვრების დასაწყისიც კია.

GIPADOCU-ზე გამარჯვებაც დიდი რამე იყო ჩემთვის. გამიმართლა, თუნდაც იმიტომ, რომ იქ იყვნენ ადამიანები, ვინც ძალიან ბევრი გააკეთეს ფილმისთვის. ახლა სინედოკზე გავგზავნე და თუ აჩვენებენ, საოცრება იქნება. საერთოდაც, ყველაფერი გამიხარდება, რაც შეიძლება ფილმის გარშემო მოხდეს – ცუდიც და კარგიც.

ინდიგო: რატომ მოგწონს რეჟისორობა?

ზურა: რეჟისორი ღმერთია. ყველაფერი შეუძლია, შეუძლია მოკლას კიდეც. მე ეს გავაკეთე, მე ვიყავი ღმერთი. კინო არის საშუალება, თქვა ყველანაირი სათქმელი. მეც მარტო ეს მინდა – ყველაფერი ვთქვა, რაც თავში მაქვს.

ინდიგო: და რა იდეა გიტრიალებს ამჯერად თავში?

ზურა: ერთ-ერთი ფილმის პროექტი უკვე მაქვს. ყველაფერი იმავე ადგილას, ახმეტაში ხდება. ესაა ფილმი ჩემს ოჯახზე, სამ განსხვავებულ თაობაზე – პაპაჩემზე, მამაჩემსა და ჩემზე. შეიძლება სცენარი შეიცვალოს. ჩემი შეყვარებული ესპანეთიდანაა, დამთანხმდა, რომ ახმეტაში წამოვიდეს და ექვსი თვე იქ იცხოვროს. მაინტერესებს, როგორი იქნება პაპაჩემის და მადრიდელი გოგოს ურთიერთობა. წარმოიდგინე, პაპაჩემი ზაურა და ლუსია მარტინ გარსია ერთად ცხოვრობენ.