რამდენიმე წლის წინ, გამოფენა ვნახე ქარვასლაში. არ ვიცოდი, ვინ იყო ნამუშევრების ავტორი. რომ გამოვედი, ნაცნობი გოგო შემხვდა და ვუთხარი, ძალიან მაგარი გამოფენაა და აუცილებლად ნახე-მეთქი. ჩემი გამოფენააო, მიპასუხა.  

იმ დღის მერე, მისი ყველა ნაბიჯი მაინტერესებს. დღეს რიტა ხაჩატურიანი ქართულ არტსცენაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელოვანია. 

 

რიტა ხაჩატურიანი
თავისუფალი მხატვარი

დაიბადა 1982 წელს ზესტაფონში.
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
არის ოცამდე საერთაშორისო და ადგილობრივი (მათ შორის, 7 პერსონალური)
გამოფენის მონაწილე.

 

გურამი: ეს ავტოპორტრეტია?

რიტა: კი. 

გურამი: ერთადერთია, თუ ავტოპორტრეტებსაც ხატავ ხოლმე?

რიტა: არა, დიდად არ ვხატავ. ეს ბავშვობის ფოტოს მიხედვით დავხატე. მინდოდა, ამ ფორმითაც ყოფილიყო.

გურამი: შეგიძლია „მონოლოგის“ სერიაზე მომიყვე? 

რიტა: იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ ერთ ადგილას ვაკეთებდი ნამუშევრებს. ერთი წლის განმავლობაში მშრალი ხიდის სკვერში ვმუშაობდი.  

საინტერესო იყო მუშაობა იმ სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს. ეს ერთგვარი ექსპერიმენტიც იყო, რადგან ძირითადად ჩემს სახელოსნოში მიწევს მუშაობა, შევძლებდი თუ არა ხალხმრავალ სივრცეში კონცენტრირებას ისეთ თემებზე, რაც სკეტჩინგისგან განსხვავდება. ამ ნამუშევრების სერიას მონოლოგი დავარქვი, რომელიც შემდგომ 2015 წელს გამოიფინა ლიტერატურის მუზეუმში.

გურამი: მეორე სერიას „არქივი“ ჰქვია, არა? 

რიტა: კი. გარდაბანში გერმანული სასაფლაოების გადასაღებად წავედი და შემთხვევით ტყეში, რაღაც ძველ შენობასთან აღმოვჩნდი. იქ ვნახე წარჩინებულ მუშათა საპატიო დაფა. დაფაზე დაკრული ფოტოები ისე იყო წვიმისგან გაფუჭებული, რომ გამოსახულება პლასტმასზე გადადიოდა, ქაღალდი აღარ არსებობდა. უცნაური ენერგია მოდიოდა ამ პორტრეტებიდან. გამიჩნდა სურვილი, ის ადამიანები ფოტოებზე, ახალ მედიაში დამენახა. ამის მიხედვით გაკეთდა 10 ნამუშევარი, სახელწოდებით „არქივი“.

გურამი: რა იყო შენი ამოცანა 2017 წლის სერიაში „მორფოლოგია“?

რიტა: დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იცვლება და ტრანსფორმირდება დროში შენ თვალწინ აბსოლუტურად ყველაფერი – შიდა და გარე პროცესების შედეგად იძენს სხვადასხვა ფორმას. ეს მუდმივი ცვლილება იყო ინსპირაცია. დაკვირვება ვრცელდებოდა მინერალებზე, ადამიანებზე და არამარტო. მორფოლოგიის სერიაში ძირითადად ადამიანის სხეულები მაქვს წარმოდგენილი. მთლიანი და სხეულის ფრაგმენტები, როგორც თავისი ისტორიის და ხასიათის მატარებელი ობიექტები.  

გურამი: „მორფოლოგიის” სერიის სხეულები კლასიკური, ტრადიციული გაგებით ლამაზები არ არიან. ყოველ შემთხვევაში, სილამაზის დღევანდელი გაგებით, მაგრამ მეჩვენება, რომ ის სხეულები იყო ბუნებრივი, არაიდეალიზებული, და მაინც ძალიან ეროტიკული.

რიტა: სხეულზე კარგად სკანირდება ის ინფორმაციული თუ ბიოლოგიური პროცესები, რაც მასში თუ მის გარეთ მიმდინარეობს. 

გურამი: გრძნობ ხოლმე, როდის უნდა დაასრულო ნამუშევარი?

რიტა: სხვათა შორის, კი. დგება მომენტები, როდესაც იცი, რომ აღარ უნდა შეეხო. სივრცის დატოვება მნიშვნელოვანია. 

გურამი: „შიშების“ სერიაში, პორტრეტებზე რეალური ადამიანები არიან?

რიტა: კი, ჩემი მეგობრები და ნაცნობები არიან და ყველა ნამუშევარს აწერია, ვის რისი შიში აქვს. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, ისტორიების მოსმენა. ვაკვირდებოდი, რა ემოციებს იწვევდა მათში თავიანთ შიშებზე საუბარი, როცა ხსნიდნენ, თუ როგორი ანატომია თუ ხასიათი ჰქონდა მათ შიშს.

გურამი: სიურრეალისტები ამბობდნენ, რომ თავიანთი ქვეცნობიერის გამოსახვას ცდილობდნენ, რათა ამით გაეცნობიერებინათ ის და მერე მისი მართვა შეძლებოდათ. შენთვისაც ასეა? ხატვა გაცნობიერების, თუ გინდა, შიშებისგან გათავისუფლების საშუალებაა? შენთანაც ამით დაიწყო?

რიტა: არასდროს არ მძაბავდა ეს დახურული სივრცეები და უცბად, ერთი წლის წინ, რამდენიმეჯერ ცუდად გავხდი. თავიდან მეუცხოვა ძალიან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კლაუსტროფობია მაქვს – მეტროში ვეღარ ჩავდივარ, ლიფტში შევდივარ, მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად. ერთ-ერთი ინსტალაცია კლაუსტროფობიაზე გავაკეთე.

შიში ადამიანის ფუნდამენტური ემოციაა, ძირითადად გადარჩენის ინსტინქტის მატარებელი. მაგრამ არსებობს ფობიებად წოდებული შიშები, როდესაც ადამიანი ქმნის მონსტრს თავის ცნობიერში და თავადვე უპირისპირდება ან გაურბის მას. ეს მექანიზმი შესაძლოა შეისწავლო, მიაგნო მასთან ბრძოლის გზას, თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. 

ჩემმა მეგობარმა მიამბო ქალზე ერთ სოფელში, რომელიც დადის მაკრატლით და ჩაქუჩით ხელში და ამბობს, რომ შიშებს იჭერს, მაკრატლით ჭრის და ჩაქუჩით ჭყლეტს. ამ ამბავზე გავაკეთე ტრიპტიქი. 

ასევე არსებობს სიმეტრიის შიში, ბევრი წერტილის ფობია – რაღაც სახელი ჰქვია ამ შიშს და სულ მავიწყდება. მარჯანშიც არის ეს სიმეტრია, თითქოს სადღაც უნდა გაგიყვანოს, თითქოს უნდა შეგიწოვოს. აი, ეს მარჯანი, ზოომაღაზიაში კატის საჭმლის საყიდლად შევედი და იქ ვიპოვე. ჩემთვის დაკვირვება კონკრეტული ობიექტებიდან იწყება. ისინი გასასვლელებივითაა, საიდანაც სულ სხვაგან გადიხარ. 

გურამი: შენი მარჯანი ორი – სამ მეტრზეა, არა? 

რიტა: ორი მეტრი – ორ-ნახევარზე.

გურამი: შენს ნამუშევრებში მასშტაბი მნიშვნელოვანია. ეს ნამუშევარი ამხელა რომ არ ყოფილიყო, ძალიან რთული იქნებოდა იმ განცდის შექმნა, რომ მარჯნის ხაზები გითრევს და გიწოვს. როცა მარჯანი შენზე დიდია, მაშინ მართლა გრძნობ შეწოვის ძალას. 

რიტა:

ყველა თემას თავისი ზომა აქვს. შეიძლება ორი ან ათი მეტრი იყოს. ან, პირიქით, იყოს მინიატურული, ასანთის კოლოფისხელა. და ეს ზომა შემთხვევითი არასდროს არ არის.

გურამი: „შიშის“ სერიაში გქონდა ჭუპრიც, რომელიც მე ტრანსფორმაციის სიმბოლოდ აღვიქვი. ეს გეომეტრიული ფორმა, რომელიც მერე ცოცხალ არსებად იქცევა, შიშებთან რატომ დააკავშირე? 

რიტა: ჭუპრი ასოცირდება პირადი სივრცის დაცვასთან.

ჭუპრის მსგავსად ადამიანი იქმნის ბარიერს თავისსა და შიშს შორის, მერე ან იგებს, ან აგებს ომს და თუ აგებს – რჩება ჭუპრში გამხმარი მატლივით არშემდგარ პეპლად. 

გურამი: და ინსტალირებული ელემენტები – ნახშირი, ტყვიები, ჯამი, დანა, რა კავშირშია თემასთან? 

რიტა: ეს შიშის ძველი ლოცვის ინვენტარია, ბავშვობაში მახსოვს, სოფლად ბებიები ატარებდნენ ამ რიტუალს. ერთხელ მეც გამომილოცა დიდმა ბებიამ ბავშვობაში შავტარიანი დანით. ამოვიწერე ეს შიშის ლოცვები, მიახლოებითი ჭურჭელიც შევიძინე მშრალ ხიდზე. ნახშირი იყო საჭირო, ტყვიის სადნობი ტიგელები, შავტარიანი დანა და წყლით სავსე ჭიქა. ყველაზე საინტერესო მაინც ერთი რიტუალი იყო: ჯერ დაადნობდნენ ტყვიას, შეშინებულს დააწვენდნენ პირაღმა და გულზე წყლიან ჯამს ადგამდნენ. გამდნარ ტყვიას წყლიან ჯამში ასხამდნენ, თან ლოცვას ბუტბუტებდნენ. 

ეს რიტუალი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ტყვია წყალში გულის ფორმას არ მიიღებდა. შეიძლება სამჯერ, ოთხჯერ, ან მეტჯერ გადაედნოთ. მე თვითონ შევესწარი ამ პროცესს ბავშვობაში. ვნახე, როგორ მიიღო ოთხსაკნიანი გულის მსგავსი ფორმა ტყვიამ. მახსოვს, გაფართოებული თვალებით ვუყურებდი. მერე თქვეს, რომ სუფთაა გული, შიშებისგან თავისუფალიო. ეს ბებიები ძირითადად მარტო ცხოვრობდნენ და მახსოვს, ბავშვები როგორ ვიჭვრიტებოდით მათ ქოხებში. თუ წაგვასწრებდნენ, ტკბილეულით გვიმასპინძლდებოდნენ. ახლაც მახსოვს ერთი მლოცველი ბებოს სახლის ინტერიერი. ძველი ტელევიზორი, რომელზეც თეთრი ნაქარგი ქსოვილი იყო გადაფარებული და ზედ 2 ფერის თოჯინა ედო – შავი და თეთრი. ამ თემაზე 1 ნამუშევარიც მაქვს, „ბებიის თოჯინები“.   

რამდენიმე სტუმარმა გამოფენაზე ზეპირად წაიკითხა ლოცვა, ასე ბებიაჩემი მილოცავდაო. ახლაც მაქვს ბებიაჩემის დანა შენახულიო, მითხრა ერთმა. 

გურამი: ქუთაისში როდის გადახვედი საცხოვრებლად? 

რიტა: ზესტაფონში ვცხოვრობდი 15 წლამდე. იქ დავამთავრე სამხატვრო სკოლა. შემდეგ სწავლა ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმში გავაგრძელე, სადაც 3 წელი ვისწავლე.

გურამი: ქუთაისში ინსტალაციებით დაიწყე, არა?

რიტა: არა მარტო ინსტალაციებს, პერფორმანსებსაც ვაკეთებდი, ვხატავდი. 2000 წელს ჩავაბარე აკადემიაში, დავამთავრე გრაფიკის ფაკულტეტი. მერე პირველი გამოფენა გვქონდა კინოს სახლთან საბაგიროს შენობაში. 2008 წელი იყო, ოთხნი ვიყავით და ცოტა ალტერნატიულ სივრცეს ვეძებდით. საბაგიროში ერთადერთი ადამიანი მუშაობდა, – ან დარაჯი იყო, ან დირექტორი, კი, შვილო, მოასუფთავეთ და გააკეთეთო, გვითხრა. ერთდღიანი გამოფენა გვქონდა. საღამოს ყველა სახლში წავიდა და ორნი დავრჩით. საბაგირო ვერ დავკეტეთ, ისე აზრიც არ ჰქონდა, რადგან ყველა მინა ჩამსხვრეული იყო დაბლა. რადგან ახლოს მქონდა ნაქირავები სახელოსნო, დარაჯობა ჩემს თავზე ავიღე. ციოდა. დავანთეთ კოცონი და დილის 6 საათამდე ვუდარაჯეთ ჩვენს ნამუშევრებს. მეორე დღეს ჩამოვხსენით და დავიშალეთ.

გურამი: პარალელურად არ მუშაობდი, როგორ ცხოვრობდი?

რიტა: კი, ღამის კლუბში ვმუშაობდი. რადგან სხვა საქმე დიდად არ მეხერხებოდა, ჭურჭელს ვრეცხავდი და ხილის სალათს ვაფორმებდი. ღამის სამუშაო იყო. საღამოს შვიდიდან დილის ექვსამდე უნდა მემუშავა. ისეთი გრაფიკი იყო, რომ გადავხედე-გადმოვხედე, მივხვდი, შეიძლება გავგიჟებულიყავი და იქვე მოვიწყვე სახელოსნო. განათება დავაყენე, დიდი მაგიდა მოვიდგი და მთელი ინსტალაციები, რომელიც ჩემს დაღუპულ მეგობარს მივუძღვენი 2013 წელს, იქ შევქმენი. სამუშაო ბევრი არ იყო და მთელი თავისუფალი დრო ვხატავდი. 

გურამი: რეაგირებ იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიდის ვიზუალურ ხელოვნებაში? არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ: არაფერს წავიკითხავ და მე თვითონ დავწერ წიგნს. სხვები კი ამბობენ: ყველაფერს წავიკითხავ და მერე დავწერ წიგნს. შენ როგორ მიგაჩნია?

რიტა: რა თქმა უნდა, ვაკვირდები. ერთი პრობლემა მაქვს, ვინც მომწონს და მინდა, მეორედ ვნახო, ხშირად სახელს ვერ ვიხსენებ. თუ წიგნი გეწერინება, დაწერ. ინფორმაციულად გახსნილ დროში ვცხოვრობთ. დროს ისე კარგად ვერაფერი აღწერს, როგორც ინფორმაცია. 

გურამი: დღეს რას აკეთებ? 

რიტა: ახლა თაბაშირის ობიექტებზე ვმუშაობ. ერთ კონკრეტულ თემაზე. ვნახავ, საბოლოო ჯამში სად წავა და რა სახეს მიიღებს.

გურამი: ახერხებ, რომ მხატვრობით იცხოვრო, თუ მუშაობ პარალელურად? 

რიტა: 2013-ში გადავწყვიტე, მხატვრობით მეცხოვრა. შეიძლება წელიწადში სულ რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდოს. მაგრამ უფრო მეტი იყიდება ადრინდელთან შედარებით. 4 წლის წინ უფრო ხშირად უცხოელები ყიდულობდნენ. ნანა ბალავაძის გალერეა იყო პირველი, რომელმაც ჩემი ნამუშევრები მიიღო. ეროტიკულ გრაფიკებზე მითხრა, ის სერიები მოიტანეო. თურმე ქართველმა იყიდა და გულწრფელად გამიკვირდა. 

გურამი: შენი მზესუმზირა გამახსენდა ახლა, კალმით დახატული, დიდ ტილოზე. ყველა მარცვალი ცალკე რომაა გამოყვანილი. მახსოვს, როგორ აკეთებდი, ხან კედელზე ხატავდი, ხან ზედ იწექი და ისე მუშაობდი. 

რიტა: კი, ძალიან მასშტაბური სამუშაო იყო, ოთხი თვე ვხატავდი.

გურამი: უფრო მხატვრის აზროვნებას ვგრძნობ შენს ფოტოებშიც და არა – ფოტოგრაფის. ის ფოტოგრაფიული ჭუჭყი არ გაქვს თავში, რაც მე მაქვს იმიტომ, რომ მილიონი რამე მინახავს ფოტოგრაფიაში. და ხშირად ვერ ვიშორებ. 

რიტა: ფოტოებს ჩემთვის ვიღებდი, არასდროს მიფიქრია ფოტოწიგნის გაკეთებაზე, სანამ შენ არ შემომთავაზე. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა და მერე ოთხი ფოტოწიგნი გავაკეთე.

გურამი: როგორ იღებ ფოტოს, სპონტანურად თუ ფიქრობ წინასწარ, რა გინდა?

რიტა: ფოტოში სპონტანურობა ნაკლებად მაინტერესებს, ხან ფერი მიზიდავს, ხან კომპოზიცია, ხან კადრში საგნების ურთიერთმიმართება, საგნის ფორმა, ხასიათი და მათი მდებარეობა გარემოში.

წნორის ბაზარში, მახსოვს, ხორცით მოვაჭრის ბავშვს ვუღებდი და რომ დამინახა კამერით, უცბად თხის მოჭრილ თავს დაავლო ხელი, რქებით ასწია, სახე გაებადრა და შემომხედა, გადაღებას ელოდებოდა. მისთვის ეს მოჭრილი თავი სათამაშო იყო, მისი ყოველდღიურობა.

ვერ გადავუღე და ვთხოვე, თავი დაანებე და დადე-მეთქი.