ისე ეჩვევი, რომ შეგიძლია, წინა საღამოს ყველაფერი უცბად დააფექო და მერე განაფექო.

განცხადება ვნახე ინტერნეტში, ორი გოგო ეძებდა მესამეს. მაწყობდა. 150 ლარის გადახდა ჩემი 250-ლარიანი ხელფასიდან შეიძლებოდა. ბინაც ნორმალური იყო. ეზოსთან სულ იდგნენ ტაქსები, ერთხელ ერთი ტაქსისტი მეკითხება, გამჩნევთ, ღამე მუშაობთ, ალბათ რთული სამუშაო გაქვთო. კი, ღამის გათენება მიწევს, არ არის ადვილი დამოუკიდებლად ცხოვრება-მეთქი. იმ გოგოებთან ერთად ცხოვრობთ მეშვიდეზეო? მეთქი, კი. იმედია, თქვენ გზას იპოვით ცხოვრებაშიო, ძალიან გულდაწყვეტილმა მითხრა. ამ დროს მე ძალიან ამაყი ვარ, სამ სამსახურში ვმუშაობ, ესე რატომ ვეცოდები-მეთქი. სახლიდან რომ წამოვედი, მერე გავიგე, რომ ჩემი ფლეთმეითი სტრიპტიზკლუბში მუშაობდა, მეორე სახლში იღებდა კლიენტებს, ვითომ მასაჟებზე. მეგონა, ყოველ ღამე ბარებში და კლუბებში დადიოდნენ. რას წარმოვიდგენდი, რომ ფაქტიურად ბორდელში ვცხოვრობდი. ეს იმის ბრალია, ჩემები რომ ბამბის ქულაში მზრდიდნენ და ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ყველაფერს.

ახლა ვცხოვრობ სასტუმროს ტიპის შენობაში, სადაც გაყოფილია სივრცეები. სამზარეულო საერთოა ოთხი ოთახისთვის და ყველას ჩვენი აბაზანა გვაქვს. წინ ხაშურელი გოგო ცხოვრობს, გვერდზე რუსი და კიდევ სამხრეთაფრიკელი წყვილი. მეზობლებთან კონტაქტი არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ამათთან ვმეგობრობ.

ახლა გამოვიტანე სესხი და ვიყიდე ბინა. უკვე რას ვშვრები, იცი? ვეძებ მსგავს ბინებს ინტერნეტში, რომ ვნახო რა ღირს, რომ ჩემი გავყიდო. ჯერ არც გადავსულვარ და თითქოს უკვე მომბეზრდა. ვეღარ ვჩერდები ერთ ადგილზე, ვერ ვფუძნდები. ბოლო ათი წელია, ჩემოდნებზე ვზივარ. არადა, ინტროვერტი ვიყავი, ამდენი არასტაბილურობის მერე, მგონი ცვლილებაზე დამოკიდებული გავხდი, მომთაბარედ ვიქეცი.