მთელი ბავშვობა ძილის წინ იყო იმაზე ოცნება, როდის წავიდოდი სახლიდან. მაგრამ მარტო რო დავიწყე ცხოვრება, უცბად სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი, რად მინდოდა საერთოდ. ნელ-ნელა შევეგუე, ვსწავლობდი და ვმუშაობდი ერთდროულად.
რუმმეითი არასოდეს მყოლია. თავიდან მარტო და მერე სულ პარტნიორთან ერთად ვიყავი. წინდებივით ვიცვლიდით სახლებს.

თითქოს ყველა სახლი ნორმალური იყო, მეპატრონეებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ორი-სამი თვის შემდეგ, როცა ურთიერთობაში პრობლემები ჩნდებოდა, ყველაფერს სახლს ვუკავშირებდი და ვიზიზღებდი. თხუთმეტჯერ შევიცვალეთ ბინა. 

თითქოს სახლის ცვლილება იმის გამოც მინდოდა, რომ ძველი ნივთები მომეშორებინა. ყველაფერი შეიძლება გადამეყარა ‒ ტანსაცმლით დაწყებული, დამთავრებული სულელური ნივთებით, რომელსაც შეიძლება შეყვარებული წყვილი ინახავდეს, მაგალითად, ავტობუსის ან სპექტაკლის ბილეთი, სადაც ერთად ვიყავით. რაღაცნაირი მუდმივი განახლების სურვილი მაქვს. ვუფრთხილდები მარტო ჩემი შეყვარებულის ბავშვობის ფოტოებს.

გვიცხოვრია ძალიან შემოქმედებით სახლში, ან დამთრგუნველში, მაგალითად, ვარკეთილში, ახალაშენებული კორპუსის მეთოთხმეტე სართულზე – ვარკეთილის აბსოლუტური პოსტაპოკალიპტური ბრუტალური ხედით ფანჯრიდან. იქ ყველაზე ცუდად ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ ბრუტალიზმი ძალიან მომწონს. ცენტრში ცხოვრება მირჩევნია, სამსახურების გამოც და თან ფასებში დიდი სხვაობა არაა. ემოციურადაც უფრო ურბანული ტიპი ვარ. წყნარ გარეუბანში ცხოვრებას მირჩევნია, მანქანების ხმაური მაღვიძებდეს დილით.