მიშა 30 წლის

ორი წლის წინ გადავედი შეყვარებულთან ერთად ცალკე საცხოვრებლად. წინამძღვრიშვილზე, ქავთარაძეზე, ვარკეთილში, თემქაზე, ახლა წერეთელზე უკვე მეექვსე ბინაში ვცხოვრობთ. ბინის მეპატრონეები პირველი იმას გვეკითხებოდნენ, სადაურები ხართო. თბილისელის ნაცვლად ვპასუხობ – გურული. ალბათ იმიტომ გეკითხებიან, რომ ჰგონიათ, მხოლოდ რეგიონიდან ჩამოსულებს სჭირდებათ ბინა. მერე უკვე სამსახურზე – ვინც მუშაობს, უფრო ენდობიან, ვიდრე სტუდენტებს.

ერთხელ მაკლერი იყო ბინის მეპატრონის ნაცნობი, რაღაც იეჭვა და შეეცადა გაერკვია, ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. მეგობრები ვართ-თქო, ვუთხარით. იმან, ბიჭებო, მოდი ჯობია ვთქვათ, რომ ბიძაშვილები ხართო. ეგ ბინა არ აგვიღია.
ვერ ვიძინებ ხოლმე. თავიდან სხვა სახლში რომ გადავედი, იქაც გამიჭირდა. სხვის სახლში მაინც დაძაბული ხარ, რამე არ გააფუჭო, არ იცი, შარი რაზე შეიძლება მოგდონ.

ორი ადამიანი ვცხოვრობთ და ოჯახად არ განვიხილებით, ამიტომ რთულია საერთო სესხის აღება. ცალ-ცალკე ჩვენი შემოსავლებით ვერ გავწვდებით ბინის ყიდვას. მირჩევნია, თბილისთან ახლოს სადმე სოფელში ავიშენო პატარა ქოხი, ვიდრე ვიცხოვრო ბანკის ოცწლიან მონობაში ბეტონის ჯუნგლებში.

***

ექვსი წლის წინ გადმოვედი თბილისში სასწავლებლად. ჯერ ბიძაშვილთან და ბიცოლაჩემთან ერთად ვცხოვრობდი, დიდუბეში, ყოფილი ფაბრიკის შენობაში, 18 კვადრატული მეტრის ოთახში, ქირით. საერთო სამზარეულოთი და ვანა-ტუალეტით, თუ შეიძლება იმას ვანა-ტუალეტი ვუწოდოთ. აი, მანდ ვიგრძენი პირველად, რას ნიშნავს ზედახორა.

მალე მეორე ბიძასთან გადავედი, მერე დეიდაჩემთან ვორონცოვზე, ისინი კიდევ უფრო მჭიდროდ ცხოვრობდნენ. თან ბიძაჩემი ფიზიოთერაპევტია და სულ პაციენტები მოსდიოდა სახლში. ერთი წლის მერე გადავედი მეგობართან ერთად ვაჟაზე.
თავიდან ძალიან გამიჭირდა ახალ ქალაქში. პირველი კურსი იყო საშინელება. ბათუმი პატარა ქალაქია, მარტივად იცნობ და უახლოვდები ადამიანებს. აქ დამხვდა ზოოპარკი. უნივერსიტეტში იმდენი სტუდენტი იყო, თან არ გვქონდა სტაბილური ჯგუფი. მაშინ დავიწყე ჩანაწერების გაკეთება. ჩანაწერებს დავარქვი „აჩრდილი“. სულ სხვა რამეს ველოდი და დამხვდა სიცარიელე, გარიყულობა. ისევ სახლში დავბრუნდი. მშობლებს ძალიან გაუკვირდათ, თუმცა გაიგეს.

მეორედ რომ წამოვედი თბილისში, უფრო კონცენტრირებული ვიყავი, ჩავერთე პროექტებში, გავიჩინე მეგობრები. მერე მამა გარდაიცვალა და ეს იყო დაცემა, ნათესაობა დაგვიდგა ძალიან მხარში, თორემ... ნახალოვკაში გადავედით, მალაკნების ხიდთან ისევ ბიცოლასთან, ბიძაშვილთან და ბებიასთან ერთად, ერთ ოთახში, ისევ ზედახორა – სამს გვეძინა ერთ საწოლზე, მაგრამ მაგისტრატურაზე მაინც ჩავაბარე. სკოლაში ვმუშაობ და ბავშვებს ვამზადებ, ასე ვაგროვებ ქირის ფულს.

ახლა შემიძლია, ყველგან წავიდე და არ შემეშინდეს მარტო დარჩენის. ეს არის ის, რაც ამ გადასვლა-გადმოსვლამ მომცა.
უკვე ბათუმშიც ვეღარ ვგრძნობ თავს სახლში. გვერდით და წინ კორპუსები ამიშენეს. 18 წელი მაღვიძებდა მზე დილით, უცებ აღმოჩნდა, რომ შუადღესაც აღარ ჩანს მზე სახლიდან. ლოდებით ვარ გარშემორტყმული, აღარაა ის ჩემი სახლი.

ქეთი 24 წლის