რაც მთავარი იყო, ქუთაისიდან წამოვედი. ვიხრჩობოდი იქ. ვცხოვრობდით ათნი, რამდენიმე ოჯახი, პატარები, მოხუცები. სკოლის დამთავრებას ველოდებოდი, რომ წამოვსულიყავი. ბიძაჩემი და ბებიაჩემი კი მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ რომ ჩავაბარე, დედაჩემმა თბილისში თავის ბიძაშვილისშვილებთან ჩამომიყვანა. ისინიც გოგოები არიან. დიდ სახლში ცხოვრობდნენ და გვითხრეს, არ არის პრობლემა, დავიმატებთო.

მალე მაგათი მოძველბიჭო ძმაც ჩვენთან გადმოვიდა. მოდიოდნენ იმის ძმაკაცები და ახლობლები. იქ გაჩერება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ხანდახან ჩემს მეგობართან ვრჩებოდი მუხიანში. ნივთების ნახევარი გადატანილი მქონდა, გადასვლაც მინდოდა, მაგრამ ჩემები თავს იგიჟებდნენ, ობოლი ხარ, გოგო ხარ, მარტო, უპატრონოდ როგორ გინდა იცხოვროო.
ერთ ღამეს, მძინავს და წყლის ხმა მაღვიძებს. ვახელ თვალს და იმის ერთი მთვრალი ძმაკაცი ჩემი საწოლის თავთან დგას და ფსამს. ეგ ბოლო წვეთი იყო.

მუშაობა დავიწყე და მეგობართან ერთად გადავედი ქირით. ხაზეიკის შვილი თურმე სუსში მუშაობდა.
ოთხი იქნებოდა, იმ ღამეს, სახლში რომ მივედი, ჩემთან ბიძაშვილი რჩებოდა. უცბად ოთახში ხაზეიკის შვილი შემოგვივარდა, ყვირილით. კარადებს აღებდა, ლოგინს ამოწმებდა, რას აკეთებთ აქო? ძალიან დავიბენი, თორემ ახლა რომ ვფიქრობ, არ უნდა მიმეცა პირადობის მოწმობა, ხელები მიკანკალებდა შიშით. მეორე დღეს სამსახურში მომწერა მეგობარმა, მგონი სახლიდან გვაგდებენო. საღამოს ჩვენი ნივთების ნაწილი უკვე ეზოში ეყარა.

ხან რომელ მეგობართან მივიდოდით, ხან რომელთან. ღამის პირველ საათზე ვისხედით ხოლმე ქუჩაში და ვფიქრობდით სად დავრჩენილიყავით. მერე აღმაშენებელზე ვიშოვნეთ ბინა. აბაზანა არ გვქონდა და ხაზეიკის სახლში ვბანაობდით. ტუალეტი იყო ათი ოჯახისთვის საერთო. ჩვენს ოთახს თხელი კედლები ჰქონდა. ნუ, ახალგაზრდები ვართ, სექსიც გვაქვს, და ამ ერთ ოთახში ერთს რო ჰქონდა, მეორე სამზარეულოში გადიოდა ხოლმე. ერთ დღესაც ჩვენი მეზობელი ხაზეიკასთან მისულა და უთქვამს, ჩემი რელიგია მაგას მიკრძალავს, ცოლი მკვდარი მყავს, შვილთან და დედასთან ერთად ვცხოვრობო. ძალიან შემაწუხებელია ღამე მაგათი ხმის მოსმენაო. დიდი ბოდიშებით და მოწიწებით გვითხრა ხაზეიკამ. ისედაც ვფიქრობდით გადასვლაზე. ისეთი ძველი სახლი იყო, ძლივს ვალაგებდით.

ხოშტარიაზეც ფეხის წვერებზე დავდიოდით. მობილურზე მუსიკას ვერ ვრთავდით, მეზობლებმა ხმაურით ვწუხდებითო. მერე აბაკელიაზე გადავედით. ერთ საღამოს 50 წლის მეზობელმა კაცმა დამიჭირა და ძალით მაკოცა. იმ სახლში მაინც ყველაფერი ფუჭდებოდა. ტუალეტი იჭედებოდა, უნიტაზი იყო გატეხილი, რა ამოხეთქავდა იქიდან, კაცმა არ იცის.
ახლა წელიწად-ნახევარია ვცხოვრობთ რიწის ქუჩაზე. ხაზეიკა დასავლეთშია და ფულს ვურიცხავთ. მცენარეები ვიყიდე სახლისთვის, მანდალაც გავაკარი. ვერაფრით გავიხსენე რომელ ბინაში დამრჩა მამაჩემის ვახტანგ გორგასლის ორდენი და იმის მოწმობა. საერთოდ რატომ დამჭირდა იმის ქუთაისიდან წამოღება. ძალიან ვნანობ. დედამ არც კი იცის.