ჯერ ბიძასთან ვცხოვრობდი, თბილისში რო ჩამოვედი, მერე ბავშვი შეეძინათ და დეიდაჩემთან გადავედი. ბოლოს მეგობართან ერთად ძლივს ვიქირავე ბინა ვერცხლის ქუჩაზე. ბათუმელ გოგოებზე არ ვაქირავებთო, რამდენიმეგან გვითხრეს.
აბაზანა არ გვქონდა და მეზობელს სარეცხის დარეცხვის სანაცვლოდ, სახლს ვულაგებდით. როცა არაფერი გვქონდა, გვაჭმევდა ხოლმე, ჩვენ ნაგავს ვუყრიდით.

ძველი ბინების პრობლემა ისაა, რომ სულ გიწევს მტკიცება, რომ შენ არ გაგიფუჭებია ეს დამპალი გაყვანილობა. ან უამრავი, უსარგებლო ნივთია სახლში, დაგპირდებიან წავიღებთო და არაფერი. ძალიან მაშინებს, არ მიყვარს ნივთები.
მაგ ვერცხლის ქუჩაზე პატრული გამოგვიძახეს, ეგონათ ტრეფიკინგის მსხვერპლებს ვმალავდით. მერე უცხოელი მეგობრები გვყავდა სტუმრად და მეზობლებმა მეპატრონეს დაურეკეს, ბინა ტურისტებზე გააქირავესო.

თინა 28 წლის

 

მთელი ჩემი ბავშვობა სახლებს ვიცვლიდით, ფინანსური მდგომარეობის გამო. მშობლები თითქოს სახლის პრობლემებს ჩვენთან არ განიხილავდნენ, მაგრამ პატარა სახლებში ვცხოვრობდით და ეს ლაპარაკები მაინც გვესმოდა. მეხსიერებაში ჩარჩენილი მაქვს რამდენიმე მომენტი, როცა დედა ამბობს: მგონი გარეთ ვრჩებით.

სულ გაქვს განცდა, რომ ამ გადასვლისას რაღაცეებს კარგავ, რაღაცეები ხელიდან გეცლება. მძულს ეს გადაზიდვის სერვისები.
აი, ავეჯი იყო ჩვენი და ყველა სახლს ერთმანეთს ამსგავსებდა. უბრალოდ, კარადებს ხან კარი აკლდა, ხან უჯრა, ბოლოს ამ გადატანა-გადმოტანაში სულ დაფახფახდა.

რაღაც ეტაპები იყო ჩემთვის ეს სახლები. სხვადასხვა უბანში ცხოვრებამ სულ სხვა პრიზმიდან დამანახა ქალაქი. მე ისეთი ადგილები მიზიდავს, ცოცხალი რომაა და მეტი კომუნიკაცია აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან.
სამი წლის წინ საკუთარი ბინა ვიყიდეთ.

დაჩი 27 წლის