სალომე ჯაში, 34 წლის. კინოდოკუმენტალისტი. მალე ასრულებს მუშაობას ფილმზე "დაისის მიზიდულობა". ცხოვრობს ბერლინში. ზოგჯერ თბილისშიც. სალომეს ხიბლავს ხოლმე სამოქალაქო აქტივობა, გარემოს შეცვლის მღრღნელი სურვილი, თუმცა ეს არაა მისი ცხოვრების წესი, თავგადასავალი უფროა.

დიდი იდეა: კომპიუტერი და ინტერნეტი თავისთავად დიდი იდეებია, მაგრამ ჩემთვის უდიდესი იდეა იყო, როდესაც სტივ ჯობსმა კაცობრიობის თითქმის მთელი გამოცდილება ადამიანს ჯიბეში ჩაუდო აიფონის სახით. 

თამარი ზუსტად 4 წლის წინ გავიცანი, როდესაც გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად გამართულ მინიფესტებზე გლინტვეინს ხარშავდა. მაშინ თითქმის არაფერი ვიცოდი მის შესახებ. პირველი, რაც დამამახსოვრდა, მისი ღიმილი იყო, ერთდროულად მხიარული და სევდიანი, კერძოდ – უკეთესი მეტაფორის უქონლობის გამო, ასე ვიტყოდი, მისი ღიმილი სკეპტიკურ თანაგრძნობას გამოხატავდა.

თამარი ადამიანის უფლებათა დამცველია. ეს სიტყვათშეთანხმება დღეს საქართველოში სოროსის ფონდთან და „გაუკუღმართებულ ევროპასთან“ ასოცირდება. როგორც სოროსსა და ევროპას, თამარს ჯერ არ გაფუჭებია ჩვენში ბოლომდე სახელი, თუმცა ისეთივე მტკიცე სტიგმა ადევს. კარგად მახსოვს, სახალხო დამცველის კანდიდატურაზე რომ იყო წარდგენილი, უამრავი ადამიანი როგორ მონდომებით ლანძღავდა.

თამარი პრინციპული ადამიანია, ერთგვარი ანტისხეული სხეულში, მეტიც – იდეალისტია, როგორც დონ კიხოტი. იგი ქალთა ქომაგია მაჩოისტურ საზოგადოებაში, თანასწორობის იდეის გამავრცელებული უთანასწორო ბრძოლაში. თამარ გურჩიანი ჩემთვის ადამიანურობის, სიკეთისა და თავდადების მაგალითია. როცა თამარს ვხედავ ხოლმე, მეც მინდება ვიყო უფრო მაღალი.