დედა ცოცხალი რო იყო საერთოდ, მერე გავიგე. 18 წლისამ ვნახე პირველად.
მამა ექვსი წლის ვიყავი, რო გარდაიცვალა. დედა უკვე წასული იყო. ბებია და პაპა მზრდიდნენ, მამაჩემის მშობლები. ყველაფერი ვიყავი მაგათთვის. გაიზრდები და გაგივლისო, სუ მეუბნებოდა პაპა. არასდროს მიშლიდა ბებიაჩემის კაბებს რო ჩამოვიმხობდი თავზე. ეხლაც რო ავდივარ სოფელში და ბავშვები გავიხსენებთ, ვიხოცებით სიცილით, ფეხბურთსაც ქუსლებით ვთამაშობდი. ვერ ვიტანდი ფეხბურთს, მარა მეკარე არ ყავდათ და უბნის ბიჭები, ოღონდ კარში ჩავმდგარიყავი და კაბით და ქუსლებითაც თანახმა იყვნენ.
ჩვენთან სოფელში პლასტმასის ცეხი იყო. იქ ვმუშაობდი ხოლმე არდადეგებზე. ჰოდა, ფულს რო ავიღებდი, პაპაჩემს უყვარდა ლუდი და მივუტანდი ხოლმე. ისე უხაროდა. არასოდეს ჩემთვის არავის რამე არ უყიდიაო, ყველას მოუყვებოდა.
ჯერ პაპა მომიკვდა, ორ წელიწადში ბებია. 14 ვიყავი. ჩემ მამიდებს სულ სახლზე და კარზე ეჭირათ თვალი. ბებიაჩემი ეტყოდა, მარტო ამის იმედი მაქ, თქვენი არავისიო.
ბოლო რამდენიმე თვე ლოგინიდან ვეღარ ადგა. მარტო ვუვლიდი. ბებია რო გარდაიცვალა, რასაც ამდენი წელი ინახავდნენ შიგნით, გამოვიდა ყველა სიმყრალე გარეთ. მარტო ბიცოლები იყვნენ ჩემთვის. მამაჩემის ალალი ბიძაშვილის ცოლი, ეგ იყო დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც ჩემთვის.
როგორც და-ძმები ისე გავიზარდეთ ბიძაშვილები. ბიცოლას რო გავბედე და ვუთხარი ესეთი ვარ-თქო, ყოველთვის ვიცოდიო, მითხრა. ველოდებოდი როდის მეტყოდი, დასაკარგი შვილი მე არ გამიზრდიაო.
ზაფხულში თურქეთში გადავედი ცოტა ხანი, სამუშაოზე. მაგ დროს ჩამოსულა ჩემი ბიძა. მამაჩემის აშენებული სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გაყიდა და წავიდა. რო მნახა მერე მითხრა, შენ მაინც შვილები არ გეყოლება, რად გინდა სახლი და კარიო. სადმე იცხოვრებო.
სხვა ბიძებიც ჩაერიენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მერე და მერე უფრო გავიგე, რო შეიძლებოდა ადვოკატი მყოლოდა, რამე მექნა, მარა ხანდაზმულობა უკვე გაუვიდაო საქმეს, ხუთი წელი იყო გასული.

სოფლიდან ცოტა ხანში წამოვედი. მეგონა თბილისში უფრო მეტს გავაკეთებდი. მარა უნდა დავრჩენილიყავი მაინც. სოფელში საქონელიც მყავდა, მეურნეობა მქონდა, მიყვარდა ჩემი ბაღები, ყველაფერს ვამუშავებდი, ვუვლიდი, სანამ მამაჩემის ძმამ ეგრე, უსახლკაროდ არ დამტოვა.

თბილისში კულინარიულზე ჩავაბარე და თან ჩამსხმელად დავიწყე მუშაობა კალონკაზე. მგონი ორი წელი იყო გასული, ბიცოლაჩემმა რო დამირეკა, ჩემმა გამზდელმა, დედაშენს მივაგენიო.
მაგის ძმა უცვნია მეტროში და ჩერეზ ეგ გავიდა კონტაქტზე. დედაჩემს ახალი ოჯახი ყავდა, ქმარი და შვილები.
ეგრე გავიგე რო მყავს და და ძმა. ისეთი ბედნიერი ვიყავი. კარის მეზობლებთან შევვარდი, მე და მყავს-თქო, ვყვიროდი. შოკში ჩავარდნენ.
რო გავიცანი, ჩემ დას მალევე ვუთხარი: დაო, მეუთხარი, ისეთი არ ვარ, შენ როგორიც გგონივარ-თქო. ქუთაისში სწავლობდა ჩემი და. ორგანიზაციის ოფისში ჩავედი ერთხელ და ჩემი დაც მივიყვანე. დაინახა იქ დატუშული თვალებით, ბლოსკტიანი ბიჭები, ელასტიკებში და უი, შენ ამათთან მუშაობო? კი, მეუთხარი, რა იყო-თქო და რაღაცნაირად გამოიყურებოდნენო. სურვილი არ გამიჩნდა რო ვიმეგობროო. რატო დაო მეუთხარი, მე არ მოგწონვარ-თქო? შენო სხვანაირი ხარო. მეც ეგეთი ვარ, დაო ზუსტად, მეუთხარი. შენ რო ნახო ღამე როგორი ვარ, შოკში ჩავარდები-თქო.
არაფერი უთქვამს, გავაცილე მერე, სასწავლებელში მიდიოდა და გვიან მომწერა. ძაან მიყვარხარო. ჩემო თბილოო.
მაშინ იყო შეყვარებულსაც რო დავშორდი, წლები ერთად ვცხოვრობდით. ერთ დღეს სახლში სუფრა გვქონდა, ჩემი დაქალი გაიცნო, ტრანსი გოგო და მეორე დღეს გამომიცხადეს ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო.
იმ ღამეს დავიწყე დალევა, მერე ხან რას ვიღებდი, ხან რას. ორი თვე რო ვერ გამოვფხიზლდი, ჩემმა დაქალმა, ერთი დღეო ცირკთან, პლეშკაზე გაგიყვანო და გადააყოლებო გულსო. გავყევი. იმ ღამესვე მივხვდი რო იქ ფული კეთდებოდა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს სამზარეულოში ვმუშაობდი, კულინარად. იქაც რო გაიგეს, ისეთი სიტუაცია იყო, რო გაჩერება აღარ შეიძლებოდა. წამოვედი თავდაცვიდან. აღარ მინდოდა ტაფა და ქვაბი. თვეში სულ ხუთასი ლარი მქონდა. იქ კიდე, დღეში შემეძლო მეშოვნა მაგდენი.
ადრე რო გეკითხა, სექსმუშაკობა მიუღებელი იყო ჩემთვის. ყოველთვის მქონდა წარმოდგენა რო შეყვარებულთან ვიცხოვრებდი, გვეყოლებოდა ძაღლი, ყვავილები, ტკბილად ვიქნებოდით. დილით სამსახურში ერთად წავიდოდით, საღამოს ერთად დავბრუნდებოდით, ერთად მოვამზადებდით საჭმელს, ერთად დავალაგებდით.
ერთ თვეში უკვე, ცირკთან გასვლა აღარ შემეძლო. ვიშოვნიდი რაღაც სამსახურს,  დავიწყებდი, მარა ხუთასი ლარი აღარ მყოფნიდა. ბოლოს მაინც ცირკთან ვბრუნდებოდი.
ორგანიზაციაში მუშაობა რო დავიწყე, ექვსი თვე არ გავდიოდი პლეშკაზე.
ერთხელ ვაგზალზე, ციგნები დამესხნენ თავს. მაღალქუსლიანები იყიდებოდა. მომეწონა და ვისინჯავდი. დავინახე, მიყურებდნენ, მარა არ მივაქციე ყურადღება. ვიყიდე, წამოვედი და თურმე მომდევენ. ფეხით მოვდიოდი. მალე დამეწიენ. მაშინ მარჯანიშვილზე ვცხოვრობდი, მარტო. ისე მოულოდნელად დამესხნენ თავს რო, თავის ენაზე ღრიალებდნენ, არაფერი არ მესმოდა.
ცხვირი გამიტეხეს. დაზღვევამ ოპერაციას ვერ დაგიფარავთო. 4000 ათასი ლარი ჯდებოდა და სესხი გამოვიტანე. ისევ ცირკთან გავედი, თორე ჩემი პროექტის კოორდინატორის 400 ლარით რა ბანკის ვალს გადავიხდიდი?!
რამდენი გარეთ კაბით გავიდოდი, ეგრე მომდიოდა. ერთხელ ვიჯექი, სარაფნით. ძაან ქალურად. ჩემთვის. მოვიდა და გზა აგებნა, ძმაო, მეუბნება. ჯერ ერთი, ასე რატომ მომმართავ-მეთქი, მოვედი? შეგაწუხე? ჩამარტყა წიხლი მუცელში. მივასხი ცრემლსადენი გაზი და წავიგდე და ვცემე. იძულებული გამხადა.
ერთი ორი თვის მერე ისევ შემხვდა ეს ბიჭი, ისევ თამარ მეფეზე, სოკოს ბაღში. მოვიდა და გზა აგებნათ, ბიჭებო? მე და ჩემი დაქალი ვიყავით. კიდე ვცემეთ. მერე მივხვდი, სანამ არ შემოგვაკვდება ეს გადარეული უნდა გავეშვათ-მეთქი. დუბინკა გვქონდა და ჩავარტყი სახეში, რო დაიმახსოვროს.
ამას წინათ იყო, ვიღაც გოჩაო მეძახის. გოჩა არ ვარ-მეთქი. აბა, გია ხარო? გავერიდე. ფული არ მქონდა სახლში წამოსასვლელი, ქირა გვიწევდა და ვიფიქრე ცოტას ვიმუშავებ-თქო. თამარ მეფის ხიდისკენ ვიდექი.
გამიჩერა და ისეთ შეურაცხყოფას მაყენებდა, რო აქ აღარ დაგინახო ჩამოსული, თორემ შენ დედას ამას ვუზამ, შე ესეთო, გაგაქრობ, ერთი ნახევარი საათი დამდევდა. იქით წავალ, დაზადნავს, მომყვება, თან მლანძღავს. იძულებული გავხდი გაზი მიმესხა.
წავიდა და ცოტა ხანში მოვიდნენ შვიდნი. გამომეკიდნენ. მდიეს და ის იყო, სასტუმროში შევვარდი მიშველეთ-მეთქი და ერთი ტყვია მესროლეს. პატრული გამოვიძახე. კაკრას რო გაიქცნენ, ისინიც მოვიდნენ. ამოიღეს კამერები, მარა ისე სწრაფად მიდის მანქანა, რო ვერ დააფიქსირეს. შეიძლება შუქნიშნების კამერებმა დააფიქსიროსო. 35 წლამდე ტიპები იყვნენ. მთვრალები. განყოფილებაში მთელი ღამე გავათენე. გამოძიებამ ნომერიო. რას მოვასწრებდი ნომრის დამახსოვრებას. ხუთი ბეხლეწი რო მოგდევს, გორილები, როგორ უნდა ჩაიწერო ნომერი!
დაგამცირებდნენ, გაგასწორებდნენ მიწასთან და წავიდოდნენ. მაგათი ცოლები კი კარგად დადიან ჩვენებთან. თვითონაც მოდიან, მარტო. ძმაკაცებთან ერთად ვერ ბედავენ.
ისეთი გოგოები ყავთ, ცხოვრებაში რო ვერასდროს ვერ შეაბამ. ქუჩაში გამარჯობას ასი წელი რო არ გეტყვის. ქმარი მოდის, ნომერს ჩაიწერს და მერე გირეკავს, ამა და ამ ადგილზე მოდიო და ცოლს გახვედრებს. თუ ცოლი და ქმარი ერთად იყვნენ, ჩვენთან ავდიოდით ხოლმე. თვეში რამდენიმე შემთხვევა იყო ეგეთი. თუ არადა, სასტუმროს ვიღებდით.
მაგათ უფრო მეტი აგრესია ქონდათ, და კიდე ვისაც უნდა რო გააკეთოს და ვერ აკეთებს. მე წლების წინ დავძლიე ეგ - როგორიც მინდოდა რო ვყოფილიყავი, დღეს ისეთი ვარ.
ეგ გორილები.