შარშან, შემოდგომაზე წერილი მივიღე: მოწვევა აპექსარტის რეზიდენციაში. რამდენიმე წინადადების გაცვლის შემდეგ გავიგე რომ:1. 2018 წლის სექტემბერს ნიუ იორკში გავატარებდი. 2. მარტო უნდა წავსულიყავი. 3. რეზიდენციაში არ იქნებოდა არავითარი ხელოვნება.

ხელოვნების რეზიდენციები მთელ მსოფლიოში არსებობს და თითქმის ყველგან ერთნაირია. ჩადიხარ, მუშაობ, ხვდები კურატორებს და არტისტებს, დადიხარ გამოფენებზე, იკვლევ ადგილობრივ კონტექსტს, ფიქრობ, აკეთებ ნამუშევარს, მონაწილეობას იღებ გამოფენაში, აწყობ პრეზენტაციას და ა.შ.  ეს ა.შ. შეიძლება უკიდეგანოდ გაიწელოს და გემო გასულ, დაღეჭილ კევად იქცეს.

აპექსარტის რეზიდენცია სხვა რეზიდენციებისგან განსხავდება. 1 თვის განმავლობაში ცხოვრობ ნიუ იორკში, არ აკეთებ ნამუშევარს, დასაწყისში აკრძალული გაქვს მუზეუმებში და გალერეებში სიარული, არ ფიქრობ ხელოვნებაზე. გაქვს განრიგი, რომელსაც კვირაში ერთხელ გაძლევენ. თითქმის არაფერი ხელოვნებასთან არ არის პირდაპირ კავშირში. ვალდებული ხარ, ყველაფერს დაესწრო, რაც განრიგშია და  აპექსარტის საიტზე დღიური წერო.

ეს წერილები, ამ დღიურის ქართული ვერსიაა.


სექტემბრის საკითხავი: 2 დღე წასვლამდე

გვიანი ღამეა. ცარიელ ოთახში ვზივარ და ვფიქრობ - რა არ უნდა დამავიწყდეს და რა უნდა დამავიწყდეს. რა უდნა წავიღო და რა უნდა დავტოვო.

ორ დღეში მივდივარ.

დღეს ზაფხულის ბოლო დღეა. აგვისტოს ბოლო - ვარსკვლავების თვის ბოლო.

ყველაფერი რაც ბოლოა, სევდიანია. რაც არ უნდა მთავრდებოდეს, ყველაფრის დასასრულს უცნაური გრძნობა ახლავს თან, სევდის, უკვე მონატრების, თან რომ გინდა რომ კარგად დაიმახსოვრო, არაფერი რომ არ დაგავიწყდეს.

სახლის დატოვების გრძნობას გავს.

ოთახში ვზივარ და ჩემს თავს კარტს ვუშლი. სექტემბრის გამოცნობას ვცდილობ.

შორი გზა - გრძელი, შორი გზა. ოკეანის იქით მიდიხარ - მეუბნება ექვსიან ყვავი.

ქართული ზღაპრები ესე იწყება: იყო და არა იყო რა. იყო თუ არა - შენ უნდა გადაწყვიტო. ამოირჩიო ; მოხდა თუ არა, გჯერა თუ არა. რასაც მოისმენთ და წაიკითხავთ, ან მოხდა ან არა. ან მოხდება, ან არა. ან საერთოდ, მოხდა და თან არც მომხდარა. ეს დასაწყისი ორ ცნებას აერთიანებს საკუთარ თავში: ყოფნას და არ ყოფნას. გაელვებასავით არის, წამის მერე რომ ვერც გაიგე, გაიელვა, თუ მოგეჩვენა.

აივანი პეპლებით გაივსო. თბილისი ბრწყინავს და შორს, ქალაქის მეორე ბოლოს თვითმფრინავები ხაზავენ მუქ ღრუბლებს.

ზღაპრების და მითების უმეტესობაში, მთელი მსოფლიოს გარშემო, ერთი და იგივე ამბავი მეორდება. ერთ მშვენიერ დღეს, ზღაპრის გმირი უნდა წავიდეს. გმირმა 9 ზღვა და ცხრა მთა უდნა გადაიაროს. გველეშაპი დაამარცხოს, გამოცანა გამოიცნოს, გზაგასაყარზე სწორი გზა აირჩიოს, ნატვრისთვალი იპოვოს, საიქიოში ჩავიდეს და იქიდან უვნებელი დაბრუნდეს. ქვეცნობიერი მოიაროს და თითქმის ყველა გამოცანას გასცეს პასუხი. სახლი მოენატროს, ზოგჯერ დაავიწყდეს. დაავიწყდეს ყველა გზა, რომელიც უკან ბრუნდება. ყველა დავალება შეასრულოს და ბოლოს, უკვე სხვად ქცეულმა რუკებზე სახლის გზის ძებნა დაიწყოს. გმირი ყოველთვის უნდა დაბრუნდეს სახლში.

ეხლა ღამეა. თბილისში 1 საათი ხდება. ნიუ იორკში 5. ეს ალბათ ოკენეა, დროს რომ იპარავს. კილომეტრებია, საათებს რომ ყლაპავენ.

ზეგ მივდივარ. ყველაფერს აქ ვტოვებ. ცარიელი მივდივარ. მიმაქვს მხოლოდ: სიტყვები, ვარსკვლავები, თვალები. მეტი არაფერი.