რაღაც დალპა ამ სისტემაში. მაგდა პაპიძის საქმე ერთდროულად შეიცავს სახელმწიფო ბრალდების, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის და მედიის გადაგვარების ნიშნებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ მსჯელობის განზოგადება, მაგრამ უფრო მოსახერხებელია, დასკვნები იმ საზოგადოების შესახებ გამოვიტანოთ, რომელშიც ეს პროცესი ვითარდება. ეს ესე არ ცდილობს დანაშაულის გამართლებას, მეტიც, ის იმასაც კი არ ცდილობს, დანაშაულის მოტივებს ჩასწვდეს, მისი სოციალური განზომილება იკვლიოს. უფრო პირიქით, მისი მიზანია, გამოარკვიოს დასჯის მოტივები და სასჯელის რეალური მიზანმიმართულება.

გადაგვარება გამომდინარეობს ხარვეზებიდან, რაც თან დაჰყვება გამოძიებას და სასამართლო პროცესს;

ის თავს იჩენს პროკურატურის მცდელობაში, ითამაშოს ნაფიცი მსაჯულების გრძნობებზე და ამით მიაღწიოს წარმატებას;

ჩანს მედიის ეთიკის ნაკლებობაში, რომელსაც სასამართლოზე გაჟღერებული ნებისმიერი, განსაკუთრებით კი ინტიმური დეტალები საზოგადოების სამსჯავროზე აღტყინებულს გამოაქვს;

და ჟიურიში, რომელიც იმ საზოგადოების სახეა, სადაც ქალის ჩაგვრის ისტორიული გამოცდილება არსებობს; ჟიური საკუთარივე სტერეოტიპულობის მსხვერპლია, რადგან ასეთად აღიქვამენ.

ეს ხარვეზები, საბოლოოდ, ერთიანდება მიზოგინიაში, რომელიც თავს კონკრეტულ მსხვერპლს და მისი მეშვეობით ყველა ქალს დაატყდება.

ქალის სექსუალობა პატრიარქალურ საზოგადოებაში მისივე სასჯელია. ეს ამ საქმეში ბუკვალურად, ყოველგვარი გამაშუალებლის გარეშე გამოჩნდა. პროკურატურა იმას კი არ ცდილობს, რომ ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულის დამნაშავეობაში დაარწმუნოს, არამედ, მათ ბრალდებულის მიმართ სიძულვილი ჩაუნერგოს. თითქოს, განსასჯელის არანორმატიული სექსუალური კავშირები (რის დამტკიცებასაც ბრალდება ცდილობს) პირდაპირ იწვევდეს გამამტყუნებელ განაჩენს.

ნაფიცი მსაჯულების სასამართლო სპეციფიკური პროცესია. მათი მეშვეობით განაჩენი ჩვენ გამოგვაქვს. ეს ცნობილი თეზისია სამართალში – 12 განრისხებული ნაფიცი მსაჯული წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხვდნენ სასამართლო დარბაზის ლოჟაში და ახლა ჩვენ მაგივრად და ჩვენი სახელით იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ ის პროკურატურისთვის მთელი სოციუმია, ისე ელაპარაკება, როგორც სტატისტიკურ ერთობლიობას, მთელი თავისი ცრურწმენებით, სტიგმებით, ტაბუებით, კლიშეებითა და ქალების მიმართ სიძულვილით. ცდილობს მის სენტიმენტებზე ითამაშოს და ისე მიაღწიოს წარმატებას; წარმატებას, რომელიც მერე მოგებული საქმეების დადებით სალდოში თავის ადგილს დაიკავებს. ბრალდება აღიზიანებს ნაფიც მსაჯულთა მორალის ეროგენულ ზონებს და, მაღალი ალბათობით, გამამტყუნებელ განაჩენსაც მიიღებს. თუ მსჯავრდება მოხდა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დაისაჯა მორალური და არა კრიმინალური დევიაცია. საქმეში პირველადი არის არა ის, მოკლა თუ არა ბრალდებულმა ადამიანი, არამედ – უღალატა თუ არა ქმარს. სასჯელის ობიექტი მხოლოდ სექსუალობაა, ეს არის საზოგადოების შურისძიება ქალზე, რომლის ცხოვრება, პროკურატურის ვერსიით, თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებს მოიცავს.

სახელმწიფო ბრალდების სტრატეგია რომ მორალზე გადის, ჩანს მისი მსჯელობიდანაც, რომლის ლოგიკაც ასეთია: თუ ქმარს ღალატობდა, თუ ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, ის უფრო მეტზეც იყო წამსვლელი. იხატება კუდიანის სახე, რომელიც მეზობლებს არაეთიკურად ექცევა, აბორტს აბორტზე იკეთებს, ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებს და ა.შ. ბრალდების დასკვნითი სიტყვა, ალბათ, ასე დასრულდება: „ამ ყველაფრის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ მან საკუთარი ქმარი და შვილი მოკლა?!“

ამდენად, ამ საქმეში მართლმსაჯულება ბრალდებულს საზოგადოებრივი მორალის საჯიჯგნად სწირავს, პროკურატურა საკუთარი სტრატეგიით და ნაფიცი მსაჯულები კი – ვერდიქტით, მორალურ სამსჯავროს ახორციელებენ. აქ ჩვენ მართლმსაჯულებისა და მორალური განსჯის უცნაურ და ანაქრონულ სიმბიოზს ვაწყდებით. ეს არ არის უბრალო კავშირი ამ ორ სოციალურ მოვლენას შორის, ის ერთსაც ძირს უთხრის და მეორესაც. მართლმსაჯულებისა და საზოგადოებრივი მორალის ეს გარყვნილი ალიანსი, ამ საქმეში ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ და უშუალოდ აჩვენებს ქალის სექსუალობის მიმართ დაწესებულ საზღვრებს, რომელთა გადალახვა დანაშაულივით მიემართება კონკრეტულ სქესს. ეს გარყვნილება ქალის სექსუალობას გარყვნილების სტიგმას ადებს, დანაშაულად მიუთვლის, გაკიცხავს და მოიკვეთს მას.

სახელმწიფოს ლოგიკას უკიდურესად თუ განვაზოგადებთ, გამოდის, რომ ყველა ქალი, რომელიც არ ექვემდებარება საკუთარი სექსუალობის კონტროლს, მკვლელია; რადგან მას არ უყვარს პარტნიორი და არსიყვარულიდან მკვლელობამდე ერთი ნაბიჯიც აღარ რჩება, პირველი აუცილებლად გულისხმობს მეორეს. და პრინციპში ასეც არის – ეს ქალები კლავენ სტერეოტიპებს, რომლებიც მათ ჩაგვრას და დათრგუნვას უზრუნველყოფენ, ისინი ამით უპირისპირდებიან თავსმოხვეულ წესებს; იმას, რასაც მოითხოვს საზოგადოება. ერთი სოციალური თეორიის მიხედვით, ისჯება არა დანაშაული, არამედ ის, რაც საზოგადოების ერთიანობას უქმნის საფრთხეს.

ამიტომ ეს არ არის ერთი კერძო საქმე. ამ საქმეში ასამართლებენ არა კონკრეტულ დანაშაულს, არამედ ქალის სხეულს, მის სექსუალობას და ნების თავისუფლებას, ასამართლებენ ჩვენი, კაცების, მამების, შვილების, ქმრების, არამკითხე მოამბეების, ფანჯრებიდან მომზირალი მეზობლებისა და სხვა ათასი ჯურის მიზოგინების სახელით.