დედაჩემს ვთხოვე, ისე ვცდი, გავალ ამ ფლექსის ტესტირებაზე, ცუდად დავწერ, უბრალოდ გამოცდილებას მაინც მივიღებ-მეთქი. გამოვიდა, რომ მოტყუებით გავედი. ინგლისურში იმდენს ვმეცადინეობდი. აბა, ცუდად დავწერდი მართლა?

ჩემი ცხოვრების ოცნება იყო ამერიკაში წასვლა. 15 წლის ვიყავი, მეგობარმა ფლექსის პროგრამაზე რო მომიყვა. ამაზე აღარ დამელაპარაკოო, დედაჩემმა მაშინვე მითხრა. ჩემი საოცნებო ქვეყანა იმიტომ კი არ იყო, რომ რამე განსაკუთრებული სილამაზე მეგონა, უბრალოდ ვიცოდი, რომ ბევრად ადაპტირებულია უსინათლოებისთვის. მაინტერესებდა, როგორ დადიოდნენ უსინათლოები საჯარო სკოლაში, მარტო როგორ ცხოვრობდნენ.

ტურებზე მამას დავყავდი. ბოლოდან რო გამოვედი, თუ გაიმარჯვებ, წადიო, მითხრა.

სკოლის გაკვეთილზე ვიჯექი, რომ დამირეკეს. ალბათ ხუთჯერ მაინც გავამეორებინე: თქვენ ფლექსის პროგრამის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ხართ. იმ ღამეს ვერ დავიძინე.

დედა ძალიან ღელავდა, მაგრამ არ გაგიშვებო, აღარ უთქვამს. მე ვაჩვენებდი, თითქოს არ ვნერვიულობდი. ამ დროს, ყველაფერზე წინასწარ ვფიქრობდი, როგორ უნდა ვიცხოვრო მარტო, სრულიად სხვა სამყაროში-მეთქი. შეშინებული ვიყავი, მაგრამ გამოვიყურებოდი ძლიერად, მაგის გადაფარვის უნარი მაქვს, სხვათა შორის.

ძაან საყვარელი ოჯახი შემხვდა. დედობილი მუსიკის თერაპევტი იყო, ქმარი ‒ პროგრამისტი, თან ჩელოზე უკრავდა. ერთი გოგო ჰყავდათ ჩემზე ორი წლით პატარა, ისე ვგავდით ერთმანეთს, არფაზე უკრავდა.

სკოლაში პანსიონში კვირის დღეებში ღამეც ვრჩებოდი, შაბათ–კვირას მივდიოდი სახლში. ყველაზე კარგი ის იყო, რომ აღმზრდელები საღამოსაც ჩვენთან იყვნენ და გვასწავლიდნენ, მაგალითად, სახლის დალაგებას, დაგვას, გაწმენდას. ოთახს ჩვენით ვალაგებდით.

კვირაში რამდენიმე დღე საჯარო სკოლაში დავდიოდი. აქ არასდროს მივლია მე მხედველების სკოლაში, ანუ ჩვეულებრივ სკოლაში. სულ მინდოდა ბევრ ბავშვთან ერთად ყოფნა. ამერიკაში საჯარო სკოლაში კლასში რომ შევდიოდი, ყველა მასწავლებელი ბრაილით მახვედრებდა დავალებას. არც ერთხელ არ დავიწყებიათ.

44 ბავშვი ვიყავით, იქიდან სამი ბრმა. ვგიჟდებოდი გუნდზე. ბევრთან ერთად რომ მღერი, რაღაც სხვა მუღამი აქვს, ყველა ხმას გრძნობ და შენც მიყვები. დირიჟორიც გვყავდა, მაგრამ ჩვენ სამნი სმენით ვაკეთებდით ყველაფერს.

სკოლა-პანსიონს ტერიტორიის გარეთ სახლი ჰქონდა, სადაც ისეთ მოსწავლეებს უშვებდნენ, ვისაც მარტო შეეძლო ცხოვრება. მეც გამიშვეს, ორ გოგოსთან ერთად. დედა გავაფრთხილე, გეხვეწები, ეხლა ყოველდღე არ დამირეკო-მეთქი. მართლა ასრულებდა, ელოდებოდა ხოლმე შაბათ-კვირას, მე თვითონ რომ დამერეკა.

იქ მარტო დავდიოდი საყიდლებზე, მეგობრებთან ერთად მარტო მივდიოდი კაფეში. დავდიოდი ჯოხით, ჩვეულებრივად, ქუჩაში. აქ სკოლის გარეთ მარტო ჯერ არსად ვყოფილვარ, ყველგან გამყოლი მჭირდება.

ეხლა უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება, ოღონდ ისევ უნდა წავიდე. მგონია, რომ კარგი პოლიტიკოსი ვიქნებოდი, რაღაცეების დალაგება თავისი ცოდნით რომ შეუძლია, ისეთი.

წასვლაზე დედაც აღარ ინერვიულებს. დამოუკიდებლად ცხოვრება უკვე შემიძლია. დარწმუნდნენ თვითონაც. სხვათა შორის, ვერ შეძლებო, არაფერზე უთქვამთ ჩემთვის. არც ის უთქვამთ არასდროს, მშობლები რომ ეუბნებიან ხოლმე უსინათლოს: შენ არ უნდა შექმნა ოჯახი, უსინათლო შვილი რომ არ გაგიჩნდესო. ეს ისეთი დამთრგუნველი რაღაცაა, ალბათ მართლა არასდროს გააჩინეს შვილი, ვისაც ეგრე უთხრეს.