ანი

15 წლის

სკოლაში არაფერი არ მომწონს, აი, საერთოდ არაფერი არ მომწონს. თუ ბავშვს ევალება, რომ ზღვარს არ უნდა გადავიდეს, მაშინ მასწავლებელსაც იგივე ევალება. ბავშვს არ უნდა უთხრა, რა საზიზღარი ხარ, შენგან არაფერი გამოვა, შენგან კაცი არ დადგებაო. სულ ეს წყევლა და ეგეთებია ხოლმე.

ამიტომ, დაცინვას აღარ თვლიან ბავშვები ბულინგად. ერთხელ შეიძლება გაუაზრებელი იყოს, მაგრამ მეორედ, იგივე თემაზე რომ დასცინი და იგივეს აკეთებ, ეს უკვე გააზრებულია.

ერთი ბავშვი არის ჩვენთან კლასში და გგონია, რომ იტანჯება მოყოლის დროს, სინამდვილეში ასეთი ტონი აქვს, მოყოლის ასეთი მანერა აქვს, სულ ქშინავს, სიტყვებს ვერ აბამს ერთმანეთს, და არის სულ წამოძახილები. სუ პროტესტი მაქვს. მერე რა შენი საქმეაო. წეღან შევესწარი მეტროში ზუსტად ‒ ორი მათხოვარი შემოვიდა, ერთი ქალი და ბავშვი, მგონი ცალ-ცალკე იყვნენ საერთოდ. ისეთი გამოლანძღა და მერე შემოარტყა სახეში ბავშვს, არავის რეაქცია არ ჰქონდა, ვაგონი სავსე იყო ამ დროს. ავდექი, ის ბავშვი მოვიყვანე და ჩემთან გვერდით დავისვი. დავაწყნარე. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

ჩემები მიჩვეულები არიან, რომ სულ ვეწინააღმდეგები ყველაფერში. სულ პროტესტი მაქვს. თუნდაც, ჩემი დეიდაშვილი რომ ცუდად იქცევა, ვეუბნები, ხელი არ დაადონ და სიტყვით აუხსნან, თუ სიტყვით ვერ გააგებინებენ, გაიზრდება და გაიგებს თავისით. არც კუთხეში დაყენება უნდა.

ახლა მიეჩვივნენ, რომ ვერ ვჩუმდები. გავიზარდე, გარეთ გასვლა მინდა, მე სწავლა მაინტერესებს და ურთიერთობები. აი, ბებიაჩემს აქვს გართულება, მოკლე მაიკას რომ ვიცვამ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები ხოლმე.

მე ისეთს არაფერს არ ვაკეთებ, რაც ჩემი ოჯახის ღირსებას შელახავს, არც ვაპირებ. და, ზოგადად, ხალხის აზრი არ მაინტერესებს. ვარ მე, პიროვნება. და მაქვს ჩემი აზრი, ყველაფერზე. ეს სხვებს უჭირთ ხოლმე ჩემი აზრის აღქმა.

ანა-მარია

18 წლის

რასაც უფროსები ვერ ხედავენ ‒ ეს არის ბავშვის ადამიანურობა. მარტო ჩვენ ვხედავთ ერთმანეთში, რომ ადამიანები ვართ.

სკოლა საერთოდ დროსაა აცდენილი. როგორ შეიძლება, ბოლოს რასაც ლიტერატურაში სწავლობ, იყოს XX საუკუნის 50-იანი წლები? ან ბოლო, რასაც ბიოლოგიაში გასწავლიან, იყოს უჯრედი? ამით ბავშვებს როგორ დააინტერესებ?

ახლა კლასში ყველა ნორმალურადაა. ვინც იჩაგრებოდა, ისინი გადავიდნენ. იმდენად ყოველდღიური იყო ეს წამოძახებები, რომ აღარავინ აღიქვამდა ამას, როგორც ჩაგვრას. არასდროს არავინ არ ჩარეულა. ჩვენ, საერთოდ, ეს წელს გავიაზრეთ. იქამდე არც კი გვილაპარაკია.

იმ გოგოს ცოტა უჭირდა საუბარი. ბგერებს იმეორებდა. რაღაცას რო იტყოდა, დასცინოდნენ. „აუ, კიდევ გაიმეორე, რა. რაა? რა თქვი?“ და ასეთი რაღაცები.

მერე ყველა იცინოდა.

შარშან გადავიდა ეს გოგო. იქამდე, სულ ცოტა ხნით ადრე, გაგვიჩნდა რაღაც დანაშაულის განცდა. პირველად. მანამდე, ძაან დიდი ხნის განმავლობაში ‒ საერთოდ არაფერი.

ჩვენი დამრიგებელი შესვენებებზე სულ მაგას უყურებდა და რეაქცია არ ჰქონდა. ყველამ ვიცით ასე, თეორიულად, რა არის ჩაგვრა, მაგრამ ვერ ვიაზრებდით, რას ვაკეთებდით. ერთხელ მე და ჩემმა კლასელმა დავინახეთ შემთხვევით, დედამისს ელაპარაკებოდა და ტიროდა. მაშინ პირველად მივხვდით, რომ ცუდად იყო. ვილაპარაკეთ კლასშიც, მაგრამ ყველამ თქვა, მეგობრულად ვეუბნებითო და ამით დამთავრდა. ხან ეუბნებოდნენ რაღაცას, ან ჩანთას ააცლიდნენ, იწვევდნენ, რო რამე ეთქვა ისე, ბორძიკით და მერე დასცინოდნენ.

რო გადავიდა, კლასის ჯგუფში დაწერა, ყველა მეზიზღებითო.