ეხლანდელი დედა რო შეგვხვდა, ისიც მახსოვს, რა ეცვა. პირველად რო შემოგვიყვანა და დაგვათვალიერებინა სახლი. ვიცნობდით უკვე, ბავშვთა სახლში მოდიოდა ხოლმე, გვასეირნებდა. ამიტომ, ჩვეულებრივად მოვედით.

ბავშვთა სახლში ყველას „მას“-ს ვეძახდით. თავიდან აქაც სულ „მას, მას“ ვიძახდით. მერე გადავეჩვიე და დედა დავუძახე. ახლა სხვანაირად აღარც შემიძლია. სხვას ვეღარ დავუძახებ დედას.

მომზადებული იყო. კომპიუტერი ჰქონდა ნაყიდი, ლეპტოპიც იყო, ტელევიზორიც, მაგნიტოფონიც, ყველაფერი, სათამაშოებიც. ათის ვხდებოდი, რო მოვედი.

მამაჩემი ციხეში რო მოხვდა, პატარა ვიყავი. დედაჩემს უჭირდა. მერე გარეთ დავრჩით. კიდევ კარგი, იმ შეგნებამდე მივიდა, რო ბავშვთა სახლში მივეყვანეთ. მერე ჩვენ წამოვედით და ის ბავშვთა სახლიც დაიშალა. არ მგონია, იქ კარგი ყოფილიყო. რაც ქუჩაში ხდება და რასაც ბავშვებზე ტელევიზორში ვისმენ, ძალიან საშინელებაა. არა მგონია, მე გამონაკლისი ვყოფილიყავი.

მოდიოდა ხოლმე, ის დედა, ვინც გაგვაჩინა, ათასში ერთხელ რეკავდა. დაიწყებდა „დედა, როგორ ხართ და რაღაცა“. აქ კიდე უფრო მიყვარდებოდა ეხლანდელი ჩვენი დედა და, რა თქმა უნდა, გამჩენი დედის მიმართ გრძნობები ნელდებოდა. ის ჩვენთან არ იყო, ხშირად არ გვენახებოდა და არაფერი. ახლა ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანია, გამვლელი, რა ვიცი. როცა გაახსენდება, ან დაბადების დღეებზე, ან ახალ წელს, რეკავს ხოლმე.

ჩვენ ძალიან საყვარელი ცოლ-ქმარი გვზრდის. ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დედა ყოველთვის კარგ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე. თუ ხანდახან გაბრაზდება, მამა ეგრევე გვიცავს ‒ „გაჩუმდი, გეყოფა, გაანებე ბავშვებს თავიო“. სოფელშია პაპა. ყველაზე ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. სულ ყველაფერზე ვლაპარაკობთ. გავაბრაზებ ხოლმე და ხუთ წუთში ისევ მეხუტება. როცა ზაფხულია, ყოველდღე ნაყინი რომ არ ვჭამოთ, არ შეგვიძლია. პაპაჩემს რომ მივუცუცქდები, უკვე იცის, რომ ნაყინი უნდა მიყიდოს, თან განა ერთი?! ორი!

ყველაფერი შეიცვალა. სკოლაში ნორმალური ბავშვებივით დავდივართ. არავინ არაფერი არ იცის. ჭორაობენ ხოლმე, რომ ეს აყვანილია და ეგეთი რაღაცები. მერე დედა გვარიგებს ხოლმე, არ გინდათო, არ აყვეთო, დაავიწყდებათო.

კლასში მეკითხებოდნენ, შენ და შენს ძმას სხვადასხვა გვარი რატომ გაქვთო, დედის და მამის გვარზე ვიყავით. დედამ იცის მაგარი ხერხები, ისეთ რამეს მათქმევინებდა, მერე ეგრევე ჩუმდებოდნენ.

მე ან მასწავლებელი გამოვალ, ან ექიმი, ან სოც. მუშაკი, დავეხმარები ჩემნაირ ბავშვებს. მე უფრო შემიძლია, გავუგო, ვიდრე იმას, ვინც ჩვეულებრივი ცხოვრება გაიარა.

არ მგონია, დედამ გამიშვას. რატომ უნდა გამიშვას?! შემიძლია ვიმუშაო, დავაგროვო ფული, სახლსაც მოვუარო, აქ ვიყო, სანამ, მაგალითად, გავთხოვდები.

5 წელია, მინდობით აღზრდის პროგრამაშია ჩართული და სხვა, მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს.

 

 

მულტიმედია ისტორიები მომზადდა GIPA ტრანსმედია ლაბორატორიის კურსის ფარგლებში და პირველად გამოქვეყნდა სტუდენტური მედიის გვერდზე:

http://old.newscafe.ge/althome/