ადრე ვყიდდი ხატებს. მერე დამიჭირეს. პოლიციელებმა მანქანაში ჩამსვეს და წამომიყვანეს. მოვედი ამ სახლში, ჩვეულებრივ. ეს ტახტი გაშლილი დამხვდა, დამაწვინეს. ღამის 3 საათი იყო და ეგრევე დამეძინა. ჯერ მე მოვედი და ორი-სამი დღის მერე ჩემი და.

ჩვენ, ძირითადად, ვცხოვრობდით კერძო სახლებში, რადგან კერძო სახლებში ქირა უფრო იაფია. სულ პატარა სივრცე იყო, ერთოთახიანი. მარტო პლიტა ათბობდა, გაზი არ იყო.

ერთ ახალ წელს დედაჩემმა მითხრა, თოვლის ბაბუამ საჩუქარი მოგიტანაო. უბრალო მანქანა მომცა, მაგრამ ძალიან მომეწონა, უფრო ის გამიხარდა, დედაჩემისგან რო იყო.

ყველაზე ცუდად რაც მახსენდება, ისიც მაგასთანაა დაკავშირებული. ერთი ის, რო პატარა რო ვიყავი, ძმა გარდამეცვალა. მეორე კიდევ ის, რო ერთ დღეს, ჩვეულებრივ, ახალი წელია, მე 4 წლის ვარ. დედაჩემმა მითხრა, დაიძინეო და თოვლის ბაბუა საჩუქარს მოგიტანსო. დავიძინე, გათენდა, გავიღვიძე და ვიყურები აქეთ-იქით, არსად არ დევს საჩუქარი. დედას ვკითხე, თოვლის ბაბუამ საჩუქარი რატომ არ მომიტანა-მეთქი? დაავიწყდა შენთვის საჩუქრის მოტანა და რო მოვიდა, გაკოცაო.

მამა არ მინახავს. არც გვარი ვიცი, არც სახელი და ძაან რთულია, რა. მოძებნაა რთული.

სანამ ნინო დეიდასთან მოვიდოდი, ჩვეულებრივ ვიღვიძებდი დილით, სკოლაში მივდიოდი. სახლში მოსვლისთანავე მივდიოდი ხატების საყიდლად. ხატების გაყიდვას ვიწყებდი სადგურის მოედნიდან. ვარკეთილამდე რო მივიდოდი, ჩამოვუვლიდი რესტორნებს. შევდიოდი შიგნით, „გამარჯობა, ხატი ხომ არ გნებავთ?“ ‒ ასე ვეუბნებოდი ყველას. ზოგი მკითხავდა, რამდენი წლის ხარ, რატომ ხარ გარეთო. ეპილეფსია აქვს დედაჩემს და არ შეუძლია მუშაობა-მეთქი. ზოგს არ სჯეროდა და იტყუილებიო. ზოგს სჯეროდა, ზოგს შეუგინია კიდევაც, წადი, მოშორდი აქედანო. ხატებს რო გავყიდდი, ჩვეულებრივ, სახლში მივდიოდი. დავალებებს არასდროს არ ვწერდი და მერე ისევ იგივე მეორდებოდა.

ფულს მთლიანად დედაჩემს ვაძლევდი, ერთ ხუთ ლარს ვიტოვებდი ჩემთვის, საჭმელი რო მეჭამა.

ორმოცდაათ ლარამდე ვაგროვებდი, ერთხელ ასი დოლარი მაჩუქა ერთმა კაცმა. დედას უხაროდა, ჩემი საამაყო შვილი ხარო, მეხმარებიო, მეუბნებოდა.

ყველა ბავშვისგან განსხვავებული ვიყავი, ეზოში არ ვთამაშობდი. კომპიუტერიც არ მქონდა, არადა, სულ მინდოდა ჩემი კომპიუტერი.

ერთი წელია, ნინო დეიდას სახლში ვცხოვრობ. დედასთან რო წავედი შესახვედრად, ისევ მითხრა, გაყიდე ხატებიო, არაფერი მაქვსო. მე ვუთხარი, ვერ წამოვალ, იქნებ ვინმე კლასელი შემხვდეს-თქო ან რამე მასეთი. გამებუტა, ხმას არ მცემდა. მითხრა, რო დედას არ ეხმარებიო, რო ვკვდებოდე, წყალს არ დამალევინებო და მერე მაინც დავთანხმდი, ოღონდ უეჭველი ვიცი, რო ის ფული გადასახადებისთვის ჭირდებოდა, შუქის ფული ქონდა გადასახდელი, დენის ფულიც და მართლა ჭირდებოდა.

ჩვენი გაზრდა არ შეუძლია, რა. მარტო ცხოვრება უჭირს ძაან. ჯერ არ ვიცი, როდის წავალ დედაჩემთან, რა მოხდება. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება.

კარგად მივეჩვიე აქ ყოფნას. ნინო დეიდა ახლა ფსიქოლოგიას სწავლობს და კარგი ფსიქოლოგი გამოვა, ჩემი აზრით, იმიტო რო კარგად შეუძლია ბავშვებთან კონტაქტი. მშვენივრად მომაწყო აქ.

ჯერ უნდა ვისწავლო, მერე ფეხბურთელი უნდა გამოვიდე. ფეხბურთელი რო გამოვალ, ვფიქრობ, რამე ბიზნესი დავიწყო და ჩემი რესტორანი ან მაღაზია, ან საკონცერტო დარბაზი, მუზეუმი ან რამე მოვაწყო.

ადრე არაფერი მქონდა. არც ბავშვებთან ურთიერთობა, არც წესიერი განრიგი, დღე-ღამე მქონდა არეული. ეხლა ყველაფერი წესრიგში ჩადგა, მეგობრებიც მყავს.

 

1 წელია, მინდობით აღზრდის პროგრამით სხვა, მზრუნველ ოჯახში იზრდება.

 

 

მულტიმედია ისტორიები მომზადდა GIPA ტრანსმედია ლაბორატორიის კურსის ფარგლებში და პირველად გამოქვეყნდა სტუდენტური მედიის გვერდზე:

http://old.newscafe.ge/althome/