კატერინა

16 წლის

სულ, სულ დაღლილი ვარ სკოლაში.

სასწავლო ნაწილისგან პრობლემა მქონდა, თმა რომ ცისფრად შევიღებე, იყო ყვირილი და შეურაცხყოფა, მაგრამ მაინც მოვახერხე და დავიტოვე ეგ ფერი.

ჩვენ მუსლიმი კლასელი გვყავს და ეგ ამბავი ბოლომდე ეხლაც არ არის მოგვარებული. ბავშვების დამოკიდებულებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ მოჭიდავე და ძლიერი რომ არ იყოს, უფრო მეტი შეურაცხყოფა იქნებოდა. ჩემს კლასში შოვინისტური შეურაცხყოფაც არის, სექსისტურიც და ჰომოფობიურიც. ყველანაირი.

მშობლებთანაც იშვიათად ვლაპარაკობ, არ მომწონს ის, რომ სიტყვა თავისუფლებას სხვანაირად აღიქვამენ. ბაბუაჩემი მიყვებოდა, ჩემს დროს ჯაზის დაკვრისთვის ხალხს სამსახურიდან აგდებდნენო. ამას ისე მიყვებოდა, თითქოს ეგრეც უნდა ყოფილიყო. შეაჩვიეს გონება, რომ მათზე მაღლა მდგომები ასე იმიტომ აკეთებდნენ, რომ უკეთ იცოდნენ რა იყო საჭირო.

არ მესმის, როგორ უნდა შეეჩვიო.

 

ანასტასია

16 წლის

არ შემიძლია მშობლების სკეპტიკურობა. ჩვენ ბევრად უფრო ტოლერანტულები ვართ. არ მომწონს, შეცდომებს რო ვერ გპატიობენ, ყურადღებას რო აქცევენ, რა ოჯახიდანაა ადამიანი, რა რელიგიისაა და ასე შემდეგ. ჩვენს თაობაში ეგეთმა რამეებმა უკანა პლანზე გადაიწია.

მე ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ესაა ძილი. თან ვფიქრობ, რომ დროის კარგვაა და მენანება. ჩემი მეგობრები უფრო ტელეფონებში სხედან. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა თავისი აქტივობა შეამოწმა ინსტაგრამზე და შვიდი საათი და ოცდაორი წუთი დაუთვალა. რამდენ რამეს გააკეთებდა, სულ ამაზე მეფიქრება.

 

 

ელენე

17 წლის

მასწავლებლების უმეტესობა წინა საუკუნის ლოგიკით ასწავლის, ჰგონიათ, რომ სიმკაცრით მიაღწევენ შედეგს. უნდათ, რომ თავიანთი აზრი ჩაგიდონ ტვინში. სკოლის მთავარი იდეა ხომ ის არის, რომ სწავლა გასწავლოს, იქ კიდევ ინფორმაციას გტენიან. სკოლიდან მთავარს ვერ იღებ ‒ ანუ აზროვნება არ შეგიძლია. ინტერესებიც სკოლის გარეთ გივითარდება.

ეს იწვევს სიძულვილს და მარტო იმიტომ აგრძელებ სკოლაში სიარულს, რომ ექსტერნი არ გამოიყოლო. გაკვეთილიც, შესაბამისად, უნდა ჩაიშალოს იმიტომ, რომ შენ ხო არ გაინტერესებს, რა ხდება გაკვეთილზე და ამიტომ შენთვის ლაპარაკობ, სხვას ხელი ეშლება, შენ კი არც ეს გაინტერესებს.

ზოგიერთი ბავშვი გამოკვეთილად უპატივცემულოდ ექცევა მასწავლებელს და ეგ ჩემზე ძაან ცუდად მოქმედებს. გვყავდა ერთი, კუთხეში იჯდა, მასწავლებლის სახელს წამოიყვირებდა, არ ჩერდებოდა, მასწავლებელი რომ ეუბნებოდა, გაჩერდიო, მე არ ვაკეთებო და აგრძელებდა. რომ არ დაუღრიალა, ან ორიანი რომ არ ჩაუწერა მაშინ მასწავლებელმა, იმიტომ არ გაჩერდა. ზედმეტ სირბილეს ცუდად იღებენ ბავშვები. თუ მასწავლებელი არ იცი, რომ ძალიან მკაცრია, თუ გაგდის, არ ჩერდები. გაკვეთილზე სიჩუმე მარტო მაშინ არის, თუ იცი, რომ მასწავლებელი მკაცრია. იმდენად მიჩვეულები არიან ბავშვები, რომ მუდმივად მუქარაში უნდა იყვნენ, თუ არ არიან მუქარაში, აღარ იციან, როგორ მოიქცნენ.

ერთი მასწავლებელი მყავს, ქართულის, მარტო ის არ იქცევა სხვებივით. ყველაფერს ბოლომდე გვიხსნის, რაღაც ახალს რომ გავდივართ, სულ ჩერდება და უცებ ისეთ კითხვას დაგისვამს, არასდროს რომ არ გიფიქრია, უცებ შემოგიბრუნებს, ყველაფერს სხვანაირად დაგანახებს.

ერთი კლასელი მყავდა, სულ დასცინოდნენ და არ ჰქონია ჩვენს დამრიგებელს რეაქცია. მეხუთე კლასამდე მაინც უყურებდა ამას. კიდევ ვიცი, რომ ახლა ჩემი ძმის კლასში ძაან დასცინიან ერთ ბავშვს და იმაზეც არა აქვს დამრიგებელს რეაქცია. მე ასეთებს რომ ვხედავდი, ბავშვობაში ნამდვილად არაფერი მითქვამს, მერე დედა მეუბნებოდა ხოლმე, როცა ამჩნევდა ‒ ეგ ბავშვი გარიყულივითაა, დაელაპარაკეო. მეც ველაპარაკებოდი, მაგრამ ის აქეთ მეჩხუბებოდა იმიტომ, რომ მიჩვეული იყო, რომ ყველას უნდა ეჩხუბოს და ამიტომ მეც აღარ მინდოდა იმასთან მეგობრობა. ამ ჩემს პარალელურ კლასელ გოგოსთანაც რამდენჯერმე ვცადე ახსნა. იმ ბავშვებთანაც მილაპარაკია, ვინც მას დასცინის, მაგრამ ისინი აქეთ მიტევენ, რა შენი საქმეაო. ეს ბავშვიც ჩუმადაა, ამბობს, მარტო ის მინდა, რომ სკოლა დავამთავრო, თორემ დედაჩემმა რომ გაიგოს, მერე ჩემი ძმა სხვანაირად მოაგვარებსო. მისი დამრიგებელი საერთოდ არ ნერვიულობს, დირექტორთან რომ ჩავედი, იმან მითხრა, მშობლის მოსვლის გარეშე ვერ მოაგვარებო, ამ ბავშვს კიდევ არ უნდა, მშობელი რომ ჩაერთოს. მოკლედ, ძაან ცუდი სიტუაციაა.

მხარში დგომა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა, რაც შეიძლება ვინმეს გაუკეთო. უბრალოდ საკმაოდ რთულია.

მთელი იდეა ის არის, რომ ყველაფერი უნდა გეკიდოს, არაფერი არ უნდა გააკეთო. როცა, ვთქვათ, განვიხილავთ ეკოლოგიურ პრობლემებს, მეუბნებიან, შენ ალბათ ვეგანი ხარ და მაგიტო გაინტერესებს ეკოლოგია, ხო? რაა? ვაა, არ ხარ ვეგანი და მაინც? ეგ არის, არავინ არ ფიქრობს, რომ ეს პრობლემები, რასაც ახლა გავდივართ, ყველაფერი მართლა ჩვენ გვეხება და ჩვენ თვითონ მოგვიწევს ამის შეცვლა.

 

ანა

17 წლის

როგორც მტაცებელი სუსტს ესხმის ხოლმე, ეგრე არიან მასწავლებლებიც. სუსტისთვის მარტივია შეურაცხყოფის მიყენება.

ყველას ეშინია მაგისი. ისეთ რამეს ეუბნება, ატირებს ხოლმე ბავშვებს. ჩვენს პარალელურ კლასელს აქვს გონებრივი შეფერხება და დასცინიან კლასელები. დიდი ხანია ეს პრობლემაა. მასწავლებელს უთხარით-მეთქი და თურმე ეგ თვითონ ისე აბულინგებს ამ გოგოს, ბავშვებს რა უნდა უთხრასო. დამრიგებელთანაც მივედით და არავის სჯერა ჩვენი, ადრამატულებთო, გვეუბნება.

ეგ ქალი დიდებსაც ეგრე ეპყრობა. მაგაზე ამბობენ, მაინც ვერ გაუშვებენო. ჩვენც გაგვიგონია, რო უთქვამს, სამინისტროში დავრეკავო, მასწავლებლებსაც დამუქრებია. არც მალავს.

 

სალომე

17 წლის

იმ დღეს სკოლაში ვთქვი, მასწავლებლობა მინდა-მეთქი და მეგონა, სხვა ამბიციები გქონდაო, რას უნდა მიაღწიოო, რად გინდა მასწავლებლობაო ‒ მასწავლებელმა მითხრა. იმიტომ მინდა, რომ ვიღაცისთვის ისეთი ვიყო, ამ ასაკში რომ მჭირდება, წინა წლებში რომ მჭირდებოდა, მე რომ ვერ ვნახე, ისეთი მასწავლებელი მინდა ვიყო-მეთქი.

გამარჯობას და როგორ ბრძანდებითს რო მეტყვიან, არ ვეჩხუბები, არ ვეტყვი, გუშინ ხომ მნახე, რაღას მეკითხები-მეთქი! მაგითაც კი წუხდებიან. გაკვეთილის ჩატარების მაგივრად, ქორწილამდე რო დაფეხმძიმდა და იმიტომ მოიყვანეს ცოლად, მაგაზე არასდროს ვილაპარაკებ. ბევრი ცუდი თვისება დავინახე მასწავლებლების, რაც ძალიან გამომადგება. ამისთვის ოდესმე აუცილებლად ვეტყვი მადლობას.

ჩემს თაობასაც ცოტა შეჯანჯღარება სჭირდება. მინდა, მიხვდნენ, რო ნიშანზე მნიშვნელოვანია თავმოყვარეობა, რომელიც შენი აზრის დამალვით გელახება. შეურაცხყოფაზე რო მიპასუხია და აზრი გამომითქვამს ‒ უარესი მიმიღია. გვერდით არასდროს არავინ დამდგომია. ნიშნები არ გავიფუჭოთო. არ გირჩევნია, შენც მშვიდად დაამთავრო და კარგი სახელი დატოვოო?

აი, მამაჩემისთვის მთავარი იყო, სულ მეთქვა, რას ვფიქრობდი და თავი მეგრძნო ამაყად. არც დედაჩემი მთხოვდა და არ მაქეზებდა, საუკეთესო იყავი და ათიანებზე ისწავლეო.