ქეთა

16 წლის

არასდროს მიმაჩნდნენ ჩემი მშობლები ზებუნებრივ არსებებად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს მისრულებდნენ. იყო რაღაცები, რასაც უბრალოდ არ ვეუბნებოდი. არასდროს იცოდნენ, რა მინდოდა რეალურად.

მშობლების თაობას საერთოდ არ შეუძლია ახალი იდეების მიღება. ჩემთვის ეს არის სრულიად გასაგები, მაგრამ სრულიად მიუღებელი. გასაგებია იმიტომ, რომ მათთან შედარებით მეტი ვიცი გონებაზე, არაცნობიერზე და ქვეცნობიერზე. თუ შენ არაცნობიერში შეაღწიე და მაინც ვერ გააცნობიერე, რა არის არასწორი, ვერაფერს გამოასწორებ. ცოტა ჩახლართული გამოვიდა, მაგრამ ზოგადად, რეალობაა ჩახლართული და ქაოსური.

მშობლებთან მეგობრობაც, არ ვიცი, შეიძლება თუ არა. ერთი მხრივ, ყოველთვის გიღიმიან, ზრუნავენ, ძალიან უყვარხარ, ხანდახან იმაზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე საჭიროა. შეიძლება შენ მაგივრად გადაწყვიტონ, სად ისწავლი. ამ დროს შენ სხვა რამისკენ მიგიწევს გული. ბედნიერების ერთადერთ შანსს რომ გიკლავენ, ამას ვერ აცნობიერებენ.

თვითონ ჩემით ბედნიერები მგონი მაშინ იყვნენ, როცა ჩემი გამოცემული წიგნი „ნეიროუტოპია“ მოვიდა გამომცემლობიდან. არ მავიწყდება მათი სიამაყით სავსე თვალები. ეს, რა თქმა უნდა, ხშირად არ ხდება. ერთად იშვიათად ვართ ხოლმე სახლში. ამიტომ, როცა მშობლებს ვხედავ, იმდენი რამეა სალაპარაკო, ეგრევე „ოფიციალურ საუბრებზე“ გადავდივართ.

ნეიტრალური ურთიერთობა გვაქვს, კონფლიქტების გარეშე, მაგრამ ერთმანეთთან არც დიდი სიყვარულის გამოხატვით გამოვირჩევით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ისინი და მათაც ძალიან ვუყვარვართ მე და ჩემი ძმები. ისიც ვიცი, რომ მათი იმედი შემიძლია მქონდეს. მაგრამ ყველაზე მშვიდად, გულწრფელად რომ ვთქვა, მაინც მაშინ ვგრძნობ თავს, როცა მარტო ვარ. რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვარ.

სკოლა სულ სტრესული გარემოა. მე არა, მაგრამ ბევრზე ვიცი, რო სკოლაში შიშისგან მუცლის ტკივილი, გულისრევა და თავბრუსხვევა ეწყებათ.

საერთოდ რაში მჭირდება სკოლა, როცა ინტერნეტი გვაქვს. მე ინგლისური ვიდეოებიდან და სტატიებიდან ბევრად მეტი ვისწავლე, ვიდრე სკოლაში. მგონია, რომ ონლაინსკოლები განათლების ახალი გზა იქნება. მე ვუყურებდი მარტივ, ადვილად გასაგებ ვიდეოებს, გლობალიზაციაზე, იდენტურობის კრიზისზე, ისტორიაზე, ევოლუციაზე, ეგოზე, პეპლის ეფექტზე ‒ მერე მთელი შენი ცხოვრების არსი რომ იცვლება.

ჩემს თაობაში მყარი მეგობრობა ძალიან იშვიათია, დროა რაღაც ისეთი. ეს ჯგუფებიც ყალიბდება არა ინტერესების, არამედ ვინ როგორ შემიძლია გამოვიყენო, ვისთან როგორ დროს გავატარებ ‒ პრინციპით. საუკეთესო მეგობრები არც მე მყავს, რადგან არ მგონია, ეს ისეთი მეგობრობა იყოს, რომელიც წლები გასტანს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ურთიერთობიდან მაინც იმაზე მეტს სწავლობ, ვიდრე გაკვეთილიდან ან წიგნიდან. კიდევ არის ის, რომ ჩემი მეგობრები ჩემში ხედავენ იმას, რასაც უფროსი თაობა ვერ ხედავს ‒ პიროვნებას.

სხვათა შორის, არც მშობლებს, არც მეგობრებს, არც ნათესავებს, არც მასწავლებლებს, არავის, აბსოლუტურად არავის არ აუხელია ჩემთვის თვალი. პირიქით, შეიძლება ვთქვა, ამ ადამიანებმა დამახუჭინეს თვალი და შემდეგ მე გავახილე.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვიქნები, იმას აქვს მნიშვნელობა, როგორ ვიქნები. როგორში ვგულისხმობ იმას, რომ ბედნიერი მინდა ვიყო და არა რაიმე სხვა.

 

მოსწავლეებთან ინტერვიუები ჩაწერეს: ანუკა კიკნაველიძემ, ნინი სპარსიაშვილმა, ანი ლაცაბიძემ

 

 

სპეც-პროექტი "საუბრები ბავშვებთან" მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.