ლუკა

15 წლის

კომპიუტერთან ჯდომა მირჩევნია. Fortnight თუ გაგიგია, მეგობრები ვთამაშობთ ხოლმე ონლაინში.

სკოლაში აი, სულ დაღლილი ვარ, სულ მეძინება. მათემატიკას კიდე არა უშავს, ვემზადები და მესმის. სხვა არაფერი.

მასწავლებლებს თვითონ არ უნდათ, რო გასწავლონ. მარტო ხელფასის და მოვალეობის გამო გასწავლის, გულით ძალიან ცოტა. ვაფშე არ მჭირდება სკოლა. მუშაობას დავიწყებდი, ან ფეხბურთისთვის ვივარჯიშებდი.

კლასში განაწილებულები ვართ. ათოსნები ‒ ათოსნებს ემეგობრებიან, ოროსნები და უცხოელები ‒ აზერბაიჯანელები და ეგენი ერთად არიან. არიან გაჩითულები, აი, ფეისბუკზე რო ბევრი ლაიქი აქვთ, ყველა ფოტოზე რო ათას კაცს თაგავენ და შკოლნიკები ‒ არავისთან რო არ მეგობრობენ და მარტო სკოლა როა მაგათი ცხოვრება.

ჩხუბი იწევა, როცა ერთმანეთს დასცინიან ხოლმე. უფრო ბიჭები დასცინიან გოგოებს. მარა ვინც იჩაგრება, კლასი იმას უდგება ხოლმე. უფროსები რო გვადგებიან, შერიგდითო, ეგ სისულელეა. ხელს რო ჩამოვართმევთ ერთმანეთს, ეგ იმას არ ნიშნავს, რო შევრიგდით. მერე ჩვენით ვაგვარებთ. ჩაშვება, რავი, აი, ტელეფონზე რო ვთამაშობ და ენას რო მიუტანს მასწავლებელს, ტელეფონზე თამაშობსო, ეგ არ არის კარგი საქციელი, მარა ხორავას ამბავზე ვინმეს უფროსისთვის რო ეთქვა, ეგ უკვე დახმარება იქნებოდა.

ნიკა

17 წლის

მეშვიდე გაკვეთილზე უკვე ვეღარ ვაზროვნებდით, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდით და ამის გამო სულ გვეჩხუბებოდნენ. სამაგიეროდ, ახლა მეთორმეტე კლასში შეგიძლია არც იარო. არებს აღარ წერენ. იმიტომ რომ იციან, თუ რეპეტიტორთან სიარული შეგიძლია, უკეთესად მოემზადები. მეთორმეტეში ახალს არაფერს არ გვასწავლიან.

სკოლაში მთავარი ყოველთვის მასწავლებელია. ის სულ ბავშვზე მაღლა დგას, ზემოდან გიყურებს. პასუხის გაცემა უზრდელობაა, მარტო იმიტომ დაგიძახებს თავხედს, რომ შეეპასუხე. ხმას ამოიღებ და გადაგეკიდება სამუდამოდ. ვიცით, როგორც მთავრდება ხოლმე, გაწამებული გაქვს ბოლო კლასები.

თუ დასცინიან ვინმეს, მასწავლებელი ხედავს და არაფერს აკეთებს ‒ ეს ჩვეულებრივი რამეა. ამ ასაკში კიდე ბავშვები ძალიან სასტიკები არიან ‒ არავინ თმობს, ყველა თავს იმკვიდრებს და თუ არ ერევიან, ყოველთვის უფრო სასტიკი იმარჯვებს ხოლმე. ბავშვებმა ვიცით, რომ ეგრე ის იმკვიდრებს თავს, ვისაც კომპლექსები აქვს და სიყვარულის ნაკლებობა.

მაგიტომ არსებობს ისევ ქუჩაც ‒ უინტერესოა სხვა ყველაფერი. იქ თემებია, საქმეა, დრამებია. გოგოებიც და ბიჭებიც ერთობიან ამ ისტორიებით.

ძაან რთულია, პატარა ბავშვმა გაიაზრო ეს ყველაფერი. არც მშობელსა და ბავშვს შორის არის ისეთი დამოკიდებულება. არავინ ყავს ბავშვს, რო გაუმხილოს, რა აწუხებს, რატომ აწუხებს, ან უბრალოდ თქვას, რო თავი უკეთ იგრძნოს. ყველაფერი შიგნით რჩება, წყენაც და ბოღმაც. ეს ანადგურებს შიგნიდან.