ლუკა

12 წლის

სკოლაში მინდა, ცალკე იყოს ოთახები ქიმიისთვის და ბიოლოგიისთვის. ძალიან მომწონს ეს საგნები. სულ ორი გვაქვს და უფროსკლასელებს აქვთ დაკავებული.

კიდევ, ერთი ინფორმატიკის კაბინეტი გვაქვს და ვერ შევდივართ, სხვები არიან ხოლმე.

მაგრამ, პირველ რიგში, უფასო ლანჩბოქსებს დავამატებდი. ძალიან ბევრია ჩემს კლასშიც და მაღალ კლასებშიც, ხანდახან ბავშვები ცუდად ხდებიან, გული მისდით შიმშილისგან. სასადილო არის, მაგრამ ყველა ვერ ყიდულობს საჭმელს. ეგეთ, პატარა ლანჩბოქსებს შემოვიტანდი, სასარგებლო საკვებით, და ყველა შეჭამდა, ვისაც მოშივდებოდა.

ძალიან მინდა, ბუქმობილი გადავიდეს შენობაში. დიდ სახლში, სადაც იქნებოდა მეტი წიგნები. უფრო მეტი ადგილი სხვა რაღაცეებისთვის. მაგალითად, აქ ფოტოგრაფიის კურსს გვასწავლიდნენ, კიდევ ხატვის, ეს წრეები სკოლაში არ გვაქვს. ეგაა ცუდი, რომ აქ ორი კვირით დავდივართ, მერე ბუქმობილი სხვაგან მიდის და რამდენიმე კვირა გვიცდება. შენობაში რომ იყოს, აღარ გაცდებოდა.

გურამი

14 წლის

მე ვფიქრობ, რომ გამოცდა არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომ ვინც არ სწავლობს, აიძულო, გააკეთოს ის, რაც მისთვის აუცილებელია. ჩემი აზრით, ყველამ უნდა ისწავლოს. სკოლაში მაინც.

მე ჩემი მშობლები ძაან დამეხმარნენ, რომ ის მეპოვა, რაც მინდოდა. ყველაფერზე მატარებდნენ, რაც მინდოდა. ეხლა ელექტრული ინჟინერია მომწონს ძალიან. იუჯი-ლიმესის აკადემიაში დავდივარ. მესამე კურსზე ვარ უკვე. პირველ წელს, პატარა რომ ვიყავი, ან დედაჩემს დავყავდი, ან მამას, ან მამიდას. ოთხი საათი ვიყავით ხოლმე გზაში. შემდეგ წელს უკვე ვისწავლე გზა და ჩემით დავდიოდი.

პირველ წელს ვისწავლეთ ელექტრული ფიზიკა, შემდეგ წელს ელექტრული სქემები და ეხლა უკვე არდუინოს პროგრამირებაზე ვართ. ამას არასდროს გასწავლიან სკოლაში და არც ინსტიტუტში.

მე გამორჩევის გამო მაქვს პრობლემა. ვინც კარგად სწავლობს, იმათ გამოარჩევენ. მეც კარგად ვსწავლობ და არ მსიამოვნებს, ეგრე რომ მექცევიან, სულ რომ გაქებენ და სხვებს გადარებენ. ზოგი მასწავლებელი ისე გეჩხუბება ხოლმე, ერთი სიტყვაც რომ შეგეშალოს, ისე გიყვირის, მერე სულ ყველაფერი გვავიწყდება. მაღალი ნიშნები რომ გამომყვება, ყველაფერს მისრულებენ მშობლები.

 

 

ნინი

15 წლის

ახლაც მუცელი მტკივდება ხოლმე, მასწავლებლის მაგიდასთან რომ ჩავივლი და გაკვეთილი არ ვიცი. რომ გამომკითხავდა და არ ვიცოდი, კლასის წინაშე მეჩხუბებოდა, ბავშვები კიდე იცინოდნენ ‒ თავი ყველაზე სულელი მეგონა.

ყველანაირი ტიპი გვყავს კლასში. არიან გამოსული, ქულ ბავშვები; ნერდები; ცოტა გოიმები; მეოცნებეები ‒ საერთოდ რომ ვერ ხვდებიან, რა პლანეტაზე არიან; ძალიან განათლებულები, ყველაფერზე საკუთარი აზრი რომ აქვთ. ქულ-ები ყველას დასცინიან, არასდროს იციან გაკვეთილი და სხედან უკან. ყველას ძაბავენ. ვერ ვხვდები, რატომ უნდათ, თავი ცუდად გაგრძნობინონ. ფიზიკურად არ გეხება, მაგრამ სიცილით უარესად გამცირებს. თუ ქულ ხარ, აუცილებლად გაქვს ფული, აიფონ 10 და კიდევ სხვა რაღაცეები. მაგათთვის ბანძები არიან ტიპები, ვისაც არ აცვიათ მაგრად, თუმცა შეიძლება, თვითონ ასე მოსწონთ. ერთ გოგოს მარტო იმიტო დასცინოდა ყველა, რო მეტალს უსმენდა.

დედ-მამასთან ძალიან ახლოს არ ვართ. მამაჩემთან ურთიერთობა არ შემიძლია, ისეთი ტიპია. უნდა, რომ თანამედროვე იყოს, თუმცა ახალგაზრდობისდროინდელი ქცევები აქვს შემორჩენილი. ძველი ბიჭივით იქცევა, რაზეც სულ ნერვები მეშლება. გაშორებულები არიან. მამაჩემი სულ მირეკავს, მნახულობს, მაგრამ მაინც არ ვმეგობრობთ.

დედაჩემი ყოველთვის ავლებს ზღვარს მეგობარსა და მშობელს შორის, „ნინი, დედას ეგრე ნუ ელაპარაკები“. ნამდვილი კოშმარია დედას გაბრაზებული სახე, ჯობია, არ წარმოვიდგინო. დედაჩემის აზრსაც იშვიათად ვითვალისწინებ. მაგალითად, ჰგონია, რომ თუ ისეთ ბავშვებთან ვიმეგობრებ, ვინც არ სწავლობს, არც მე ვისწავლი. შეიძლება მითხრას, რომ მათთან არ ვიმეგობრო, თუმცა ყურს არ ვუგდებ. ჩემს განათლებაში უბრალოდ უამრავ ფულს დებს და აუცილებლად უნდა გავუმართლო იმედები, არ მინდა, ეწყინოს. მაგრამ მაინც არასდროს აბედნიერებს ჩემი კარგი ნიშანი. ცუდს რომ ვიღებ, მეჩხუბება. გამოცდა თუ ჩავაბარე, ან რაიმე ასეთი, მხოლოდ მაშინ უხარია. ჩემი მეგობრები მშობლებს რომ ეუბნებიან, კარგი ქულა მივიღეთო, ისინი გიჟდებიან. მეც მინდა, გაუხარდეს, ის კიდე მპასუხობს, რომ ჩემი საქმე ზუსტად ეს არის ‒ კარგი ნიშნის მიღება.