ბედნიერი ვარ მაშინ, როცა კომპიუტერთან ვზივარ მარტო, ბოლო ხმაზე მუსიკა მაქვს ჩართული და ვწერ რაზეც მინდა. ვწერ მთელი გრძნობებით და ემოციებით, თან მგონია, რომ მომავალში ამას დააფასებენ და ეს იქნება შედევრი. თითქოს ვიზეც ვწერ, ის მე ვარ. ისეთ ამბებს ვიგონებ, ცრემლები მომდის ხოლმე. მაგ მომენტში ვფიქრობ, რომ რაღაცას ვქმნი.

ჩემთვის დროის კარგვაა პირფერ ადამიანებთან ყოფნა, კიდევ ‒ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ხელოვნება და მუსიკა. მაღიზიანებს, როცა მასწავლებელი გაიძულებს, მისი აზრი შენი აზრი იყოს. კიდევ, ძლიერი და სუსტი რომ ჩხუბობს და საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, ბავშვები ძლიერს უჭერენ მხარს. ძალიან იშვიათია, სუსტს დაუდგეს გვერდით ვინმე. მიდი, იჩხუბეთ, მე ამისკენ ვარ, მე ‒ იმისკენო, ყვირიან.

როცა ძალიან გვჭირდება, მაშინ არავინაა უფროსი იქ, რომ დაგვიცვას. დამრიგებელს, რა თქმა უნდა, ვეუბნებით. ჩემი დამრიგებელი ყოველთვის მხარში გვიდგას. ბავშვებს ვაშინებ ხოლმე, დირექტორთან შევალ-მეთქი. მისი ძალაუფლების იმედი უფრო მაქვს, თორემ იმის კი არა, რომ ადამიანურად გამიგებს.

მაგრამ ყველაზე ცუდი მაინც ის არის, მასწავლებლები ისეთ დავალებებს რომ გაძლევენ, სადაც შენს სარწმუნოებაზე და იესოზე ბევრი უნდა ილაპარაკო. ამ დროს სხვა სარწმუნოების ადამიანებიც გვყავს კლასში. ისინიც ხომ წერენ დავალებას, თან ისე, რომ ჩააბარონ, მოიშორონ, ლიჟბი ცუდი ნიშანი არ დაუწერონ. შენ რომ გითხრან: დაწერე, რომ კერპთაყვანისმცემელი ხარო, დაწერ? ეს ბავშვებიც წერენ ხოლმე თემებში: აი, იესო ჩემი ღმერთი კი არაა, მაგრამ… ან, ხშირად უწევთ ქრისტიანები გახდნენ, რომ დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი.

ბიჭებიც ამცირებენ მაგათ. ჩვენ ვცდილობთ, ორივეს ცალ-ცალკე დაველაპარაკოთ. მარტო დამრიგებელი გვეხმარება, დანარჩენი მასწავლებლები, შენს აზრს რო ეუბნები, გადმოდიან შეურაცხყოფაზე: უმადური ხარ, ისეთი ხარ, ასეთი ხარ. არაა დაცული სკოლაში ჩემი აზრი და არც არავისი.

მე თვითონ ვინ ვარ, ეს ჯერ არ ვიცი. სულ მაგის ფიქრში ვარ, ალბათ, გავიგებ მალე.