წარმატებულად მაშინ ჩავთვლი ჩემს თავს, ისრაელის ჯარში რო დავამთავრებ მოღვაწეობას. ისე, წარმატებული, ჩემი აზრით, ვიქნები მაშინ, როდესაც ცხოვრებაში არაფრის შეცვლა აღარ მომინდება. ასე თუ არ მოხდა, მაინც ვერ მოისვენებ, ღამით ვერ დაგეძინება. იქნები ფულიანი ადამიანი, რომელიც თავის თავთან მარტო ვერ ჩერდება.

შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ კომპიუტერული თამაშები ან ფანტასტიკური წიგნების კითხვა და სულ მუსიკის სმენა დროის ფუჭი ხარჯვაა, მაგრამ ‒ მე არა. ამ დროს მორალურად ვისვენებ. თან გამიჩნდა რაღაც უნარები, რაც თამაშების გარეშე ვერ მექნებოდა. შარშან პირველად დავჯექი თვითმფრინავზე და 10 წუთს ვაფრინე კიდეც ‒ ბიძაჩემმა წამიყვანა, პილოტმა შუა ჰაერში მომცა შტურვალი, შენ ქენიო. თამაშიდან მახსოვდა, რა როგორ უნდა და მართლა გავაკეთე.

ჩემი მშობლები არც ძაან დიდები არ არიან, არც ძაან პატარები. ჯერ კიდევ შემორჩათ ახალგაზრდობა. მამაჩემი წელს გახდა 40-ის. ძალიან ახალგაზრდა იყო დედაჩემი ‒ 21-ის, მე რომ გამაჩინა.

ჩემს გეგმებს როცა ვეუბნები ჯარზე, მათ უბრალოდ არ უნდათ ჩემი გაშვება. მაგათ თაობაში ძალიან ხშირადაა ეგ პრობლემა, არ გვისმენენ და ეს ძირითადად იმიტომ, რომ არ აკვირდებიან, მართლა ვინ არის მათი შვილი, რას წარმოადგენს, როგორც ადამიანი.

დედა ძალიან მაგრად ყვირის ‒ ვოკალურად ბრაზდება, ხშირად ვერაფერს ვერ ვაგებინებ, იმიტომ რომ საოფისე სფეროში მუშაობს, კორპორაციული ლიდერია და იქიდან გამომდინარე, თუ როგორი ლიდერიც არის, უბრალოდ ვერ ველაპარაკები და მორჩა. იმ კორპორაციულ, მაღალ რეალობაშია და იმ ცხოვრებაზეა გადაწყობილი და ვხვდები, რომ უბრალოდ დაავიწყდა სხვა რეალობაში ცხოვრება. ძაან მიტეხავს გულს ამით. თუ ხანდახან დიდ თემაზე წავიყვან საუბარს, უბრალოდ ჩუმდება, თითქოს, ამ ყველაფრის მიღება არ უნდა. მამაჩემთან უფრო გამომდის რაღაცეების ახსნა.

ვიცი, რომ მათნაირად არ ვიცხოვრებ ‒ ცოლთან არ ვიჩხუბებ, მაგალითად. იმიტომ, რომ პატარა ვიყავი ძალიან და გულზე მხვდებოდა, როცა ჩხუბობდნენ. ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ, მორიგი ჩხუბის დროს, გამოვედი და ამოვიღე ყველაფერი ის, რაც ორივეს მიმართ მაწუხებდა. მაგის მერე, რაღაც პერიოდი, მამაჩემი ცალკე გადავიდა, დედაჩემი რაღაცნაირად იყო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ძალიან კარგად დალაგდა. მაშინ რაც გადავიტანე, ძალიან ცუდად მახსენდება, მაგრამ მგონია, რომ გამაძლიერა.

მამაჩემს სულ უნდოდა ჩემთან მეგობრობა, მეუბნება კიდეც ამას, მაგრამ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ოჯახში გვქონდა, ეგრე არ მოხდა. მანამდე კიდევ, უბრალოდ, ვერ ვუგებდი მამაჩემს ისე, რომ მემეგობრა. ახლა ვხვდები, რომ იმაზე დიდი უნდოდა ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი. უნდოდა, ბავშვს იმაზე მეტი აეტანა და აღექვა, ვიდრე შეიძლებოდა. და ვერც დავადანაშაულებ, თვითონაც პატარა იყო მაშინ. სანამ ვიყავი 10-ის, ძალიან ბევრი რაღაცა უნდოდა ჩემგან და თვითონ იყო 30-ის.