რუსო

17 წლის

უფროსები მიკერძოებულები არიან. სკოლაში თუ მუშაობს ბავშვის მშობელი, ხომ ზედ გადაყვებიან. ჩემთან პირიქით, დედაჩემი დამლაგებლად მუშაობს სკოლაში და სულ იმას მაყვედრიდნენ, დედაშენი დამლაგებელიაო. მე კი ადვილად დავძლიე ეს ყველაფერი, რადგან ზოგადად ადამიანი ვარ ისეთი, რომ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა მჩაგრავენ, მაგრამ ძალიან საწყენია.

საკონტროლო დავწერე ერთხელ გეოგრაფიაში. გეოგრაფიაში საკმაოდ ძლიერი ვარ და 10-იანი მივიღე. რამდენიმე ბავშვმა გააპროტესტა, ჩვენ რატომ მივიღეთ დაბლები და რუსომ მაღალიო. მეორე მასწავლებელმა კი, როგორ მიიღო მაღალი ნიშანი, ეს ხომ დამლაგებლის შვილიაო. საკმაოდ უხეშად გამომივიდა პასუხი, მაგრამ იმას მივახვედრე, რომ დაბალი ღობე არ ვარ. კარგად გამომივიდა პასუხის გაცემა, მე მომწონს, დღემდე ვამაყობ. რომ გააანალიზეს, მიხვდნენ და ბოდიში მომიხადეს.

კორეაში მინდა ყველაზე მეტად წასვლა. ალბათ იმდენად უნდა გავძლიერდე იმ პროფესიაში, რომ იქ წავიდე. ოთხი წელია, კორეული ვიცი და K-pop-ს ვუსმენ. იქ იმდენად მშვიდი გარემოა, იმდენად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი. კინოებიდან ვიცი, დოკუმენტური ფილმებიდან.

დედასთან არ მაქვს არანაირი ურთიერთობა. ეჭვიანია ძალიან. უცნაურად მკაცრია. ჩემი ძმის მიმართ ყოველთვის უფრო კეთილია.

ერთი ბიჭი გვყავს სახლში. საკუთარ თავს მირჩევნია, მაგრამ მეც ხო უნდა მქონდეს ადგილი მშობლებთან?! მამა პირიქით, ყოველთვის მეხმარება. რაც არ უნდა მოვინდომო, დედასთან კარგ ურთიერთობას ვერ ვიჭერ. რადგან არ მოუნდომებია, არ უნდოდა, ჩემი მეგობარი ყოფილიყო. კი, მშურს იმ ბავშვების, რომ ამბობენ, დედა ჩემი დაქალიაო. როცა დიდი გავიზრდები და შვილები მეყოლება, არასდროს არ გამოვარჩევ ერთს. ან ყველას მივცემ შესაძლებლობას, ან არცერთს, იმდენად გული მტკივა.

 

Tikki Lee

18 წლის

ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ესაა ქორწინება. გულიც კი მერევა, ისეთი საშინელი თემაა.

თექვსმეტის რო ხარ ბავშვი და რო გეუბნებიან, შენ რო გათხოვდები. რატო უნდა გავთხოვდე, რა იცი, რო ვთხოვდები საერთოდ. ეგ ისე მაღიზიანებს, როგორც არაფერი, იმ წამს ახლობელი ხარ, მეგობარი ხარ, თუ რა ხარ, არ ვიცი.

ძალიან მომთმენი ვარ, მარა აი, მაგ საკითხს როცა ეხებიან, ვგიჟდები.

რომ შემეძლოს, ახლა სამოგზაუროდ წავიდოდი, მაგრამ მანამდე დედაჩემს გავუკეთებდი ყველაფერს, რაც აქამდე მინდოდა და ვერ გავუკეთე. ისეთი ცხოვრება მინდა ჰქონდეს, როგორსაც იმსახურებს. არ ვიცი, ჩემ გამო, ბავშვების გამო, მაგრამ არ ცხოვრობს ისე.

მინდა, აღარ უწევდეს სიარული სხვაგან, დაღლა, სისულელის გამო დავა, ნერვიულობა. კიდე კოსმეტიკის ცენტრში წავიყვანდი, რო თავის თავს მიხედოს, თავის სახეს მოუაროს თუნდაც.