დიდი ხანია აქ ვარ. ადრე ვმათხოვრობდი. მამაჩემი მაშინებდა. მასწავლიდა, ასე თქვი, პურის ფული არ მაქო და ფულს მოგცემენო. ოცი ლარი იშოვე და მომიტანეო. მეტროში რო შევიდოდით, „დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ“ და ასეთ რაღაცეებს ვიძახდი.

არ მომწონდა მათხოვრობა. თუ არ მივიტანდი ფულს, მირტყამდნენ. ერთხელ რო არ მივიტანე, აქეთ, მუცელზე ცხელი რაღაც დამადო და დამეწვა. აი, აქ მაქ შრამი.

ვიპარავდით, მანქანებს ვტეხავდით. ციოდა ხოლმე. ყუთები იყო ძირს, ბიძაშვილებს თხელი საბნები გვქონდა და იმეებს ვიფარებდით. ცეცხლი იყო შუაში, ერთმანეთს ხელებს ვკიდებდით და წეროებს ვთამაშობდით, ვერთობოდით.

ვღადაობდით რა, სიგარეტსაც ვეწეოდით, პლანსაც, წებოსაც. ვშეშდებოდი, ცუდად ვიყავი ხოლმე, სანამ არ დავიძინებდი, არ გამივლიდა. არ მომწონდა, მარა ვეწეოდი, მიჩვეული ვიყავი. დეიდაჩემი და მამაჩემიც ვერ მაწყნარებდნენ. დამარტყამდნენ, მარა ვერ ვგრძნობდი დარტყმას. ვაიმე, მერე ყველაფერი მტკიოდა ვაფშე.

ჩემი ძმა იცი როგორ მიყვარს?! გულით და მთელი სულით. მინდა, რო ჩემთან ერთად იყოს და კარგი ტანსაცმელები ეცვას. გახეული ფეხსაცმელები, გახეული მაიკა, გახეული შარვალი ‒ მეცოდება ჩემი ძმა. მათხოვრობს, რას უნდა აკეთებდეს?! ურტყამენ ტყუილად. წამიყვანეო, მითხრა, მარა დეიდაჩემი შეგვხვდა და გამოვიქეცი. იმის მერე აღარც მინახავს ჩემი ძმა. ჩემს ძმას ხელს თუ დაადებს ვინმე, აი, რაღაც მოუვა.

სუ ვფიქრობ, რო ჩემი ძმა მოვიდეს. ვაიმე, ჩემი ძმა. ვფიქრობ, რო გავიპარო, არადა, არ მინდა გაპარვა. წავიყვანო, წამოვიყვანო, რო ვნახო ‒ ასე ვფიქრობ ჩემს ძმაზე. მინდა, რო ჩემზე კარგად იყოს.

ერთხელ მანქანა მოდიოდა სისწრაფით. ჩემი და იდგა იქით მხარეს, მე აქეთ მხარეს, გზაზე გადავდიოდით. ჩემს დას მთლიანად გადაუარა და მე რო დამარტყა ფეხში, დამეჯახა და გადამასრიალა ორი-სამი მეტრის იქით. რო გავიქეცი ჩემს დასთან! სასწრაფოში წავიყვანეთ. იქ მოკვდა ჩემი და, გარდაიცვალა.

სანდრო ამჟამად მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს.

 

ავტორები: თეა ღვინაძე, ნინო აბდალაძე

მულტიმედია ისტორიები მომზადდა GIPA ტრანსმედია ლაბორატორიის კურსის ფარგლებში და პირველად გამოქვეყნდა სტუდენტური მედიის გვერდზე:

http://5.175.25.117/Infographics/althome/