თამუნა

16 წლის

მამაჩემთან ბოლო კონფლიქტი რო მომივიდა, ეგ მომენტი იყო ხელსაყრელი. წადიო, მითხრა, მეც ავდექი და წამოვედი. 14 წლის ვიყავი. ძალიან ბევრჯერ მომიწია ფეხზე წამოდგომა. რაღაც ფსკერზე ვიყავი, ქაქში ჩაფლული. მაგრამ ამოვედი იქიდან და იმის მერე მივხვდი, რომ ყველაფერი შემიძლია. ფეხი, ხელი და გონება ადამიანს იმიტო აქვს, რო გამოიყენოს ცხოვრებაში და არა უბრალოდ იჯდეს და დალპეს.

დანა დავისვი ერთხელ, ასე. არ მეგონა, ამდენი სისხლი თუ წამოვიდოდა. თავიდან არ მტკიოდა, მერე მეტკინა. ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

ინსტიტუტში ჩაბარებას ფული უნდა. მინდა, ვიმუშაო და ჩემი ფულით გადავიხადო. არ მინდა, სხვები დამეხმარონ. ყოველთვის ამას ვამბობდი, რომ არ მინდა დახმარება, მინდა ჩემით მივაღწიო რაღაცას. დიზაინერი მინდა, გავხდე. ტატუების ხატვაც მომწონს. მაგითაც შეიძლება გავაკეთო ფული. ძალიან ბევრი შანსი მაქვს, რომ ვიმუშაო. კარგი ბიზნესიც მექნება. რამეს მოვიფიქრებ. შეიძლება ჩემი რესტორანიც გავხსნა. ჩემი ოცნებაა, ჩემი მანქანით მოვიარო ჯერ საქართველო... თან მქონდეს მუსიკა, ფოტოაპარატი და წიგნი.

ამ ნახატზე ქალია, რომელსაც ჰქონდა ძალიან საზიზღარი წარსული. მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ჩემსავით არის, რა, ეს ქალი. ანუ როცა რაღაცას ვხატავ, ქალს თუნდაც, ან წიგნს ვკითხულობ და იქ არის ქალის პერსონაჟი, სახეს ვერასდროს ვხედავ. ასეა, შეიძლება დაინახო ტანი და რაღაც, მაგრამ სახეს ‒ ვერ ხედავ. ან, აი, უცებ გაგიელვოს. ამის დახატვა რო მომინდა, წარმოვიდგინე რაღაცით დაფარული სახე, და ეს იყო ყვავილები.

თამუნა დროებით მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს.

 

მულტიმედია ისტორიები მომზადდა GIPA ტრანსმედია ლაბორატორიის კურსის ფარგლებში და პირველად გამოქვეყნდა სტუდენტური მედიის გვერდზე:

http://old.newscafe.ge/althome/