საზოგადოებრივი სივრცის ტოტალიტარული გაგება ასეთია: მმართველი ძალაუფლება საზოგადოებისთვის ღიად მისაწვდომ ადგილს გამოყოფს. დღევანდელ საქართველოში კი ამ გაგებას აქტიურად დაუპირისპირდა ფენომენი, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ „საზოგადოების მიერ შექმნილი“ სივრცე. ესაა სივრცე, რომელსაც საზოგადოება თავად ქმნის, თუნდაც დროებით. ესაა სივრცე, რომელიც თანაზიარ ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და შრომას ეფუძნება და საზოგადოებრივი კულტურის კონტექსტს ბადებს. იგი კრიტიკული აზრის ჩამოყალიბების, დისკუსიისა და სახალხო ღირებულებების შეჯერების ადგილია.

„საზოგადოებრივი სივრცის შექმნის“ მაგალითად 13 ივნისს გავიხსენებ. ამ დღემ პირველად დაგვანახა, რომ ქალაქი ხალხს ეკუთვნის. სასურველი და საჭირო სივრცე, სადაც გადაწყვეტილების მიღებასა და მონაწილეობაში ნებისმიერი მოქალაქე თანასწორია, განსაკუთრებული საშიშროების დროს, ბუნების მკაცრი ზემოქმედებით შეიქმნა.

იუნესკო საზოგადოებრივ სივრცეს ასე განმარტავს:

„ესაა ტერიტორია ან ადგილი, რომელიც ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის სქესის, რასის, ეროვნების, ასაკის ან სოციალურ-ეკონომიკური დონის მიუხედავად. ასეთებია: საზოგადოებრივი თავშეყრის ტერიტორიები: მოედნები, სკვერები და პარკები. დამაკავშირებელი ადგილები: ტროტუარები და ქუჩები. 21-ე საუკუნეში, ზოგი მიიჩნევს, რომ ვირტუალური სივრცეებიც ახალი ტიპის საზოგადოებრივი სივრცეებია, ისინიც აღვივებენ ურთიერთქმედებასა და სოციალურ კონტაქტს“.

ტერიტორიული დატვირთვის გარდა, საზოგადოებრივ სივრცეს შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს. მისი აღქმა და გაგება სხვადასხვა ეპოქაში ფილოსოფიური აზრის ცვლილებისა და სახელმწიფოების მოწყობის შესაბამისად იცვლება. საზოგადოებრივი სივრცე დემოკრატიის პარალელურად ჩნდება.

საქართველო კი, მოგეხსენებათ, სახალხო დემოკრატიისა და საყოველთაო კეთილდღეობის მქონე სახელმწიფო არაა. ჩვენ უფრო „ნახევრადტოტალიტარული“ თუ „ნახევრადთავისუფალი“ სახელმწიფო ვართ, სადაც მმართველი ძალაუფლება არ ემიჯნება ეკონომიკასა და რელიგიას, მედიის თავისუფლება კი ერთეული ჟურნალისტების სამოქალაქო პოზიციებით განისაზღვრება.

სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან, ძირითადად, ლიბერალური იდეოლოგიების მატარებელი ფენაა, რომელიც წართმეული საზოგადოებრივი სივრცეებისათვის მმართველ ძალაუფლებას უპირისპირდება.

სწორედ ეს ბრძოლა გამძაფრდა უახლეს პერიოდში. თუ სახელმწიფო მხარდაჭერით კერძო კომპანიებმა საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილები ტოტალურად მიისაკუთრეს, მოქალაქეებმა თანდათანობით, სულ უფრო მწვავედ დაიწყეს კრიტიკული აზრის გამოთქმა. სადისკუსიო ადგილები უკვე ქუჩებსა და სკვერებშიც ჩნდება. გვაქვს საზოგადოებრივი სივრცეების პოლიტიკურ პლატფორმად გადაქცევის შემთხვევებიც, თუმცა ამ პროცესს საზოგადოებრივი სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – „ხალხის ჩართულობა“ ხშირად აკლია – ვგულისხმობ პროცესს, რაც 13 ივნისს ბუნებრივად, ბუნების პროვოცირებით მოხდა.

არის თუ არა საზოგადოებრივი სივრცე სახალხო სივრცის სინონიმი?

2013 წლის 17 მაისს მართლმადიდებლურ ეკლესიებში ქადაგების შედეგად და ე.წ. ტრადიციული ღირებულებების ქომაგთა ხელშეწყობით, თბილისის ქუჩებში „ხალხი“ ჰომოფობიის დღის ზეიმის მასობრივ რბევას შეუდგა. მომდევნო დღეებში „დედაენის ბაღში“ „სამოქალაქო საზოგადოების“ ნაწილმა ეს ინციდენტი გააპროტესტა და დემონსტრაცია მოაწყო. ბაღს ადამიანების 3 ფერის რგოლი შემოევლო:

რგოლი პირველი – მუქი ფერების მოყვარული ხალხი ჰომოფობიური განწყობებით;

რგოლი მეორე – ლურჯფორმიანი პოლიციელები;

რგოლი მესამე – ბაღში მოსეირნე ფერადი ხალხი ცისარტყელას დროშებით.

სამივე ფერმა საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგიით დატვირთა ბაღი. „დედაენის ბაღი“ პოლიტიკური დაპირისპირების არენა გახდა, სადაც ხალხმა მმართველობას კულტურულ ერთფეროვნებასა თუ მრავალფეროვნებას შორის არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.

საბედნიეროდ, საზოგადოებრივი სივრცეები ყოველთვის ფერებად არ იყოფა. საქართველოში არსებული სულ რამდენიმე საზოგადოებრივი სივრცე რომ ჩამოვთვალოთ, მათი მრავალფეროვნება და მხატვრულობა, სახალხოსა და საზოგადოებრივს შორის დაპირისპირებას გამორიცხავს.

მაგალითად:

მშრალი ხიდი თბილისში – ძველმანების სავაჭრო სივრცე, ისტორიული და მხატვრული ექსპოზიციით და გარემოსთან ბუნებრივი შერწყმით, ნამდვილი სახალხო გამოფენაა.

ქალაქური ეზო – კომუნალური საცხოვრებლების შიდა დახურული ეზოები საქართველოს ქალაქებში, სადაც ჯვარედინ თოკებზე გამოფენილი ფერადი სარეცხის ფონზე კრიტიკული დისკუსიები იმართება;

კლუბები საზოგადოებრივ ბაღებში: საჭადრაკო კლუბი, ერთობა და გართობა ე.წ. ბუკიას ბაღში;

მომრავლებული ახალგაზრდული ბაზრობები – ხელოვნების ნიმუშებით, მუსიკითა თუ ხელნაკეთობებით.

ხოლო როცა საზოგადოებრივ სივრცეებში სახელოვნებო და შემოქმედებითი ინიციატივებიც ჩნდება, აშკარად ჩნდება კრიტიკული დისკურსიც, იღვიძებს სამოქალაქო ცნობიერება. გავიხსენოთ მხატვრული აქციები: „გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები“ ანდა „დავიკავოთ ვაკის პარკი“.

წელს, მაისში თბილისში ქალაქური ჩანახატების ფესტივალი გაიმართა. ქალაქური ჩანახატები იგივე „ურბან სკეჩინგი“ ხელოვნებით საზოგადოებრივი სივრცის შექმნის მცდელობაა, გარემოს დანახვის, გააზრებისა და გაზიარების პროცესია.

ერთ-ერთი ქართველი „ურბან სკეჩერი“ ამ პროცესს ასე ახასიათებს:

– გარე სივრცე, ქუჩა, მოედანი, პარკი, ის, რაც სახლს გარეთაა, უცხოა. მასში დროებით ხარ და ხარ გარკვეული მიზნით. თავს უხერხულად გრძნობ, ჩაცმულობის და ქცევის გარკვეულ წესებს იცავ. როდესაც ვხატავთ ქალაქის რომელიმე ადგილს, ჩახატვას დრო სჭირდება, ამ ადგილს უშინაურდები, ეჩვევი და გარე სივრცე კი არა, შენი სივრცე ხდება, თითქოს შენი სახლის ინტერიერი იყოს.

ჩართული და შემოქმედებითი პროცესი გარე სივრცისადმი საზოგადოების დაინტერესებას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ზრდის. ქალაქური ქუჩა ან სკვერი აღარ რჩება მოქალაქის პასიურ სივრცედ, რომელიც „ვიღაცამ“ დაგეგმა და შინაარსით დატვირთა, არამედ ნებისმიერი ადამიანის ზიარი ადგილი ხდება და თავისი ინდივიდუალური შინაარსი უჩნდება.

„ურბან სკეჩინგის“ ფესტივალი თბილისში შტუტგარტელი „ურბან სკეჩერების“ ჯგუფის „STUSK“-ის მონაწილეობით ჩატარდა. 6 გერმანელმა და 6 ქართველმა „სკეჩერმა“ იმოგზაურა ბოლნისში, კაზრეთსა და თბილისში და ჩანახატების სერიები შექმნა.

თუმცა მათ პრეზენტაციაზე, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, ბევრი ადამიანი არ მივიდა. არადა, ბოლნისი თავის დროზე სწორედ შვაბმა გერმანელებმა გააშენეს, ხოლო შტუტგარტი შვაბიის დედაქალაქია.

მივიდოდა თუ არა მეტი ადამიანი ამ ღონისძიებაზე, ყველაფერი გამგეობის ორგანიზებით რომ ჩატარებულიყო? ჩემი აზრით, კი. მოსახლეობა რეგიონებში საკუთარ მიწასა და „მმართველობაზეა“ დამოკიდებული, გამგეობები კი მათთვის კვლავ საკმაოდ ავტორიტეტულია. შესაბამისად, ამ ინსტიტუტებს დღემდე შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს საზოგადოებრივი სივრცის გააზრებასა და ჩართვაში. თუმცა, ამის ნაცვლად, მმართველი ხელისუფლება კულტურულ საქმიანობას ხალხის „გართობის“ ფორმად უფრო აღიქვამს.

საზოგადოება მხოლოდ „ხმის მიმცემთა-ამომრჩეველთა ჯგუფად“ განიხილება და არა – პოლიტიკის დამკვეთად.

კულტურა კი თავისი დემოკრატიული ხასიათით ძალაუფლებების დაბალანსების, სხვადასხვა ფენებსა და ფერებს შორის ურთიერთობის, ადამიანის გარემოსთან კომუნიკაციის საშუალებაა.

სწორედ ამ ურთიერთქმედებისა და კომუნიკაციის მაგალითი იყო ჩემთვის „ქალაქური ჩანახატები“. იმან, თუ როგორ მუშაობდნენ მხატვრები სხვადასხვა ურბანულ ადგილებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი სივრცე ადამიანთა შემოქმედებითი ენერგიით იქმნება, და თავად ხდება ხელოვნება, თუ მისი ავტორი საზოგადოებაა.