ჩუკა კუპრავასა და ლია ბაგრატიონის საუბარი

ჩუკა: ლია, ჩვენ გამოყენებითი ხელოვნების დარგის, ხელოვნების ე.წ. მარგინალური შტოს წარმომადგენლები ვართ, ძიებითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ვიმკვიდრებთ თავს არტსივრცეში. აი, შენ თანამედროვე ხელოვანი ხარ, გაქვს თუ არა გაუცხოება სახელთან – კერამიკოსი?

ლია: საერთოდ არა, კერამიკოსი ვარ აუცილებლად, იმიტომ, რომ ყველა იმ უნარს ვფლობ, რაც კერამიკოსს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მარტო კერამიკოსიც არ ვარ, რადგან სხვანაირადაც შემიძლია გავიაზრო ეს მასალა და ვიმუშაო სხვა მედიუმებშიც.

ჩუკა: მე კი ჩემი პროფესიის სახელთან დღემდე ჭიდილი მაქვს. ჯიუტად ვამტკიცებ, რომ არ ვარ „მხოლოდ“ ტექსტილის მხატვარი, რაც ხშირად სხვებისთვის და არც მხოლოდ არაპროფესიონალებისთვის ასე აღიქმება: აა, გობელენებს ქსოვ ან ბატიკას აკეთებ?! ჩემთვის ეს გაცილებით ღრმა სფეროა, სხვა ასპარეზი.

ლია: ჩუკა, მოდი შევთანხმდეთ: პროფესიასთან და ასაკთან ჭიდილს შევეშვათ. ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორც გამოვიყურებით და ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. შენ თქვი, ხელოვნების მარგინალური შტოს წარმომადგენლები ვართო. არ დაგეთანხმები. ადრე თუ ასე იყო, დღეს უკვე თიხაც და ტექსტილიც, როგორც მედიუმები, თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე გამორჩეულ ადგილს ფლობს. აღარც ერთი სახელოვნებო ბიენალე თუ არტბაზრობა აღარ არსებობს მათ გარეშე. ასე რომ, სრულიად თავისუფლები ვართ „გამოყენებითი ხელოვნების“ სტიგმისგან.

ჩუკა: პირველად არტისტი ლია ბაგრატიონი მე „ქარვასლაში“, გამოფენა Terra-Aurum-ზე დავინახე. ტერაკოტასა და ოქროს ტვიფრებთან შერწყმული მითიური ხასიათების შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს. შენთვის გამოფენა „ტერა აურუმი“ განსაკუთრებული რითი იყო?

ლია: ზუსტად ეს იყო, ჩუკა, ჩემი პირველი კონცეპტუალური ნამუშევარიც და პირველი გამოფენა საქართველოში, ამიტომ მეც გამორჩეულად მახსოვს. „Terra-Aurum“, Terra – როგორც მიწა და Aurum, როგორც ოქრო. მთელი იდეა თიხის და ქაღალდის ანალოგიაზე ავაგე. თიხა, ისევე როგორც ქაღალდი, იაფი მასალაა. იმისათვის, რომ ის ფულის ერთეულად იქცეს, უნდა დაიტვირთოს ძვირფასი მეტალით. ამ იდეის საფუძველზე მე მაშინ ტერაკოტა და ოქრო შევაჯვარე.

თუმცა, მერე მქონდა გეზის შეცვლის ეტაპიც, როცა მივხვდი, რომ ამოვწურე არქაული ფორმებითა და მითოლოგიური სიუჟეტებით თამაშის სურვილი.

ნელ-ნელა პატარა ქანდაკებებისადმი ინტერესი საერთოდ დამეკარგა. ჩემში აღმოვაჩინე თვისება, რომ თემას რომ ამოვწურავ, სრულიად უინტერესო ხდება ჩემთვის. ამას დაემთხვა ის ორი წელიწადი, როცა დანიაში არტრეზიდენციაში წავედი და ახალი სერია დავიწყე, სახელწოდებით „გამქრალ ქალაქთა ანარეკლები“. გამიტაცა მასალების შესაძლებლობების არტისტულმა კვლევამ. მასალის დამუშავების აბსოლუტური სრულყოფის მიღწევა აღარ მადარდებდა, მივხვდი, რომ ახლა თავისუფლება მჭირდება.

ჩუკა: როგორ აქრობდი ქალაქებს, რა მოგეწონა ამ პროცესში?

ლია: „გამქრალ ქალაქთა ანარეკლები“ ობიექტების სერიაა, რომელთა მსგავსიც, დანიამდე ბევრად უფრო ადრე, საკუთარ ქალაქში მქონდა ნანახიც და განცდილიც. გარდა ამისა, მსოფლიოს ნიუსები გადმოსცემდნენ ბუნებრივსა თუ ადამიანთა მიერ მოწყობილ კატასტროფებს. ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა ამ ამბის ჩემებურად მოყოლა და ასე მივაგენი „დანგრეული ქალაქების“ მხატვრულ სახეს. ამ სერიაში თიხის ტექსტურა განსაზღვრავს ობიექტების კონცეფციას. შენობები თიხის კონსტრუქციებითაა წარმოდგენილი. ისინია არქიტექტურული ნანგრევების რეპლიკები. კერამიკა, მასზე ძალადობის შემთხვევაში, ზუსტად ისე იმტვრევა, როგორც სახლი ინგრევა კატასტროფისას. მისი ეს თვისება გამოვიყენე არსობრივად, როგორც იარაღი ნამუშევრის გასათავისუფლებლად.

ჩუკა: როდიდან გახსოვს, რომ მხატვარი ხარ? განცდებსა და საკუთარი თავის აღქმაზე ეს კითხვა აბრეშუმის მუზეუმში ჟაკარდულ დაზგაზე მოსაქსოვმა შენმა ესკიზმა გამიჩინა. ერთი საინტერესო ამბავი ახლდა თან შენს ესკიზს.

ლია: ადრეულ ბავშვობაში, როცა სახლში უფროსებს წერის დროს ვუყურებდი, მაინტერესებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდნენ. მხოლოდ მათი ხელების მოძრაობას აღვიქვამდი და ვხვდებოდი, რომ ფანქრით ფურცელზე რაღაც კვალს ტოვებდნენ. მათი მიბაძვით მეც დავიწყე იმავეს კეთება. ასე მივიღე მოხვეული გრაფიკული სიმბოლო და მას განუწყვეტლივ ვიმეორებდი. ეს სიმბოლო დღეს ჩემს წარმოსახვაში წინარე გრაფემაა. ცოტა ხნის წინ, როდესაც მამიდაჩემთან ამაზე ვლაპარაკობდი, მითხრა, ეს ხვეულები ნამდვილი მანტრააო. ვნანობ, უკვე დიდობაში, „მანტრით“ გავსებული რვეულები ძველ ნივთებს შორის რომ შემხვდა, გადავყარე.

ჩუკა: კარგი, რვეულები გადაყარე, წიგნები ხომ არ მიგიყოლებია? ფეისბუკზეც ხშირად გამოდებ ხოლმე უცხო სიტყვას და თარგმანს ითხოვ, ან შენთვის საინტერესო რამე ლექსს. მაგ დროს ფიქრი გამიელვებს ხოლმე, ნეტა რას უკირკიტებს ლია, რას კითხულობს?

ლია: ხომ იცი, რომ პოეზია ძალიან მიყვარს? მარტო კი არ ვკითხულობ, ვუსმენ კიდეც იმ ენებზე, რომლებიც არ ვიცი. ხშირად ვიმეორებ ერთი კინოფილმიდან ჩემთვის ნიშანდობლივ აზრს – ბენ კინგსლის პერსონაჟი ამბობს, რომ ჰაუსმანი ამბობსო: მე არ ვიცი, რა არის პოეზია, მაგრამ როცა ვისმენ, ყოველთვის ვცნობ. ზუსტად ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ახალი ჰობი მაქვს, ჩემთვის უცხო ენაზე შეთხზულ პოეზიას, როგორც მელოდიას, ისე ვუსმენ. ხანდახან, მაშინაც კი, როცა ენა არ იცი, ლექსის მელოდიურობა მიგახვედრებს, კარგია თუ არა ლექსი. აი, ეს ლექსი ულამაზესია – „Der Fischer“ – იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ასევე „Cancion del Jinete“ – ფედერიკო გარსია ლორკა – თვითონ ლორკა კითხულობს ერთ ჩანაწერში. 

ჩუკა: და დადა პოეზიაც იქვეა, არა? დადა პოეზიის შესახებ პერფორმანსი, რომელიც უტა ბექაიასთან ერთად დადგი, მერე გარიყულაშიც გააკეთეთ, არა? მახსოვს, მაშინ შენზე ვფიქრობდი, ნეტა კიდევ რა იხულიგნა ამ გოგომ? შენს კოლაბორაციულ პროექტებზე მომიყევი, რითი იწყება ეს თავგადასავლები?

ლია: როდესაც უტასთან ერთად პერფორმანსს ვდგამ, მას ჰქვია „უტა ბექაიას და ლია ბაგრატიონის პერფორმანსი“. სათაურში გამოტანილი ჩვენი თანაბარუფლებიანობის მიუხედავად, იქ ჩემი როლი მეორეა ყოველთვის. მოდი, ასე ვთქვათ: უტა რომ არ იყოს, მაგ პერფორმანსს არ გავაკეთებდი, უტა კი ჩემ გარეშეც გააკეთებდა. პოეზიის ჩემმა სიყვარულმა იჩინა აქაც თავი და ამ პერფორმანსისთვის ნიკოლოზ ჩაჩავას 1924 წელს დაწერილი ფუტურისტული ლექსი ვიპოვე – „შანდი და შროშანა“. მოკლეა და გეტყვი:

„შარდალს შორდება ძილი
ძილდინა გაგულისდა.
დღისური ქანდაძილი
მთვარეზე გასულისდა.
გოგონა მოგონა ხანძარი
სოფელი მოფოლა. მოშარა.
თანსურდა სურდული-ხვანჯარი
თანშურდა შანდი და შროშანა".

ეს ლექსი იყო სწორედ, სცენაზეც და დარბაზშიც რომ ანათებდა, მოძრავი სტრიქონის სახით.

ჩუკა: ჩემთვის ვაფიქსირებ ხოლმე, რომ ჩვენი გადაკვეთის ადგილი თანამედროვე ხელოვნებაა, მივალ ნებისმიერ ასეთ გამოფენაზე და იქ ხარ, სულ ვხვდებით ერთმანეთსაც და ჩვეულ საზოგადოებასაც – ძველ და ახალ ხალხს. ორივემ ვიცით, რომ აქ უნდა ვიყოთ, აქ მოგვწონს ყოფნა.

ლია: დიახ, ნამდვილად.

ჩემს ინტერესს მხოლოდ თანამედროვე ხელოვნება აღვიძებს. მომწონს და მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ხდება დღეს იმიტომ, რომ ამ დღემ შეიძლება ხვალისკენ წამიყვანოს. წარსულისა და დიდი ხელოვნების პატივისცემა მაქვს, მაგრამ ის უკვე იყო, იქ ახალი აღარაფერი მოხდება.

საოცარი მუხტი იყო შარშან ზაფხულში თანამედროვე მუსიკის ფესტივალ SOU-ზე, ბევრ კონცერტზე ვიყავი და შენც შეგხვდი ერთ-ერთზე, ოპერის თეატრში.

ჩუკა: ასე იყო, მაგრამ შეხვედრიდან შეხვედრამდე ერთმანეთს სოციალურ მედიაში ვუყურებთ, აი, შენს ავატარებს ვაკვირდები და ვერ გამირკვევია: რა არის ეს? თვითგამოხატვის კიდევ ერთი საშუალება? ერთ ავატარზე სახე გაქვს ცელოფანში, მაგალითად, მეორეზე ხარ ულვაშებით, მახსოვს შენი ის პორტრეტიც, ლია შველიძემ რომ დახატა; და ახლა ლიას სახეების ასე სწრაფ ცვლილებას ეკრანზე ახალი პროექტიც დაემატა: დღეების ათვლა დაიწყე ონლაინ, ხო? მგონი, დეტექტიურ კვლევას ვატარებ შენზე.

ლია: ხშირად ვცვლი პროფილის სურათს, ვიცი, რომ სხვებიც ამჩნევენ და ამას თვითონაც ვაცნობიერებ. ხასიათის შესაბამისად, ხან რას ამოვაძრობ, ხან რას. ადრე თმის ფერს ვიცვლიდი ასე და ნამდვილად კარგია თმისთვის, რომ ეს პრაქტიკა ავატარებით ჩავანაცვლე. ვერ ვეგუები დიდხანს ერთსა და იმავეს. დღეების ათვლა დავიწყე 2018 წლის 20 იანვრის დილის 10:36-დან, რომელიც იყო შაბათი დღე.

ესაა თანამედროვე არტპროდუქცია, სათაურით „ახლა“, რომლის მოტოა – „მუდმივი ქმნადობა დასასრულის გარეშე“, არის ალუზია ონ კავარას სერიაზე „დღეს“. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, მობილურის ეკრანს „ვასქრინშოთებ“ და ასე ვაფიქსირებ წამლის დალევის დროს, რომელიც, ვიდრე ცოცხალი ვარ, რუტინულად უნდა მივიღო საუზმემდე ერთი საათით ადრე. ესაა ინფორმაცია, რომელსაც ვაგზავნი ყოველ დილით ციფრული პროდუქტის სახით ინსტაგრამის ციფრულ გამოფენაზე. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნიშანია და ყოველი ნიშანი ინფორმაციის მატარებელია.

ჩემი დილის „სქრინშოთიც“ ნიშანია. ლოგიკის თანახმად, ეს პროექტი ავტორის სიკვდილის შემთხვევაში უნდა დასრულდეს და ესეც ერთგვარი ნიშანი იქნება.

ჩუკა: დრამატულად ჟღერს, ყოველ დილას შეგამოწმებ. სამწუხაროდ, ყველა შენი გამოფენის გახსნას არ დავსწრებივარ, მაგრამ ნანახიც საკმარისად მაქვს და ვასკვნი: ჩაცმაც შენს არტისტულ ბუნებაში მნიშვნელოვანი ჩანართია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლი.

ლია: თუ ეს შენიშნე, სწორად შენიშნე. საინტერესო ტანსაცმლის შეძენა თითქმის მთელი ჩემი ცხოვრების ჰობია. ამიტომაც მაქვს იმის საშუალება, რომ ადგილის და მოვლენის შესაბამისად საინტერესო ჩაცმულობა ავაწყო ხოლმე. ამ დროს ჩემში „ფეშენისტკა“ იღვიძებს. ყოველდღიურად რას ჩავიცვამ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იშვიათად, მაგრამ კურტნის მუშასავითაც დავდივარ ხოლმე, როდესაც ამის პროფესიული საჭიროებაა.

ჩუკა: მახსენდება გრძელი, შავი კაბაც, რომელიც აბრეშუმის მუზეუმში დადგმული პერფორმანსის გადასაღებად დაგჭირდა. არტისტების და კურატორების ინტერვენციამ აბრეშუმის მუზეუმში ბევრი საინტერესო თანამშრომლობა წარმოქმნა, შენ კი საერთოდ ახალი მედიაც გამოიყენე, ფილმიც, პოეზიაც და მუსიკაც. არ დამავიწყდება, როგორ ისმოდა მაჟორული მარში მთელ შენობაში.

ლია: „მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!“ – ეს იყო პირველი, რაც თავში მომივიდა, როცა გავიგე, რომ აბრეშუმის მუზეუმში უნდა მემუშავა.

გამოფენაზე ორი ვიდეო ვაჩვენე. ერთი უსათაურო ფილმი ახლო კადრით მხოლოდ ხელებით თიხაში მუშაობას აჩვენებდა. მეორე ვიდეოს „მეტამორფოზა“ ჰქვია, ტატო კოტეტიშვილმა გადაიღო და თამუნა ქარუმიძემ დაამონტაჟა. მე კი, როგორც პერფორმერს, ტალახში მიწევს უმძიმესი შრომა და ამიტომაც ჩემი კაბა, რომელიც გოლა დამიანმა ამ ვიდეოსთვის შემიკერა, დიდ დატვირთვას ატარებს. ჩემი მხატვრული სახე, დიდი შრომის მერე, გადაიქცა ჭუპრად და მის სიბნელეშიც კი, უკვე დაწყებულია დღესასწაული. მუსიკალური მარში დანამდვილებით ამ დღესასწაულის, პეპლად გადაქცევის და გაფრენის ოდაა.

ჩუკა: კიდევ ერთი პროექტი მახსოვს გამორჩეულად: „შეშლილი ჩაის სმა“.

ლია: ამ აბსურდის ვიზუალის ლოგიკა ასეთი იყო: მაგიდაზე ვხედავთ წყლის ზემოქმედებით გამოუწვავი თიხის ჭურჭლის გარდასახვას სხვადასხვა მოცულობისა და ფორმის ობიექტებად, ანუ ჩაის ჭურჭელი იმტვრევა, ფორმას იცვლის – სახეზეა ჭურჭლის დეკონსტრუქცია. დეკონსტრუქციის შედეგად მათ დაკარგეს ფუნქცია, შეიცვალეს არსი და გახდნენ არტეფაქტები. და სწორედ ასეთივე ლოგიკა დევს ფუნქციური საგნების ხელოვნების ობიექტებად გადაქცევაშიც.

არტარეაში იყო ეს გამოფენა და ერქვა „ზუსტად“, რაც წმინდა წყლის ირონია იყო, რადგან ზუსტად იქ არაფერი ყოფილა. არც ეს ინსტალაცია – „შეშლილი ჩაის სმა“, რომელსაც ჩემი აბსურდული ტექსტი ერთვოდა, შედგენილი უაზრობათა მწყობრი რიგით, რომლის მიხედვითაც ვერ გაიგებდი, იქ ნამდვილად მიმდინარეობს ჩაის სმა თუ არა. ტექსტის სინტაქსი და ჩაის სმის რეალობა არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მოკლედ.

ჩუკა: ამიტომაც, როცა ერთ-ერთი ადრეული ქოთანი გაგიტყდა, თავი ასე დავიმშვიდე, რად გინდა, ლია, მთელი ქოთანი, შენ ხომ შეშლილი ჩაის სმა გიყვარს და ნამუშევრებს ისედაც ხშირად აქცევ ნამსხვრევებად.

ლია: ჰო, მართალია, პირველი და მეორე ხარისხის უბედურებებს, საბედნიეროდ, ერთმანეთისგან ვარჩევ. რაც ეხება „შეშლილ ჩაის სმას“, ეს თემა ჩემთვის ჯერაც აქტუალურია, ხანგამოშვებით ვუბრუნდები ხოლმე მასზე ფიქრს.

ჩუკა: ერთ კითხვაზე ვფიქრობ ხშირად გალერისტებთან, კურატორებსა და არტკრიტიკოსებთან დაკავშირებით. როცა ინტერვენციის პროექტს ვამზადებდით, მოწვეულ მხატვრებს მუზეუმში შემოჭრამდე საგანგებოდ შევურჩიეთ კურატორები. ბევრი საეტაპო ნამუშევარი შეიქმნა, მაგრამ რაღაც აკლია ამ სურათს – არ განხილულა, არ დაწერილა მათზე, არ შეუნახავთ ისტორიისთვის. უხერხულია, თვითონ აკეთო და თვითონვე შეაფასო საკუთარი ნამუშევრები, რას იტყვი?

ლია: თანამედროვე ხელოვნებას, როგორც ასეთს, არ შეიძლება ჰქონდეს თავისი შეფასების კრიტერიუმები. ის განისაზღვრება იმ ადამიანების პირადი პოზიციების, შეხედულებებისა თუ გემოვნების მეშვეობით, ვინც ამ პროცესის ჩამოყალიბებაშია ჩართული. მათი შეხედულებები, ცხადია, მიკერძოებულია და ყოველი მათგანი ცდილობს თავისი პოზიციის დაცვას. ეს არის მისი ერთ-ერთი მახასიათებელიც. ჩვენთან, სამწუხაროდ, „ხელოვნების მტკიცების ტვირთი“ მხოლოდ არტისტებზე მოდის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელიც საერთო მდგომარეობას ვერ ცვლის.