თებერვლის პირველ კვირას თბილისში, 22 წლის ბიანკა შიგუროვა საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს. არის ერთი რამ, რაც ამ ამბავს განსაკუთრებულ სიმძიმეს მატებს – ბიანკა საკუთარი სოფლიდან გარიყული ტრანსგენდერი ქალი იყო. ის არამხოლოდ ერთხელ მოკვდა, როდესაც ერთი ბეწო ოთახში მცხოვრებ მის სხეულს მომწამლავი აირი დაეუფლა.

მისი ხანმოკლე სიცოცხლე ყოველდღიური სიკვდილების სერიის ერთობლიობა იყო, რადგან არაფერია იმაზე მომაკვდინებელი, ვიდრე ადამიანად არმიჩნევა.

ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა ასეთი ძალადობრივი ისტორიებით, რომ ხანდახან რეაქციაც კი აღარ გვაქვს, როგორც რეზისტენტულობადაკარგულ უუნარო ბაქტერიებს.

რატომ მგონია, რომ ტრაგედიები აღარ გვძრავს? თუკი ტრაგედიის არსი იმაშია, რომ მას განწმენდა უნდა მოჰყვეს, რატომ ხდება, რომ ყოველი მორიგი ადამიანად არმიჩნეული და სიცოცხლეშივე მოკლული არსების ფიზიკური სიკვდილი, კათარზისის ნაცვლად, სიძულვილის დამანგრეველი ტალღის აგორებას იწვევს? თან, ყველაზე სასტიკი ფორმით – სიცილით.

მახსოვს, როგორ ჩავვარდი შოკში, როდესაც შარშან ტრანსგენდერი საბი ბერიანი მოკლეს და შემდეგ – დაწვეს.

მეორე დღეს კი, ამ ამბით გახარებული ხალხის კომენტარების კითხვისას, იმასღა ვფიქრობდი, იქ, სადაც ადამიანის სიკვდილი უხარიათ, რაღა უნდა მოხდეს, რომ გამიკვირდეს და შემძრას? რამ შეიძლება ტრაგედიაზე გვატიროს და კათარზისის აჩრდილი მაინც გამოკვეთოს საზოგადოებაში, სადაც სიცოცხლეშივე ადამიანად არმიჩნეულს, ჯერ საბის, ახლა უკვე ბიანკას, სიკვდილს ულოცავენ?