რუსკა, 43 წლის, ვაშინგტონი

დღესაც ყველაზე ხშირად ვყვები 80-90-იანების ამბებს. ახალსაც და ძველ ნაცნობებსაც სულ ვუყვები, რომ ჩვენთან მაშინ არ იყო წყალი, არ იყო გაზი და დენი, რომ არ მქონდა ავტობუსის ფული, რომ ინსტიტუტში წავსულიყავი. რომ ბიჭები ერთმანეთს ქუჩაში ესროდნენ და კვდებოდნენ, კვდებოდნენ, სულ კვდებოდნენ.

ვყვები, რომ არანაირი კანონი და წესი აღარ არსებობდა და ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. დედაჩემი და მე რომ ვიჯექით და პურის ფული არ გვქონდა, საერთოდ არაფერი არ გვქონდა. რომ ვფიქრობდით, რა გვექნა ხვალ, უცბად დედაჩემს ვუთხარი, სნიკერსი ისე მინდა-მეთქი. სნიკერსი ისეთი ფუფუნება იყო მაშინ. რაღაც წამებში, უცბად მეზობელი შემოვიდა და სნიკერსი შემომიტანა. მახსოვს ეს ამბავი, როგორც რაღაც მაგიური მომენტი. ვყვები მეორე ამბავს, ჩემს მეგობარს რომ დავეხმარე რაღაცის თარგმნაში, უბრალოდ დავეხმარე. გავიდა თვეები, მე და დედაჩემი ისევ ვზივართ და ვფიქრობთ, რა გავყიდოთ, რომ საჭმელი ვჭამოთ და უცბად მოდის ჩემი მეგობარი და მოაქვს 20 ლარი. რომ დამეხმარე, ის პროექტი დამთავრდა და ფული მოგვცესო. მაშინაც რაღაც საოცრება მოხდა, რომელმაც რამდენიმე დღე შიმშილს გადაგვარჩინა.

ეს უსუსურობის გრძნობა იყო ყველაზე მტკივნეული – დედაჩემის და მამაჩემის უსუსურობა, ისეთი დამთრგუნველი, რომ მარტო გაქცევა შემეძლო. აღარასდროს რომ აღარ მენახა ეს სცენები. თან მინდოდა, მათაც დავხმარებოდი, ცოტა ბიძგი მიმეცა, იმედი გასჩენოდათ ცხოვრების. ახლაც ვიხრჩობი, რომ მახსენდება.

მაშინ დავშორდი შეყვარებულსაც. ოცდაორის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. ოპერების პროგრამით – ვცხოვრობდი ოჯახში, ვუვლიდი ბავშვს და სანაცვლოდ ისინი მიხდიდნენ სწავლის საფასურს. ხუთი გოგო წამოვედით ერთად, არც ერთი არ დაბრუნებულა. ექვს თვეში ბავშვის დედამ მითხრა, დასასვენებლად მივდივართ კალიფორნიაში და ჩვენთან ერთად წამოდიო. სამუშაოდ კი არ წაგიყვანთ, წამოდი და დაისვენე, ისე გაატარე ეს დრო, როგორც გინდაო. ზუსტად მახსოვს, რა დღე იყო, რიცხვი, თვე. ისეთი უსაზღვრო იყო ეს თავისუფლების შეგრძნება. აი, მაშინ გადავწყვიტე დარჩენა.

მეგობრები მაშაყირებენ, ყველაფერში გიმართლებსო და მართლა იღბლიანი ვარ, რაც ამ ქვეყანაში ჩამოვედი. ერთი წლის მერე ისევ ბავშვის ძიძად ვიშოვნე სამსახური, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. ერთი კვირის მერე, შემომთავაზა ბავშვის დედამ, მწვანე ბარათის აღებაში დაგეხმარებიო. რესტორანი ჰქონდა იტალიური, სპეციალურად ჩემთვის გამოაცხადა ვაკანსია, აღმოსავლეთ ევროპის სამზარეულოს სპეციალისტზე. უბრალოდ, მზარეულის ვაკანსიაზე ამერიკელებს კონკურენციას ვერ გავუწევდი, სამსახურში აყვანისას ყოველთვის ადგილობრივს ენიჭება უპირატესობა. ასე გამაფორმა თავის რესტორანში დამხმარე მზარეულად, სინამდვილეში კი, მის გოგოს ვუვლიდი. კვირაში ერთხელ მაინც მივდიოდი ხოლმე რესტორანში, საემიგრაციო სამსახურიდან რომ მოსულიყვნენ შემოწმებაზე, თანამშრომლებს მაინც უნდა სცოდნოდათ, ვინ ვიყავი. ხუთი წლის თავზე მწვანე ბარათი ავიღე.

ამ ქვეყანაში ჩემი დედა შენ ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი. სტიქიასავით ქალი იყო, ერთ ღამეში შეეძლო მთელი ბინის კედლები გადაეღება. ახლა რამხელაც ვარ, იმ ასაკში, ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. ორი პატარა შვილი ჰყავდა, რესტორანს მართავდა, ბოლოს უკვე ლოგინიდან ვერ დგებოდა, მაგრამ მაინც მირეკავდა ხოლმე, რამე ხომ არ გჭირდება, ფული ნამდვილად გაქვსო, მეკითხებოდა. მაშინ უკვე „ამერიკის ხმაში“ ვმუშაობდი. ქართველებთანაც ვმეგობრობდი, უმეტესობა ეკლესიაში გავიცანი, ალბათ ორი თვის თავზე ჩასვლიდან. მათ გარეშე არ ვიცი, როგორ ვიქნებოდი. სამსახური, ბინა მაპოვნინეს, რამდენჯერ შემიფარეს. ახალი ჩამოსული ვიყავი, სამსახური ჯერ არ მქონდა და ყოველდღე მაკითხავდა ერთ-ერთი სახლში, მივყავდი და მოვყავდი. მათ გარეშე ამ გზას ვერ გავივლიდი.

ახლა ვარ კომპიუტერული პროგრამების სფეროში, რაც სულ მინდოდა. მეთერთმეტე წელია, ვმუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც მთავრობის გრანტების სისტემას უწევს ზედამხედველობას. საჩემო საქმეა, არასდროს არის ერთი და იგივე, სულ რაღაც ხდება. სამსახურში შევხვდი ჩემს ქმარსაც – ის პროგრამისტი იყო, მე მისი პროგრამის ტესტერი.

საქართველოში ვცდილობ ჩავიდე ყოველ წელს, მაგრამ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. 21 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი შვილი აქ გაჩნდა, ჩემი ქმარი ჩინელია, ასე ვერ ავყრი ოჯახს და ვერ წავიყვან.

დედაჩემს ყოველდღე ველაპარაკები, რაც მაკლია, ყველაფერი ნათესავებთანაა დაკავშირებული. რომ ჩავდივარ, ისე მიყვარს, რომ მოდიან ჩემი ბიძაშვილები, ვგიჟდები, ისე მიხარია. როცა ბედნიერი დროს გახსენება მინდა, ავტომატურად მივდივარ სვანეთში, ბებიასთან და ბაბუასთან. აი, ის დრო მენატრება. თორემ მერე, „კომუნალური ცხოვრების რომანტიკამ“ მე ამ ქვეყანაში ჩამომიყვანა.