საბჭოთა კავშირში სოციალისტური შრომის გმირის წოდება 1938 წელს შემოიღეს. საპატიო წოდება ენიჭებოდათ მათ, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, კულტურისა თუ მეცნიერების განვითარებაში და, როგორც 1938 წლის დადგენილებაში წერია, „საბჭოთა კავშირის ძალაუფლებისა და დიდების განმტკიცებაში“.

ბოლო მონაცემებით, სსრკ-ის უმაღლესი ჯილდოს, ლენინის ორდენისა და ოქროს მედლის („ნამგალი და ურო“) მფლობელი, ქვეყნის მასშტაბით, 20.605 ადამიანი იყო. ეს რიცხვი კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გამორჩეული ადამიანი უნდა ყოფილიყო სოციალისტური შრომის გმირი მრავალმილიონიან ქვეყანაში. დღევანდელი გადასახედიდან, შრომით საქმიანობაში განსაკუთრებული წარჩინების მქონე სოციალისტური შრომის გმირები სუპერმენებად გვევლინებიან, რომლებსაც ათასობით ცენტნერი სიმინდი მოჰყავდათ, ან ტონობით ჩაის კრეფდნენ ერთ ჰექტარზე.

საქართველოს ეროვნულ არქივში ასეთი მოქალაქეების ასობით ფოტო ინახება. მათ შორის ნახავთ თამარ ყუფუნიას სურათს, რომელსაც ამ ნომერში გთავაზობთ. მას, როგორც ორგზის სოციალისტური შრომის გმირს, სიცოცხლეშივე აუგეს ძეგლი. საერთოდ, წესი იყო ასეთი, ორგზის გმირებს საკუთარ სამშობლოში ბრინჯაოს ძეგლებს უგებდნენ. ასევე ძეგლს უდგამდნენ, თანაც მოსკოვში, მათ, ვინც სამგზის საბჭოთა გმირი გახდებოდა.

ნარკვევში, სათაურით „სასწაული, რომელსაც ჩვენ გმირობას ვუწოდებთ. თამარ ყუფუნია. ცხოვრება, გმირობა, ფიქრები“ (1981), ე. შაკცაია, გაზეთ „პრავდის“ კორესპონდენტი, სოციალისტური შრომის გმირთან შეხვედრას იხსენებს. ჟურნალისტი ასაკოვან თამარ ყუფუნიას ესაუბრება. როდესაც ისინი ჩაის პლანტაციებში გადაინაცვლებენ, მხრებში მოხრილი რესპონდენტი მოულოდნელად სხვა ადამიანი ხდება: „იქ ლარივით სწორ მუქ-მწვანე მწკრივებში მეტამორფოზა მოხდა: უეცრად ჩვენს თვალწინ სულ სხვა ქალი წარმოსდგა, საიდან გაჩნდა ეს მსუბუქი სიარული და ლამაზი, ლაღი მოძრაობები? ვუცქერდი, თუ როგორ ელავდნენ მწვანე ფოთლებში სწრაფი, მზით გარუჯული ხელები, ვუცქერდი მის სიხარულით ანთებულ სახეს, იმას, თუ როგორ მსუბუქად და კოხტად გადადიოდა იგი ბუჩქიდან ბუჩქზე და მივხვდი: სწორედ ეს არის შრომის უმაღლესი სიხარული, როცა ადამიანი თავის ადგილს პოულობს ცხოვრებაში“.

ამ ფოტოესესთვის შერჩეულ ფოტოებზე განსხვავებულ პერსონაჟებს გადააწყდებით. ზოგი საკუთარი საქმით აღფრთოვანებული და შემართებით აღსავსეა, ზოგის სახე ექსტატიურიც კი არის, და არიან ისეთებიც, რომლებიც საყოველთაო პოზიტიურ რიტორიკას თითქმის არ ერგებიან. თუმცა ამ ადამიანებს შესაძლოა აერთიანებდეს ის, რაზეც შაცკაია წერს თავის წერილში - საკუთარი თავის პოვნის თუ დამკვიდრების სურვილი საზოგადოებაში, სადაც გამორჩეულობა ხშირად სუპერმენობას მოითხოვდა. 

სოციალისტური შრომის გმირები