გზა გაგრძელდა 24 საათი. ხან მეძინა, ხან მეღვიძა. თბილისი - დუბაი - ნიუ იორკი. აღმოსავლეთის მძინარე ქალაქებს გადავუფრინეთ და დუბაიში დავჯექით. ქალაქები გავდნენ ნიშნებს, ზოგი ასოებს. დრო და დრო მეძინებოდა ხოლმე. რომ არ ჩამძინებოდა წავიკითხავდი კიდეც უდაბნოს.

დუბაიში 6 საათი ველოდებოდი ნიუ იორკისკენ მიმავალ თვითმფრინავს. ბოლოს ჩამეძინა. რომ გამეღვიძა დაიწყო რიგები. ჩასხდომის რიგით დაიწყო და დასრულდა კენედის აეროპორტში, ტაქსის რიგით. დუბაიში ზოგი ქვეყნის მოქალაქეს განსაკუთრებით ჩხრეკდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. სად არის საქართველო, მკითხა დაცვამ. ორ ზღვას შუა, კავკასიაში, ვუპასუხე და მივხვდი, რომ საქართველო გიყვარს მაშინ, როცა შორს ხარ. რაც უფრო დიდი ხანი იქნები შორს, მით უფრო შეგიყვარდება.

ნიუ იორკში თვითმფრინავი 2:30-ზე დაჯდა. თბილისის დროით შუაღამისას.

ტაქსიდან მანჰეტენს მოვკარი თვალი. ნაცრისფერ ლანდს გავდა.

მანჰეტენზე ვცხოვრობ. უნიონ სქვეარზე - ეს ქართულად როგორ უნდა დავწერო, არ ვიცი, ალბათ ესე. ძალიან დაღლილი ვარ. ჩანთები დავდე. ახალ ქალაქში მარტო ჩასვლისას, გამოუძინებელი, გადაღლილი და დრო არეული, აუცილებლად პანიკაში ვარ ხოლმე. თვალებს ვხუჭავ თუ არა, წარმოვიდგენ გლობუსს - სახლს და ახალ ადგილს შორის მანძილს, ეს მანძილი ყელზე მეხვევა და მახრჩობს ხოლმე.

ფანჯარა გავაღე. ქუჩიდან შემოსულ ხმაურთან ერთად მარტოობის საოცარი განცდა დამატყდა თავს. შიში და მარტოობა. ეს ხმა აქვს ორივეს, შიშინის, ზოგჯერ შორს პოლიციის სირენის ხმით. წამლები დავლიე და დავიძინე. მეძინა ძალიან დიდი ხანი.

დილის 8 საათზე გავიღვიძე. საერთოდ სხვანაირად.

სახლიდან ფეხი გავდგი თუ არა, პირველ ნაბიჯთან ერთად, მთელი ქალაქი სახლად და გუშინდელი ჰაერის უკმარისობა  ერთადერთ ჟანგბადის წყაროდ გადაიქცა.

ჩავედი, ყავა ვიყიდე, სიგარეტი მოვწიე. სიგარეტის მოწევა სკოლას მახსენებს - სადარბაზოებში რომ ვიმალებოდი და ისე ვეწეოდი. დიდი ხანი ვარტყავ წრეებს რომ მოსაწევი ადგილი ვიპოვო. წერის დროს არ მოწევა არის ყველაზე ძნელი.

განრიგს ჩავხედე. ერთი კვირის განრიგი მაქვს, დანარჩენი - მერე. ბალეტი, იპონური, ტაი ჩი, ბრაილის გაკვეთილი, საიენტოლოჯისტების ეკლესია, კვაკერების შეხვედრა თუ წირვა, სასამართლოს სხდომაზე დასწრება და ა.შ. - პირველი კვირის დავალებების მოკლე სიაა, გაკვეთილების ცხრილი.

ფეხით ძალიან ბევრი ვიარე. აპექსარტში ლანჩი გვქონდა, მერე ბროდვეიზე ვიხეტიალე, ვოლ სტრიტზე, 9/11 - ის მემორიალთან, მერე სოჰოში. იმის მიუხედავად რომ მუზეუმებში სიარული აკრძალული მაქვს,  ნიუ მუზეუმს რომ გადავეყარე, ვერ მოვითმინე და შევედი.

წარმოდგენა არ მაქვს რა სად არის. რუკა მკარნახობს სად ვარ, ფეხით მოვედი სახლამდე. საღამოს ვოლუნტიერების შეხვედრა იყო. რამდენჯერმე მომიწევს მოხალისეობა სხვადასხვა ადგილას. მეტროთი წავედი. სახლშიც მეტროთი დავბრუნდი.

 

ნიუ იორკი არ არის უცხო ქალაქი. თუმცა, დავწერე თუ არა ეს, დავფიქრდი. მართლა არ არის უცხო? ყველა ქუჩა, ადგილი თითქოს მეცნობა. არაფერი არ არის უცნაური ან მოულოდნელი. შეიძლება ფილმების და წიგნების ბრალია, შეიძლება არა. მგონია, რომ უკვე დიდი ხანია აქ ვარ ან სულ აქ ვიყავი.

თბილისის დროს ხშირად ვამოწმებ.

სიტყვებს ვერ ვარჩევ ნიუ იორკის აღსაწერად. არც მინდა. იმდენჯერაა აღწერილი, რომ სიტყვები აღარც დარჩა. ნიუ იორკი ათასჯერ და ათიათასჯერ დაწერილი ქალაქია.

ყველაფერი რაც ნიუ იორკის შესახებ დაწერილა - ნამდვილი თუ გამოგონილი, აქ არის, ამ ქალაქშია, შუშის შენობების ანარეკლებსა და ჩრდილებში. ყველაფერი, რაც კი დაწერილა ქალაქის ქუჩებში იკითხება.