ლიანა, 58 წლის, ნეაპოლი

1993 წლის 27 სექტემბრამდე, ჩემი პირადი ზღვა მქონდა. ეს ხდებოდა გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში. მიწიერი სამოთხე იყო ჩემი სოფელი, მქონდა ეზო, რომელიც პირდაპირ პლაჟზე გადიოდა. ვცხოვრობდით ბედნიერად და ვერც წარმოგვედგინა, რომ სხვაგან მოგვიწევდა წასვლა. ბოლო წუთამდე იქ ვიყავით. მხოლოდ ძლიერი დაბომბვების დროს მოგვიხდა ორჯერ გასვლა – ერთხელ თბილისში გავერიდეთ, ერთხელ – ხარაგაულში, დედაჩემის ნათესავებთან. მერე, ომის დამთავრებამდე, ხალხი ისევ უკან დაბრუნდა, სწავლა დაიწყო და გვეგონა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოქმედებს. აქედან ერთ თვეში დაეცა სოხუმი. ანუ ჩაგვიტყუეს, ასე გამოვიდა.

მერე მოადგა ჩვენს ნაპირს სამხედრო გემი და ხალხის ევაკუაცია დაიწყეს. ვერც დავთვლი, ჩვენს ეზოზე იმ დღეებში რამდენმა ადამიანმა გადაიარა. თავიდან მე და ჩემი და არც ვფიქრობდით წასვლაზე, მაგრამ რომ ვნახეთ, სამხედროების დიდი ნაწილიც გადიოდა 25-26 რიცხვებში, მერე უკვე ჩვენც დავიწყეთ ჩაბარგება. ორ-ორი ჩანთა მოვამზადეთ, მხოლოდ საველე ნივთები, რადგან არ ვიცოდით, სად დაგვიღამდებოდა – საწვიმარი, ბოტები და საკვები – ეს გვეწყო ჩანთაში, საყვარელ ნივთებზე, სუნამოზე და კოსმეტიკაზე არ გვიფიქრია.

ზუსტად ჩვენი სახლის წინ მომდგარ სამხედრო გემზე ავედით 27 სექტემბერს. ოღონდ, ძალიან გაჭირდა ამ გემში შეღწევა. ხალხის იმხელა ტალღა მოაწვა, რომ ჭიანჭველას ნაბიჯებით მივიწევდით წინ. ჩვენი ეზოდან ზღვამდე ალბათ იყო 50-60 მეტრი და ამ მანძილის გავლას მოვუნდით 3 საათი. ჩვენ კი არ მივდიოდით, ადამიანების ტალღას მივყავდით. ძალიან მძიმე იყო ეს პროცესი. როგორც იქნა, მოვხვდით გემზე, მაგრამ ისევ ბედის ანაბარა. მარჯვნივ ქალაქია, სადაც ჭურვები ფეთქდება და შენობები იწვის, მარცხნივ – აეროპორტი, იბომბება ორივე მხარე. იბომბება ზღვაში გემებიც და არ ვიცით, გავაღწევთ თუ არა. მაინც მივდივართ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის.

ჩამოგვიყვანა ამ გემმა ფოთში, ფოთიდან წავედით იმერეთში, ნათესავებთან. ერთი თვე ვიყავით იქ იმ იმედით, რომ უკან დავბრუნდებოდით. მერე მოვხვდით ლტოლვილთა კორპუსებში, წყალტუბოში. მერე ჩემს დას გააცნეს ახალგაზრდა კაცი და გათხოვდა კახეთში. მერე მეც ჩემს დასთან ვიყავი კახეთში, ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და მეც იქ გავთხოვდი, სოფელ საბუეში.

ჩემი ოჯახი სოფლის მეურნეობას ეწეოდა. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არანაირ შრომას არ ვთაკილობდით, არც მე და არც ჩემი მეუღლე, ერთი ბიჭი გვყავს. მერე ჩემი მეუღლე ავად გახდა, მალე დედამთილსაც ჯანმრთელობა შეერყა. მკურნალობისთვის ბანკიდან ვალის აღება დაგვჭირდა, კიდევ უფრო გაგვიჭირდა. მეურნეობაში დავიწყე მუშაობა, არ შემეძლო მძიმე ფიზიკური შრომა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა იყო და უნდა ამეტანა. იქიდან თხილის ქარხანაში გადავედი, იქაც მინიმალურ ანაზღაურებას – დღეში ხუთ ლარს გამოვიმუშავებდი უმძიმესი შრომის საფასურად. ძალიან ვიღლებოდი ფიზიკურად და მორალურადაც, რადგან შეურაცხმყოფელი იყო იქ მუშაობა – ხელოვნურად ქმნიდნენ კონკურენციას, რომ უფრო მეტი მუშაობა მოგვდომებოდა ოდნავ მეტი თანხის სანაცვლოდ. და ზოგჯერ ისე გამოდიოდა, რომ მუშაობდი და ამ მუშაობით ცდილობდი, ვიღაცისთვის წაგერთმია, ოღონდ შენ მოგმატებოდა. ეს ძალიან მთრგუნავდა.

ამ დროს უკვე ვფიქრობდი რაღაცის შეცვლაზე, მაგრამ არც განათლება მქონდა შესაბამისი – მხოლოდ ტექნიკური და ვერ ვნახე ვერაფერი. ჩვენს სოფელში იყო მხოლოდ სკოლა და სასოფლო საბჭო. მაშინ დავიწყე ფიქრი წასვლაზე.

მსმენოდა, რომ ვიღაცები იტალიაში მიდიან და კარგად არიან – არც სდევნიან, დეპორტაციას არ უკეთებენ, საშიში არ არის და შეიძლება მუშაობა. დაახლოებით ხუთი წელი ვფიქრობდი ამაზე, ვაგროვებდი სხვების ამბებს, მაგრამ ფინანსების მოძიება მიჭირდა. ბოლოს უკვე ჩემმა მეუღლემაც რომ ნახა, ძალიან გაგვიჭირდა, დამეთანხმა, ბანკიდან თანხა გამოგვეტანა. გამოვიტანეთ სესხი, ჩავდეთ მიწის ნაკვეთი და ასე მოვაგვარე ეს საკითხი.

თელავში იყო საბუთების გამკეთებელი. ადვილი მეგონა, მაგრამ დიდ არაკეთილსინდისიერებას შევეჩეხე და ძალიან დამთრგუნა. ამ თელაველმა თბილისში გადამამისამართა, ერთხელ შევედი საელჩოში, უარი მივიღე, მეორედ უკვე მომცეს ვიზა. აქ უკვე წამოიშალნენ და მირეკავენ, შენ ფული იმას კი არ უნდა მისცე, ვინც თელავიდან გამოგიშვა, მე უნდა მომცე, იმიტომ რომ მე ვაკეთებდი აქ ყველაფერსო. მერე ის მირეკავს და მეუბნება, ამას არ უპასუხო ზარზეო, ეს მირეკავს და მეუბნება, იმას არ უპასუხოო. უთხარი ტყუილი, რომ ვიზა ვერ გამოიტანეო და მეც პატარა ბავშვივით მიწევს ტყულების თქმა და არ ვიცი, როგორ გამოვძვრე ამ ლაბირინთიდან. მერე ჩავრიე ჩემი მამიდაშვილი, მამაკაცი. ის წამომყვა ბანკში ფულის გადაცემისას. ეს ვიზა ხელში მეჭირა და ვერავინ წამართმევდა იმიტომ, რომ ჩემი მამიდაშვილი მახლდა. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ აქ ჩამოვიდოდი, მეგონა, ისინი სადღაც გზაში საქმეს გამიფუჭებდნენ. სანამ ფეხი არ დავდგი ნაპოლის ქუჩებში, მანამდის არ მჯეროდა.

ტურისტული ვიზა იყო, მაგრამ დავარღვიე და ერთი კვირის მერე არალეგალი გავხდი.

იტალიისკენ წამოსასვლელი გზა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე აფხაზეთიდან გამოქცევა. აფხაზეთიდან მტერმა გამომდევნა და აქ რაც დამემართა, ქართველებმა მიქნეს. ისიც, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, ჩამოვაღწევდი თუ არა, ისიც, რომ მეშინოდა, ჩემი ოჯახი კიდევ უარეს მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. სესხად გამოტანილი ფული ისევ ჩემს ქმარს და შვილს არ დასწოლოდა ტვირთად.

1 თვეში დავიწყე მუშაობა. გაძლებინებს და სიხარულით გავსებს იმაზე ფიქრი, რომ მალე პირველი ხელფასი იქნება და უკვე გაგზავნი ფულს შენს ოჯახში ბანკის ვალის გადასახდელად. ამით ვიყავი ძალიან კმაყოფილი. ვმუშაობ, ვიღებ ჩემი შრომის საფასურს ათმაგად მეტს, ვიდრე იქ ავიღებდი და არც ღირსება მაქვს შელახული. ფეხზე აყენებ ოჯახს, შეგიძლია სხვასაც დაეხმარო, ანუ შენი თავის იმედი გაქვს. ძალიან დიდი სტიმულია ამის გააზრება. სულ ვიცი, რომ წინ უნდა ვიარო – დავდივარ ენის კურსებზე ემიგრანტებისთვის. იტალიური ენისა და კულტურის შესწავლის კურსებია და ისეთ გარემოში ვარ, სადაც ღირსეულ ადამიანად მაგრძნობინებენ თავს. ვგრძნობ, რომ ადამიანი ვარ და არა მანქანა, რომელიც ფულს გამოიმუშავებს, თანაც მინიმალურს.

რა თქმა უნდა, მეუღლე მენატრება, შვილი მენატრება, ჩემი ლოგინი მენატრება. მაგრამ ისეთ პირობებს გამოვექეცი იქიდან, რომ ამან გადაწონა. რაზეა ლაპარაკი, როცა ლუკმა-პურის საშოვნელად გიწევს დაუღალავი შრომა. ვმუშაობდი დასვენების დღეების გარეშე. ნახევარი საათი გვეძლეოდა შესვენება და დაუღეჭავ ლუკმას ვყლაპავდით და ის საჭმელიც სახლიდან მიგვქონდა. რომ მოვიდოდი სახლში დაღლილი, დავჯდებოდი და განძრევის თავი არ მქონდა, რომ დამებანა, ან მეჭამა და რამე გამეკეთებინა. ჩამეძინებოდა, ეგრევე, დამჯდარს, მერე ვიღვიძებდი შუაღამით, მერე ვიბანდი, მერე ვჭამდი, მერე ვამზადებდი ოჯახში დასატოვებელ და წასაღებ საჭმელს. მერე ვიძინებდი, ვდგებოდი ადრე და მივდიოდი სამსახურში. გამოვიმუშავებდი, უკეთეს შემთხვევაში, დღეში ხუთ ლარს. ეს ხომ არ იყო ადამიანური პირობები.

ჯერ ვერ ვფიქრობ დაბრუნებას იმიტომ, რომ ისევ არაფერი არ მესახება საქართველოში. თავისუფალ დღეებში ვმოგზაურობ, რომშიც ვიყავი ორჯერ. სწორად თუ დასახავ პრიორიტეტებს, მინიმალური დანახარჯებით ივლი. ახლახან სორენტოში ვიყავით, გზა და ჭამა დაგვიჯდა 10 ევრო. 10 ევროს დახარჯვა უნდა გიღირდეს, რომ შენც შენი სულიერი საზრდო მიიღო და რაღაცით გაიხალისო შენი ყოველდღიური ყოფა, ვიღაცა იმ 10 ევროს ან ტანსაცმელში, ან კოსმეტიკაში დახარჯავს და მერე არიან განერვიულებულები, გაღიზიანებულები, აი, რა ტანჯულები ვართ, რა უბედურები ვართო. იმიტომ, რომ რასაც შოულობენ, იქიდან არაფერს მოიხმარენ თავისთვის.

ჩემი აქ ყოფნის მიზანი ჩემი შვილის დახმარებაა. თუმცა, ამჯერად შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, რადგან თვითონ ასე მოინდომა. არ ვიცი, რატომ აიცრუა გული. ერთი წლის მერე გადაწყვიტა სოფელში დაბრუნება და იქ მამას ეხმარება. ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ვიფიქრე, აქ რაღა მინდა, სწავლის ფულის გადახდა იყო ჩემი მთავარი მიზანი და მეც უკან წავალ-მეთქი. მერე გადამიარა და დავრჩი. თუმცა, ძალიან ვდარდობ და განვიცდი. მე რომ ვერ დავამთავრე უნივერსიტეტი, მინდოდა, მას ეს დანაკლისი არ ჰქონოდა და ესწავლა. ამასობაში ვალები გავისტუმრე. ცოტა რაღაცები ოჯახში შევიძინეთ: მაცივარი, გამათბობელი. სამზარეულოს კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ, ავეჯი. მაგრამ სახლს კიდევ ბევრი რამე სჭირდება, 30 წელი რომ არაფერი გაკეთებულა, უკვე სახურავიც გამოსაცვლელია.

მე რომ ფულს ვაგზავნი ახლა, ამაში ხარჯავენ, აქედან ვეუბნები, რა გააკეთონ, არც ერთხელ არც ჩემს ქმარს და არც ჩემს შვილს ფული არ უთხოვია, თუ დასჭირდება ჩემს შვილს, წავა და იმუშავებს, მე არ მთხოვს. დანაზოგის გაკეთებას ვცდილობ, მინდა, რომ ჩემს შვილსაც შევუგროვო, თუ ისევ მოიფიქრებს სწავლას. რა ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები. მინდა, ხელში რაღაც მეჭიროს. მინდა, ისინი ჩამოვიდნენ და ნახონ აქაურობა – ახლა უკვე ეს შესაძლებელია.

სანამ საქართველოში ვცხოვრობდი, საერთოდ არ მქონდა ფეისბუკი, არც ტელეფონი – ჩემი შვილის ტელეფონით წამოვედი აქ. მოწყვეტილი ვიყავი გარესამყაროს. არც არსად წასვლის საშუალება მქონდა, თბილისშიც კი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ჩავსულიყავი, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა. ქორწილში რომ დაგვპატიჟა ჩემი ქმრის უახლოესმა მეგობარმა, ვერ წავედით, რადგან ფული არ გვქონდა.

ჩემი შვილი არ მელაპარაკება, აუ, დე, წავედი, მეძახიან – მხოლოდ ასე. სალაპარაკო თემა თითქოს აღარაა. არც მანამდე იყო დიდი მოლაპარაკე. სამაგიეროდ, ჩემს მეუღლეს ვუყვები ყველაფერს. სადმე თუ მივდივართ, რას ვაპირებთ და კმაყოფილია. მეუბნება, აბა, რა, წადი, ნახე, რატომ უნდა ჩაიკეტო მანდო.

ახლა კიდევ უფრო კარგად ესმის, რომ ასე სჯობდა, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ. სახლში არც მანამდე ვიყავი, გვიან ვბრუნდებოდი, ძალიან გაღიზიანებული, და არც ქმარს და არც შვილს ნორმალურად არ ველაპარაკებოდი, რაღაცას რომ იტყოდნენ, მე ვპასუხობდი წყრომით, ჩემი შვილი მეტყოდა ხოლმე, დე, შენ ნორმალური ლაპარაკი იცი? და თან გაიცინებდა ხოლმე, რომ არ მწყენოდა.

საქართველოში ყოფნაში არაფერი ეყარა.

ესეც ჩემი მონაპოვარია, რომ ახლა ვმუშაობ და საქმეს ვაკეთებ, რომ ვმოგზაურობ და ახალს ვსწავლობ, რომ ოჯახის გარდა, ცოტ-ცოტა ყველას დახმარება შემიძლია, თან უანგაროდ. ამით ხომ შენს სულიერ მდგომარეობას აუმჯობესებ, აუცილებელია.