ეთერ ჭკადუა – თბილისს, იამაიკას და ნიუ იორკს შორის  

"ერთი რამის თქმა შეიძლება უყოყმანოდ ეთერის ავტოპორტრეტების შესახებ: ის ფრიდა კალოს გზის ბუნებრივი გამგრძელებელია... ანდა მადონას გზის ბუნებრივი გამგრძელებელი. შეიძლება ორივეს ნაზავიც იყოს, სინდი შერმანსაც თუ დავუმატებთ... ანდა - არც ერთიც არ იყოს, რადგან ეთერის შემოქმედებაში ამ სამიდან არც ერთის კოპირება ან გადამუშავება არ გვხვდება. ის შეგვიძლია მხოლოდ შევადაროთ სხვა ქალ არტისტებს, რომლებიც მსგავს გულწრფელობას, გახსნას, ველურ ძალას ასხივებენ. ეთერი უფრო რაციონალური არტისტია, ვიდრე კალო, ჩიკონე ან შერმანი, როცა ფსიქოლოგიურ სტრიპტიზის ხელოვნებას ვგულისხმობთ; როცა განვიხილავთ საკუთარი თავის გაშიშვლების, საკუთარი თავის შობის აქტს", - სინტრა უილსონი.

N1

გზა ეთერისკენ

10 მარტია, პარასკევი. ქარიანი და თოვლიანი დღე. ვცდილობ, ჩემი მანქანით გაზაფხულზე დამძრალ ბრუკლინში გზა გავარღვიო. ეთერ ჭკადუასთან მივდივარ პარკ-პლეისის 851-ე ნომერში. ბოუის ალბომს – „Bლაცკსტარ“-ს ვუსმენ და იმ უსაზღვრო შესაძლებლობებზე ვფიქრობ, რომლებიც სიკვდილის შემდეგ გვეხსნება.

გამჭვირვალე ჰოლოგრამული სხეულები. იდეების გაჩენა ინტერნეტის საშუალებით. პოსტმორტემის არსებობა სოციალურ ქსელებში. „და ყველაფერი ეს როგორ მოხდება? რობოტი ჩემ მაგივრად გადმოსცემს და გამოაქვეყნებს ჩემს აზრებს, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები? სექსი სიკვდილის შემდეგ? ხელოვნება გარდაცვალების შემდეგ? ექიმები. წამლები. სინჯარის შვილები?“ მინდა, თავიდან მოვიშორო მომავალზე ფიქრი, რომელიც, გგონია, რომ აღარ დადგება. გენიალური ბოუი, რომელიც თითქოს საიქიოდან გელაპარაკება, ისეთ რამეებს წარმოთქვამს, რომ თმა ყალყზე მიდგება, იმიტომ, რომ ვიცი, ის უკვე მოკვდა.

„Something­ happened­ on­ the­ day­ he died
Spirit­ rose ­a ­metre ­then­ stepped ­aside"

ცივა. ნესტიანი ამინდია. რაღაც დიდი შავი ფრინველი ერთი სახურავიდან მეორეზე მძიმედ გადაფრინდა. როჯერ ავენიუდან პარკ-პლეისზე ვუხვევ. საქარე მინას თოვლი ედება, ნიუ იორკის წყევლა-კრულვით მანქანა გასაჩერებელ ადგილზე დავაყენე. ქაღალდის ყავისფერ პარკში ტკბილეული მაქვს. ჩაის იმედით.

N2

სახლი პარკ-პლეისზე

ზარს ვრეკავ, ორჯერ. მძიმე კარი იღება და ახალგაზრდა ლათინოამერიკელი ინტერესით მათვალიერებს.

– ეთერ... – ვეკითხები.

– ეთერი? – გამიმეორა, თავი დამიქნია და სახლის სიღრმეში გაუჩინარდა.

– საშინლად გამოვიყურები, – ღიმილით მეუბნება ეთერი, – გუშინ ორ კლუბში ვიყავი და დავიღალე. ზემოთ ავიდეთ, იქ ვცხოვრობ...

ეს ბრუკლინური „თაუნჰაუსი“ ყველა აქაურის ოცნებაა. ძვირი სიამოვნება. მილიონები. ინტერიერში ეთერის რამდენიმე ნამუშევარია, ძალიან კარგი ნამუშევრები. სხვენში ცხოვრობს. სხვენს ისეთი დაბალი ჭერი აქვს, რომ თავს თუ არ დაღუნავ, ოთახში ვერ შეხვალ.

– ვინ არ ყოფილა აქ. მიშა, სააკაშვილი, აი, მანდ მოკალათდა, – ეთერმა თავით მანიშნა მწვანე მატრასზე, რომელიც იატაკზე იდო.

კისერში მამტვრევს და სავარძელში ვეშვები.

– აქ როგორ აღმოჩნდი?

– ჩემი მეგობრის სახლია. გაეროში მუშაობს. იანვარში კანადაში ექიმებმა მითხრეს, რომ მამას მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა. იამაიკაში ვაპირებდი გამგზავრებას, იმდენ ხანს აღარ ვიყავი იქ ნამყოფი. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი, სახლიც ვიქირავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი შეიცვალა. მონრეალში ყველაფერი გაიყინა, მინუს 11 გრადუსი იყო. მამა ავადმყოფობდა, სიარული აღარ შეეძლო. თან იმ ყინვიან ამინდში ერთ დღესაც ვეღარ დავტოვებდი მარტო. დარდისგან ახალი სურათის ხატვა დავიწყე. ყველა ჩემი დარდი სხვა, – ნათელ და მხიარულ პლანეტაზე გავამგზავრე. მინდოდა, როგორმე თავი დამეღწია საშინელებისაგან...

უზარმაზარი შავი ძაღლი მომიახლოვდა და სველი დრუნჩი მუხლზე მომადო.

– რა ჰქვია?

– კუმო.

– კუმო, ქუმორთუო, ჯიმა... – ვხუმრობ მეგრულად, ენაზე, რომელიც ჩემს გულში დარჩა.

– მოკლედ, ვეღარ გავძელი... მამა რამდენიმე დღით დავტოვე და იამაიკაზე მოვუსვი. დავსახლდი დიდ სახლში, ბაღიანში, დიდი პალმებით. მალევე დავბრუნდი კანადაში მამას წასაყვანად და სიცივიდან სიცხეში გადავეშვით. მამაჩემს წამოსვლა არა და არ უნდოდა, მაგრამ არაფრით არ დავანებე თავი...

ეთერი სათქმელს ვეღარ აგნებს, გეოგრაფიულ სახელებში იხლართება. მამის სიკვდილი ვერა და ვერ მოუშუშებია, სიბერეში იამაიკის ეგზოტიკა აჩვენა. ხმა უთრთის. თვალს ვარიდებ. მოკუნტული „კუმო-ქუმორთუო“ ეთერის ფეხებთან წევს.

– აქ საიდან მოხვდი? – ვუმეორებ შეკითხვას.

– იამაიკიდან რომ დავბრუნდით, მამა უკვე ძალიან ცუდად იყო. კანადაში ვეღარ წავიდოდი. არც აქ დასარჩენი მქონდა. მეგობარს ვთხოვე და მიმიღო; გადმოვედით და რამდენიმე დღეში მამა გარდაიცვალა, მე კი აქ შემოვრჩი...

N3

მომთაბარე მხატვრის დღიური

ის, რასაც ეთერი სახვით ხელოვნებაში აკეთებს, სრულიად ახალი ფორმატია ქართულ ფერწერაში. ქართველი ქალი ფუნჯის საშუალებით პირველად გვიყვება თავის თავსა და ცხოვრებაზე ასე გულწრფელად.

ჭკადუას აღსარებები, შესრულებული მომთაბარე მხატვრის იშვიათი ოსტატობით – ეს დღიურები, ახალი ენერგიის ძლიერი ნაკადია სხვათათვის, რათა ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ. მათში ყველაფერია – სექსუალობა, დაფარული მინიშნებები, სიამაყე საკუთარი სქესის გამო და შიში უცნობი სამყაროს წინაშე. ქალი-მეომარი, ქალი-მხატვარი, საომრად შემართული. სამყარო დაუნდობელია, ეთერის გმირი კი – ყოველთვის თავაწეული, მაყურებელზე მიმართული მზერით, ყველაფრისთვის მზადმყოფი.

ახლა მის სახელოსნოს ვათვალიერებ. აქაურობას თვალს როცა ვაჩვევ და ფოტოკამერის ობიექტივიც ქაოსს შეურიგდება, ლოგიკასაც ვიჭერ სივრცის ამგვარ გადაწყვეტაში.

„ეს არ არის ქაოსი“, – უცებ ვხვდები.

– მწვანე პლანეტა მინდა დავხატო, აი, ამ ყვავილებით, – ეთერი მიჩვენებს პლასტმასის უცნაურ ნივთებს, რომელთაც მისი ძმა ამზადებს, ნარჩენებისგან. კაშკაშა, ეკლიანი, უცხოპლანეტელების ქმნილებებით სავსეა სახელოსნო. წვეროსანი სუფი ცელოფნიდან ნაღვლიანი თვალებით შემომყურებს. ეთერს ჩემი მზერა არ ეპარება და მიხსნის, რატომ ვერ ანებებს თავს ფერწერას.

„ჩიკაგოში გამართული გამოფენით დაიწყო. ყველა ნამუშევარი გაიყიდა. წარმატება მეწვია. ამ ფულით ნიუ იორკში ჩამოვედი, სადაც მაცნობეს, ჩვენთან ფერწერა პოპულარული არ არისო. მაინც არ მოვეშვი, გავაცნობიერე, რომ უცებ ნამდვილად ვერ გადავკეთდები. ყოველთვის მინდოდა, რასაც ვქმნიდი, მხოლოდ ხელოვნების სფეროში მოღვაწეთათვის არ ყოფილიყო ახლობელი, არამედ – სხვებისთვისაც, ბევრი ადამიანისთვის. ჩემი აქაური მეგობრები, პირველი ქმრით დაწყებული, სერიოზული ინტელექტუალები არიან. ცხელ წერტილებში ჟურნალისტებად მუშაობენ, „მესამე სამყაროში“ მიაქვთ ადამიანის უფლებები, თავიანთ ყოველმხრივ მოწესრიგებულ სამყაროს ტოვებენ და ცხელ წერტილებში მიემგზავრებიან, მაგრამ ყოველთვის, როცა მათთან ერთად გალერეებს ან მუზეუმებს ვათვალიერებ, იმედგაცრუებულები რჩებიან – რამდენჯერ უთქვამთ, არ გვესმისო. მინდა, რომ შეძლონ ხელოვნების ენის გაგება. ყველაზე მისაღები ჩემთვის ფერწერაა. ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებს. გადაჭიმავ ტილოს, აიღებ საღებავს და შეუდგები ხატვას“.

– შენი დღიურებია, ხო?

– კი... ნახე, ამ ნამუშევრებს ძველი ფოტოების მიხედვით ვხატავ. იამაიკაზე დავიწყე, მამაჩემის გადაღებულ პაწაწინა შავ-თეთრ ფოტოებს მივყევი. აი, ამ სურათზე მე და ჩემი ძმა ვართ ერთად. მთელი ოთახი ფოტოებით ჰქონდა სავსე მამას, იქაურობა ტაძარივით იყო. მომინდა, რომ ეს ყველაფერი ნახატებში გამომეყენებინა. აი, ნახე, ეს ფოტოც მამამ გადაგვიღო – პირველი უცხოელია ეს ბიჭი, რომელიც ჩემს პატარაობაში ვნახე – ვიეტნამელი იყო.

ეთერის ნამუშევრებში ზღვარი გამონაგონსა და სინამდვილეს შორის მორღვეულია. ნახატზე, რომელზეც საბჭოთა ბავშვები აზიელი კაცის გვერდით არიან, მეგონა, რომ ეს აზიელი უცხოელობის ეფექტისთვის ჰყავდა ჩასმული, თურმე, სინამდვილე ყოფილა – პირველი ვიეტნამელი სტუდენტი თბილისში.

– ქართველი ჟურნალისტები ყოველთვის ერთსა და იმავეს მთხოვენ, – რომ ჩემს წარმატებებზე მოვუყვე... რა წარმატებები? ცხოვრება რთულია. ყველგან ტილოები დამაქვს. მეგობრებთან ვცხოვრობ. ყველა ჩემი ნივთი შემნახველ საკანშია. თუმცა ერთხელ ნამდვილ წარმატებასთან ახლოს ვიყავი...

N4

Sperone-Westwater 

ნიუ იორკის „ახალი მუზეუმიდან“ ერთი კვარტლის მოშორებით დგას ერთი სრულიად განსხვავებული დიზაინით ნაგები შენობა, თანამედროვე არქიტექტურის შედევრი, მონოლითი, ცნობილი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ის ერთადერთი მიზნით არის აგებული – იყოს სამხატვრო გალერეა, და არის კიდეც ერთი-ერთი ყველაზე განთქმული და გავლენიანი გალერეა მსოფლიოში – სპერონე/უესტვატერი. 1975 წელს იტალიელი არტდილერის, ჯან-ენცო სპერონესა და ამერიკელი ანჟელა უესტვატერის მიერ დაარსებული გალერეა თანამშრომლობს თანამედროვე ხელოვნების ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან: ბრიუს ნაუმანი, გილმერო კუიტკა, ვოლფგანგ ლაიბი, უილიამ ბეგმანი. 2000-ის დასაწყისში ჯან-ენცო სპერონემ ეთერ ჭკადუას ფერწერა ნახა და მისი ნამუშევრები შეუყვარდა.

– ჯან-ენცო სპერონეს საერთო ნაცნობმა შემახვედრა, ამერიკაში ცხოვრებიდან ხუთი წლის თავზე. სპერონე კარგი გემოვნებით გამოირჩევა, მომხიბვლელი ადამიანია, ასაკოვანია, მაგრამ ისევ ლამაზი, „სტილიაგა“ იტალიელი, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ევროპაში ამერიკული მინიმალიზმის გაყიდვა დაიწყო. აი, ვის მოეწონა ჩემი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ ვუხდებოდი არც მისი გალერეის სტილს და არც მის პარტნიორ ქალს, ანჟელა უესტვატერს დავეხატე გულზე... ამას ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ... რაღა მაქვს დასაკარგი, სიამოვნებით გადავიღებდი დოკუმენტურ ფილმს არტდილერებისა და მხატვრების ურთიერთობაზე... – ეთერს თვალები აენთო. დარწმუნებული ვარ, თავში ისევ იმ სიუჟეტს ამუშავებდა, თუ რამდენად ახლოს იდგა ნამდვილ წარმატებასთან, შესაშურ კარიერასთან, ფულსა და სახელთან...

– მოკლედ, მოხდა ისე, რომ ამ ქალს ყურადღება საერთოდ არ მივაქციე, ხომ ხდება ხოლმე, რომ აღმოჩნდები არაფრით გამორჩეული ადამიანის წინაშე და ვერ ამჩნევ. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რადგან საერთოდ ვერ ვერკვეოდი, ვინ ვინ არის ნიუ იორკის არტსამყაროში. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ ბიზნესში – ჯან-ენცოს პარტნიორია, მე კი ერთხელაც არ მივესალმე, რადგან მეგონა, საქმე მხოლოდ ჯან-ენცოსთან მქონდა.

– ეშმაკი რომ დეტალებში იმალება, ეთერ, შენ რა, არ იცოდი?

– არ ვიცოდი... ჩემი შესაძლებლობის მჯეროდა. მერე კი, როცა გავიგე, ვინც იყო, დაგვიანებული აღმოჩნდა ყველაფერი. მას უკვე აღარ მოვწონდი...

ჯან-ენცო სპერონემ 2004 წელს თავის გალერეაში მაინც მოაწყო ეთერის გამოფენა. ნამუშევრებმა ყურადღება მიიპყრო. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ახირებულმა არტკრიტიკოსმა, კენ ჯონსმა დაწერა, რომ „საბჭოთა საქართველოში გაზრდილი ეთერ ჭკადუა, რომელსაც აკადემიური განათლება აქვს მიღებული, ხატავს საშუალო ზომის მაგიურ ტილოებს. მისი პერსონაჟი ქალები თავად მხატვარს ჰგვანან, ხოლო ნახატები „ქალური საწყისის „ველური“ მხარეების კვლევაა“.

– და რა მოხდა? – ვეკითხები ინტერესით შეპყრობილი – ყველაფერი, რასაც ეთერის თავზე გადაუვლია ხელოვნების სფეროში, ტრილერს ჰგავს.

– სპერონე ჩემი ნამუშევრების შეგროვებას შეუდგა. გალერეა ყოველთვიურად მიხდიდა ყოველდღიური ხარჯებისთვის საჭირო თანხას... მაგრამ საცხოვრებლად იამაიკაზე გადავედი და...

– მერე?

– სპერონე-უესტვატერმა ჩეკების გამოგზავნა შემიწყვიტა. კონტრაქტი გაწყვიტეს. ჩემი თავისუფლება არ მოეწონათ...

N5

curriculum vitae

ორშაბათი. ცამეტი მარტი.

– ერთი ტიპი შემიყვარდა და იამაიკაზე წავყევი, – მიყვება ეთერი. მზის სათვალე უკეთია, რომლის მიღმა მისი თვალები არ ჩანს. მე კი იმაზე ვფიქრობ, რა იქნებოდა, ჩვენი ცხოვრების აღწერილობებში, იმავე ბიოგრაფიაში მხოლოდ სულის გატაცებებისა და ხორცის ვნებების ამბები რომ იწერებოდეს?! რა, უფრო საინტერესონი არ ვიქნებოდით გარესამყაროსთვის?!

 რატომ არავის მოსდის აზრად, თავის CV-ში ჩაწეროს ფრაზა: „ერთი ტიპი შემიყვარდა და მასთან ერთად იამაიკაზე წავედი“...

ეთერის ცხოვრებაში იამაიკა ხანგრძლივი – თორმეტწლიანი ეტაპია. იქ მისი საუკეთესო ტილოები შეიქმნა, იქ სცადა, ეპოვა ადგილი ამ ცისქვეშეთში. ადგილი მზის ქვეშ.

– თბილისში ვარ დაბადებული. ვაკეში გავიზარდე. ვაკელი ვარ...

ბრუკლინში, პროსპექტ-პარკში ვსხედვართ. ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ არის. ცივა. ალბათ, მალე მოთოვს. სინოპტიკოსებიც ამას გვპირდებიან. უკვე რამდენი დღეა, ვცდილობ, ეთერის ოსტატობის საიდუმლოება გავხსნა. პრესტიჟული ვაკის ხსენებაზე იცინის. მე თვალს არ ვაშორებ გოგოს, რომელიც ძაღლთან ერთად ხეივნიდან გამოდის.

– თბილისის სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ჯერ მოდელირებაზე ვსწავლობდი, მერე გადავედი მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე, პროფესორ კოკა იგნატოვის კლასში. თავისუფლად ვმუშაობდი, აბსტრაქციებს ვხატავდი, მაგრამ, როგორც კი იგნატოვთან გადავედი, სტილი შევიცვალე. სხვა მიმართულება მომცა. კოკა იგნატოვი საზღვარგარეთ დადიოდა და ეს ჩვენზე, სტუდენტებზე, უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა. გვეგონა, რომ მან იცოდა ის, რაც საზღვარგარეთულ ხელოვნებაში ხდებოდა. ყველაფერს სწრაფად ვაკეთებდი. კოკა იგნატოვმა მირჩია, ძველი ოსტატები შემესწავლა და რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, გირლანდაიოს ასლების კეთება დავიწყე. ძალიან მომწონდა ძველი ოსტატების მიხედვით სწავლა. დეტალები. ვცდილობდი გამერკვია, როგორ არის დახატული. ვხვდებოდი, რა რთულია სახის გამომეტყველების გადმოცემა. ეტყობა, იმ დროიდან ჩამესახა ტრადიციული ფერწერის სიყვარული...

ქალი ძაღლით თვალს მიეფარა. ჩვენ, ორის, გარდა, არავინაა ამ ნესტიან პეიზაჟში, ვსხედვართ და სიცივისგან ვკანკალებთ.

– გაგმართლებია, იგნატოვს რომ შეხვედრიხარ. რა კარგი რჩევა მოუცია. აბსტრაქციები რომ გეხატა, დღეს ერთ-ერთი იქნებოდი მილიონ აბსტრაქციონისტს შორის, ახლა კი არავის ჰგავხარ. ათას ნამუშევარზე თვალის შევლებით იცნობენ შენს ნახატს, – ვეუბნები მე.

– ალბათ... – მეთანხმება და მიამბობს: – ნიუ იორკში არსებობს ბანალური ცრურწმენა, რომ უნდა იცხოვრო იქ, სადაც მხატვრები სახლობენ. ურთიერთობა იქონიო მათთან. მე კიდევ სხვა მხარეებისკენ გავრბოდი, იქ, სადაც ხელოვნების შესახებ არაფერი იციან. არ მინდოდა, მოდას ავყოლოდი. სრული თავისუფლება მჭირდება, რომ ვაკეთო ის, რაც ჩემს სულს სწყურია. ნამდვილი „აუტსაიდერი“ ვარ. სურათიც კი დავხატე – „აუტსაიდერი“ – ენაგამოყოფილი ავტოპორტრეტი...

– რა თქმა უნდა, „აუტსაიდერი“ ხარ, – ვეთანხმები, – ვაკეში გაზრდილი ქალიშვილი, რომელიც იამაიკაზე ცხოვრობს და თავის ფერწერას ნიუ იორკში იტალიელ არტდილერზე ყიდის...

N6

Gagosian

– იმ საღამოს, დემიან ჰირსტმა და ლარი გაგოსიანმა ერთმანეთი რომ გაიცნეს, მეც იქ ვიყავი, რესტორანში...

– რააა...? როგორ? – არ მჯერა. საუბარია თანამედროვეობის ყველაზე ძვირად ღირებული მხატვრისა და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არტდილერის გაცნობაზე. ეს ნაცნობობა ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდა. ჰირსტმა გაგოსიანის დახმარებით ნახატები ათასობით დოლარად გაყიდა.

– ვახშამზე ჟურნალისტმა და მწერალმა, ენტონი ჰედენ-გესტმა მიმიწვია, – მიყვება ეთერი, – სხვათა შორის, მისი წიგნი – „ნამდვილი ფერები. არტსამყაროს რეალური ცხოვრება“ ამ ჟანრის კლასიკაა და ვოცნებობ, რომ ქართულად ითარგმნოს... ენტონი წიგნს წერდა მხატვრებზე და ყველგან მეპატიჟებოდა. აი, ეს იყო, სხვათა შორის, კიდევ ერთი შანსი, რომელიც არ გამომიყენებია... მოკლედ, მე და ენტონი შევდივართ რესტორანში. გაგოსიანი უკვე იქ არის. ოღონდ მე აზრზე არ ვარ, ვინ მოგვესალმა. თავი გაგვაცნო და უცებ, არ ვიცი, რატომ, ვეკითხები: – სომეხი ხარ? მე – ქართველი. კავკასიური საძმო...

ეთერის სათვალეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ – გაოცებისგან მართლა დავაღე პირი.

– გაგიჟდი?

– კი, სულ ფეხებზე მეკიდა.

ორივეს სიცილი აგვიტყდა. ეთერი ხელზე ჩამომეკიდა. ისე ვიცინით, რომ ჩვენი სიცილი მთელ დაცარიელებულ პარკს მოედო, ყვავმა კი ფრთები გაშალა და მშვიდი ადგილის მოსაძებნად გაფრინდა.

– ჯერ სადა ხარ, ახლა მიყურე. ხომ ვიცოდი, რომ ქვეყანაზე არსებობს სუპერ არტდილერი გაგოსიანი, და მე ამ კაცს ვეკითხები, ის ცნობილი გაგოსიანი თქვენი რა არის-მეთქი? მიხვდა, რომ აზრზე არ ვარ, ვინ დგას ჩემ წინაშე და ღიმილით მეუბნება: კი, როგორ არ ვიცნობ, ვიცნობ „იმ გაგოსიანს“...

– აუ, ჩემი...

– ლერი გაგოსიანს თავისი მეგობარი ქალი, ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი მოდელი, ვერონიკა უები ახლდა. პირველი, რაც დემიან ჰირსტმა გაგოსიანს ჰკითხა, ეს იყო: ნამდვილი წყვილი ხართ? სექსი გაქვთ? ვერონიკა ლარის მოეხვია და ჰირსტს უპასუხა – ყოველღამ (!)...

– ეთერ, ენტონი ჰედენ-გესტი ტყულად არ შეგიყვანდა თავის წრეში, – ვაგულიანებ აქედან, – ალბათ, მოეწონე როგორც მხატვარი და როგორც...

– ეგზოტიკური ნაშა, – მაწყვეტინებს ეთერი.

N7

სინამდვილე

შეუძლია ვინმეს წარსული მთელი სიზუსტით აღიდგინოს? მართლა ჰკითხა დემიან ჰირსტმა ლარი გაგოსიანს ვერონიკა უებთან სექსის შესახებ? წარსულის აღდგენა მთელი სიზუსტით არავის შეუძლია. მე ეთერის ნათქვამს ვიჯერებ. ჩვენ არც მომავალი შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, მაგალითად, ახლავე ვერ ვიტყვით, გამოჰფენენ თუ არა და როდის გამოჰფენენ ეთერ ჭკადუას ნამუშევრებს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. აბა, რაღა გვრჩება? – დღევანდელი დღე, „ქვიშა კი წყალს ვერ იჭერს“, თითებს შორის სხლტება.