როცა მხატვარ თამუნა სირბილაძის სიკვდილი გავიგე, ქრისტოფერ ჰიტჩენსის „უკანასკნელ 100 დღეს“ ვკითხულობდი. ცნობილმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა, ინტელექტუალმა და დაუღალავმა მოკამათემ, ჰიტჩენსმა – სიკვდილის წინ, 62 წლისამ – ერთგვარი ლიტერატურული ანგარიში დატოვა ავადმყოფობასა და საავადმყოფოზე, მკურნალებზე, მათ დამოკიდებულებაზე მომაკვდავის მიმართ, იმედის გაქრობასა და მოახლოებულ სიკვდილზე. იმ დღეს ეს შესანიშნავად გამოცემული წიგნი ჩემს საწერ მაგიდაზე იდო, სწორედ იმ გვერდზე გადაშლილი, რომელზეც ერთი ფრაზა მუქად მქონდა გახაზული: „To the dumb question “Why me?” the cosmos barely bothers to return the reply: Why not?“ „იდიოტურ კითხვაზე – „რატომ მაინცდამაინც მე?“ – სამყარო თავს ძლივს იწუხებს პასუხით და აგდებულად მეუბნება: „და რატომაც არა?“

„რატომ თამუნა?“ – ვფიქრობდი, როცა მახსენდებოდა მისი პირველი (და უკანასკნელი) გამოფენა ნიუ იორკში. და ყოველ ამ გაფიქრებაზე ჩნდებოდა დამცინავი პასუხი: „და რატომაც არა?“ – სინამდვილე სასტიკი აღმოჩნდა. ეს მოხდა. დამნაშავე არავინ არის. ტრაგიკულმა წამმა, რომელიც თამუნა სირბილაძის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჩადგა, მნიშვნელოვანი მხატვრის დაკარგვა გვამცნო. მისი სიკვდილი უსამართლობაა – თამუნას ჩანაფიქრები სწორედ იმ დროს ჩაეშალა, როცა ფრთები უნდა გაეშალა.

თამუნა სირბილაძემ ხატვა პატარაობაში დაიწყო. სკოლა რომ დაამთავრა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. ეს ნიჭიერი გოგონას წინსვლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, გამსკდარი ბურთივით ნაფლეთებად იქცა საბჭოთა კავშირი; და თამუნაც ომებსა და სიძნელეებს სხვაგვარად გაუსხლტა ხელიდან – საზღვარგარეთ გაემგზავრა და 1997 წელს ვენის სამხატვრო აკადემიაში მოხვდა, სადაც ექვსი წელი გაატარა. იქ, ვენაში, შეხვდა ცნობილ ავსტრიელ მხატვარს, ფრანც ვესტს, და მასთან ასისტენტად იმუშავა. 2002 წელს თამუნა ვესტს ცოლად გაჰყვა, ორი შვილი გააჩინა, მაგრამ 2012 წელს ვესტი, რომელსაც წარმატებული კარიერა, სახელი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები დარჩა, გარდაიცვალა და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ომი არტდილერებსა და თამუნას, როგორც ვესტის ქვრივს შორის.

თამუნა მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი – 2015-ის ზაფხულში, ნიუ იორკში, „Half Gallery“-ში გამართულ მისსავე გამოფენაზე. ჩემი თანდაყოლილი სიმორცხვის გამო ახლოს ვერ მივედი და ვერ გავიცანი; ვერ ვუთხარი, რომ მისი ნახატები ძალიან მომწონს. ვერც ვეღარასოდეს ვეტყვი, ამ ჩვენს „უცნობობას“ ვეღარც შევცვლი. არადა, მთელი გამოფენა მაქვს გადაღებული, თუმცა კი თვითონ მხატვარი ფოტოებზე ვერ აღვბეჭდე, ვერც ერთზე ვერ მოვიხელთე. დავაჭერდი თითს ღილაკს და გადიოდა კადრიდან, ვთქვათ, ახალი სტუმრის მისასალმებლად, კამერაშიც მხოლოდ ამღვრეული შავი სილუეტი მრჩებოდა.

პაპანაქება იდგა იმ ზაფხულს ნიუ იორკში. სუნთქვა შეუძლებელი იყო, სუნთქვა კი არა, ფეხზე დგომა ჭირდა. „Observer“-ის საიტზე სტატიაში – „რვა რამ, რაც ნიუ იორკის ხელოვნების სამყაროში შეგიძლია აგვისტომდე მოინახულო“ – მეორე ნომრად თამუნა სირბილაძის გამოფენა იყო მონიშნული.

ამ გამოფენების ბმული ჩემმა ძველმა მეგობარმა გამომიგზავნა, მას თბილისიდან ვიცნობდი, 1990-იანი წლების გათოშილი და ჩაბნელებული თბილისიდან, სამხატვრო აკადემიაში რომ ერთად გვქონდა გატარებული (მერე კი შემთხვევით გადავეყარე ნიუ იორკში; მხატვარი გამოვიდა, კვიპროსზე ცხოვრობდა და 20 წელი იყო, არ მენახა). „ვინმე ახალბედას გამოფენა იქნება-მეთქი“, – ჩემთვის გავიფიქრე და ნახვა მაინც გადავწყვიტე.

„Half Gallery“ 78-ე ქუჩაზე მდებარეობს, მთელი შენობა უჭირავს, რაღაცნაირად წინ გამოწეულია და ვიწრო, ისეთი, როგორიც XIX საუკუნის ნიუ იორკის ქალაქური სახლებია. ჩემი კვიპროსზე გადასახლებული მეგობარი ძალიან ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ნიუ იორკს ვერაფერი გაუგო:

– რატომაა კიბე ასეთი ვიწრო?

– იმიტომ, რომ ეს ქალაქი ამსტერდამის მემკვიდრეა, ყოფილხარ ჰოლანდიაში?

– კი, რა თქმა უნდა.

– გახსოვს სახლები არხების პირას?

– როგორ არ მახსოვს.

– ჰოდა, ეს სახლი ამსტერდამელთა საცხოვრებლის უმცროსი ბიძაშვილია.

 – ააა... – აქეთ-იქით იყურება.

თამუნა სირბილაძის ნამუშევრების დათვალიერებისას პირველი, რასაც სავარაუდოდ გაიფიქრებთ, არის ის, რომ თამუნა არ არის მხატვარი, რომელმაც ნახატი დაასრულა, ჩარჩოში ჩაასმევინა და გაყიდა. მიხვდებით, რომ თამუნა არის მხატვარი, რომელმაც სათქმელი დაუმთავრებელი დატოვა (რომ განვაზოგადოთ: ჟესტის აბსტრაქცია, რომელიც სივრცეს არ ფარავს, არ ავსებს და დროულად ჩერდება, თამუნას ნახატებში ყოველთვის იგრძნობა და ყოველთვის მოხერხებულად აკავებს მხატვრის ადამიანურ ინსტინქტს, მუდამ რაღაც ჩახატოს, რაღაც მიაჩხაპნოს, როგორღაც დალაქოს ცარიელი სითეთრე, როცა ხელში ფუნჯი უჭირავს).

„Half Gallery“-ის საგამოფენო დარბაზებში თამუნას ნამუშევრების თვალიერებისას მივხვდი, რომ თამუნა სირბილაძე თავის თავს სულ უმეორებდა: „შეჩერდი, გეყოფა“ და ეს ნიშნავდა მისი ნამუშევრების უპირობო დასასრულს.

თამუნა სირბილაძეს სხვა მხატვრებისგან გამოარჩევდა ნებისყოფა. ხატვისას სრულ თვითკონტროლს ინარჩუნებდა. ვის შეუძლია დღეს ამით დაიტრაბახოს? – ერთეულებს.

– ვერ იტყვი, რომ ვენაში ცხოვრობს, – გავუზიარე იმ წუთებში ჩემს თავში გაელვებული აზრი მეგობარს.

– ვერც იმას, რომ ვესტის ცოლია, – მიპასუხა სანაცვლოდ

თამუნა სირბილაძე

ვენა. თუ მხედველობაში მიიღებ ადგილის გავლენას მხატვარზე, მიხვდები, რომ თამუნას ეს ქალაქი ძალიან წაადგა, რასაც ვერ გაიმეორებ დროზე – თამუნა სირბილაძეს მთელი ერთი საუკუნით დააგვიანდა. ლეგენდებიდან გამოხმობილი ვენა, XIX საუკუნის მიწურულს, „fin de siecle“ იყო, სულთმობრძავი იმპერიის სატახტო ქალაქი, რომელსაც კონსერვატორი მონარქი მართავდა, ქალაქი, რომელიც, ყველა წინაპირობის მიუხედავად, ხელოვნებისა და მეცნიერების ცენტრად იქცა. მაშინდელ ვენაში ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ გუსტავ მალერი, ზიგმუნდ ფროიდი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ეგონ შილე, ოსკარ კოკოშკა – ელვარე გენიოსების და ცნობილი პიროვნებების წარმოუდგენელი თანავარსკვლავედი.

1997-ში, როცა თამუნა ვენის აეროპორტიდან ქალაქში პირველად გავიდა, ყველაზე ცნობილი მხატვარი ვენაში ფრანც ვესტი იყო. 100 წლის განმავლობაში ცხოვრების პირობები ვენაში მართალია საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ სამაგიეროდ შემოქმედების ვულკანი ჩაინავლა. საბედნიეროდ, თამუნა ფრანც ვესტის ორბიტაში მოხვდა, თითქოს სწორედ იმიტომ, რომ თავისი ქმრის შემოქმედებითი გამოცდილების საწინააღმდეგოდ ეხატა.

ფრანც ვესტი – ძალიან სახელგანთქმული მხატვარი, კაცი, რომელმაც შეძლო ათწლეულების განმავლობაში ყურადღება მიექცია, იმიტომ გახდა მხატვარი, რომ არ ვიცოდი, სხვა რა მეკეთებინაო – ასე თქვა თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუთაგან ერთ-ერთში. ასე დაამკვიდრა მან და უფლებებით აღჭურვა ზარმაცი და „უსწავლელი“ კაცი, როგორც მხატვარი და შემოქმედი. იმავე ინტერვიუში ისიც თქვა, რომ არ იცოდა და არც ესმოდა, როგორ ხატავდნენ მისი მეგობარი ფერმწერები ისეთ სურათებს, რომლებიც ფოტოებს ჰგავს. ვესტი საშუალოობის გამარჯვებაა, ეშმაკი სამოსანი, როგორც ჩვენი დროის გმირი, ალერგიული რეაქცია გასული საუკუნის დიდი ოსტატების – კლიმტისა და შილეს მიმართ. ვესტი თითქოს გეუბნებათ: „აი, როგორია ახალი გმირი – თქვენნაირი: არც ფილოსოფოსია, არც ვირტუოზი, არც ლამაზმანი და არც ოსტატი“.

ვესტმა გარკვევით განსაზღვრა თავისი ხელოვნების საწყისები: „ვენაში, ომის დამთავრების შემდეგ თითქოს არსებობდა იმპულსი, რომელსაც ნაცისტური ეპოქის სერიოზულობისა და ზეიმურობისათვის წერტილი უნდა დაესვა. სწორედ აქედან იშვა ანტიკულტურული ელემენტი“. ანტიკულტურას კი ანტიმხატვარი სჭირდებოდა. ეს ნიშა ფრანც ვესტმა დაიკავა. და მაინც, ვესტის ნამუშევრებში არის თავისებური თრთოლა და დაძაბულობა. ისინი თავს გამახსოვრებენ და ზოგჯერ შოკში გაგდებენ.

რით შეუძლია სახელი გაითქვას ჩვენს დროში თანამედროვე მხატვარმა, რომელიც მოკლებულია ტალანტს, აუცილებელს XIX საუკუნეში? რით და – მაცდურობით. ის გაცდუნებთ, როცა თავის თავზე გელაპარაკებათ, თავის სისუსტეებზე, სატკივარზე, როცა გადაგიშლით ახალ თემებს. თანამედროვე მხატვარი მაცდურია. ვესტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაცდური და მანიპულატორი იყო. მან ბევრი მოხიბლა: ხელოვნების კრიტიკოსები, ჟურნალისტები, კოლექციონერები, გალერისტები – ერთი სიტყვით, ყველა, გარდა ქალებისა, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ. თამუნა სირბილაძის ნამუშევრებში ფრანც ვესტის ოდნავ გავლენასაც კი ვერ მიაგნებთ. რასაც აკეთებდა, ყველაფერს მისგან საპირისპიროს. ალბათ, ასეა ხოლმე. ორი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კომპრომისების, კამათის, ქიშპის, ხანაც სიხარულისა და თანადგომის, მეტწილად კი, დაუსრულებელი ომის რთული კონფიგურაციაა.

ვენაში პირველად ბუდაპეშტიდან ჩავედი. მეტროში ჩავჯექი და პირდაპირ მუზეუმების კვარტალს მივაშურე. მერე „Boesner“-ისკენ (სამხატვრო მაღაზიაა) გავწიე. ვენაში ერთი დღით ჩავედი. თანამედროვე მხატვრების გამოფენები მაინტერესებდა, ბრეიგელის „მონადირეები“ „Kunsthistorisches Museum“-ში და ძვირფასი აკვარელის ქაღალდი „არჩისი“, რომელიც ბუდაპეშტში რატომღაც ვერ ვიშოვე. აღმოჩნდა, რომ „Boesner“-ში იყიდება წიგნებიც ხელოვნებაზე. დიდხანს არ დავფიქრებულვარ, პირდაპირ ფრანც ვესტი ავიღე – ჩემი ბუდაპეშტელი მეგობრის კერპი – და სალაროსკენ გავემართე. უცებ ძვირად ღირებული ტემპერის საღებავების თაროებთან ერნსტ ფუქსს მოვკარი თვალი, ცნობილ ექსცენტრიკოს მხატვარს, რომელიც წითელ კარმინს ყიდულობდა და პატარა ტუბებს კალათში აწყობდა.

მოლარეს ვკითხე: – ეს ფუქსია?

– საყვარელო, ეს ხომ ვენაა... – მომიგო.

 

აბსტრაქტულ ხელოვნებას ბედი არ სწყალობს, მას ძალიან ზერელედ უყურებენ: „ეს ხომ მეც შემიძლია, ასე ბავშვებიც ხატავენ; რაღაცა უაზრობაა... ალბათ, სპეციალისტებს ესმით... გამაგებინე ერთი, რა არის“. საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, რაც ეს სტილი არსებობს და მისი არსებობა „სკეპტიკოსებსა“ და „მცოდნეებს“ შორის არის გაჭედილი.

თანამედროვე აბსტრაქციონისტთა შორის, თამუნა სირბილაძე ყველაზე მეტად იწვევს ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს. მე კი მომწონს ამ მხატვრის ნამუშევრები, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად იმიტომაც, რომ ფილისტერის გონებაში ძლიერი კოგნიტური დისონანსი შეაქვს: „უაზრობაა, ამას მეც კი დავხატავ“-ს მოსდევს: „თუ უაზრობაა, აბა, რატომ აქცევენ ასეთ სერიოზულ ყურადღებას, გამოფენებს აწყობენ და ყიდიან?!“

„Half Gallery“-ში გამოფენილი, უბრალო ტილოზე შესრულებული სურათები, გადაუჭიმავი, უჩარჩოოდ წარმოდგენილი, ყველაზე უკეთ პაულ კლეეს ფრაზით შეიძლება აღწერო: ეს ნახატებია „აზრის გრანდიოზული ფრაგმენტები“. მსუბუქი და ჰაეროვანია, თითოეული მომდევნოს ავსებს. თამუნა სირბილაძე ზრდასრული ბავშვია, რომელსაც არა და არ სურს, ჩვენი საოცარი სამყაროთი გაკვირვება გაინელოს.

ეს ერთი ადამიანის ხელით და მსოფლაღქმით შექმნილი სურათები ერთმანეთისგან მაინც საოცრად განსხვავდება. მოუხეშავ, დაუგრუნტავ ტილოზე ზეთოვანი პასტელებით შესრულებული დიდი ნამუშევრები ბავშვურად გულუბრყვილოა, მთრთოლვარე და მოდური, როგორც დღევანდელობას შეჰფერის. და ამავე დროს ისინი ძალიან განსხვავდება თამუნას ზეთით დახატული ყვავილებისგან. ეს ყვავილები ლამაზია და ღრმა, როგორც ფიქრები ყოველივე არსებულის, მათ შორის სილამაზის სიმყიფეზე. ყვავილი ჭკნება. მხატვარი კი იხატავს მას და დახატვით იმახსოვრებს ამ წარმავალ მშვენიერებას – მხატვარი ამ ლამაზი წუთების კოლექციონერია.

საბედნიეროდ, სიკვდილზე ფიქრი არასოდეს მიპყრობს. მგონია, უბრალოდ უნდა დაივიწყო, რომ სიცოცხლე მიქრის. უნდა დატკბე იმით, რომ „ხელოვნება უკვდავია“. თავი ისე უნდა გეჭიროს, თითქოს სიკვდილი შენ არ მოგეკარება. და მაინც, სიკვდილი გართმევს შესაძლებლობებს, კეტავს სიცოცხლის კარს, ჩაშლის შენს გეგმებს და, უბრალოდ, გტაცებს მომავალს.

გეოგრაფიული დასახლებები და მათ შორის უზარმაზარი მანძილი ჩემს წარმოდგენაში ხშირად კარგავს თავის მნიშვნელობას. თამუნა სირბილაძის გამოფენაზე მაშინ, გალერეის მესამე სართულზე, უეცრად აღმიდგა ყველაფერი, რაც ათი წლის განმავლობაში მოხდა და ჩემს გონებაში ერთმანეთს მიჰყვა: ამსტერდამი, ნიქოზია, თბილისი, ვენა, ნიუ იორკი...

„ხელოვნება შეხვედრის ადგილია, კარგი გამოფენა - ქვეყნიერების გული..." - მინდოდა, ეს ჩემ გვერდით მყოფი მეგობრისთვის მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე. ამის მაგივრად ვუთხარი: "წამო, რა, ცენტრალურ პარკში დავსხდეთ".

იმ ზაფხულს ნიუ იორკში ძალიან ცხელოდა.