„ყველაფერი, რაც გგონია, რომ დამოკიდებულებაზე იცი, არასწორია“. 

მეგობრისგან სახლში ბრუნდება. ქუჩაში პოლიცია აჩერებს და მანქანაში ტენის. შეშინებულია. მანქანაში ყველა ჩუმადაა, კითხვებზე არავინ პასუხობს. განყოფილებაში მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ იარაღის შენახვისთვის აპატიმრებენ და წლების გატარება ციხეში მოუწევს. იარაღი მართლაც აქვს, თუმცა, როგორც ჰყვება, იმ დროს მეგობართან აქვს დატოვებული. არასდროს გამოუყენებია, სროლაც არ იცის. უბრალოდ, დროდადრო აჩენს ხოლმე მეგობრებთან, ჰგონია, რომ იარაღით უფრო კაი ტიპი გამოჩნდება. „მერე გავიგე, რომ გოგო, რომელთანაც მანამდე ურთიერთობა მქონდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოიყვანა ცოლად. ნაღდად ამ პოლიციელის გაჩალიჩებული იყო“, – ამბობს რეზო. ეს 90-იანების შუა წლებია, ასეთი ურბანული ლეგენდების ოქროს ხანა, როცა ისტორიების ნამდვილობის დადგენა ჯერ კიდევ ძალიან ძნელია. 

იმ დროს რეზო 16 წლის იყო. ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და მათემატიკა, ფიზიკა, ლიტერატურა აინტერესებდა. უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდებამდე ერთი კვირა რჩებოდა. „მიყვარდა საკუთარი თავი, ყველას ვუყვარდი. არაფრის არ მეშინოდა. და გამომკეტეს ერთ ოთახში. ჩემებს ვეუბნებოდი, არ მოხვიდეთ, არ მინდა თქვენი ნახვა-მეთქი. არ შემეძლო, აქეთ ვმჯდარიყავი, ისინი იქით – მინის მიღმა“, – ჰყვება რეზო. ოჯახის წევრები მის სანახავად მაინც მიდიოდნენ, მაგრამ რეზო ახერხებდა შეხვედრის თავიდან აცილებას. იმ იშვიათი შეხვედრების დროსაც, რამდენიმე სიტყვას თუ იტყოდა და მალევე საკანში ბრუნდებოდა. „არც მეგობრების ნახვა მინდოდა, არ მინდოდა მეგრძნო, რომ ვინმეს ვეცოდებოდი“. 

ციხეში ფსიქოტროპული პრეპარატების დალევას იწყებს. ხან დანიშნულებით აძლევენ, ხან სხვებს უწერენ და მათ სთხოვს გაყოფას. მერე ახალ გზას პოულობს – გარეთ ნაცნობს უკავშირდება და წამლების ყიდვისთვის ფულს სთავაზობს. შიგნით ციხის თანამშრომელთან დებს გარიგებას, რომ პრეპარატები დაბრკოლების გარეშე მიიღოს. „იმ გარემოდან მინდოდა გაქცევა. ერთადერთი გზა იყო, ძილში რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა. რობოტივით ვყლაპავდი წამლებს. უგრძნობლობა, არაფერზე ფიქრი, არაფერზე ნერვიულობა – მხოლოდ ეს მინდოდა. იმდენჯერ გავთიშულვარ უგონოდ. ბოლოს წამლების გარეშე ვერ ვიძინებდი. ამ პრეპარატებით გონებას დედა ვუტირე, დავდებილდი, მაგრამ არ მაინტერესებდა. აღარც კაი ტიპი ვიყავი და ყველა მიზანმაც აზრი დაკარგა“. 

რეზო 4 წლის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. ფსიქოტროპული წამლების მიღება გააგრძელა, შემდეგ სხვა ნარკოტიკი გასინჯა – ჰეროინი, კოკაინი, სუბოტექსი. „ამის მერე მორჩა, არცერთი წუთი ფხიზელი აღარ ვყოფილვარ. არადა, ოჯახში სიგარეტსაც არავინ ეწევა, მე კიდე სულ ცუდი ვიყავი – ცუდი შვილი, ცუდი შვილიშვილი, ცუდი ძმა. არ მაინტერესებდა, სხვები რას განიცდიდნენ. დილით ავდგებოდი, გავიდოდი სახლიდან, სადაც მინდოდა, იქ ვაღამებდი და ვათენებდი. სხვა მიზანი არ მქონია“. 

ნარკოტიკის გასინჯვის ისტორია ყველას თავისებური აქვს, ყველა სხვადასხვაგვარად აღებს ამ კარს, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ არსებობს ტენდენცია – პირველად ნარკოტიკს მოზარდობისას სინჯავენ. ახალგაზრდები ნარკოტიკის მოხმარების მიზეზად განტვირთვისა და თრობის სურვილს, შფოთის დათრგუნვას, თავდაჯერებულობის მომატებას, მოწყენილობასა და დეპრესიასთან გამკლავებას, შრომისუნარიანობის გაზრდას ასახელებენ. 

დევიდ მასტო, ნარკოპოლიტიკის ექსპერტი, თავის კვლევაში „დამოკიდებულების გზა“ ამბობს, რომ აშშ-ში ნარკოტიკების მოხმარება განსაკუთრებით ვიეტნამის ომის შემდეგ, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის დროს გაიზარდა. საპროტესტო მოძრაობების პარალელურად, ნარკოტიკების მიღებაც ამბოხის, უკმაყოფილების და უიმედობის გამოხატვის ფორმა გახდა. აპალაჩების რეგიონის შტატებში, ოპიატების ზედოზირებით დღეს მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე აშშ-ის სხვა რეგიონებში ერთად. მიზეზად რეგიონის სიღარიბეს, უმუშევრობასა და განათლების დაბალ დონეს ასახელებენ. 

„გაბრაზებული ვარ ხალხზე, ამ სიტუაციაზე, – ამბობს რეზო, – სულ ცუდს ვეჯახები, უარყოფით ემოციებს. დავდივარ და ვგრძნობ, მეზიზღება ეს ქვეყანა. არ არსებობს ვინმე, ვისაც რამე მაინც არ სჭირს. ყველა სადღაც იხრჩობა. და ამის ყურება საზიზღრობაა.

მეც ისე დავბინძურდი, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ქვეყნის ბრალია. ციხის მაინც ხომ არის? საერთოდ აღარაფრის მრცხვენოდა – გავითიშებოდი და მომაბრუნებდნენ, სხვები გაითიშებოდნენ და მე ვუმტვრევდი ჩანგლით კბილებს. გგონია, მერე სირცხვილს ან ბრაზს გრძნობ? არა, გკიდია ყველაფერი.

რაღაც წვრილმან პრობლემას დავეჯახებოდი და ხუთმაგ დოზას ვიღებდი. სხვანაირად არ შემეძლო, წამალი იყო ერთადერთი, რაც ყოველდღიურობასთან გამკლავებაში მეხმარებოდა“.

დამოკიდებულების მეცნიერული ახსნა ამგვარია: დოფამინი, რომელსაც ტვინი ნებისმიერი სიამოვნების განცდისას გამოყოფს, განსაკუთრებით ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების დროს აქტიურდება. „შენც ხო გსიამოვნებს რაღაც? რაღაცაში ხო პოულობ კაიფს? ეხლა აიღე და ეგ ათზე გაამრავლე. წარმოიდგინე, სად წახვალ. ძაან მაღლა. ყველაფერი ზედმეტად მაგარია. ტვინში გელექება ეგ მომენტები. სულ ეგრე ყოფნას ცდილობ“, – ამბობს რეზო. 

ნარკოტიკული ნივთიერებების ხანგრძლივად მოხმარებისას, ბუნებრივად გამოყოფილი დოფამინი მცირდება, ხოლო ნებისმიერი სიამოვნების განცდის უნარი ქვეითდება. უსიცოცხლობასა და დეპრესიასთან გამკლავება დროთა განმავლობაში სულ უფრო რთული ხდება. 

ბრიტანელი ჟურნალისტი იოჰან ჰარი წლებია, ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს, პროფესორებს და მკლევრებს ხვდება. Tedtalk-ში „ყველაფერი, რაც გგონია, რომ დამოკიდებულებაზე იცი, არასწორია“ – ჰარი გვეკითხება: რატომ არ ვიაზრებთ დამოკიდებულებას ხელახლა? ასეთი გაგებით მასთან გამკლავებას ხომ ათეულობით წლებია, ვერ ვახერხებთ. დროა, ვაღიაროთ, რომ ტვინში ქიმიური პროცესით გამოწვეული დამოკიდებულება მეორადი შედეგია და რომ მას – პირველ რიგში, „გალიაში ყოფნა“, გარემოსთან შეუგუებლობა იწვევს, – ამბობს ჰარი. ნიდერლანდელი პროფესორის პიტერ კოჰენის აზრით, სიტყვა დამოკიდებულება საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან და მას „კავშირი“ ვუწოდოთ. ადამიანი ჯანსაღი, ბედნიერი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის და როდესაც ამას ვერ აღწევს, ისეთ კავშირს ეძებს, რომელიც შვებას მოუტანს. აზარტული თამაშები, პორნოგრაფია, ნარკოტიკები – ნებისმიერი დამოკიდებულება ამ კავშირის ძიებაა. 

დამოკიდებულების ამგვარი გააზრება პრაქტიკულ მიდგომებში იშვიათად აისახება და ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც საქართველოში, მისი დაძლევის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ჩანაცვლებითი თერაპიაა. წამალზე დამოკიდებული ადამიანები საქართველოში ძირითადად მეტადონის და ბუპრენორფინის ჩანაცვლებით თერაპიას სახელმწიფო და კერძო კლინიკებში გადიან. პროგრამაში ისინი ერთვებიან, ვინც ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკს მოიხმარენ. ცენტრებში წამალდამოკიდებულ ადამიანს იმ ჯგუფის ნარკოტიკს ურჩევენ, რომლებსაც მანამდე იღებდა. ექიმები პაციენტებს უდგენენ დოზასაც, რომელიც მათ შიმშილს მოუკლავს, მაგრამ არ გააბრუებს. ეს ნარკომომხმარებლებისთვის დამოკიდებულების მართვის ერთ-ერთი გზაა. ცენტრებში მომხმარებლებს ორკვირიანი დეტოქსიკაციის გავლაც შეუძლიათ. ამ დროს ნარკოტიკული ნივთიერებებისგან ორგანიზმი იწმინდება და ფიზიკური დამოკიდებულება იხსნება. ეს პირველი ნაბიჯია. ყველაზე რთული ამის შემდეგ იწყება – ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევა. საქართველოში დეტოქსს მხოლოდ ორკვირიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია მოსდევს. „ბევრისთვის მკურნალობა წარუმატებელია, რადგან ქვეყანაში ხანგრძლივი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ დეტოქსზე დახარჯული ფულიც უაზროდ იფლანგება“, – ამბობს დავით ოთიაშვილი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ექიმი მარკ ტინდალი კი ფიქრობს, რომ მხოლოდ დეტოქსით მკურნალობა იგივეა, მძიმე ასთმიან პაციენტს მარათონში სირბილი მოსთხოვო ან დეპრესიაში ადამიანს – უბრალოდ იყოს ბედნიერი.

რეზო ორკვირიანი დეტოქსის გავლის შემდეგ „კამარაში“ მიდის. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ამ ცენტრში ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულების დაძლევაში ეხმარებიან.

„დავიღალე, – მეუბნება რეზო, – ალბათ გავიზარდე კიდეც. სხვა რამეებით მინდა ვისწავლო კაიფი, მაგრამ მე თვითონ ჩემ თავს ვერ ვეხმარები. აქ ვმშვიდდები, გახსნილად ვლაპარაკობთ, რაღაც კავშირი გვაქვს და ასწორებს.

იგივე პრობლემას სხვაც რო ებრძვის, ეგეც სტიმულია. ერთი დღე არ გამიცდენია. მეშინია მაინც, ყველაფერი იმ დროს მახსენებს. ვცდილობ, ეს სურვილი ნელ-ნელა გავაქრო. ბევრ რამეს ვერიდები. ტელეფონს არ ვატარებ, არავისთან კონტაქტი არ მაქვს. არ ვარ ისე ძლიერად. დრო მჭირდება“.

***

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეულმა, ერთმანეთისგან მოწყვეტილმა ტომებმა თუ კულტურებმა ჯერ კიდევ 10 ათასი წლის წინ მიაგნეს სხვადასხვა მცენარის უცნაურ შესაძლებლობებს. ანტიკური სამყაროს ადამიანს სჯეროდა, რომ იმ მცენარეებს მაგიური ძალა ჰქონდა. ერთ-ერთი უძველესია „ჯადოსნური სოკო“, რომელიც პირველად აფრიკულ სამარხებში აღმოაჩინეს. მისი ჭამა ღებინებას და ჰალუცინაციას იწვევს, თუმცა ადამიანს სწამდა, რომ ამ დროს გონება თავისუფლდებოდა. ოპიუმს საძილე საშუალებად, დამამშვიდებლად, ტკივილგამაყუჩებლად, ლიბიდოს გასაუმჯობესებლად იყენებდნენ. შამანების სამარხებში აღმოჩენილ კანაფს რელიგიური რიტუალებისას და მედიტაციისას იღებდნენ. ძველბერძნულ და რომაულ სამედიცინო სახელმძღვანელოებში სამკურნალო მცენარეების გვერდით ჩამოთვლილია წამლები, რომლებიც ადამიანს აძინებს, ათავისუფლებს ტკივილისგან და, შესაძლოა, სიგიჟეც კი მოჰგვაროს. შუა საუკუნეებში ნარკოტიკებს, თრობისა და სიამოვნების მიღების გარდა, ხშირად რელიგიურ რიტუალებში იყენებდნენ და ამით უცნობ ცოდნასა და სივრცეებთან წვდომას ცდილობდნენ.

მე-18-მე-19 საუკუნეებში ნარკოტიკისგან უკვე სინთეტიკურად ამზადებდნენ წამლებს და მედიცინაში იყენებდნენ. მოგვიანებით ეს მედიკამენტები ქუჩებში ხვდება, სახეს იცვლის, ხარისხი იკარგება – ნარკოტიკზე ხელი სულ უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება. იქმნება ახალი რეგულაციები მისი გავრცელების შესაჩერებლად, თუმცა მიწოდების გზები ისე სწრაფად იცვლება, რეგულაციები მაშინვე კარგავს ძალას. დღეს ინტერნეტია ის სივრცე, სადაც ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომია, მისი მიღების გზები კი – მუდმივად განახლებადი.

2000-იანი წლებიდან აშშ-სა და ევროპაში იქმნება ორგანიზაციები, რომლებიც იბრძვიან უფლებისათვის – ადამიანმა თავად გადაწყვიტოს როგორ მოექცეს საკუთარ სხეულს. „მე არ მიშლის ხელს ნარკოტიკი, – მეუბნება ზაზა, – სულ მეჩხუბებიან, მაგრამ მაინც მაგ აზრზე ვარ. ხალხი ქეიფობს, მე კიდე არ ვსვამ და ხომ შეიძლება, რაღაცით განვიტვირთო. სიფხიზლით კაიფი რო მქონდეს დამუღამებული, რაღა მიჭირს. დიდი კი არის უკან შებრუნების რისკი, მაგრამ თუ საკუთარ თავს ხელში აიყვან, რატომაც არა“. თუმცა, კვლევები დღემდე ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე: აქვს თუ არა ადამიანს ძალა, მართოს და აკონტროლოს ნივთიერებაზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ადი ჯაფი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ კვლევები ისეთი მწირია, სრულ სურათს დღემდე ვერ ვხედავთ, ამიტომ დამოკიდებულების მართვის გზები მკაფიოდ ჯერ კიდევ არ ჩანს. 

„18 წლის ასაკში გავსინჯე პირველად და ძალიან იშვიათად ვიღებდი წლების მანძილზე, – ამბობს ნანა, – 34 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მაგრა შევტოპე. ამ საფრთხეს მანამდე ვერ ვაცნობიერებდი. მერე დავიწყე გამოძრომის გზების ძებნა. ვფიქრობდი, აი, ხვალიდან დავანებებ-მეთქი. მერე მეორე დღისთვის ვდებდი და ასე გაგრძელდა 8 წელი. ყოველდღე ვიღებდი ნარკოტიკს“. 

„როცა მეკითხებიან, ლომკა რა არისო, სულ ვამბობ, რომ ეს სულის ტკივილია, – მეუბნება თემო ხატიაშვილი, – ყველაფერი მხოლოდ მუქ ფერებშია. ადამიანებში სიკეთის დანახვას ვეღარ ახერხებ“.

 „ყველაზე ცუდი რა არის, იცი? ემოციას ვერ უმკლავდები, – ამბობს ირაკლი, – წამლის მიღებას წყვეტ და ყველა ემოცია გარეთ გამოდის. არადა, გააგრძელებ და სიამოვნებასაც ვეღარ იღებ. მერე უკვე მხოლოდ იმისთვის გჭირდება, რომ იარსებო – ჭამო, იარო, დაიძინო. და ამ ჭაობიდან ამოსვლას ცდილობ“.

 „აფორიაქებული ყოფილხარ რამის გამო? აი, მთლიანად ფორიაქში ხარ, ადგილს ვერ პოულობ და ეს გრძელდება სულ, შეიძლება საიდანღაც გადმოხტე“, – ამბობს ნანა.

ნანას „ახალ ვექტორში“ ვხვდები. ნარკოტიკების მომხმარებელთა ეს თვითორგანიზებული ქსელი 2006 წლიდან არსებობს და ადამიანებისთვის თვითრეალიზაციის ალტერნატიული სივრცის შექმნას ცდილობს. ნარკოტიკის მიღება რომ შეწყვიტა, ნანამ ცენტრში დაიწყო მუშაობა და ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ხელსაქმის, კომპიუტერისა და უცხო ენების პროგრამას ხელმძღვანელობს. „ახალი ვექტორი“ ნარკოტიკის მომხმარებლებს ზიანის შემცირების გზებს ასწავლის და შეძენილი დაავადებების მკურნალობაშიც ეხმარება. 

ნარკომომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ალტერნატივის შეთავაზებაა, იმ ენერგიის და დროის სხვა საქმეზე დახარჯვა, რომელსაც წამლის მოპოვებასა და მიღებას ახმარს. „წარმოიდგინე, წლები ცხოვრობ ასე: დილით დგები, გადიხარ და ნარკოტიკს ეძებ. მეტი არაფერი“, – მეუბნება ირაკლი. „ყველაზე მაგარი სამსახური მქონდა – ნარკოტიკის შოვნაში ვიყავი 24 საათი“, – ამბობს თემო.

„როდესაც შენი საყვარელი ადამიანი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, გინდა უყვირო, რომ გაჩერდეს, მაგრამ ეს არ მუშაობს. დამოკიდებულებას მხოლოდ ახალი კავშირები ცვლის, – ამბობს ჰარი, – ამიტომ, თუ ყველაზე ცუდი სისტემა გინდა, შექმენი ისეთი, რომელიც ნარკოტიკების მიღებას ადამიანებს დასჯით გადააფიქრებინებს. ამ დროს დაკარგული მიზნების, კავშირის დაბრუნების შანსი ქრება და ჩნდება უფსკრული მათსა და დანარჩენებს შორის“.

თუმცა ბევრი ქვეყანა დღემდე ნარკოტიკის მოხმარებას დასჯით ებრძვის. საქართველოში, 2006 წლიდან, ქუჩიდან ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და 2013 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 60 ათასს აღწევს. ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული ადამიანების 89% ციხიდან გამოსვლისთანავე უბრუნდება ნარკოტიკების მოხმარებას, დარჩენილი ნაწილი კი – რამდენიმე თვეში.

სამართლებრივი დევნა ბაზარზე ნარკოტიკით ვაჭრობას და მოხმარებას ამცირებს, თუმცა ვერ უმკლავდება ქვეყანაში კუსტარულად ნარკოტიკების წარმოებას. დავით ოთიაშვილი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ დასჯილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ განაგრძობს ნარკოტიკის მოხმარებას. 

ჰეროინის, კოკაინისა და სუბოტექსის ბაზრიდან გაქრობის შემდეგ, შავი ბაზარი გაძლიერდა – ნარკომომხმარებლებმა აფთიაქებში ნაყიდი მედიკამენტებით ნარკოტიკების კუსტარულად დამზადება დაიწყეს. სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობა არ შემცირებულა. ინტერნეტსივრცეში კი თავისუფლად ვრცელდება ქიმიურად ნარკოტიკის დამზადების ათასნაირი ხერხი ახალგაზრდებისთვის. 

დასჯის პოლიტიკაზე დაკვირვებამ სპეციალისტთა უმეტესობა დაარწმუნა, რომ ნარკოტიკის არალეგალურად გამოცხადება მის მოხმარებას მაინც ვერ ამცირებს. „მედია სავსეა იმიჯებითა და ამბებით იმის საჩვენებლად, რომ ნარკომომხმარებლები უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, – ამბობს მარკ ტინდალი, – თუმცა, ამ მასალის მიღმა პერსონალური ისტორიები არ ჩანს. ვეღარ ვხედავთ, რომ ნარკოტიკი ხშირად ტკივილებისგან განკურნების მოკლე გზაა ადამიანებისთვის და მილიონობით მათგანი უიმედობისა და სიღარიბისკენ მიექანება. ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ ამ უიმედობასა და სიღარიბეს ნარკოტიკი კი არა, კანონი იწვევს“. ტინდალი ამტკიცებს, რომ წამალდამოკიდებულება არა ძალოვანი სტრუქტურების, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზრუნავია. 

ნარკოტიკთან ბრძოლის სხვა გზა აირჩია პორტუგალიამ და დასჯის ნაცვლად ინვესტიცია მომხმარებლების რესოციალიზაციაში ჩადო. სარეაბილიტაციო ცენტრებში თერაპიები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. გაიხსნა დასაქმების სააგენტოები, გაიცემოდა მიკროსესხები მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. 15 წლის შემდეგ (ბრიტანეთის კრიმინოლოგიური ჟურნალის მიხედვით), პორტუგალიაში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი 50 პროცენტით შემცირდა, რადიკალურად იკლო ზედოზირებამ, ინფექციური დაავადებების მაჩვენებლები თითქმის განახევრდა.    

საქართველოში ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 2.24 პროცენტი, 52,500 ადამიანი მძიმე ნარკოტიკზეა დამოკიდებული და მათ ყოველდღე იღებს. საქართველო წამალზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მესამე ადგილზეა და მას რუსეთი და სეიშელის კუნძულები მხოლოდ მცირედით უსწრებენ.

„2011 წლამდე გერმანიაში ვცხოვრობდი. იქ ჰეროინს და კოკაინს ვიღებდი. ჩამოვედი და აქ ყველაფერი გამქრალი დამხვდა“, – ამბობს თემო ხატიაშვილი. თემო მეგობრებთან ერთად ყოველ დილით აფთიაქში კრაკადილის ინგრედიენტების საყიდლად მიდიოდა. აფთიაქიდან გამოსულებს პოლიცია ხვდებოდათ. წელიწად-ნახევარში რამდენიმე ნასამართლეობა აქვს და დაახლოებით 20,000 ლარი ჯარიმა გადახდილი. მთელი სამეგობრო დღეს პრობაციონერია – პირობითი მსჯავრის ამოწურვამდე პრობაციის სააგენტოში კვირაში ერთხელ დღემდე დადიან.

„დაკავების დროს ჩვენს თანამშრომლობაზე დათანხმებას ცდილობდნენ, – ჰყვება თემო. „შემოდიოდნენ ვითომ დაკითხვაზე, თუ თანამშრომლობაზე შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ, ცხოვრებას გაგიმწარებთო, გვიყვიროდნენ. ვერ გადმოვცემ, როგორ უსამართლობას გრძნობ ამ დროს. ყველაზე დაუცველი ხარ. თან იცი, სერიოზული ბარიგები ყოველთვის თავისუფლებაზე რჩებიან. შენ კიდე ვერავის სთხოვ დახმარებას და რასაც უნდათ, იმას გიშვრებიან. ძლივს მოვიგერიე. ბევრი დაითანხმეს ეგრე და ვერც გაამტყუნებ“.

თემომ მკურნალობა რამდენჯერმე დაიწყო. ბოლოს, დეტოქსზე ორი კვირით სტაციონარში დაწვა, შემდეგ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია „კამარაში“ განაგრძო. ყოველ დილით დადიოდა ტიხრული მინანქრის ტექნიკის სასწავლად. საღამომდე სიგარეტიც არ ახსენდებოდა. „წარმოიდგინე, უცბად ნარკოტიკის იდეალური შემცვლელი ვიპოვე“, – ჰყვება თემო. ნარკოტიკის ყოველდღიური მიღებიდან თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ მიღებაზე გადავიდა. დღეებს რაუნდებად ყოფდა, თითო დღე თითო რაუნდი იყო. რაუნდი მოგებულად ითვლებოდა, თუ ის დღე ფხიზლად ჩაივლიდა. ბოლოს ოცი-ოცდაათი რაუნდიდან მხოლოდ ერთს აგებდა. უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საგნებში მომზადებაც დაიწყო. 

25 დეკემბერს მეგობართან „კრაკადილს“ ხარშავდნენ. თემო შპრიცში ერთ დოზას იღებს და გარეთ გადის. ორივე მხრიდან მანქანები ჩერდება. წამლის გადასხმას ასწრებს, მაგრამ შპრიცში ერთი წვეთი მაინც რჩება. „ამისთვის ვინ დამიჭერს-მეთქი. თან ახალი წელი მოდიოდა“. აკავებენ. მეორე დღეს გამომძიებელი ეუბნება, რომ შვიდიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ექვს თვეს ციხეში ატარებს და ხუთწლიანი პირობითი სასჯელით გამოდის. არადა, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ოცდაათიდან უკვე მხოლოდ ერთ რაუნდს აგებდა. ციხის შემდეგ ისევ ყველაფერი იცვლება. ნარკოტიკს ყოველდღე იღებს. აღარც ჩაბარებაზე ფიქრობს, ჯერ მზად არაა, ციხეში რცხვენოდა უნარების წიგნის ფურცვლა. რაუნდების ათვლასაც ხელახლა იწყებს და „კამარაში“ ბრუნდება. 

 

სტატიის მულტიმედია ვერსია: indigo.com.ge/node/4202