ინტერვიუ მერაბ სურვილაძესთან

მერაბ სურვილაძე, მხატვარი.

ცხოვრობს ბრიუსელში.

წლების განმავლობაში მას იცნობდნენ, როგორც კოლორიტული და გროტესკული ნამუშევრების ავტორს, თუმცა ერთხელაც მერაბ სურვილაძის მხატვრობა სრულიად სხვა სახის პროექტად გადაიქცა: მისი აბსტრაქტული მხატვრობის მთავარი თემა ზედხედი და ჩრდილებია.

ხ.ხ.: თავიდან ნაივის ტიპის მხატვრობით დაიწყე, გიცნობდნენ როგორც ფიგურატიული ნამუშევრების ავტორს.

მ.ს.: პირველი ნამუშევარი, რომელიც 1990-იანების დასაწყისში დიდ გამოფენაზე მოხვდა იტალიაში და გაიყიდა, მართლა ბავშვის ნახატების მიხედვით გავაკეთე. ისეთი გამოსახულება იყო, ბავშვები წერტილებით და მძიმეებით პატარა კაცუნებს რომ ხატავენ ხოლმე. ექსპრესიული და ცოტა გროტესკული გამოვიდა. საქართველოდან რომ წავედი, ნამუშევრებში ნაციონალური კულტურის ნიშნებიც გაჩნდა, ოღონდ იდეოლოგიური პათოსის გარეშე. კაცუნებს ჩოხებში გამოვსახავდი, მაინტერესებდა გერალდიკა, რომანტიკაც წარსულის მიმართ. ემიგრაციის პირველ ეტაპზე, ეს ალბათ გასაგებიც იყო.

ხ.ხ.: ნაივი ფიროსმანთან იყო დაკავშირებული?

მ.ს.: არა, ფიროსმანი მომწონს ისევე, როგორც ბევრი სხვა მხატვარი, თუმცა მიჯაჭვულობა არ მაქვს. რა თქმა უნდა, ბელგიაში რომ გადავედი საცხოვრებლად და ფლანდრიული მხატვრობა ორიგინალებში ვნახე, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ასევე ჰქონდა გავლენა სიურრეალიზმს, სერიაც კი გავაკეთე და „უცნაური გასეირნება“ დავარქვი.

პარალელურად ვმოგზაურობდი, დავდიოდი გალერეებში, გამოფენებზე. თავიდან მაღიზიანებდა თვალშისაცემი აგრესიულობა, პრიალა, თვალისმომჭრელი ზედაპირები, თუმცა მერე გავაცნობიერე, რომ ჩემი ხედვაც შეიცვალა. ბრიუსელში ერთ-ერთ სახელოსნოში მოვხვდი, სადაც ბევრი ახალგაზრდა მხატვარი მუშაობდა, იყვნენ ქუჩის არტისტებიც. მაშინ დავფიქრდი ჩემს პირად გამოცდილებაზე და განსხვავებების გააზრება დავიწყე.

შეიცვალა ჩემი მხატვრობაც. თითქოს ჩემს თავს ვუთხარი: მორჩა წარსული, დღეიდან მე ვხატავ დღევანდელ დღეს.

ხ.ხ.: ადამიანისთვის, რომელიც არ გიცნობს, ძნელად წარმოსადგენია, რომ შენი ნამუშევრებია ფიგურატიული ნაივიც და ჩრდილებიანი აბსტრაქციების კონცეპტუალური კოლექციაც, რასაც უკვე მოგვიანებით ქმნი.

მ.ს.: ოთხი წელია, რადიკალურად შეიცვალა ჩემი ხედვა. უამრავ გამოფენასა და არტბაზრობაზე მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ნაცნობი გახდა კომერციული წარმატება.

ხ.ხ.: შემიძლია გავიხსენო 2010 წელს შენი გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში, სადაც ფიგურატიული ნამუშევრები იყო უფრო გროტესკული ელემენტებით, ეროტიკული მოტივებით და 2017 წელს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის გამოფენა, სადაც უკვე „ჩრდილების“ თემა აჩვენე. ეს დიდი კონტრასტია. კომერციული წარმატება იყო ამ ცვლილების ძირითადი საფუძველი?

მ.ს.: გაყიდვით ჩემი ნამუშევრები სულ კარგად იყიდებოდა. ფიგურატიული ნამუშევრები, ე.წ. ნაივი, ყურადღებას სულ იქცევდა დასავლეთში, შესაძლოა იქაურობისთვის უცხო იყო, ეგზოტიკური და ეს იზიდავდათ. აი, „ჩრდილები“ უკვე სხვა ეტაპია, რომელიც უფრო ახლოს არის იმ პროცესებთან, რაც ახლა ხდება მხატვრობაში, აქ უკვე აღარ არსებობს ნაციონალური ან რამე სხვა საზღვრები.

ხ.ხ.: შენი ხედვის და არტისტული პოზიციების ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი იყო იან ფაბრთან შეხვედრა?

მ.ს.: რა თქმა უნდა. შემთხვევით აღმოვჩნდი მის ტექნიკურ გუნდში, რომელიც 2011 წელს ვენეციაში დიდი შოუსთვის ემზადებოდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, უზარმაზარ მულტიმედიურ ინსტალაციას ისეთი არტისტული მასშტაბები ჰქონდა. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ შეცვალა.

ხ.ხ.: გაჩნდა რამე თემა ემიგრაციის პირველ პერიოდში, როგორც რეაქცია კონტექსტის ცვლილებაზე?

მ.ს.: ერთი პერიოდი ძალიან მიყვარდა ზედხედები, ფანჯრიდან დანახული სახურავები, ჩრდილები. აქედან დაიწყო ჩრდილების თემა. ანუ, „ჩრდილები“ არ არის უეცარი ნახტომი სადღაც სხვაგან, ან უბრალოდ რაღაც კაპრიზი. როგორც ჩანს, ეს თემა სულ მიზიდავდა და გარკვეული დრო დასჭირდა, ფორმად რომ გადაქცეულიყო.

ხ.ხ.: როგორ მოხვდი პირველად ბრიუსელში?

მ.ს.: პირველი ვიზიტი ტურისტულ მოგზაურობას ჰგავდა, 1989 წელს, მაშინ ჯერ კიდვ საბჭოთა წესები იყო. უფრო მეტხანს დავრჩი, ვიდრე დაგეგმილი მქონდა, იქაურ სასწავლებელში – ლა კამბრეს აკადემიაში დავიწყე სწავლა. მერე დავბრუნდი, აკადემიაში მესამე კურსიდან გამრიცხეს გაცდენების გამო და საბუთების აღდგენა მჭირდებოდა. მეორედ უკვე გააზრებულად წავედი. ძალიან დამეხმარა ჩემი იქაური ბებია – ალეკა ბრანტი, საოცარი და სრულიად ექსცენტრული ქალი. ალეკა ცდილობდა, არტსივრცისთვის გაეცნო ჩემი თავი. წარმადგენდა ხოლმე, როგორც მხატვარს საბჭოთა კავშირიდან. მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძალიან უცხო სივრცე იყო და ამიტომ ყველას აინტერესებდა, გაეცნოთ ადამიანები საბჭოეთიდან. 

ფოტო: მერაბ სურვილაძის პირადი არქივი