2013 წლის 10 ივნისია, ზაფხულის თბილისის დახუთული საღამო. დინამო არენასთან, იმ ადგილას, სადაც კლუბ BASSIANI-ს შესასვლელია, ბექა და ანა მაღაზიაში სახლის ნივთებს ყიდულობენ. ხელსახოცებს, ფერად ნაჭრებს ჩანთაში ალაგებენ და გამოდიან. ანა მაღაზიაში ბრუნდება, საქსოვი ძაფების ყიდვა ავიწყდება. ბექა მოაჯირთან ჯდება, ხელებით მუხლებს ეყრდნობა და ფიქრობს, როგორ გაატარებს საღამოს სახლში, თავის ანასთან ერთად.

მოპირდაპირე მხარეს ორი მანქანა ჩერდება, საიდანაც რვა კაცი გადმოდის. ქუჩას სირბილით გადმოკვეთენ და ბექას ალყაში აქცევენ. „ხელები დაუჭირეთ! გააკავეთ, ჩანთა წაართვით! გაჩხრიკეთ!“ – ბოლო ხმაზე ყვირის პოლიციელი. ბექას ჩანთას ართმევენ, ახლად შეძენილ ფერად ნაჭრებს, წიგნებს, ხელსახოცებს იქვე ამოყრიან, ნივთებს შორის თეთრი დაკეცილი ქაღალდია ჩაჩურთული. პოლიციელი ქაღალდს შლის და ყვირის: „ესაა ხო? ხო ესაა? შენი ბობ მარლი დედა მოვტყან!“ ქაღალდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის ნივთმტკიცება ყრია – რამდენიმე გრამი მარიხუანა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ბექა და ანა პოლიციაში გადაჰყავთ.

დაკითხვა ცალ-ცალკე გრძელდება. „პატარა გოგო ხარ, რა გინდა ამ ბომჟთან?“, „შეგაცდინა ხო ამ მანიაკმა?“, „დაანებე თავი ამ ნაბიჭვარს!“ – ეუბნებიან ატირებულ ანას. „გვითხარი, სად გაქვს დანარჩენი, თორემ მარტო შენ კი არა, მაგ შენს გოგოსაც დავიჭერთ!“ – აგინებენ ბექას, რომელიც პოლიციელებს წინა დღით დალაგებული სახლის კარს უღებს. დარჩენილი ნივთმტკიცებაც ამოღებულია – ჯამში 70 გრამი მარიხუანა. ბექა შუაღამისას კარცერში გადაჰყავთ, ანას კი სახლში მანქანით აცილებენ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, თავი XXXIII, მუხლი 260: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 14 წლამდე.

ბექას ელოდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ადამიანის მოკვლაზე, გაუპატიურებაზე, მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო დამზადების ბრალდებაზე უფრო მძიმე სასჯელი – დიდი ოდენობით მარიხუანის შენახვა-მოხმარება. „რამდენ წელს მისცემენ?“ – ეკითხება ანა ადვოკატს. „7-დან 14 წლამდე“, – პასუხობენ. ბრალდებულ წიქარიშვილს გლდანის საპატიმროში ათავსებენ, თვრამეტ დღეში კი 10.000-ლარიანი გირაოს საფუძველზე უშვებენ, საბოლოო განაჩენის დადგომამდე.

ბექა წიქარიშვილი 26 წლის მუსიკოსი, ფოტოგრაფი და მკვლევარია.

19 წლის ანა კაპანაძე კი, ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტი.

პირველივე სასამართლო პროცესის წინა ღამეს, ანა და ბექა ორ მეგობართან ერთად ქორწინების სახლში მიდიან და ხელს აწერენ. ციხის პაემნებისთვის სახელმწიფო ბიუროკრატიის თანხმობა აუცილებელია. „ჩვენი ერთადერთი მიზანი მაშინ სასამართლო პროცესის გაწელვა იყო. საპროცესო გარიგებებით ვვაჭრობდით. ხან რას ვიმიზეზებდით, ხან რას. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სასამართლო სხდომები როგორმე გადაგვედო“, – ამბობს ანა.

ბექას წინააღმდეგ სახელმწიფო სისტემა მუშაობს – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკით, რომელსაც ზურგს ნარკომომხმარებელთა მიმართ საზოგადოების უმრავლესობის უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება უმაგრებს. „ადამიანებს აქრობდნენ ქუჩებიდან, სახლებიდან. ისე აპატიმრებდნენ ნარკოტიკის მოხმარების გამო, რომ ვერც კი ვიგებდით. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო“, – იხსენებს ბექა.

ბექას დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე „2 ივნისის მოძრაობა“ იქმნება. ასობით ადამიანი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას საპროტესტო აქციებზე ითხოვს. ბექასთვის განაჩენის გამოტანას ალბათ ეს პროცესიც უშლის ხელს. „ვიცოდით, რომ ეს დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. ერთ დღესაც განაჩენი დადგებოდა და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ციხეში მომიწევდა. ქვეყნიდან გაქცევის გეგმაც კი გვქონდა, ან უბრალოდ სასწაულის უნდა გვერწმუნა“.

ბექას მეგობრებს, იურისტებს – გიორგი დავითურს, ვახუშტი მენაბდესა და გურო იმნაძეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც მოქალაქეები სასამართლოსგან 70 გრამი მარიხუანის ფლობისა და მოხმარებისთვის პატიმრობის უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.

ეს იყო პროცესი, სადაც ერთი ადამიანის ბედი წყდებოდა. „და, ამავე დროს, ეს იყო დიდი ამბის, დიდი მოძრაობის, განსხვავებული არგუმენტების ხანგრძლივი დაპირისპირების კულმინაცია, – ამბობს ვახუშტი მენაბდე, –

ბექამ თქვა: მე ვიქნები ის, ვინც იბრძოლებს არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ფიქრობს: საზოგადოებრივ საფრთხეს არ ქმნის მარიხუანის მოხმარება, მაგრამ მაინც, რამდენადაც შემიძლია, სანიმუშოდ დავსჯი კონკრეტულ პიროვნებას სხვების დასაშინებლად“.

საკონსტიტუციო სარჩელის შეტანიდან რამდენიმე კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს: „ცალსახად შემიძლია გითხრათ, სანამ ხელისუფლებაში ვართ, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, გამორიცხულია, არ დაიშვება და არც განიხილება“, – ხელისუფლების რიტორიკა და საზოგადოების მოთხოვნა სულ უფრო მეტად სცდება ერთმანეთს.

ბრალის წარდგენიდან თითქმის ერთი წლის თავზე და დასკვნით პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, ბექასა და ანასთან მეგობრები იკრიბებიან. სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში სხედან და სვამენ. ყველა შესაძლო გზა უკვე სცადეს, ახლა აღარავინ იცის, რა მოხდება. პიანინოზე დედის გამოგზავნილი სპორტული ტანსაცმელი დევს, რომელიც ბექამ ციხეში უნდა ჩაიცვას.

– ასე ჩუმად როგორ უნდა წახვიდე, ბიჭო? არავის არ უნდა გავაგებინოთ, რა ხდება?!

– როგორ უნდა გავაგებინოთ?

– ავდგეთ და ჩავწეროთ. ჩავრთოთ კამერა, დადექი და მოყევი ყველაფერი.

ბექა კედელთან, ჩართული კამერის წინ დგება. „ეს არ არის მხოლოდ ჩემი შემთხვევა, ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც ეხება უამრავ უდანაშაულო, არაკრიმინალ ადამიანს. ადამიანებს, რომლებიც არათუ იზოლაციას საჭიროებენ, არამედ დახმარებას – საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან. ვაიძულოთ სახელმწიფო, მორჩეს იმ ძალადობას, რომელსაც წლებია ახორციელებს უდანაშაულო ხალხის მიმართ!“ ვიდეოს იუთუბზე ტვირთავენ. რამდენიმე დღეში მას ათიათასამდე ადამიანი ნახულობს. ვიდეომიმართვებს ავრცელებენ მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, ჟურნალისტები იმავე გზავნილით: „როგორ შეიძლება, ადამიანი მარიხუანის მოხმარების გამო ციხეში ჩავსვათ!”

პროცესი, რომელზეც საბრალდებო დასკვნა უნდა გამოცხადებულიყო, ისევ გადაიდო. „დამიჭერდნენ თუ არ დამიჭერდნენ, ჩემს ცხოვრებაში მაინც ახალი ოდისეა იწყებოდა. სულ ასე იყო, ბავშვობიდან მოყოლებული“.

ბექას პირველი დიდი თავგადასავალი პირველი კლასიდან იწყება, როდესაც 1990-იანებში მისი ოჯახი საბერძნეთში გადაიხვეწება. კონტრასტი იმ პერიოდის ჩაბნელებულ, კრიმინალურ თბილისსა და სალონიკის მზიან სანაპიროებს შორის დრამატულია. ტომ სოიერის ასაკის ბექა ქალაქში დახეტიალობს, „შატალოებს“ ზეთისხილის ხეივნებიან ქუჩებში, ანტიკურ ძეგლებს შორის ძრომიალსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატარებს. ცხრა წლის შემდეგ, თბილისში თავისუფლების უჩვეულო განცდა და საკუთარი თავის რწმენა მოჰყვება. მარტო ბრუნდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. სწავლობს, თან მუსიკაში პირველ ექსპერიმენტებს ცდის.

მეორე ოდისეის დასაწყისი მისთვის პირველი ლაშქრობაა, სადაც მეგობარს მიჰყვება. გოდერძის უღელტეხილის გზაზე, ჩანთაში ტოლსტოის ორტომეული, თმის საშრობი ფენი და სუნამოები უწყვია. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, კარვებს ტყის ნაპირას შლიან. ბექა კარვებიდან ოდნავ მოშორებით, გოგოს შენიშნავს, რომელიც ბალახზე ზის და ბლოკნოტში რაღაცას იწერს. უკვე ღამით, როცა კოცონის გარშემო ყველა ერთად იკრიბება, ბექა ისევ იმ პატარა გოგოს აკვირდება, რომელიც გირჩებით ცეცხლის გაღვივებას ცდილობს. ბექა გირჩს იღებს და აწვდის:

– რა გქვია?

– ანა. შენ?

– ბექა.

ანა ახლა სიცილით იხსენებს გამოუცდელი ბექას პირველ ლაშქრობას, მის ფენს, ტოლსტოის ორტომეულსა და სუნამოებს. ბექასგან განსხვავებით, მისთვის ლაშქრობები ცხოვრების ნაწილია. „მეშვიდე კლასში ვიყავი, პირველად მარტო რომ დავრჩი კარავში, ღამით, ქარში, წვიმაში. შიშისგან გული მისკდებოდა, მაგრამ სულ დედაჩემის სიტყვები მახსენდებოდა: ვერასდროს, ვერავინ გააკეთებს შენს გასაკეთებელს. ასე მზრდიდა ბავშვობიდან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, დამოუკიდებელს“.

– მოკლედ, ეგრე. ყველაფერს მივედე, მოვედე და ბოლოს ანას გამოვედე.

– ბექას დაჭერამდე მართლა იდეალური პერიოდი გვქონდა. მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბექაც მუშაობდა, სახლი ვიქირავეთ, „მასტიკა“ წავუსვით, ოთახი ყვავილებით ავავსეთ. ყოველ საღამოს, წიგნებს ერთად ვკითხულობდით ხმამაღლა, ერთ გვერდს ბექა, ერთს – მე. იცი, როგორ მენატრება ის დრო?“ – იხსენებს ანა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლო 70 გრამი მარიხუანის ფლობისთვის პატიმრობას არაკონსტიტუციურად ცნობს და იმავე ღამეს ციხეს ასობით ადამიანი ტოვებს. „ბოლომდე არავის გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. ვყვიროდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით და გონებაში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებდა – გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ“, – იხსენებს ანა. „ეს ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. საზოგადოებამ გადამარჩინა, ცხოვრება დამიბრუნა და ახლა ეს სიკეთე უკან უნდა დამებრუნებინა“, – ამბობს ბექა.

საკონსტიტუციო სარჩელამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციელები კიდევ ერთ ფატალურ შეცდომას უშვებენ: ნარკოტესტირებაზე, მოქალაქე ლევან აბზიანიძეს ძალით ასმევენ მოსაშარდ აბებს. წნევის ვარდნის გამო ლევანი კვდება.

შემოდგომაა. ბექა და ანა სახლში არიან. ანა ტექსტილზე მუშაობს, ბექა მუსიკის თეორიებზე წიგნს კითხულობს. „...ესაა თანაბარი ინტენსივობის მქონე სიხშირეების ერთობლიობა, რომელიც ერთიანობით ქმნის ინტენსიურ ჟღერადობას – შიშინს. ის საშინლად შემაწუხებელია, მაგრამ ამავე დროს იყენებენ თერაპიაშიც. ამ მუსიკალურ ფენომენს თეთრი ხმაური ეწოდება“. ბექა ფრაზას მეორედ კითხულობს და ანას ეუბნება: „იცი, რა შეგვიძლია? აი, ამ თანაბრობით, ერთად შევქმნათ ინტენსიური ჟღერადობა, ხმაური, რომლითაც სისტემას საშინლად შევაწუხებთ და თან თერაპიისთვისაც გამოვიყენებთ!“

2015 წლის 10 ნოემბერს ინტერნეტში ახალი ვიდეომანიფესტი ჩნდება:

„...მათ იციან, რომ საგნების გაქრობა შეუძლებელია

და არ ებრძვიან ნარკოტიკს,

გვებრძვიან ჩვენ, მოქალაქეებს და გვაქრობენ პოლიტიკური ცხოვრებიდან.

სიცრუის დრო დასრულდა,

თეთრი ხმაურის დროა“.

ვიდეო ვირუსივით ედება ინტერნეტს. მოძრაობა სწრაფად პოულობს ახალ მოკავშირეებს: კლუბებს „მტკვარზე“ და „ბასიანი“, ქვიარ აქტივისტებს, ფემინისტებს, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს, 2 ივნისის მოძრაობას, სტუდენტებსა და პროფესორებს, პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს. „მთავარი განსხვავება „ბექა კრიმინალი არ არის“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ შორის ის იყო, რომ პირველი სასოწარკვეთის ფონზე დავიწყეთ, ხოლო მეორე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი გამარჯვების შემდეგ“, – ამბობს ანა.

აბზიანიძის ტრაგიკულ შემთხვევას 0.000009 გრამი დეზომორფინისთვის დაკავებული ბახუტაშვილის საქმე მოჰყვება, ბახუტაშვილისას – ხუციშვილის საქმე. „სახლში, გარეთ, კლუბში, ქუჩაში – ყველგან ყველა მხოლოდ ამაზე გველაპარაკება. არ წყდება ზარები ციხიდან. ეს ყველაფერი უკვე იმდენად საერთოა, რომ კოლექტიური ტკივილის პატარა ნაწილად ვიქეცი და აღარც ვიცი, რა დარჩა ჩემგან ის, რაც მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩვენი – ჩემი და ანასი“, – მიხსნის ბექა.

2016 წლის 20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის განყოფილებასთან მოძრაობის ყველაზე ხმაურიანი აქცია იმართება, იღებება და ილეწება პოლიციის მანქანები. აქტივისტები დემურ სტურუას საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 20 წლის ბიჭმა, რომელმაც პოლიციის ზეწოლას და შანტაჟს ვერ გაუძლო, თავი ჩამოიხრჩო. შემდეგი აქცია 2017 წლის 10 ივნისს იმართება. ბექას დაკავებიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ, თბილისის ქუჩებში 10 ათასი ადამიანი გამოდის მუსიკალურ კლიპში პოლიციის გაშარჟების გამო დაკავებული არტისტების გათავისუფლებისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის მოთხოვნით.

10 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ბოლო აქციაზე 8 ათასამდე ადამიანი საქართველოში ნარკოპოლიტიკის დაუყოვნებლივ შეცვლას ითხოვს, რომელსაც ათწლეულის განმავლობაში ათასობით მოქალაქის ცხოვრება, მომავალი, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. ახალი კანონპროექტი, რომელმაც დასჯის პოლიტიკა ზრუნვის პოლიტიკით უნდა შეცვალოს, ინიცირებულია. ახლა გადაწყვეტილება პარლამენტზეა: „ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ჩვენ დავასრულებთ!“ – ყვირის სცენიდან ბექა.

„ხვდები ახლა, რატომაა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მუსიკალური პროექტი თავისი დრამატურგიით? როგორ დაიწყო, ხომ გვახსოვს? 2006 წლიდან 2013 წლამდე ნარკოპოლიტიკაში საშინელებები ხდებოდა, მაგრამ არაფერი გახმაურდა. ეს აბსოლუტური სიჩუმე იყო და მე აღმოვჩნდი პირველი ნოტის მიმცემი, წკაპ!“ – თითით ჭიქაზე აწკარუნებს ბექა და აგრძელებს: „ჩვენი მისიაც ეს იყო, რომ პირველი ნოტის შემდეგ სხვა ტონები წამოსულიყო. დღეს ხმაური უკვე ხმაურია, იმდენი ადამიანი ჰყვება თავის ამბავს. როცა მეკითხებიან, მუსიკას როდის დაუბრუნდებიო, ვპასუხობ, რომ მუსიკიდან არც წავსულვარ, ჩვენ ამ მუსიკალურ მდგომარეობაში – ხმაურში ვართ. დღეს ხმაური ნამდვილი ხმაურია, ვისაც სტკივა, ყველა ლაპარაკობს. ახლა ერთადერთი რამ დაგვრჩა, მივხვდეთ, როგორ დავამშვიდოთ ეს ხმაური, როგორ წავიყვანოთ დასასრულისკენ“.

– და როგორ ხედავ ამ დასასრულს?

– სინამდვილეში ეს ცნობიერების ტრანსფორმაციაა და ბევრი დრო სჭირდება. პოლიტიკური ხმაური ჯერ საზოგადოებრივ ხმაურად იქცევა და ბოლოს დადგება სიმშვიდე. სხვა ხმაურებიც დაიწყება, იმავე დრამატურგიით და იქ უკვე სხვა იქნება ტონის მიმცემი. ამ ხმაურს, უკვე ვხედავ, არ ექნება „შშშ!“ – სწრაფი დასასრული, არამედ, ნელა, ძალიან ნელა ჩაქრება, შშშ შშ შ შ შ  შ  შ   შ ...